მოგესალმებით თბილისიდან!

ამ კვირაში დეზინფორმაციის მიმოხილვას უშუალოდ საქართველოდან მიიღებთ, რომელიც წარმოადგენს უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყანას, “პირველი ევროპელების” სამშობლოს, ადგილს უნიკალური თანამედროვე არქიტექტურით და კრემლის დეზინფორმაციის ერთ-ერთ საყვარელ სამიზნეს.

EUvsDisinfo მეშვეობით გამოვლინდა პრორუსული დეზინფორმაციის 300-ზე მეტი შემთხვევა საქართველოს წინააღმდეგ, რაც ჩვენს მიერ 2015 წლიდან შეგროვებული შემთხვევების თითქმის 5%-ს შეადგენს. თუმცა ეს რიცხვები არ ასახავს იმ რეალურ საფრთხეს და ზიანს, რისი მსხვერპლიც საქართველო ხდება კრემლის დეზინფორმაციის შედეგად. საქართველო არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც საშინელი ბიოლოგიური ექსპერიმენტების ადგილი და წარმოაჩინეს, როგორც დასავლური გეოპოლიტიკური ინჟინერიის უმწეო მსხვერპლი, ასევე, მას აბრალებენ სხვადასხვა სახის ნაწლავური ინფექციების და მომწამლელი ნივთიერებების გავრცელებას და რუსოფობიას (აუცილებლად გაეცანით ჩვენს სტატიას  ლუგარის  ლაბორატორიის შესახებ!).

ეს ყველაფერი მხოლოდ დეზინფორმაციის ვირუსის სიმპტომებია, რომელიც კრემლის მიერ მხარდაჭერილმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს დემოკრატიაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, მის ტრანსატლანტიკურ და ევროპულ კურსზე შეტევის განხორციელების მიზნით.

ევროკავშირის EUvsDisinfo მონაცემთა ბაზაში არსებული შემთხვევების უმეტესი ნაწილი, რომელიც უშუალოდ კრემლის მხრიდან საქართველოს მიმართ  დეზინფორმაციის გავრცელებას უკავშირდება, ძირითადად მიმართულია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოსთან არსებულ ურთიერთობებზე. თუმცა ახლახანს, ჩვენ ასევე ვნახეთ აშკარა დეზინფორმაციული აფეთქება, რომელიც მიმართული იყო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე.

კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი მედია-საშუალებები სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში, სადაც რუსეთი აგრძელებს სამხედრო საქმიანობას საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ადანაშაულებენ ევროკავშირის დამკვირვებლებს პროვოკაციებში, საზღვრის დარღვევაში, დესტრუქციული საქმიანობის წახალისებაში და ცდილობენ, წარმოაჩინონ ისინი, როგორც მთავარი მამოძრავებელი ძალა ცხინვალის მხრიდან “არაადექვატური ქცევის” პროვოცირებისათვის.

ეს არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეპუტაციის დისკრედიტაციისკენ და დაზიანებისკენ მიმართული კონცენტრირებული ძალისხმევა, რომელიც რეალურად 2008 წლიდან რეგიონის სტაბილურობას უწყობს ხელს. ეს მიუთითებს “провокация” [პროვოციაციის] სინდრომის კლასიკურ სიმპტომებზე. სინდრომით შეპყრობილი კრემლის მხარდამჭერი მედია იწყებს სხვების ბრალდებას პროვოკაციების, ანუ რუსეთის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ, და წარმოაჩენს კრემლს (და მის წარმომადგენლებს), როგორც სხვისი ბოროტი სქემების კეთილშობილ მსხვერპლს. იხილეთ კლასიკური მაგალითები: „ნატო პროვოცირებს რუსეთზე შავი ზღვის რეგიონში” და ”საქართველოში საპროტესტო აქციები წარმოადგენს რუსოფობიურ პროვოკაციას”.

სანამ საქართველო და ევროკავშირი განაგრძობენ შესანიშნავი ურთიერთობების შენარჩუნებას, კრემლის მხარდამჭერი მედია ცდილობს მიაღწიოს უპირატესობის ახალ დონეს, საქართველოში ევროკავშირის შესახებ სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციის გავრცელების გზით.

დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია საშუალებები ცდილობენ უარყოფითი ზემოქმედება მოახდინონ ქართველების წარმოდგენაზე ევროკავშირის შესახებ და იმიჯი შეულახონ მას, წარმოაჩინონ იგი, როგორც ეგზისტენციალური საფრთხე ტრადიციული ფასეულობებისათვის. ერთ-ერთი ასეთი დეზინფორმაციის გავრცელების დროს, რომელიც  განსაკუთრებით მწვავე შემთხვევას წარმოადგენს, ისინი იქამდე მივიდნენ, რომ ვარაუდობდნენ, თითქოს ევროპელი ლიბერალები მოვიდოდნენ ქართულ ოჯახებში და მშობლებს შვილებს წაართმევდნენ. ამავდროულად, კრემლის მხარდამჭერი მედია ამტკიცებს, რომ ქართული კულტურა ხელშეუხებლად და უნაკლოდ იყო დაცული სსრკ-ის პირობებში.

ეს ყველაფერი წარმოადგენს კრემლის დეზინფორმაციული ცხელების სიმპტომებს: ევროპის, როგორც ავთვისებიანი დაავადების, ხოლო რუსეთის, როგორც ხსნის წარმოჩენა. ქართველებს ეუბნებიან, რომ მათ ქვეყანას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შედეგად არანაირი სარგებელი არ აქვს, ამიტომ ის  უნდა დაბრუნდეს რუსეთში, როდესაც, რეალურად, ევროკავშირი არის საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი. ისინი ბომბავენ საქართველოს განგაშის დეზინფორმაციის მესიჯებით, რითაც ცდილობენ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ტერორიზმის საფრთხეების გაზრდას და სირიელი ლტოლვილების მასობრივ შემოდინებას დაუკავშირონ, მაშინ, როცა საქართველოს 300 ათასზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა სავიზო რეჟიმით.

კრემლის ნებისმიერი შესაძლო დეზინფორმაცია მიზნად ისახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო და კარგი ურთიერთობების შეფერხებას და ამ ურთიერთობების გამყარების ხელისშეშლას, ერთი და იმავე შეტყობინებით: საქართველოს გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია. და ეს მიუთითებს საშიშ დიაგნოზზე: კრემლის მხარდამჭერი მედია იმპერიული ინტოქსიკაციის მსხვერპლია.

ინფექციების უმეტესობის მსგავსად, დეზინფორმაციის ვირუსი ადვილად ვრცელდება საზღვრებით (და ენებით). კრემლის დეზინფორმაციული ნარატივები, რომლის თანახმადაც, ევროპა იღუპება მიგრაციის ნაკადის შედეგად, ვრცელდება როგორც ქართულ, ისე ბელორუსულ, სომხურ, ჩეხურ და არაბულ ენებზე.

თქვენ შეგიძლიათ ჯორჯ სოროსის, როგორც ხალხებისა და კულტურების გამანადგურებელი, წარმოაჩინოთ მინიმუმ 9 სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულად. ანალოგიურად, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს, როგორც რუსოფობიური პროექტი უკრაინული, სომხური, ბელორუსული და გერმანელი აუდიტორიისთვის.

როგორ შევაჩეროთ საერთაშორისო დეზინფორმაციული ინფექციის გავრცელება?

საქართველოს აქვს კრემლის დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკუთარი რეცეპტი, რადგან მთავრობამ, აქტივისტებმა და მედიამ დაიწყო საზოგადოების „ვაქცინაცია“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

ქართული მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელ საზოგადოებას, მათ შორის მოსწავლეებს და ფერმერებსაც კი შორეული მთიანი რეგიონებიდან, ჰქონდეთ ფაქტებზე დამყარებული და ზუსტი ინფორმაცია ევროპისა და მათი ქვეყნის შესახებ. ეს ხშირად გულისხმობს მასწავლებლებთან, მღვდელმსახურებთან და საზოგადოების სხვა ლიდერებთან მჭიდრო თანამშრომლობას, რომელთა ხმა უფრო ხმამაღლა ჟღერს დეზინფორმაციულ ხმაურში. ამასთან ერთად, ქართველი მითის დეტექტორები და სხვა ფაქტების გადამოწმებაზე პასუხისმგებელი უწყებები (fact-checkers) აგრძელებენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ფაქტებისა და მედია წიგნიერების გაძლიერების საშუალებით.

მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაციული ინფექციისგან სწრაფი განკურნების მეთოდი არ არსებობს, ქართველებმა, როგორც ჩვენმა უმრავლესობამ, ვიცით, რომ პრევენცია საუკეთესო წამალია.

გაეცანით სხვა შემთხვევებსაც, რომლებიც ამ კვირაში ვიპოვეთ.