წითელა და ღორის გრიპის ეპიდემიები, ბიოლოგიური იარაღი, ლეტალური ექსპერიმენტები ადამიანებზე… – ქართული ლუგარის ლაბორატორია მასობრივი დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე აღმოჩნდა. რა ამოძრავებს პროკრემლისტურ აქტორებს ერთ ლაბორატორიაზე, ამდენი რაოდენობით „მომწამვლელი“ გზავნილები გაავრცელონ?

მსოფლიოში ყველა სახის მედიისთვის კარგადაა ცნობილი შემდეგი სიბრძნე: თუ ისტორიები ახლოსაა ადამიანების გულებთან, მათ დაინტერესებას შეძლებ. ადამიანთა უმეტესობისთვის, განურჩევლად მათი სტატუსისა თუ საცხოვრებელი ადგილისა, ყველაზე საინტერესო ის ისტორიებია, რომლებიც ეხება ჩვენი და ჩვენი ახლობელი ადამიანების ჯანმრთელეობასა და უსაფრთხოებას, აგრეთვე, იმ საკითხებს, რომლებიც ჩვენს პირად სფეროს განეკუთვნება. ამ თვალსაზრისით, ძალიან რთულია არ მოხდეს რაციონალური არგუმენტებისა და ემოციური აღქმის არევა.

სწორედ ამიტომ, ისტორიებს ბავშვებზე, რომლებიც გადაარჩინეს ხანძარს ან ეპიდემიას ყველაზე მეტი ნახვა და გაზიარება აქვთ, მათ შორის შორეულ რეგიონებშიც. ეს ასევე არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ  ვაქცინაცია ცხარე დისკუსიის საგანს წარმოადგენს და ზედმიწევნით შუქდება მედიის მიერ, რადგან პირდაპირ თუ ირიბად, ეს თემა ყველა ჩვენგანს ეხება. დეზინფორმაციულმა წყაროებმა ეს ძალიან კარგად იციან და საკუთარი ნარატივის გასავრცელებლად, ცდილობენ სათავისოდ გამოიყენონ ამ ისტორიების მიღმა არსებული ემოციები. სწორედ აქედან იწყება ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციული თავდასხმის ისტორიაც.

გსემნიათ ოდესმე ლუგარის ლაბორატორიის შესახებ? მისი ოფიციალური სეხელწოდებაა – „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია”. ის 2011 წელს, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის ფარგლებში გაიხსნა თბილისში და მისი მშენებლობა აშშ-ს მიერ არის დაფინანსებული. ლაბორატორიის არაოფიციალური სახელწოდება უკავშირდება აშშ-ს სენატორს, რიჩარდ ლუგარს, რომელიც აღნიშნულ პროექტში იყო ჩართული.

ლაბორატორიის მიზანია ადამიანებსა და ცხოველებში საშიში ინფექციური დაავადებების აღმოჩენა, ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება და დაავადებების გლობალური გავრცელების წინაამღდეგ ბრძოლა.

თუმცა, რა კავშირი აქვს ყოველივე ამას დეზინფორმაციასთან? ძალიან დიდი. წლებია, რაც პროკრემლისტურმა მედია საშუალებებმა დაიწყეს კამპანია ლაბორატორიის წინააღმდეგ,  ერთ-ერთი ისეთი ყველაზე უნივერსალური ადამინაური ემოციური ფაქტორის გამოყენებით, როგორიცაა შიში.

ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე არსებული ნარატივი დეზინფორმაციის მანქანის მიერ გამოყენებული ტაქტიკის შესახებ ძალიან ბევრს გვეუბნება. ზოგიერთი გზავნილი პირადი აღშფოთების გამოწვევაზეა მიმართული, ხოლო დანარჩენი გლობალურ პოლიტიკის ჭრილშია გამოყენებული. ყოველივე ამას კი თან ერთვის კონსპირაციული თეორიებიც. გარდა ამისა, ქართულენოვანი და  რუსულენოვანი აუდიტორიებისთვის განსხვავებული ნარატივი გამოიყენება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროკრემლისტური მედია საშუალებები ცდილობენ თავიანთი გზავნილების მორგებას იმის მიხედვით, თუ რისი გამოყენება იქნება უფრო ქმედითი.

პირადი ინტერესები საქართველოში

ოთხ ქართულენოვან მედია საშუალებაში („სპუტნიკი საქართველო” (ქართული ვერსია), “საქართველო და მსოფლიო”, “ალია”, “საქინფორმი”), სადაც ადრეც ვრცელდებოდა პროკრემლისტური დეზინფორმაცია, 2019 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე გამოქვეყნებული 23 სტატია აღმოვაჩინეთ.

ყველა მათგანი არ შეიცავდა დეზინფორმაციას, ხოლო რომელიც შეიცავდა, უმეტესად ადამიანური ინტერესის სფეროსთან დაკავშირებულ ისტორიებს წარმოადგენდა. მაგალითად, ასეთ სტატიებში ნახსენები იყო, რომ ლუგარის ლაბორატორიის მიმდებარე საცხოვრებელ ტერიტორიაზე ონკოლოგიური დაავადებების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სხვადასხვა სიუჟეტებში მედიაში გამოჩნდნენ ერთი და იგივე ადამიანები, რომლებიც  აღნიშნულ ტერიტორიაზე შექმნილი ჯანმრთელობისთვის საშიში პირობების გამო წუხილს გამოთვამდნენ.

რადგან ეს ამბავი საკმარისად შემაშინებელი არ აღმოჩნდა,  მორიგი პოპულარული გზავნილის საფუძველი უფრო უნივერსალური საფრთხე გახდა. გავრცელდა გზავნილი, თითქოს ლუგარის ლაბორატორია H1N1  ვირუსს („ღორის გრიპი”), წითელას და სხვა დაავადებებს ავრცელებდა, რასაც შეეძლო დაინფიცირების შიშის გამოწვევა ქართულენოვანი აუდიტორიის უფრო დიდ ნაწილში, რადგან ვირუსმა არ იცის საზღვრები და ის შეიძლება უფრო სწრაფად გავრცელდეს ვიდრე დეზინფორმაციული გზავნილები.  “ალიასა” და “საქართველო და მსოფლიოს” ინფორმაციით, ლაბორატორიის პერსონალიც დაინფიცირდა, თუმცა საქართველოს მაღალჩინოსნებმა ეს ამბავი მიჩქმალეს.

საიდან ვრეცელდებოდა ყველა ეს ვირუსი? როგორც ქართველმა მკითხველმა პროკრემლისტური მედია საშუალებებიდან „შეიტყო”, სავარაუდოდ აშშ-დან. რა თქმა უნდა, აშშ-მ ისინი გამოიყვანა ლუგარის ლაბორატორიაში, რათა გამოეყენებინა, როგრც ბიოლოგიური იარაღი, ხოლო რადგან ლაბორატორია თბილისის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, შესაძლოა, იქ ყოფნისას ისინი ამ არხით ბომბების ტრანსპორტირებასაც კი ახორციელებნენ.

ამ ოთხი შემოწმებული მედია საშუალების გარდა, ისეთი სენსიტიური საკითხი, როგორც ვაქცინაცია,  პროკრემლისტური დღის წესრიგის გასატარებლად იყო გამოყენებული. ერთ-ერთი სტატიის თანახმად, ვინაიდან ვაქცინები ლუგარის ლაბორატორიიდან შემოდიოდა, მათი ნდობა არ შეიძლება, ხოლო გამოსავალი კი რუსული ვაქცინების შეძენა ან ვაქციანაციაზე საერთოდ უარის თქმაა.

ეს ნარატივები არ იყო გამყარებული არავითარი მტკიცებულებით, მონაცემებითა თუ ოფიციალური განცხადებებით. მიუხედავად ამისა, ფეისბუქის მომხმარებლები განაგრძობდნენ კომენტარების გაკეთებასა და მათ გაზიარებას. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტატია, რეაქციების რაოდენობის მიხედვით (1959), ლაბორატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე ღორის გრიპის გავრცელების საკითხებს ეძღვნებოდა.

გეოპოლიტიკაზე რუსულად საუბარი

ქართველი მკითხველების რაოდენობა, რომელიც ამ ისტორიებს კითხულობს,  უმნიშვნელოა და როგორც ჩანს, არ უნდა წარმოადგენდეს პროკრემლისტური დეზინფორმაციისთვის ყველაზე დიდ სამიზნეს. მძიმე არტილერია მობილიზებულია რუსულენოვანი (დეზ)ინფორმაციის სფეროში.

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ 489 რუსულენოვანი სტატია აღმოვაჩინეთ, რომელიც  იგივე პერიოდში, 2019 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე, 115 ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული ვებგვერდების 80%-ზე მეტი დეზინფორმაციულ მედია საშუალებებს ეკუთვნოდა (მათ შორის RIA FAN-ი, Eurasia Daily-ი, “ცარგრად TV”, “სპუტნიკი საქართველო” (რუსულად), „სპუტნიკი სომხეთი” (რუსულად)   და სხვა,) და EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში ფიქსირდებოდა.

ქართული კონტენტის მსგავსად, რუსული ნარატივის ნაწილიც მიმართული იყო ადამიანების შიშსა და ჯანმრთელობისთვის შექმნილ საფრთხეებზე და ადანაშაულებდა ლუგარის ლაბორატორიას ღორის გრიპის, წითელასა და სხვა ინფექციური დაავადადებების გავრცელებაში. ეს ნარატივი აგრეთვე მოიცავდა გზავნილებს აშშ-ს მიერ საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების დაინფიცირების, ასევე საქართველოში ბიოლოგიური იარაღის შემოტანის შესახებ. ის ყველაზე გავრცელებული ნარატივების ათეულშიც შევიდა.

ერთი საერთო ნარატივი – ”რუსეთი გარშემორტყმულია არაკეთილმოსურნე დასავლეთით” –  კონკრეტულად რუსულენოვანი აუდიტორიისთვის შეიქმნა. ამ ნარატივის თანახმად, გამართლდა რუსეთის შიში ლუგარის ლაბორატორიისა და მისი საიდუმლოებით მოცული საქმიანობის შესახებ, რადაგან არსებობს ძალიან ბევრი ამერიკული ლაბორატორია მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის საზღვრებთან, რომლებსაც აშშ-ს გარდა ვერავინ აკონტროლებს. ამ ლაბორატორიებში შესაძლოა აწარმოებენ ბიოლოგიურ იარაღს, ჩვეულებრივ იარაღსაც და ვირუსებს, ატარებენ ექსპერიმენტებს ადამიანებზე, რომლებიც შემდგომ იღუპებიან (ეს ათეულში შესული მეორე ნარატივია), და ვერც ოფიციალური განცხადებები ლაბორატორიის მისიის შესახებ და ვერც ის ფაქტი, რომ ლაბორატორია ღიაა უცხოელი სტუმრებისთვის, ვერ დაარწმუნებს პროკრემლისტურ მედიას, რომ საქმე სხვაგვარად არის.

მათ არც კონსპირაციული თეორიების გამოყენების შანსი გაუშვეს ხელიდან. რუსულენოვანი მკითხველი „აღმოაჩენდა“, რომ სლავებს იყენებენ ლაბორატორიის ვირთხებად და მათზე ატარებენ ლეტალურ ექსპერიმენტებს, ხოლო შემდეგ, სავარაუდოდ, თავიდან იშორებენ.

მათ კი, ვისაც ადარდებს ბუნებისა და პლანეტის ბედი, შეუძლათ აირჩიონ იმ ნარატივებს შორის, რომელიც სოფლის მეურნეობის განადგურებისა და საკვების დაბინძურების მიზნით ლუგარის ლაბორატორიაში გამოყვანილ აზიურ ფაროსანას, გენმოდიფიცირებულ კოღოებსა და მფრინავ ტარაკნებს ეხება.

პოლიტიკური არჩევანის კითხვის ქვეშ დაყენება

შთამბეჭდავია, თუ როგორ შეიძლება დეზინფორმაციის მანქანის მიერ მხოლოდ ერთი ლაბორატორიის გამოყენება, პროკრემლისტური დღის წესრიგის გასატარებლად ამდენი სხვადასხვა ხერხით:  დაწყებული ჯანმრთელობის საფრთხეებიდან  და  დამთავრებული საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების კითხვის ქვეშ დაყენებით. თუმცა, ყველაზე კრეატიული გონებაც კი შეიძლება გადაიღალოს. წელს ლუგარის შესახებ ისტორიები ახალი არ არის. ისინი  პროკრემლისტურ მედიაში ადრეც გამოჩნდნენ და მათზე მკაცრი რეაგირებაც მოხდა.

ქართული ფაქტების გადამოწმების საზოგადოება, „ფაქტ-მეტრისა“ და „მითების დეტექტორის“ ჩათვლით, ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე შექმნილი ნარატივების განვითარებას თვალს ადევნებდა და ცდილობდა, რომ ცრუ გზავნილებისთის ფაქტები დაეპირისპირებინა. სახეზე გვაქვს ლუგარის ლაბორატორიაზე შექმნილი კონსპირაციული თეორიების გამოყენების ყველაზე გაუკუღმართებული მცდელობები, რათა გაევრცელებინათ კრემლის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა ნარატივები (მაგალითად სერგეი სკრიპალის მოწამვლა) და საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში მათი პოპულარიზაცია მოეხდინათ.

რა დგას პროკრემლისტური მედია საშუალებების მიერ დამაჯერებლად საშინელი (და არა საშინლად დამაჯერებელი) ნარატივების შექმნის მცდელობის უკან? მათ საერთო მიზანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის, ასევე მისი დასავლური მისწრაფებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება წარმოადგენს. ეს სტრატეგია შესაძლოა გამოგონილად მოგეჩვენოთ, მაგრამ მასიური დეზინფორმაციული კამპანიის ფარგლებში,  საკუთარ ჯანმრთელობაზე შფოთვიდან საჯარო დაწესებულებების მიმართ უნდობლობამდე, ფაქტების ძიებიდან  ემოციურად ფიქრამდე – ერთი ნაბიჯი გვაშორებს. მიუხედავად ამისა, არსებობს ფაქტები და ახლა ისინი, ისევე როგორც მანიპულაციის ისტორია, ყველასთვის ხელმისაწვდომია.