ახალი სიო ბაქოში
ჟურნალისტები დეზინფორმაციის შესახებ. მე-5 ნაწილი: აზერბაიჯანი
სანდო ჟურნალისტიკა დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად EUvsDisinfo სტატიების სერიას აქვეყნებს და სიტყვას აძლევს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. 5-ელი ნაწილი. აზერბაიჯანი.
EUvsDisinfo გაესაუბრა სამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომლებიც საზოგადოებაში თავის როლს განიხილავენ. ისინი აზერბაიჯანული ჟურნალისტიკის სხვადასხვა თაობას წარმოადგენენ: შაჰინ ჰაჯიევმა პრესაში მუშაობა 1986 წელს დაიწყო, მაშინდელ საბჭოთა კავშირში გამოცხადებული „პერესტროიკით“ შთაგონებულმა. ახლა ის საინფორმაციო სააგენტო „თურანის“ მთავარი რედაქტორია. ილჰამია რზა ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში 1989 წლიდან მოღვაწეობს, მიღებული აქვს ჰასან-ბეი ზარდაბის სახელობის ეროვნული პრემია და ამჟამად ტელეარხ „ხაზარზე“ მუშაობს, ხოლო სეიმურ კაზიმოვი დამოუკიდებელი ჟურნალისტია 2002 წლიდან. მისი სპეციალიზაცია კონფლიქტების გაშუქებაა.
აზერბაიჯანში ჟურნალისტად მუშაობა რთულ გამოწვევას წარმოადგენს. ბევრ შემთხვევაში, დეზინფორმაციასთან ბრძოლა მხოლოდ სოციალური ქსელებით არ შემოიფარგლება . ქვემოთ წარმოგიდგენთ მათ შეხედულებებს.
რატომ არის ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანი?
ილჰამია რზა:
ჟურნალისტიკის მისია ყველასთვის კარგადაა ცნობილი: საზოგადოების ინფორმირება. არაინფორმირებული საზოგადოება ბრმაა. აქედან გამომდინარე, ინფორმაციის შესახებ კანონს ხშირად დღის სინათლის კანონს უწოდებენ. თავისუფალი მედიის გარეშე საზოგადოება წყვდიადისთვისაა განწირული.

ილჰამია რზა ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში 1989 წლიდან მოღვაწეობს, მიღებული აქვს ჰასან-ბეი ზარდაბის სახელობის ეროვნული პრემია და ამჟამად ტელეარხ „ხაზარზე“ მუშაობს.
შაჰინ ჰაჯიევი:
ჟურნალისტიკის დანიშნულება ხალხისთვის ზუსტი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებაა. ის ადამიანებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება.
სეიმურ კაზიმოვი:
ხალხს ინფორმაციის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. ინფორმაცია საკვებია — მორალური საკვები.
რამდენად ხშირად აწყდებით დეზინფორმაციას?
შაჰინ ჰაჯიევი:
სამწუხაროდ, დიდი ხანია, დეზინფორმაცია რეალობად იქცა. ეს საკმაოდ ხშირი და გავრცელებული ფაქტორია. გავრცელებას სხვადასხვა მიზეზი აქვს. ხანდახან დეზინფორმაცია კარგად დაგეგმილი პროექტის შედეგად ჩნდება. ზოგჯერ ეს უმეცრებისა და გაუნათლებლობის შედეგია. დეზინფორმაცია უფრო ფართოდ ვრცელდება, როცა ჟურნალისტები პირველობისკენ ისწრაფვიან. ანუ, პირველად „სენსაციურ“ ინფორმაციას შემოწმებისა და სიზუსტის დადგენის გარეშე ავრცელებენ.

შაჰინ ჰაჯიევმა პრესაში მუშაობა 1986 წელს დაიწყო, მაშინდელ საბჭოთა კავშირში გამოცხადებული „პერესტროიკით“ შთაგონებულმა. ახლა ის საინფორმაციო სააგენტო „თურანის“ მთავარი რედაქტორია.
ილჰამია რზა:
სამწუხაროდ, დეზინფორმაცია ჩვეულებრივი რამ გახდა. სოციალური ქსელების განვითარება მისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ინტერნეტის შეღწევა. მედია ხდება ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მანიპულაციების რაოდენობის გაზრდა.
სეიმურ კაზიმოვი:
ინფორმაციის დიდ ნაკადს ხშირად თან ახლავს დეზინფორმაცია. გულწრფელად რომ გითხრათ, ახლანდელ პირობებში ეს ნორმალურია. ეს არაა პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ დეზინფორმაციას არ ვებრძვით.
როგორ შეიძლება დეზინფორმაცია იყოს საზიანო?
სეიმურ კაზიმოვი:
ხალხის მოტყუება შეუძლია. შეუძლია, შეცვალოს ხალხის შეხედულებები, ზოგადად, ცხოვრებაზე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები აქვს. უარყოფითი მხარეა ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის გავრცელება. პრობლემა ტექნოლოგიები კი არ არის, არამედ ხალხის გარკვეული ჯგუფი, რომელიც მათ ბოროტად იყენებს.
ილჰამია რზა:
მთავარ ზიანს იწვევს წინასწარშექმნილ ცუდ აზრზე დამყარებული შეხედულებები და განცხადებები, რომლებსაც ამა თუ იმ საკითხის რეალური მიზეზის გარკვევის გარეშე ავრცელებენ.
შაჰინ ჰაჯიევი:
დეზინფორმაცია ყოველთვის პოლიტიკური და სამხედრო ამოცანების გადაწყვეტის მეთოდი იყო. თუ საზოგადოება არასწორი წარმოდგენებისკენაა მიდრეკილი ან თუ საზოგადოებაში დამახინჯებული აზრები და შეხედულებები დომინირებს, დეზინფორმაცია სერიოზულ საფრთხეს ქმნის პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური კუთხით.
რას გვირჩევთ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად ან მის თავიდან ასაცილებლად?
შაჰინ ჰაჯიევი:
მკითხველებმა და მაყურებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, რასაც ისმენენ და ხედავენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტელეარხის, გაზეთის ან ვებსაიტის მიერ რამის გაშუქება არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია სიმართლეა. რა თქმა უნდა, ყველა საინფორმაციო ცნობის შემოწმება ჩვეულებრივი მოქალაქეების საქმე არაა. თუმცა, თუ სახელმწიფოს პოლიტიკა გულისხმობს საზოგადოების დეზინფორმირებას და ამავდროულად, ალტერნატიული შეხედულებების თავიდან აცილებას, დამოუკიდებელი მედიის შევიწროებას, სიტყვის თავისუფლების ხელყოფასა და ინტერნეტის შეზღუდვას, ესე იგი, ეს უკვე პოლიტიკური პრობლემა კი არ არის, არამედ სიტყვის თავისუფლების პრობლემაა.
სეიმურ კაზიმოვი:
პირველ რიგში, ფრთხილად იყავით და არ დაიჯეროთ ყველა ახალი ამბავი/ინფორმაცია, რომელსაც წაიკითხავთ ან მოისმენთ. დასვით შეკითხვა: საიდან ვრცელდება ინფორმაცია? რომელი სოციალური ქსელიდან ან მედიაორგანიზაციიდან? შეამოწმეთ სოციალური ქსლის გვერდი, ნახეთ, ვინ და როდის შექმნა. მეორეც, თუ ამის შესახებ ადრე არაფერი გსმენიათ, საკუთარ თავს ჰკითხეთ: რატომ? ადრე რატომ არ გინახავთ ეს პლატფორმა? ასეთი მცირე კვლევა დაგეხმარებათ, დაადგინოთ, ახალი ამბავი დეზინფორმაციაა თუ არა.

სეიმურ კაზიმოვი დამოუკიდებელი ჟურნალისტია 2002 წლიდან. მისი სპეციალიზაცია კონფლიქტების გაშუქებაა.
ილჰამია რზა:
ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება გადმოიცეს სწორად. ეს ნიშნავს ინფორმაციის მიუკერძოებელ და დაბალანსებულ გადმოცემას პირველწყაროდან. დეზინფორმაციის გამოვლენის საუკეთესო გზაა ამ პრინციპებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძებნა და გაზიარება.
ტრადიციულმა მედიასაშუალებებმა უნდა აღიდგინონ სანდო ინფორმაციის გამავრცელებლის რეპუტაცია, არ დაივიწყონ ეს პრინციპები და დაიცვან ჟურნალისტიკის ეთიკა. პრესტიჟის აღსადგენად მედია უნდა გახდეს მიუკერძოებელი, დაბალანსებული და პატიოსანი. ასევე, აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.
რას გვეტყოდით პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით?
სეიმურ კაზიმოვი:
თავისუფლება, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება! ესაა ნორმალური ჟურნალისტიკის მთავარი პირობები. მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ შეიძლება ფიქრი რეკლამასა და ფინანსებზე. ჟურნალისტიკისთვის ამ პირობების შექმნის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ყალბ ახალ ამბებთან და დეზინფორმაციასთან ეფექტური ბრძოლა.
შაჰინ ჰაჯიევი:
მსურს, გითხრათ, რომ სიტყვისა და აზრის თავისუფლება ყველაზე ავტორიტარულ და ანტიდემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ვერ გაანადგურეს. სიტყვისა და აზრის თავისუფლება გარდაუვალ და აბსოლუტურ ფაქტორს წარმოადგენს ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ აზერბაიჯანში ამ ფაქტორების განსავითარებლად და საზოგადოების განვითარების ხელშესაწყობად.
***
გირჩევთ, არ შეწყვიტოთ თვალის დევნება და გაეცნოთ ამ ციკლის ახალ სტატიებს, რომლებიც პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ეძღვნება. მომდევნო და ბოლო საუბარი მოლდოვაში შედგება. წინა სტატიები: 1-ელი ნაწილი. ბელარუსი; მე-2 ნაწილი. საქართველო; მე-3 ნაწილი: სომხეთი; მე-4 ნაწილი: უკრაინა.
EDIT: Typos corrected.