ბელარუსი: როგორ რისკავენ ყველაფერს აქტივისტები და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები
EUvsDisinfo რეგულარულად ახორციელებდა მონიტორინგს და აკვირდებოდა, როგორ იყენებდა ბოროტად ლუკაშენკოს არალეგიტიმური რეჟიმი ქვეყნის სამართლებრივ სისტემასა და სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატს ქვეყანაში დარჩენილი ისედაც ცოტა დამოუკიდებელი ადამიანის გასაჩუმებლად. სამიზნეებს წარმოადგენდნენ ჟურნალისტები, რეგიონული მედიასაშუალებები, Telegram-არხები და მათი გამომწერები და მკითხველები.
სიტყვის თავისუფლებით სარგებლობა ბელარუსში რთული იყო 2020 წელს არჩევნების გაყალბებამდეც. ამის შემდეგ რეჟიმმა კიდევ უფრო მკაცრი ზომები მიიღო. იმდენი შემთხვევა და ნიმუში დაგროვდა, რომ ყველა მათგანის ჩამოთვლას ასობით გვერდი არ ეყოფა.
ქვემოთ შეჯამების სახით წარმოგიდგენთ ძირითად ნაბიჯებს, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმმა გადადგა ბოლო თვეებში. ესენია: ჟურნალისტების დევნა, გაყალბებული ან აბსურდული ბრალდებების გამოყენება, მკაცრი საპატიმრო სასჯელები, იძულებითი „აღიარებები“ და ზეწოლა აქტივისტების ოჯახსა და მეგობრებზე, სოციალური მედიის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ზომების გატარება და ბიზნესგარემოს დამახინჯება, ანგარიშებით მანიპულირება და უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება რუსული მასმედიის ავტორიტეტებთან. რეპრესიები მომავალშიც გაგრძელდება.
2022 წლის მარტი
ჟურნალისტებს აბსურდული ბრალდებებით დევნიან. 15 მარტს „ნაშა ნივას“ მთავარ რედაქტორს იაჰორ მარცინოვიჩსა და რედაქტორს ანდრეი სკურკოს 2,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ თითქოს მინსკში გაზეთის ოფისის კომუნალური გადასახადებისთვის არასწორი ტარიფები გამოიყენეს. „ნაშა ნივა“ ბელარუსში ყველაზე პოპულარული დამოუკიდებელი ბელარუსულენოვანი მედიასაშუალებაა. კაგებემ უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და სახელმწიფოს ღალატის მუხლით ბრალი წაუყენა ბელარუს ჟურნალისტს, დზიანის ივაშინს, რომელიც 2021 წლის მარტიდან ციხეშია. ივაშინი თანამშრომლობდა დამოუკიდებელ მედიასაშუალება „ნოვი ჩასსთან“ (ქართ. „ახალი დრო“) და უკრაინულ პროექტ „ინფორმნაპალმთან“, რომელსაც ტყუილები გამოაქვს სააშკარაოზე.
მნიშვნელოვნად გაიზარდა „აღიარებითი“ ვიდეოების რაოდენობა Belarus-თან დაკავშირებული პროპაგანდის გამავრცელებელ Telegram-არხებზე. Telegram-ზე ყოველკვირეულად ჩნდება უამრავი ვიდეო, რომლებშიც ხალხი პატიებას ითხოვს თითქოსდა მათ მიერ ჩადენილი ისეთი დანაშაულების გამო, როგორიცაა აკრძალული თეთრი და წითელი ფერის კომბინაციის მქონე სარეკლამო ბანერებზე დაწკაპუნება.
„მე-5 კოლონის“ ძიებაში. სამიზნეს წარმოადგენს მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური და პროფესიული კატეგორია. მაგალითად, უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბელარუსის სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გამოიყენეს. ამის შემდეგ რეჟიმის მხარდამჭერებმა ბელარუსის სარკინიგზო სისტემის უამრავ თანამშრომელს აიძულეს, ჩაეწერათ „აღიარებითი ვიდეოები“, რომლებიც პროსახელისუფლებო Telegram-არხებზე გამოქვეყნდა. თანამშრომლებმა „აღიარეს“ დანაშაულები და თქვეს, რომ გამოწერილი ჰქონდათ TG-არხი „რკინიგზის თანამშრომლების გაერთიანება“, რომელიც ბელარუსის რეჟიმს „ექსტრემისტულად“ ჰყავს გამოცხადებული.
რეჟიმის მხარდამჭერ Telegram-არხებზე არასრულწლოვანებსაც აიძულებდნენ აღიარებას. მაგალითად, ორმა ბელარუსმა მოზარდმა გოგონამ აღიარა, რომ თითქოს თავიანთ TikTok-ანგარიშებზე ბელარუსში განთავსებული სამხედრო ტექნიკის ვიდეოები ატვირთეს. ამ საზარელი ვიდეოების ბმულებს არ ვაქვეყნებთ, რომ ხელი არ შევუწყოთ მათ გავრცელებას.
ვიკიპედიის ავტორების დევნა. ვიკიპედიის ბელარუსი აქტივისტი მარკ ბერნშტაინი 15 დღით დააპატიმრეს „ყალბი ანტირუსული მასალების გავრცელების გამო“. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსულმა პროპაგანდისტულმა TG-არხმა ბერნშტაინის პერსონალური მონაცემები გამოაქვეყნა და ის დაადანაშაულა ახალი რუსული კანონის დარღვევაში, რომელიც უკრაინაში ომის კრიტიკას კრძალავს, რუსეთის შეჭრის შესახებ ვიკიპედიაში განთავსებული სტატიის შესწორების გამო. ბერნშტაინი დააკავეს, ხოლო ერთი თვის შემდეგ სამი წლით თავისუფლების შეზღუდვა მიუსაჯეს და პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ვიკიპედიის კიდევ ერთ ავტორს, პაველ პერნიკოვს ორი წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ ბელარუსში 2020 წელს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციებისა და რეპრესიების შესახებ დაწერილი სტატიების თანაავტორი იყო.
შეტევა ახალი ამბების აგრეგატორებზე. 22 მარტს გამოქვეყნდა ლუკაშენკოს განკარგულება ონლაინ ახალი ამბების აგრეგატორების შესახებ. განკარგულების მიხედვით, თუ აგრეგატორი თავის არხში ოფიციალურად შეზღუდული მედიასაშუალების სტატიას განათავსებს, თვითონ აგრეგატორსაც შეიძლება დაემუქროს შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ განკარგულება აგრეგატორებს არ აკონკრეტებს. პირველ რიგში, Yandex და Google News უნდა იგულისხმებოდეს. ასე რომ, ბელარუსის რეჟიმი ცდილობს, დახუროს ყველა დარჩენილი საშუალება, რომლებიც არაკონტროლირებად და ობიექტურ ინფორმაციაზე წვდომისთვის შეიძლება გამოიყენონ ბელარუსებმა.
რუსეთმა შეზღუდა ბელარუსის დამოუკიდებელ ონლაინმედიაზე წვდომა, დიდი ალბათობით, მათ მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის გაშუქების გამო, რასაც რუსეთში ხალხი აქტიურად ადევნებდა თვალყურს. ხელისუფლებამ ასევე დაბლოკა ვებსაიტები: Zerkalo.io (ყოფილი Tut.by), „ნაშა ნივა“, „ევრორადიო“, „ბელსატი“ და სხვები.
2022 წლის აპრილი
დრაკონული რეგულაციები კომერციულ რეკლამაზე. 31 მარტს ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას „მასმედიის განვითარების თაობაზე“, რომელიც კომერციულ რეკლამას არეგულირებს. განკარგულების მიხედვით, 10%-იანი გადასახადი წესდება ღია სივრცეში ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეკლამის განთავსებაზე; სხვა შემთხვევებში გადასახადი 20%-ს შეადგენს. გადასახადს რეკლამის შემკვეთები იხდიან და ის სახელმწიფო მედიის მხარდასაჭერად გამოიყენება. გადასახადი არ ეხება უშუალოდ სახელმწიფო მედიაში რეკლამის განთავსებას. ასე რომ, ბელარუსში საერთაშორისო ბრენდების ნებისმიერი რეკლამა სახელმწიფო პროპაგანდას აფინანსებს მათი განთავსების ადგილის მიუხედავად.
გაგრძელდა ონლაინშეზღუდვები. ბელარუსში შეიზღუდა წვდომა მოხალისეების მიერ შექმნილ მედიაინიციატივაზე „ბელარუსის ხმა“. ხელისუფლებამ „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა პოპულარული რეგიონული მედიასაშუალება „მედია პოლესიეს“ კონტენტი, მათ შორის, მისი პუბლიკაციები „ვკონტაქტესა“ და „ოდნოკლასნიკიში“. ვებსაიტზე წვდომა დიდი ხნის წინ შეზღუდეს, თანამშრომლები კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. უფრო ადრე ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „მედია პოლესიეს“ მფლობელის წინააღმდეგ. უხეში ძალის გამოყენებით დააკავეს TikTok-ბლოგერი ანდრეი ბელიავსკი, რომლის ანგარიშსაც 100 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. რეჟიმის მხარდამჭერმა TG-არხებმა მისი „აღიარებისა“ და დაკავების ვიდეოები გამოაქვეყნეს. მას ბრალად ლუკაშენკოს შეურაცხყოფა ედება.
ამასთან ერთად, რეჟიმმა „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა Telegram-არხების მთელი სერია, ხოლო ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ „ტერორისტულად“ მონათლა პოპულარული TG-არხები: „ნექსტა“, „ნექსტა ლაივ“ და „ლუქსტა“. 19 აპრილს უსაფრთხოების სამსახურის ჩინოვნიკებთან გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე ლუკაშენკომ თავისი მხარდამჭერები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მეტ ერთგულებას არ იჩენენ და უფრო გაბედულ ნაბიჯებს არ დგამენ „ექსტრემისტებთან“ გასამკლავებლად. „ექსტრემისტულად“ გამოცხადებულია არა მხოლოდ რამდენიმე მედიასაშუალება, არამედ ბეჭდური მასალებიც. მაგალითად, ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინფორმაციის სამინისტრომ „ექსტრემისტული“ ლიტერატურის სიაში შეიტანა ბელარუსის სამხედრო სიმბოლოების შესახებ დაწერილი ჰერალდიკური წიგნი, სახელად „ბელარუსის სამხედრო ისტორია“.
სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული YouTube-არხების ნახვებით მანიპულაცია. 2022 წლის მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში შესამჩნევი გახდა ბელარუსის სამაუწყებლო კომპანიისა და სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი სხვა YouTube-არხების ნახვების მკვეთრი ზრდა, განსაკუთრებით, ეს ეხებოდა უკრაინასთან დაკავშირებულ ვიდეოებს. ზოგი ვიდეო, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე ათას ნახვას აგროვებს ასობით ათასჯერ და მილიონზე მეტჯერაც კი ნახეს. ეს რიცხვები უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომისა და რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების პროკრემლისტურ გაშუქებაში ჩადებული მსუყე სარეკლამო გადახდების შედეგი შეიძლება იყოს. ნახვების გაბერილი რაოდენობა ჩვეულებრივ დონეს დაუბრუნდა აპრილის ბოლოს.
უკრაინაში მებრძოლი ბელარუსების დედების ვიდეოები. ბელარუსის რეჟიმთან კავშირში მყოფმა Telegram-არხმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც 68 წლის ქალი, კიევისა და უკრაინის დასაცავად მებრძოლი ბელარუსი მოხალისის დედა ამბობს, რომ თავისი შვილის რცხვენია. ვიდეოს ფონზე ჩანს რუსული საბრძოლო ნიშანი ასო Z. Zerkalo.io-მ ინტერვიუ ჩაწერა მის შვილთან, რომელმაც თქვა, რომ დედამისს აიძულეს ვიდეოში გამოჩენა. 15 აპრილს კიდევ ერთი ბელარუსი მოხალისის დედის ვიდეო გამოაქვეყნა იგორ ტურმა (სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი არხის, ONT TV-ს წამყვანი, ევროკავშირის სანქციების სიაშია ბელარუსის რეჟიმისთვის პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შექმნის გამო). ის შვილს მიმართავს და ამბობს, რომ „უკეთესია, რამდენიმე წელი საკუთარ ქვეყანაში ციხეში იჯდე, ვიდრე ხალხი ხოცო“.
2022 წლის მაისი
ასობით Telegram-არხი „ექსტრემისტული“ საშუალებების სიაში. მაისის მდგომარეობით, ოფიციალური კომენტარების თანახმად, 633 TG-არხი იყო გამოცხადებული „ექსტრემისტულად“ და წლის დასაწყისიდან 200-ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული „ექსტრემისტული“ წყაროებიდან ინფორმაციის გავრცელების გამო. თითქოსდა ექსტრემისტული TG-არხები აუცილებლად პოლიტიკურ ახალ ამბებზე არ არის კონცენტრირებული. „ექსტრემისტულად“ გამოაცხადეს TG-არხი „ეკონომიკა ბელარუსიც“ („ბელარუსის ეკონომიკა“). ზოგიერთ შემთხვევაში TG-არხებსა და ონლაინმედიას „ექსტრემისტულ ფორმირებებად“ მოიხსენიებენ.
„ექსტრემისტობა“. „ექსტრემისტისგან“ განსხვავებით, როცა ასეთი არხების გამოწერა ადმინისტრაციულ დარღვევად ითვლება, „ექსტრემისტული ფორმირების“ გამომწერს სისხლის სამართლებრივი ბრალის წარდგენა და რამდენიმეწლიანი საპატიმრო სასჯელი ემუქრება. ამასობაში იზრდება „ექსტრემისტული“ ლიტერატურის სიაც. „ექსტრემისტული“ მასალების სიას დაემატა წიგნი ბელარუსის ეროვნული იდეა. ახლახან „ექსტრემისტულად“ გამოცხადებულ წიგნებს შორის მოხვდა თანამედროვე ბელარუსი მწერლის ალჰერდ ბახარევიჩის რომანი ევროპის ძაღლები.
უფრო მეტი „ექსტრემისტული“ მედიასაშუალება და შეზღუდვების გაგრძელება. „ექსტრემისტული“ საშუალებების სიას დაემატა ვებსაიტი „მედიაზონა.ბელარუსი“ და მისი ყველა ანგარიში სოციალურ მედიაში. „ექსტრემისტულ ფორმირებად“ გამოცხადდა პროექტი „ჩესტნაია გაზეტა“ („პატიოსანი გაზეთი“), რომელიც PDF-ბროშურების სახით ავრცელებდა ბელარუსთან დაკავშირებულ ახალ ამბებს. სახელმწიფო ორგანოებმა გაჩხრიკეს რეგიონული მედიასაშუალების promogilev.by ოფისი. პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილია ჟურნალისტი იგორ კაზმერჩაკი, Orsha.ru-ს მთავარი რედაქტორი. ეკონომიკური მედიასაშუალების „ბელარუსები და ბაზარი“ დირექტორი კონსტანტინ ზოლოტიხი კაგებემ დააკავა და სისხლისსამართლებრივი ბრალი წარუდგინა სიძულვილის გაღვივების გამო. დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის რუსული სამხედრო ტექნიკის ფოტოების გაგზავნის გამო დააპატიმრეს იური ჰანცარევიჩი, დამოუკიდებელ გაზეთ „ინტექს-პრესის“ კორესპონდენტი. რეჟიმის მხარდამჭერმა TG-არხებმა მისი „აღიარებითი ვიდეო“ გამოაქვეყნეს. კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ამჯერად ტერორისტული ჯგუფის შექმნის ბრალდებით, ყველაზე დიდი ბელარუსული TG-არხის დამფუძნებლის, ბლოგერ სტეპან პუტილოსა და მისი კოლეგების წინააღმდეგ.
მედიასაშუალებების თანამშრომლებისა და ბლოგერების ნათესავების რეპრესია. 26 მაისს მცირე ხნით დააკავეს ბელარუსიის ოპერის მომღერლის, მარგარიტა ლევჩუკის მშობლები და „პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო“ დააჯარიმეს. სახელმწიფო ორგანოებმა ასევე გაჩხრიკეს და დაარბიეს ბლოგერ ანდრეი პაუკის მშობლების სახლი და მისი ერთი მეგობარი დააკავეს. ლევჩუკი და პაუკი სატირიკული დუეტის წევრები არიან და პოლიტიკურ თემებზე მღერიან. მათ პოპულარული YouTube-არხი აქვთ. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკური სარჩულით დაკავებული „ნაშა ნივას“ მთავარი რედაქტორის, იაჰორ მარცინოვიჩის დედა გაათავისუფლეს ჟურნალიდან „მასტაცტვა“ („ხელოვნება“), სადაც ის ჟურნალის მუსიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა 1991 წლიდან.
ისევ მიზანში ჰყავთ ამოღებული ბლოგერები YouTube-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე. „ექსტრემისტული“ საშუალებების სიას დაემატა YouTube-არხი „ჟიზნ-მალინა“ (110 000 გამომწერით), რომლის ავტორია ბლოგერი ნიკიტა მელკოზეროვი. ამ YouTube-არხზე ქვეყნდება ინტერვიუები სამოქალაქო აქტივისტებთან, პოლიტიკოსებთან, პოპულარულ ბელარუს კულტურულ მოღვაწეებთან და ა.შ. დააპატიმრეს Instagram-ბლოგერი როსტისლავ ჩეპურნოი, რომელმაც რძის ქარხნის მუშათა პროტესტი გააშუქა. სახელმწიფო გაზეთმა მისი „აღიარებითი ვიდეო“ ონლაინ გამოაქვეყნა. რეჟიმის მხარდამჭერ TG-არხებზე გავრცელდა ამბავი სკოლის მასწავლებელზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ადგილმდებარეობას უზიარებდა არხს „ბელსატ ტვ“. მას შვიდი წლით პატიმრობა ემუქრება.
შეტევა ახლახან გახსნილ წიგნების მაღაზიაზე, სადაც ბელარუსის ისტორიის წიგნები იყიდება. რეჟიმმა გააძლიერა ბრძოლა ბელარუსული იდენტობისა და კულტურის საჯარო გამოხატვის წინააღმდეგ. 2022 წლის პირველ ნახევარში მუშაობა შეაწყვეტინეს ოთხ ბელარუსულ გამომცემლობას, რომლებიც ბელარუსულ ენაზე აქვეყნებდა წიგნებს. 16 მაისს ბელარუსის სახელმწიფო მედიის პროპაგანდისტებმა გააკრიტიკეს მინსკში ახალგახსნილი წიგნების მაღაზია, სადაც ბელარუსულ ენაზე დაწერილი ისტორიული წიგნები იყიდებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ სამართალდამცავმა ორგანოებმა რეიდი ჩაატარეს წიგნების მაღაზიაში. ბელარუსში სახელმწიფო პროპაგანდისტები სულ უფრო და უფრო მეტად მოქმედებენ, როგორც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც საჯარო სივრცეში ბელარუსული იდენტობის გამოხატვას უწევს მონიტორინგს და მის წინააღმდეგ სახელმწიფო აპარატის რეპრესიულ მოქმედებებს ხელმძღვანელობს.
ლუკაშენკო უფრო აქტიურ „კონტრპროპაგანდას“ ითხოვს. 31 მაისს ლუკაშენკოს ხელმძღვანელობით გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა პროპაგანდის თემასთან დაკავშირებით. „ყველაზე მნიშვნელოვანია კონტრპროპაგანდის წარმოება, როგორც ამას საბჭოთა კავშირში უწოდებდნენ“, განაცხადა მან. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, კაგებეს გენერალ-მაიორმა, იგორ სერგეენკომ გააკეთა განცხადება: „მედიაში შეგიძლიათ თქვათ, რაც გსურთ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ხალხის, საზოგადოების, საკუთარი თავისა და კანონის წინაშე აიღოთ პასუხისმგებლობა“. ამავე დროს, ბელარუსმა ადამიანის უფლებათა დამცველებმა დააფიქსირეს შემთხვევა, როცა ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს და აიძულეს, დამდგარიყო და ლუკაშენკოს გამოსვლებისთვის ეყურებინა სამი ღამე გადაბმულად (საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე) დაკავების იზოლატორის სპეციალურ ოთახში.
2022 წლის ივნისი
ახალი „ექსტრემისტული“ მედია და ბლოგერი „ტერორისტები“. ექსტრემისტული მასალების სიას დაემატა 50-ზე მეტი ახალი სახელი, მათ შორის, ბელარუსი აქტივისტების პირადი Facebook და Instagram-ანგარიშები. „ექსტრემისტული ფორმირებების“ სიაში სხვებთან ერთად მოხვდა პროექტი „ბელარუსული კულტურის საბჭო“, მისი ვებსაიტი და ანგარიშები სოციალურ მედიაში. „ექსტრემისტულ ფორმირებებად“ გამოაცხადეს რამდენიმე TG-არხი, მათ შორის, პოლიტიკური იუმორისტული TG-არხი „უს ლუკაშენკა“ („ლუკაშენკას ულვაში“). კაგებემ ტერორისტების სიაში დაამატა ბლოგერი იჰარ ლოსიკი, რომელსაც 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2021 წლის ბოლოს. არ შემწყდარა რეპრესიული რეიდები ბლოგერების წინააღმდეგ და რეჟიმის მხარდამჭერ Telegram-არხებზე ქვეყნდებოდა TikTok-ბლოგერების „აღიარებითი ვიდეოები“. მათ შორის იყო ალექსეი ბონდარი, რომლის TikTok-ანგარიშს lexmask 57 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ექვსი წლით პატიმრობა ჟურნალისტს და სხვა რეპრესიული ქმედებები მედიასაშუალებების თანამშრომელთა წინააღმდეგ. 8 ივნისს მკაცრი რეჟიმის ციხეში ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს „რადიო თავისუფლების“ ბელარუსული სამსახურის შტატგარეშე მომუშავე ჟურნალისტს, ანდრეი კუზნეჩუკს. მას ბრალად დასდეს „ექსტრემისტული ფორმირების“ შექმნა. 6 ივნისს დაიწყო სასამართლო პროცესი, რომელიც ახალი ამბების ყველაზე დიდ დამოუკიდებელ სააგენტო „ბელაპანს“ ეხება. „ექსტრემისტული ფორმირების შექმნისა“ და საგადასახადო დანაშაულების საქმეზე ბრალი წარუდგინეს „ბელაპანის“ ოთხ თანამშრომელს, მათ შორის, მთავარ რედაქტორს, ირინა ლევშინას და „ბელაპანის“ ყოფილ დირექტორს, დმიტრი ნოვოჟილოვს. „ბელაპანის“ ჟურნალისტს, ანდრეი ალექსანდროვს ასევე ბრალი ედება ღალატში.
დამოუკიდებელი გაზეთის, „ნოვი ჩასის“ (ახალი დრო) მთავარ რედაქტორს, ოქსანა კოლბს 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დაიწყო დევნა ყველაზე დიდი საავტომობილო ვებსაიტის, abw.by-ს და ყველაზე მსხვილი IT-თემატიკის ვებსაიტის, dev.by-ს სარედაქციო გუნდების წინააღმდეგ. ბელარუსი ჟურნალისტი თინა პოლინსკაია დაახლოებით 1500 აშშ დოლარით დააჯარიმეს იმის გამო, რომ ჩანთაზე ლურჯი და ყვითელი (უკრაინის დროშისფერი) ლენტები ეკეთა. სახელმწიფო ორგანოებმა მისი ბინა გაჩხრიკეს მას შემდეგ, რაც მან კრიტიკული Facebook-პუბლიკაცია გამოაქვეყნა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერის მიერ ბელარუსში გამართული ვიზიტის შესახებ. დააკავეს შტატგარეშე მომუშავე ფოტოგრაფი ევგენი იერჩაკი, რომელიც Tut.by-სთან თანამშრომლობდა. „ეჟედნიევნიკის“ მთავარ რედაქტორს, სერგეი საცუკს კიდევ ორი სისხლისსამართლებრივი ბრალდება აქვს წაყენებული.
აქ შეგიძლიათ, იხილოთ ჩვენ მიერ ადრე მომზადებული სტატია ბელარუსში დაკავებული პოლიტიკური პატიმრების შესახებ.
უფრო მეტ ადამიანს აცხადებენ „ტერორისტებად“ კრიტიკული ონლაინკომენტარების გამო. ივნისში ბელარუსის კაგებემ ტერორისტების სიაში უამრავი ბელარუსი დაამატა. სიაში მოხვდა ოპოზიციის ლიდერი სვიატლანა ციხანოუსკაია (მუშაობს ლიეტუვიდან), ბლოგერები და აქტივისტები და ასევე, ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებმაც კრიტიკული კომენტარები გამოაქვეყნეს გასულ წელს ურთიერთსროლისას დაღუპული კაგებეს ოფიცრის შესახებ. სიტყვის თავისუფლებით სარგებლობისთვის მკაცრი სასჯელების გამოყენება ისევ გრძელდება. მაგალითად, 57 წლის ქალს 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ლუკაშენკოს „უზურპატორი“ უწოდა საგამოძიებო კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილში. მკაცრი სასჯელების დაკისრება გააგრძელეს იმ პირების მიმართაც, რომლებიც ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილებას იღებდნენ. მაგალითად, 27 წლის ქალს ოთხი წლით შინაპატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილება გადაიღო და ვიდეო „ექსტრემისტულ ფორმირებას“ გაუგზავნა.
მეტი „კოორდინაცია“ მედიასფეროში ბელარუსსა და რუსეთს შორის. 27 ივნისს ბელარუსის ინფორმაციის მინისტრი ვლადიმირ პერცოვი მოსკოვში შეხვდა ანდრეი ლიპოვს, რომელიც ხელმძღვანელობს „როსკომნადზორს“ – რუსეთის კომუნიკაციებისა და მასმედიის ფედერალურ მაკონტროლებელ სამსახურს. ბელარუსის ინფორმაციის სამინისტროს თანახმად, მათ განიხილეს „თანამედროვე ტენდენციები მედიასაშუალებების რეგულირების სფეროში და ასევე, სამართლებრივი ურთიერთობები ონლაინსივრცეში“. დიდი ალბათობით, ორივე მხარე თავიანთი ძალისხმევის კოორდინირებასა და გაძლიერებას გეგმავს დამოუკიდებელ მედიაზე წვდომის შესაზღუდად.
YouTube-ზე წვდომის შეზღუდვის მუქარა. ბელარუსის სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელი ივან ეისმონტი დაიმუქრა, რომ სრულად შეზღუდავს YouTube-ზე წვდომას ბელარუსში, თუ სახელმწიფო მედიასაშუალებების YouTube-არხები დაიბლოკება. „თუ [ოფიციალური] ბელარუსული [კონტენტი] არ იქნება [სოციალურ მედიაში], ჩნდება კითხვა, გვჭირდება თუ არა საერთოდ ასეთი ქსელები“, თქვა ეისმონტმა ინტერვიუში.
2022 წლის ივლისი
კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა და მედიასაშუალებების „ექსტრემისტულად“ შერაცხვა. „ექსტრემისტულ ფორმირებად“ გამოცხადდა „ევროპის რადიო ბელარუსისთვის“ („ევრორადიო“). „ექსტრემისტულად“ გამოაცხადეს დამოუკიდებელი რეგიონული მედიასაშუალება Hrodna.life და მისი ანგარიშები სოციალურ მედიაში ისევე, როგორც „პოლონური რადიოს“ ვებსაიტი Polskieradio.pl. „ექსტრემისტულ“ მასალებს დაემატა Instagram-ის ჰეშტეგი #svobodnayabelarus („#თავისუფალიბელარუსი“). შეიზღუდა წვდომა ეკონომიკურ გაზეთზე ბელარუსები და ბაზარი, ვებსაიტებზე vkletochku.org და politzek.me (რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებთან კომუნიკაციას უწყობდა ხელს) და ბელარუსის საგამოძიებო ცენტრზე. „ექსტრემისტული მასალების განმეორებით გამოქვეყნების“ გამო, შეიზღუდა ისტორიული თემატიკის ბელარუსული ჟურნალი Arche.by.
ტერორისტის იარლიყი და 6,5 წლით პატიმრობა სოციალურ მედიაში ანტისაომარი პუბლიკაციის გაზიარებისთვის. გრძელდება ხალხის დაკავება იმის გამო, რომ ისინი დამოუკიდებელი მედიის მიერ გამოქვეყნებულ მასალას აზიარებენ საჯარო ჩატებში და პირად ანგარიშებზე სოციალურ მედიაში. ივლისის მდგომარეობით, ბელარუსის 130-ზე მეტი მოქალაქე იყო შეყვანილი „ტერორისტების სიაში“. სიაში მოხვედრის მიზეზი ხშირად მხოლოდ „ექსტრემისტული“ კონტენტის გავრცელებაა.
ადამიანის უფლებათა დამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 6,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 20 წლის სტუდენტს, დანუტა პერედნიას იმის გამო, რომ მან თითქოს „ბელარუსის ეროვნულ ინტერესებს მიაყენა ზიანი“ და „ლუკაშენკო შეურაცხყო“. მან „დანაშაული“ Telegram-ჩატში ტექსტის გადაგზავნით ჩაიდინა. ტექსტი შეიცავდა პუტინისა და ლუკაშენკოს კრიტიკას უკრაინის წინააღმდეგ ომის გაჩაღების გამო. ამასთან ერთად, პერედნია „ტერორისტების სიაში“ დაამატეს.
ჟურნალისტს რვა წლით პატიმრობა დაუმატეს „ღალატის“ გამო. „ბელსატის“ ჟურნალისტს, კატერინა ანდრეიევას რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მან თითქოს „ბელარუსის სახელმწიფო საიდუმლოებები გადასცა უცხო ქვეყანას, საერთაშორისო ან უცხოურ ორგანიზაციას და მათ წარმომადგენლებს“. ანდრეიევა უკვე იხდის ორწლიან სასჯელს იმის გამო, რომ 2020 წლის ნოემბერში მინსკში გამართული საპროტესტო აქცია გააშუქა.
რეპრესიები ჟურნალისტებისა და TikTok-ბლოგერების წინააღმდეგ. ჟურნალისტ იური ჰანცარევიჩს 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ ბელარუსში რუსეთის სამხედრო ტექნიკისთვის გადაღებული ფოტოები გაავრცელა. წამყვანი ბელარუსი სამხედრო ექსპერტი და ბლოგერი იაჰორ ლებიადოკი გაურკვეველი ბრალდებით დააკავეს. ჟურნალისტი პაველ დაილიდი იმის გამო დააკავეს, რომ 2020 წელს გამართულ სანქცირებულ აქციაზე თეთრი-წითელი-თეთრი ფერის დროშასთან გადაიღო ფოტო. რეჟიმის მხარდამჭერმა TG-არხებმა გამოაქვეყნეს სასტიკად ნაცემი TikTok-ბლოგერის, ალექსანდრ გურნიკის „აღიარებითი ვიდეო“. დააკავეს TikTok-ბლოგერი იაროსლავ ველიჩკო, რომელსაც 20 000 გამომწერი ჰყავს. რეჟიმის მხარდამჭერმა TG-არხებმა მისი „აღიარებითი ვიდეო“ გამოაქვეყნეს. ბოლო დროს სახელმწიფო ორგანოებს, ძირითადად, TikTok-ბლოგერები ჰყავთ ამოღებული მიზანში, რადგან, დიდი ალბათობით, YouTube-ბლოგერები უკვე ემიგრაციაში ან ციხეში არიან. ამასთან ერთად, TikTok მზარდი პოპულარობით სარგებლობს ბელარუსში.
ბელარუსის ჟურნალისტების ასოციაციის თანახმად, 2020 წლის შემდეგ 400-ზე მეტმა ჟურნალისტმა დატოვა ბელარუსი.