ბელარუსში რეჟიმის მსახურ მედიას 1000-ზე მეტი პატიმარი ეცოტავება
ახალი მიღწევა — 1000 პოლიტიკური პატიმარი
ადრე უკვე განვიხილეთ აბსურდული სახე, რომელიც ბელარუსში მიმდინარე რეპრესიებმა მიიღო. 2022 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, ბელარუსის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 1022 პოლიტიკური პატიმარი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადამიანის უფლებათა დაცვის წამყვანი ორგანიზაცია „ვიასნა“ (ბელარუსულ ენაზე — „გაზაფხული“). ამ ორგანიზაციას სასტიკად დევნიან: ბელარუსის რეჟიმი „ვიასნას“ ვებსაიტს და მის ყველა ანგარიშს სოციალურ მედიაში „ექსტრემისტულად“ მიიჩნევს. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს რეჟიმს ბელარუსში მოქმედი ბევრი სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიმართ. „ვიასნას“ ხელმძღვანელი, ალეს ბიალიაცკი და კიდევ ექვსი მოხალისე ჯერ კიდევ ციხეში რჩება.
წინა ანგარიშების მსგავსად, პესიმისტურია „ვიასნას“ 2022 წლის იანვრის ანგარიში, რომელიც ადამიანის უფლებების მხრივ ბელარუსში შექმნილ ვითარებას ეხება. პოლიციელები აგრძელებენ უკანონო რეიდებს მთელი ბელარუსის მასშტაბით, თავს ესხმიან სახლებსა და ბინებს და ეძებენ საპროტესტო სიმბოლოებს. პოლიტიკური პატიმრების რიცხვი სტაბილურად იზრდება. პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების დროს ისევ იყენებენ წამებასა და არასათანადო მოპყრობას. ამასთან ერთად, სახელმწიფო ორგანოები პოლიტიკურ პატიმრებს გამიზნულად უქმნიან წამებასთან გათანაბრებულ არაადამიანურ პირობებს.
ბელარუსში „ვიასნას“ ვებსაიტის გახსნა შეუძლებელია ელექტრონული შეზღუდვების გვერდის ავლის და VPN-ის გამოყენების გარეშე. ვებსაიტზე წარმოდგენილია კარგად დოკუმენტირებული საქმეები, რომლებშიც პოლიტიკური მიზნით ხალხის დევნისთვის აქტიურად გამოიყენება სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული ბრალდებები. აქ გამოქვეყნდა 2022 წლის 7 თებერვლის სასამართლო სხდომის დეტალური ანგარიში. სასამართლომ 69 წლის ქალს, გალინა მიხალჩუკს ორწელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯა Telegram-არხზე ალექსანდრე ლუკაშენკოს, მთავრობის ჩინოვნიკებისა და პოლიციელების მისამართით უარყოფითი კომენტარების დატოვების გამო. გამომძიებლის თანახმად, ქალს „ბრალად ედება რეჟიმის მიმართ სიძულვილის განცდა“ — სწორედ ეს განცდა დასაჯეს სისხლის სამართლის სამი მუხლით.
პროტესტთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა რეგულარულად არ ქვეყნდება. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ შეეგროვებინათ შესაბამისი სტატისტიკა 2021 წლის სასტიკი რეპრესიების დაწყებამდე. მათ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში უკვე დაწყებული იყო სისხლის სამართლის 900-ზე მეტი საქმე, რომლებიც ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ახლახან დამოუკიდებელი მედიის ყურადღება მიიპყრო 2021 წლის სტატისტიკამ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გამოქვეყნებული. სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის დაახლოებით 5500 საქმეზე, რომლებიც საპროტესტო აქციებთან არის დაკავშირებული.
„ძალიან ჰუმანური“ სასჯელები
ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მართული მედია და სოციალური ქსელი მხარს უჭერს სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო დაწესებულებებს და სასტიკი რეპრესიებისკენ მოუწოდებს მათ. ისინი ამტკიცებენ, რომ სასჯელები შეიძლება და უნდა იყოს უფრო მკაცრი, შეურაცხყოფას აყენებენ პოლიტიკურ პატიმრებს, ზოგჯერ მიზანში იღებენ მათ ნათესავებსაც, ღირსების შემლახველ განცხადებებს ავრცელებენ პოლიტიკური ოპონენტების ფართო სპექტრის წინააღმდეგ და დევნილობაში მყოფ დემოკრატიულ ლიდერებსა და აქტივისტებს შურისძიებით ემუქრებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაზეთი „ბელარუს სეგოდნია“ (Беларусь сегодня) ადრე უკვე გამოეხმაურა შენიშვნებს იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებში პატარა გადაცდომებზე მკაცრი სასჯელებია და ასეთი რამ დაწერა: „ოთხი წელი სპეცრაზმისთვის ყვავილის სროლის შემთხვევაში — სწორია. მადლობა უნდა თქვათ, რომ მეტი არ მოგისაჯეს. სამი წლით პატიმრობა ზიანის მიყენების გარეშე პოლიციის მანქანისთვის რამდენჯერმე დარტყმის შემთხვევაში. თუ პატარა ნაკაწრი დარჩება [მანქანაზე], [სასჯელს] მინიმუმ სამი წელი უნდა დაემატოს კიდევ“.
იმავე მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა შეურაცხმყოფელი სტატია, რომელიც ეხებოდა ორი წლით პატიმრობის მისჯას „ბელსატის“ ჟურნალისტებისთვის, 27 წლის ეკატერინა ანდრეევასთვის და 23 წლის დარია ჩულცოვასთვის. ჟურნალისტებმა დემოკრატიის მხარდამჭერი ერთ-ერთი საპროტესტო აქცია გაუშვეს ეთერში. გაზეთმა ჟურნალისტები შეადარა „არტილერიის მაკორექტირებლებს“, რომლებიც გარე მტრისთვის მუშაობენ და საპატიმრო განაჩენს „ძალიან ჰუმანური“ უწოდა. სტატიაში ისიც კი განაცხადეს, რომ პატიმრობა სასარგებლო იქნებოდა ჟურნალისტების უნარების დასახვეწად: „მინიმუმ ქსოვას მაინც ისწავლიან“ — ბელარუსულ ციხეებში ქსოვა პოპულარული პროფესიაა. ციხეში მქსოველად მუშაობს პოლიტიკური პატიმარი ნატალია ჰერშე, ბელარუსისა და შვეიცარიის მოქალაქე, რომელსაც ბელარუსში ორწელიწადნახევრით პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან პოლიციელს „ბალაკლავა“ მოხსნა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესრულებული სამუშაოსთვის მას სასაცილოდ დაბალ ყოველთვიურ ანაზღაურებას, 6,66 BYN-ს (დაახლოებით 2 ევროს) აძლევენ.
სახელმწიფო კონტროლქვეშ მყოფ ონლაინ და სოციალურ მედიაში „ჩვეულებრივი“ პოლიტიკური პატიმრები ღირსების შემლახველი განცხადებების საკმარის დოზას იღებენ, მაგრამ მათგან განსხვავებით, დევნილობაში მყოფ დემოკრატიულ ლიდერებს ღიად ან ფარულად ემუქრებიან მკვლელობით. 2021 წლის ივნისში აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვიდა ბელარუსული ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ციხანოვსკაია და სანქციების გამკაცრება მოითხოვა, რასაც ერთმა Telegram-არხმა ასე უპასუხა: „არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამას ღალატი ერქვა და განსაკუთრებით საშიშ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას წარმოადგენდა. ასეთ მოქალაქეებს სიკვდილით სჯიდნენ. თუ სასჯელის აღსრულება შეუძლებელი იყო, ყინულის ნაჯახს ან მოწამლულ ქოლგას იყენებდნენ“. სასამართლოგარეშე ფარული მკვლელობების ისტორიული შემთხვევების მოხმობა კიდევ ერთი აშკარა მოწოდებაა ძალადობისკენ.
ზოგჯერ პოლიტიკური პატიმრების ნათესავებსაც ესხმიან თავს, განსაკუთრებით, რეჟიმის მომხრე, ანონიმურ Telegram-არხებზე. მაგალითად, მას შემდეგ, რაც მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 15 წლით პატიმრობამისჯილი 29 წლის ბლოგერის, იჰარ ლოსიკის ცოლმა, დარია ლოსიკმა განაცხადა, რომ ეკონომისტის თანამდებობას ტოვებდა სახელმწიფო პოლიკლინიკაში, სადაც ექვსი წელი იმუშავა, პროპაგანდის გამავრცელებელმა ერთმა Telegram-არხმა ასეთი რამ დაწერა, „როგორ მოხდა, რომ საჯარო სექტორში ამდენი ხნის განმავლობაში იმუშავა ასეთმა გაგიჟებულმა მდედრმა „ზმაგარმა“, [შენიშვნა: „ზმაგარი“ პოლიტიკური ოპონენტების შეურაცხმყოფელი ტერმინია] რომლის ქმარი ექსტრემისტი და უცხოეთის აგენტია?“
À la guerre comme à la guerre
ადრე უკვე გამოვაქვეყნეთ, როგორ აღვივებდა ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზია სიძულვილს, ოპოზიციის ლიდერებს „იუდებად“ მოიხსენიებდა და პირდაპირ მათი განადგურებისკენ მოუწოდებდა ხალხს. ამჟამად რეჟიმის საზრუნავს წარმოადგენს ხალხის მაღალი აქტივობის უზრუნველყოფა 27 თებერვლის ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმზე, რომელიც ახალი კონსტიტუციის მიღებას ეხება (ლუკაშენკოს თანამდებობის გასამყარებლად). ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც რეფერენდუმის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას ზოგჯერ ნაცისტ კოლაბორაციონისტებთან აიგივებენ. საქმეში რუსული სამთავრობო მედიაც ერთვება და პროტესტს ბელარუსის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ დესტრუქციულ ქმედებად წარმოაჩენს.
სახელმწიფო პროპაგანდა ცდილობს, უმოწყალო რეპრესიები და რიტორიკა გაამართლოს იმით, რომ თითქოს ბელარუსის წინააღმდეგ ნაცისტების მსგავსი დასავლური აგრესია მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივი პოლიტიკური ოპონენტები უჭერენ მხარს. თებერვალში სახელმწიფო არხის, STV TV-ს პროგრამაში შემდეგი რამ თქვეს: „ახალი ტოტალიტარული დასავლური რაიხი გლობალურ საკონცენტრაციო ბანაკს ქმნის. ეს ბანაკი სრულად გააკონტროლებს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ მათ ფიქრებს, გრძნობებსა და სულებს […] ჯარები აღმოსავლეთისკენ მოდიან და მათ კოლაბორაციონისტები ხვდებიან თეთრი-წითელი-თეთრი დროშებით“. დამოუკიდებელი მედია ხომ „უცხოეთის კოლონიალისტური საინფორმაციო არმიაა“, როგორც ეს მედიაჰოლდინგის „ბელარუს სეგოდნია“ ხელმძღვანელმა დმიტრი ჟუკმა თქვა.
„მოდი შევადგინოთ ჩვენი კოლაბორაციონისტების სია, რატომ გვერიდება? თუ ქვეყნისა და სახელმწიფო წესრიგის წინააღმდეგ გამოდიხართ — ამ სიაშია თქვენი ადგილი. თქვენს ოჯახთან და ნათესავებთან ერთად. ეს უნდა მოხდეს საჯაროდ — გვარები კომუნალური გადასახადების ქვითრების უკანა მხარეს შეიძლება დაიბეჭდოს, დაე, იცოდნენ თქვენ შესახებ მეზობლებმა“, ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში წერდა „ბელარუს სეგოდნია“.
ბელარუსის რეჟიმი თავისი მიდგომის შერბილებას არ გეგმავს. პირიქით, რეგულარულად ისმის მოწოდებები ახალი რეპრესიული ინიციატივების შესახებ. 2022 წლის 8 თებერვალს ბელარუსის უსაფრთხოების საბჭომ განიხილა პოლიტიკური ოპონენტებისთვის ბელარუსის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი. „ყველა მოღალატე უნდა დაფიქრდეს, ამ ქვეყნის დაზიანებას გააგრძელებენ თუ წესიერად მოიქცევიან“, განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს სახელმწიფო მდივანმა, არმიის გენერალმა ალექსანდრე ვოლფოვიჩმა. ამასთან ერთად, იმავე შეხვედრაზე ლუკაშენკომ განიხილა მთავარი პოლიტიკური ოპონენტების დაუსწრებლად გასამართლების საკითხი და ამით აშკარად მიანიშნა სვეტლანა ციხანოვსკაიაზე, რომელიც ახლა ლიეტუვაში იმყოფება.
პოლიტიკური პატიმრების რაოდენობით ალბათ ყველაზე მარტივად შეიძლება დიქტატურის ამოცნობა. დღესდღეობით მათი რიცხვი 1062-ს შეადგენს. ამ რაოდენობის ყოველდღიური განახლების ნახვა შესაძლებელია აქ. ევროკავშირის განცხადებები იხილეთ აქ და აქ.