გამარჯვების დღე — 9 მაისი — საბჭოთა კავშირსა და რუსეთში
ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება და გადაიზარდა „გამარჯვებით აღგზნებაში“ (победобесие), როგორც მას რამდენიმე ოპოზიციურად განწყობილი რუსი მიმომხილველი უწოდებს. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებითა და კრემლის, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების შემოქმედის, წარმატებით ზეიმმა უპრეცედენტო მასშტაბი და ინტენსივობა შეიძინა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
საბჭოთა პერიოდის ოთხი აღლუმი
საბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებით 1965 წლამდე, გამარჯვების დღის წლისთავის აღნიშვნა შეზღუდული იყო. 1945 წლის 9 მაისს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება მოსკოვში ფეიერვერკით აღნიშნეს, სამხედრო აღლუმი კი წითელ მოედანზე იმავე წლის 24 ივნისს გაიმართა. 1945 წელს 9 მაისი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა და ეს დღე ამ სტატუსს ატარებდა 1947 წლამდე. საბჭოთა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ომის დამთავრებიდან მალევე გააცნობიერა, რომ 9 მაისს დიდად ბევრი არაფერი იყო აღსანიშნავი. გამარჯვება კი მოიპოვეს, მაგრამ — მძიმე და კატასტროფულ ფასად. საბჭოთა მოსახლეობას, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში, მათ შორის, უკრაინასა და ბელარუსში მცხოვრებს, ეს ომი ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლედ, მასობრივ განადგურებად და ტანჯვად დაუჯდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 1965 წლამდე 9 მაისი ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო.
ომის შემდგომ ორ ათწლეულში გამარჯვების დღის ფართომასშტაბიანი აღნიშვნა არ მომხდარა. აღლუმიც მხოლოდ 1945 წელს გაიმართა. რუსი ლიდერების დღევანდელი სლოგანი — „ჩვენ შეგვიძლია გამარჯვების გამეორება“ — იმ დროს ალბათ ბარბაროსულად და მიუღებლად აღიქმებოდა, რადგან ხალხი ომისშემდგომ დეპრესიაში მრავალი წელი იყო.
ბრეჟნევის ხანა
საბჭოთა ლიდერმა, ლეონიდ ბრეჟნევმა, გამარჯვების დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა 1965 წელს. 1965 წლის 9 მაისს მან მოსკოვის წითელ მოედანზე მეორე სამხედრო აღლუმი გამართა. როგორც ჩანს, საბჭოთა ხელისუფლებამ პატრიოტიზმის გასაღვივებლად და საბჭოთა დიდების მანიფესტაციისთვის ფაშიზმზე გამარჯვების გამოყენება აირჩია. ამრიგად, საბჭოთა კავშირს ორი ათწლეული დასჭირდა, რომ მეორე მსოფლიო ომში განცდილი უზარმაზარი დანაკარგისთვის თვალი გაესწორებინა. 1965 წლიდან გამარჯვების დღე სულ უფრო და უფრო ომახიანად აღინიშნებოდა.
სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე საბჭოთა პერიოდში მხოლოდ ოთხჯერ გაიმართა — 1945, 1965, 1985 და 1990 წლებში. გამარჯვების დღის სამხედრო აღლუმით აღნიშვნა იშვიათი და უჩვეულო მოვლენა იყო. ამ დღეს, როგორც წესი, სამოქალაქო მსვლელობებით, ფეიერვერკით, საიუბილეო ღონისძიებებითა და ვეტერანებთან შეხვედრით ზეიმობდნენ.
ოქტომბრის რევოლუციის დღე
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ საბჭოთა კავშირის მთელი ისტორიის მანძილზე, 1918 წლიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური დღესასწაული ოქტომბრის რევოლუციის წლისთავი იყო, რომელიც 7 ნოემბერს აღინიშნებოდა. ამ დღეს ყოველწლიურად წითელ მოედანზე იმართებოდა ცენტრალური სამხედრო აღლუმი — სამხედრო ძალის ჩვენება, თითქოს, საბჭოთა იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. მთავარი გზავნილი არა 9 მაისის გამარჯვებას, არამედ კომუნიზმის გავრცელებასა და მსოფლიოში მოსალოდნელ გარდაუვალ რევოლუციას მიემართებოდა.
პუტინის „გამარჯვებით აღგზნება“
ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში 2000 წელს მოვიდა. 2007-08 წლებიდან გამარჯვების დღის აღნიშვნა არსებითად შეიცვალა. პუტინი, რომელმაც თავისი გეოპოლიტიკური განზრახვა დაუფარავად გააჟღერა მიუნხენის 2007 წლის გამოსვლაში, დაუპირისპირდა „დასავლურ დომინაციას“ და გამარჯვების დღის გამოყენება შიდა გამოყენების ძირითად პროპაგანდისტულ ელემენტად აქცია. ამ მოქმედებას პატრიოტიზმი უნდა გაეღვივებინა, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები განედიდებინა და ხალხი დასავლური „საფრთხის“ წინააღმდეგ განეწყო.
ფუნდამენტური ცვლილებები პუტინის მმართველობაში 2008 წლის შემდეგ
პუტინის მმართველობის დროს რამდენიმე ძირეული ცვლილება შევიდა გამარჯვების დღის აღნიშვნის ტრადიციაში:
2008 წლამდე გამარჯვების დღე, მეტწილად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებსა და მონაწილე ვეტერანებს ეძღვნებოდა. ამ დღეს ვეტერანები ომის თანმდევ ტრაგედიასა და გმირობას იხსენებდნენ, აზიარებდნენ პირად ისტორიებს იმ გზავნილით, რომ ის აღარასოდეს უნდა გამეორებულიყო.
2008 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული აგვისტოს ომის შემდეგ კი გამარჯვების დღის აღნიშვნისას „აღარასოდეს“ ჩანაცვლდა გზავნილით „ჩვენ შეგვიძლია გამარჯვების გამეორება“. პუტინის მმართველობის ქვეშ გამარჯვების დღე გადაიქცა აგრესიულ რიტუალად, რომელიც რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებისა და კრემლის მიერ მტერთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების სურვილის წარმოჩენას ემსახურება ისევე, როგორც საომარი მოქმედებებისა და მისი თანმდევი მთელი სიმხეცის რომანტიზებას.
ახალი რიტუალები
2008 წლიდან გამარჯვების დღე ყოველწლიურად აღინიშნება და აღლუმზე წარმოდგენილი სამხედრო აღჭურვილობა დრამატულად იზრდება. ამასთან, მოსკოვის აღლუმებში რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებიც ჩაერთო. სამხედრო ხომალდების გამოჩენა რუსეთის დედაქალაქის ცაზე საბჭოთა დროსაც კი დიდ იშვიათობად ითვლებოდა. 2008 წლიდან რუსეთის ხელისუფლებამ დანერგა გამარჯვების დღის აღსანიშნავი ახალი რიტუალები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში, ამ მასშტაბით, არ გამოიყენებოდა. უპირველესად, პუტინმა ძველი საბჭოთა სიმბოლიკა (წითელი დროშა) შეცვალა წმ. გიორგის ნარინჯისფერ-შავი ლენტით, რომელიც გამარჯვების დღის მთავარ ემბლემად, წითელი დროშა კი მეორეხარისხოვნად იქცა.
ვეტერანთა თანდათან გარდაცვალებამ კი განაპირობა 9 მაისის დღის აღნიშვნის გადახალისება და გაახალგაზრდავება. რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო მასობრივი სამოქალაქო მარშის, ე.წ. „უკვდავი ლეგიონის“, ორგანიზება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ რუსეთის რიგითი მოქალაქეები მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ნათესავების სურათებით. ეს ინიციატივა, თავდაპირველად, ხალხს ეკუთვნოდა, რომელიც მოგვიანებით კრემლმა მიიწერა. „უკვდავი ლეგიონი“ წარმოდგენილი იყო მილიონობით რიგითი რუსით. რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ის ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაციად იქცა. მსვლელობაში ნებაყოფლობით უამრავი ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ ის ითვლიდა ბევრ სტუდენტსა და მოსწავლესაც, რომელთა მობილიზება განზრახ ხდებოდა; ორგანიზატორები მათ სავსებით უცხო ადამიანების ფოტოებით მარშირებას ავალებდნენ.
მიმდინარე, 2023 წლის 18 აპრილს „უკვდავი ლეგიონის“ აღლუმი გაუქმდა, მაგრამ ის ჩანაცვლდა ონლაინ აღლუმის ინიციატივით. შესაძლოა, ხელისუფლებას შეეშინდა, აღლუმი უთანხმოების სიმბოლო გახდებოდა, თუ ხალხი გამოფენდა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ დაკარგული ნათესავების ფოტოებს, რომლის დანაკარგის სტატისტიკასაც იშვიათად და არარეალურად მცირედად წარმოაჩენენ.
დასავლეთი მტერია
პუტინის პერიოდის გამარჯვების დღის მთავარ სლოგანად „ჩვენ შეგვიძლია გამარჯვების გამეორება“ გახდა. ამავდროულად, დრამატულად გააქტიურდა 1941-45 წლებში დასავლეთის მოკავშირეების მიერ აღმოჩენილი მატერიალური დახმარების გაუფასურების მცდელობა. სტალინისა და ხრუშჩოვის აღიარება, რომ „…ლენდ-ლიზით მიღებული სამხედრო ტექნიკის გარეშე ომს წავაგებდით“ შეიცვალა განცხადებებით, რომ ლენდ-ლიზს გამარჯვებაში „გადამწყვეტი როლი არ უთამაშია“. ეს პოზიცია მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა აიტაცა.
ამჟამად მთავარი მტერი ძალზე აშკარაა — თანამედროვე „ფაშისტური/ნაცისტური“ დასავლეთი. პუტინის პროპაგანდა ისევ პედალირებს გზავნილს, რომ რუსეთს არ ეშინია საშინელი ომის „გამეორების“ და ათობით ადამიანის დაკარგვის, ზარალისა თუ განადგურების, რათა თავისი „დიდებულება“ მთელი სიმძაფრით წარმოაჩინოს.
ეს ტენდენცია 2010-იანი წლებიდან იღებს სათავეს და კულმინაციას 2014 წლიდან აღწევს ყირიმში უკანონო შეჭრითა და მისი ანექსიით. 2022 წლის 9 მაისს, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, პუტინმა თავისი გამოსვლის უდიდესი ნაწილი დაუთმო დასავლეთის წინააღმდეგ გალაშქრებასა და უკრაინაში შეჭრის გამართლებას.
2022: ნაკლები სამხედრო აღჭურვილობა
გამარჯვების დღის აღლუმებზე წარმოდგენილი სამხედრო აღჭურვილობის რაოდენობისა და ხარისხის კუთხით 2022 წელი გარდატეხის პერიოდად მოინიშნა. სახელისუფლებო წყაროების მიხედვით, მაგალითად, საბრძოლო საჰაერო ხომალდები „ამინდის“ გამო არ მონაწილეობდა აღლუმში. უკრაინაში მიმდინარე ომში ბევრი გამოცდილი პილოტი დაიღუპა და მრავალი საჰაერო ხომალდი განადგურდა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, რამდენი საჰაერო ხომალდი გამოჩნდება წლევანდელ აღლუმზე.
მიმდინარე 2023 წელს, „უკვდავი ლეგიონით“ სავსე ქუჩების გარეშეც, ერთი რამ ცხადია — პუტინის გამოსვლა და რიტორიკა დამცინავი იქნება. სამხედრო ტექნიკის სიმცირის კომპენსირებას სარკაზმით შეეცდება. მხოლოდ კრემლის თავზე მომხდარ დრონების ინციდენტზე საუბარი თუ შემატებს უკომპრომისო ტონს. მიმდინარე წლის დასაწყისში ამის წინაპირობა გამოჩნდა მის რამდენიმე გამოსვლაში, რომლებიც მან ლენინგრადის ბლოკადასა და სტალინგრადის ბრძოლას მიუძღვნა და მათ რუსეთის ისტორიაში ეგზისტენციალური ბრძოლები უწოდა.