დეზინფორმაციას ყველაფრის გაკეთება შეუძლია: ადამიანების განაწყენებიდან დაწყებული მათი დაღუპვით დამთავრებული

მაისი 07, 2021

Read this article in English or in Русский.

 

ჟურნალისტები დეზინფორმაციის შესახებ. მე-2 ნაწილი: საქართველო

სანდო ჟურნალისტიკა დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად EUvsDisinfo აქვეყნებს სტატიების სერიას და სიტყვას აძლევს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. მე-2 ნაწილი. საქართველო.

EUvsDisinfo ხუთ ჟურნალისტს ესაუბრა საქართველოში, ესენია: ბასტი მგალობლიშვილი და სოფო აფციაური, „პუბლიკა“; ქეთი მაღრაძე (ყოფილი რეპორტიორი) „მთის ამბები“, ეკა ქევანიშვილი „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ და გიორგი გოგუა, „მედიაჩეკერის“ მთავარი რედაქტორი. ამ ჟურნალისტებმა გაიმარჯვეს კონკურსში ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2020 #EUprizeforjournaism რომელსაც უკვე ცხრა წელია ყოველწლიურად ატარებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ვამაყობთ, რომ ისინი დაგვთანხმდნენ მონაწილეობა მიეღოთ პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავ კამპანიაში.

 

რატომ ჟურნალისტიკა?

ეკა ქევანიშვილი

ჟურნალისტიკა სწორედ ესააამბების თხრობა, ადამიანებზე დაკვირვება და მათი ამბების მოყოლა. ეს ამბები ხშირად არ არის სასიამოვნო, უფრო ხშირად მძიმეა და სევდიანი, ან საფრთხილო და დანის პირზე გასავლელი, მაგრამ მე სწორედ ეს მხიბლავს ამდენი წელია.

 

ეკა ქევანიშვილი „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“

 

გიორგი გოგუა

ამბის მარტივად და საინტერესოდ თხრობა ჩემთვის ჟურნალისტიკის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როდესაც უყურებ როგორ შენდება თხრობა აგურაგურ და საბოლოო სახეს იღებს.

ბასტი მგალობლიშვილი

ჟურნალისტად ყოფნა ნიშნავს მუდმივ კავშირს რეალობასთან. თუ ამ რეალობას მოშორდები, ნამდვილ პრობლემებზე, საზოგადოებრივ ინტერესზე წარმოდგენა შეიძლება გაგიმრუდდეს.

 

ბასტი მგალობლიშვილი „პუბლიკა“

 

რა გავლენას ახდენს დეზინფორმაცია ჟურნალისტიკაზე?

სოფო აფციაური:

ჩემი ოჯახის წევრები, სამწუხაროდ, იმდენად კარგად არ იცნობენ მედიაგარემოს და ხანდახან უჭირთ სწორი და არასწორი ინფორმაციის ერთმანეთისგან განსხვავება.

ქეთი მაღრაძე:

გასულ წელს გავრცელდა ერთერთი ცნობილი გამოცემის სტატია ფოტოებით, რომლებშიც ამერიკელი ახალგაზრდები თითქოს პატივს მიაგებდნენ ლენინის ძეგლს. გადამოწმებისას გაირკვა, რომ ფოტოები რამდენიმე წლის წინანდელი იყო და სულ სხვა ამბავს ასახავდა. ეს რომ დეზინფორმაცია იყო დავწერე სტატიის კომენტარებში. როგორც ჩანს, სხვებმაც მიუთითეს და სტატიის გამო ბოდიში მოიხადეს. სხვა შემთხვევაში, როცა გამოცემა დეზინფორმაციას მუდმივად ავრცელებს, „დამირეპორტებია“.

 

გიორგი გოგუა, „მედიაჩეკერის“ მთავარი რედაქტორი

 

გიორგი გოგუა:

ძალიან ხშირად მესმის ასეთი ამბები თუნდაც ჩემი მშობლებისგან, რომლებსაც ისინი სოციალურ ქსელში გადააწყდნენ. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ვცდილობ, ამბის ნამდვილი არსი ვაჩვენო, თუმცა ეს პრობლემას მხოლოდ ერთჯერადად აგვარებს და ამის აღმოსაფხვრელად უფრო დიდი მუშაობაა საჭირო.

ბასტი მგალობლიშვილი:

ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრ ადამიანს საკუთარ თავზე გამოუცდია დეზინფორმაციის დამანგრეველი შედეგები. მეც არაერთხელ მქონია უთანხმოება უახლოეს ადამიანებთან სწორედ ცრუ ინფორმაციით გამოწვეული გაუგებრობის გამო.

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად არ დააყოვნა მითებისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელებამაც. ამიტომ ყველა ამ მითს თავი მოვუყარეთ და დარგის კვალიფიციური სპეციალისტის დახმარებით არგუმენტებსა და ფაქტებზე დამყარებული ინფორმაცია შევთავაზეთ საზოგადოებას.

 

რა საფრთხეებს წარმოშობს დეზინფორმაცია?

ბასტი მგალობლიშვილი:

ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს სწორედ დღეს ვხედავთროგორ აღვივებს დეზინფორმაცია საზოგადოებაში ანტივაქსერულ განწყობებს. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან.

ქეთი მაღრაძე:

უკვე ვართ ზიანის წინაშე. ჩემ ირგვლივ, ბევრს არ სჯეროდა პანდემიის არსებობის. არ გაფრთხილდნენ, დაინფიცირდნენ. ზოგმა ძალზე რთულად გადაიტანა, ზოგიც გარდაიცვალა. ამ სამწუხარო შემთხვევების შემდეგ დარწმუნდნენ, რომ კოვიდის საფრთხე რეალურია. ახლა იმის სჯერათ, რომ თუ აიცრებიან, ვაქცინა დნმ შეუცვლით, „დაიჩიპებიან“, სამი წლის მერე მათი სხეული ლპობას დაიწყებს და ..

სოფო აფციაური:

ყველაზე პრობლემატური საკითხი მაინც ის მიკერძოებული მედიასაშუალებებია, რომლებიც გარკვეული მანკიერი განწყობებისა და შეხედულებების შესაქმნელად პერმანენტულად ავრცელებენ სხვადასხვა სახის მოსაზრებებს და შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში უდიდეს საფრხეს უქმნიან საზოგადოებრივ ცნობიერებას.

 

სოფო აფციაური, „პუბლიკა“

 

ეკა ქევანიშვილი:

მედია, სოციალური ქსელი და ყველა ციფრული პლატფორმა შეიძლება დეზინფორმაციის წყარო გახდეს. დეზინფორმაციას შეუძლია ყველაფერიადამიანების განაწყენებიდან დაწყებული, მათი დაღუპვით, დაპირისპირებით დამთავრებული. ხოლო არასწორმა ინფორმაციამ (ანუ უინფორმაციობამ) შეიძლება ყველაფერი დააზიანოსმაგალითად, ჩაშალოს ვაქცინაციის კამპანია ან ერთმანეთს დაუპირისპიროს ორი ეთნიკური ჯგუფი. დეზინფორმაცია, შესაძლოა, ომის მიზეზიც კი გახდეს.

გიორგი გოგუა:

დეზინფორმაცია ძალიან საშიშია ერთი მიზეზის გამო: ვრცელდება მარტივად და სწრაფად. შესაბამისად, ასეთი ამბები მეტ აუდიტორიას სწვდება და გავლენას ახდენს მათზე. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამბის გადამოწმების ბევრი გზა არ არსებობს, ან როცა ადამიანების უმეტესობას უბრალოდ არ აქვს წვდომა შესაბამის რესურსზე, ისინი მარტივად ხდებიან დეზინფორმაციის მსხვერპლნი.

როგორ უნდა დაიცვან ადამიანებმა თავი დეზინფორმაციისგან?

ბასტი მგალობლიშვილი:

საინფორმაციო ომების ხანაში მნიშვნელოვანია, რომ მკითხველი არ იყოს ინფორმაციის პასიური მიმღები. ის მუდმივად კრიტიკული თვალით უნდა ეცნობოდეს ახალ ამბებს და ეგულებოდეს სანდო წყაროები, სადაც ფაქტის სიზუსტეს გადაამოწმებს.

ეკა ქევანიშვილი:

ეცადონ შეარჩიონ სანდო მედიაეს დეზინფორმაციისგან თავდაცვის ალბათ ყველაზე ეფექტიანი გზაა. ან გადაამოწმონ ამბავი რამდენიმე მედიაში. რაც მთავარია, დაეჭვდნენ, დასვან კითხვაეს შეიძლება მართლაც ასე იყოს?

სოფო აფციაური:

ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაცნობამდე, მით უმეტეს კი გაზიარებამდე, დავფიქრდეთ, რა სახის ინფორმაციას, რომელი მედიასაშუალებიდან ვიღებთ. უმჯობესია, წინასწარ გვქონდეს ინფორმაცია სანდო მედიების შესახებ და გამოვიმუშაოთ ჩვევა, ამბები მხოლოდ მათგან გავიგოთ.

გიორგი გოგუა:

შემიძლია ვთქვა რამდენიმე ბანალური რამ, რომ დააკვირდნენ ამბის წყაროებს, გადაამოწმონ გამავრცელებელი მედიების ავთენტურობა, გადაამოწმონ სხვა წყაროებში და .., თუმცა ეს საკმარისი არ იქნება. დეზინფორმაციას საზოგადოებაში მხოლოდ მსგავსი მესიჯებით ვერ აღმოვფხვრით. დეზინფორმაციის აღმოსაფხვრელად საჭიროა ისეთი მედიების განვითარება, რომლებიც ფართო მასებს მარტივი და გასაგები ენით მიაწვდიან ზუსტ და გადამოწმებულ ინფორმაციას. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური გზა ძლიერი და კარგი მედია გარემოა.

 

ქეთი მაღრაძე (ყოფილი რეპორტიორი) „მთის ამბები“

 

ქეთი მაღრაძე:

დეზინფორმაციის გამოსავლენად საზოგადოებას ვურჩევდი, უპირველეს ყოვლისა, გადაამოწმონ ვინ აწვდის ამ ინფორმაციას, რა ორგანიზაციებთან თანამშრომლობს ეს გამოცემა. გადამოწმებისას თავად აღმოაჩენენ, რომ დეზინფორმაციის გამავრცელებლების უკან ძალიან საეჭვო ორგანიზაციები დგანან. პარალელურად ნახონ სხვა მედია საშუალებები, ისეთები, რომლებიც ბალანსს იცავენ. სადაც ორი სხვადასხვა მხარის პოზიციას და არგუმენტებს ამოიკითხავენ ან მოისმენენ. ასე უფრო გაუადვილდებათ სწორი დასკვნების გაკეთება.

 


Subscribe to the DISINFO REVIEW

Your weekly update on pro-Kremlin disinformation

No, thank you.