დეზინფორმაცია სასიკვდილო დაავადების არყითა და ტრაქტორით მკურნალობას ნიშნავს
ჟურნალისტები განიხილავენ და უპირისპირდებიან დეზინფორმაციას.
1-ელი ნაწილი: ბელარუსი
სანდო ჟურნალისტიკა დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს EUvsDisinfo სტატიების სერიას იწყებს და სიტყვას აძლევს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. 1-ელი ნაწილი. ბელარუსი.
ბელარუსის სახელმწიფო მედიასა და მის მსგავსად, პროკრემლისტურ მედიას სრულმასშტაბიანი კამპანია აქვთ გაჩაღებული დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ: მათ მოიხსენიებენ „ექსტრემისტებად“, „უცხოეთის აგენტებად“ ან „ქაოსის აგენტებად“. ეს ყველაფერი კი ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავიანთ სამუშაოს ასრულებენ და ბელარუსში შექმნილ სიტუაციას მსოფლიოში აშუქებენ. EUvsDisinfo-ს ესაუბრა სამი ბელარუსი ჟურნალისტი: პაველ ბიკოუსკი — ჟურნალისტი და მედიაექსპერტი, ალინა კოუშიკი — ჟურნალისტი და „ბელსატის“ ტელეწამყვანი და ჰანა ლიუბაკოვა — ჟურნალისტი და „ატლანტიკური საბჭოს“ ანალიტიკოსი.
თავიდან არცერთი მათგანი არ გეგმავდა ჟურნალისტობას. ჰანა ლიუბაკოვა ხელოვნების ისტორიის სფეროში მუშაობდა. ალინა კოუშიკს ლექტორობა სურდა უნივერსიტეტში. პაველ ბიკოუსკიმ ჟურნალისტური კარიერა ადრე დაიწყო, ჯერ კიდევ სკოლაში, მაგრამ უმეტესწილად, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით. საბოლოოდ, სამივე მათგანი უკან მოხედვის გარეშე ჩაეფლო სამუშაოში იმ პრობლემების მიუხედავად, რომლებიც სამუშაო პროცესს უშლიდა ხელს.
რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჟურნალისტისთვის ბელარუსში?
ჰანა ლიუბაკოვა:
ვინ წარმოიდგენდა, რომ 2020 წელს სარისკო გახდებოდა ყველაფერი, რაც [ბელარუსში] რეჟიმს ეწინააღმდეგება? დავრწმუნდით, რომ ინფორმაცია შეიძლება იყოს ჯავშანი და იარაღიც.
პაველ ბიკოუსკი:
„საველე“ სამუშაო გართულდა, რადგან არასანქცირებულ აქციებზე ჟილეტი წარწერით „პრესა“ დაკავებისგან არ გიცავს.

პაველ ბიკოუსკი — ჟურნალისტი და მედიაექსპერტი
რას გვეტყვით დეზინფორმაციის პრობლემის შესახებ?
პაველ ბიკოუსკი:
დეზინფორმაცია არის მცდარი ინფორმაციის განგებ გავრცელება საზოგადოებრივ აზრზე ან პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით . მაგრამ დეზინფორმაცია წმინდა სახით არ არსებობს. უფრო ხშირად მე ვხედავ კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფაქტებს, „სიმართლის ნაგლეჯს“, რომელიც მთქმელის სასარგებლოდაა ინტერპრეტირებული. საბჭოთა პერიოდში და ახლა უკვე თანამედროვე ბელარუსის სახელმწიფო ჟურნალისტიკაში ფაქტებსა და მოსაზრებებს ერთმანეთისგან არ აცალკევებენ. ასე რომ, ერთდროულად შეიძლება იარსებოს ფაქტებმა და მოსაზრებებმა, რომლებსაც ფაქტებად ასაღებენ. იგივე მიდგომა გვხვდება არასახელმწიფო მედიის ნაწილშიც.
ალინა კოუშიკი:
დეზინფორმაცია არა მხოლოდ მცდარი ინფორმაციაა, არამედ სანდო ინფორმაციის დეფიციტიც. ამასთან ერთად, ის წარმოადგენს მიკერძოებულად შერჩეულ ფაქტებს, რომლებიც სხვა სინამდვილეს ქმნის.

ალინა კოუშიკი — ჟურნალისტი და „ბელსატის“ ტელეწამყვანი
რამდენად საზიანოა დეზინფორმაცია?
პაველ ბიკოუსკი:
აუდიტორია მანიპულაციების მსხვერპლად შეიძლება იქცეს და მხარი დაუჭიროს მავნე მოქმედებებს ან გაამართლოს ცალკეული ადამიანებისთვის, ჯგუფებისთვის ან ორგანიზაციებისთვის, დისიდენტებისა და უმცირესობებისთვის მიყენებული ზიანი. ზოგჯერ დეზინფორმაცია ხალხს გარკვეული აგრესიული მოქმედებებისკენ უბიძგებს. ზოგჯერ პირიქით, აპათიაში აგდებს იმ მიზნით, რომ ხალხმა საკუთარი ინტერესების დაცვაზე არც კი იფიქროს.
ჰანა ლიუბაკოვა:
2020-მა წელმა მთელ მსოფლიოში გვაჩვენა, რომ დეზინფორმაცია, ტყუილები და მანიპულაცია არა მხოლოდ საშიშია, არამედ სასიკვდილოდ საშიში. დეზინფორმაციაა, როცა პოტენციურად სასიკვდილო დაავადებას არყითა და ტრაქტორით მკურნალობენ. ეს ნიშნავს ეთნიკური უმცირესობის წევრების დაპატიმრებას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკური უმცირესობის წევრები არიან. ეს ნიშნავს პოლარიზაციასა და დიალოგის შეუძლებლობას მიუხედავად იმისა, რომ ერთი საზოგადოება ვართ. ეს ნიშნავს ქაოსს, პანიკასა და ინსტიტუტებისადმი უნდობლობას და მაშასადამე, პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროზე ახდენს გავლენას.
ბელარუსი ერთადერთი არ არის, ახლო მაგალითია უკრაინა. უფრო შორი მაგალითია აშშ. ესაა ომი და ოკუპაცია ერთ ქვეყანაში, სხვა ქვეყანაში კი — დეზინფორმაცია ვაქცინების შესახებ, ფაბრიკაციები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. უვნებელი დეზინფორმაცია არ არსებობს.

ჰანა ლიუბაკოვა — ჟურნალისტი და „ატლანტიკური საბჭოს“ ანალიტიკოსი
როგორ შეიძლება დავიცვათ თავი დეზინფორმაციისგან?
ჰანა ლიუბაკოვა:
დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ნამდვილი ინვესტიცია კრიტიკული აზროვნების გაძლიერება მგონია, მაგრამ ეს გასაოცარ შედეგებს მყისიერად არ მოგვცემს.
საუკეთესო რჩევა, რომელიც ოდესმე მომისმენია: თუ ინფორმაციის დაჯერება ძალიან გსურთ, მაშინაც კი, როცა ემოციებთანაა ეს დაკავშირებული — გადაამოწმეთ. დაუჯერეთ ფაქტებს და არა გრძნობებს. შეამოწმეთ პირველწყარო. იყავით კრიტიკულები ყველაფრის მიმართ, რასაც ვერ ადასტურებთ ან ამტკიცებთ.
პაველ ბიკოუსკი:
სოციალური მედიის ეპოქაში უმჯობესია სტატიის ბოლომდე წაკითხვა და არა მხოლოდ სათაურზე ყურადღების გამახვილება. რედაქციები ხშირად „კლიკბეითისკენ“ არიან მიდრეკილნი, სურთ, რომ მეტმა ხალხმა წაიკითხოს სტატია და ხელოვნურად დრამატიზებულ სათაურებს იფიქრებენ. ასევე, მნიშვნელოვანია შეკითხვის დასმა: ცვლის თუ არა მასალა ჩემს შეხედულებებს? აძლიერებს თუ არა ჩემს სტერეოტიპებს? ახდენს თუ არა ჩემი ემოციების პროვოცირებას? თუ დადებითად უპასუხეთ ამ შეკითხვებს, მაღალი ალბათობაა იმისა, რომ მანიპულაციას წააწყდით. ნებისმიერი ახალი ამბის მიმართ გარკვეულწილად უნდობლობა უნდა გამოიჩინოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არხს ენდობით, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ:
- საიდან შეიძლება ჟურნალისტმა ეს იცოდეს?
- კონფლიქტური სიტუაციის გაშუქებისას დაცულია თუ არა შეხედულებების ბალანსი?
- არსებობს თუ არა სპეკულაციები, რომლებსაც ფაქტებად ასაღებენ?
- აქვს თუ არა ავტორს და მის რედაქციას გარკვეული რეპუტაცია?
ალინა კოუშიკი:
ინტერნეტში მარტივად შეიძლება ჩაიძიროთ საინფორმაციო ნაკადში, რომელიც ყველა მხრიდან მოედინება, მაგრამ ყოველთვის შემოწმებული და სანდო არაა. ამავდროულად, სწორედ ინტერნეტის წყალობით, დღესდღეობით უფრო იოლია ისეთი ინფორმაციის პოვნა, რომელიც მოსმენილის, ნანახისა თუ წაკითხულის შემოწმებაში გვეხმარება.
ჟურნალისტი გვისახელებს რამდენიმე გამაფრთხილებელ ნიშანს, რომლებიც დეზინფორმაციის ამოცნობას უწყობს ხელს:
- თვალისმომჭრელი სათაურები, ე.წ. „კლიკბეითი“;
- საეჭვო მისამართი ან წყარო;
- უსწორმასწოროდ დაფორმატებული ტექსტი;
- ემოციური ტექსტი;
- ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სტილისტური შეცდომები;
- წყაროების, ციტატებისა და ფაქტების არარსებობა;
- ტექსტის ავტორის არარსებობა;
- რეკლამებისა და განცხადებების დიდი რაოდენობა;
- შეთქმულების თეორიები ან კოლექტიური პასუხისკენ მოწოდებები.
ხალხისთვის რამის თქმა ხომ არ გსურთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს?
პაველ ბიკოუსკი:
თუ თავისუფალ და პასუხისმგებლობიან ჟურნალისტიკაზე წვდომა გაქვთ, ისიც გეცოდინებათ, რა ხდება. თუ მთავარი პრინციპია „მამამ უკეთ იცის, რა უნდა წაიკითხოთ“, ჩათვალეთ, არაფერი არ იცით.
ალინა კოუშიკი:
მედია თავისუფალი უნდა იყოს. მოქალაქეებს შემოწმებულ და სანდო ინფორმაციაზე წვდომის უფლება გაქვთ.
ჰანა ლიუბაკოვა:
ინფორმაცია ღირებულებაა. მისი მეშვეობით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ესაა ის, რაც გვიცავს და განვითარების საშუალებას გვაძლევს. დემოკრატია სიბნელეში კვდება, როგორც ამას ერთი ცნობილი გაზეთი გვეუბნება. მოდი ჩავრთოთ სინათლე.