დეზინფორმაცია სურსათის უკმარისობას აღრმავებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრა არაპირდაპირ შედეგებს იწვევს უკრაინის საზღვრებიდან შორს. რუსეთის სასტიკი და დაუნდობელი აგრესიის დაწყებიდან სამი თვის თავზე გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამა (UNWFP) გამაფრთხილებელ შეტყობინებას ავრცელებს ომით გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისისა და შიმშილის საფრთხის შესახებ.
უკრაინა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია მსოფლიოში. ამის გამო მას ევროპის პურის კალათასაც უწოდებენ. უკრაინის დამორჩილების მიზნით რუსეთი უკრაინაში თავს ესხმის სურსათის საცავებს, იპარავს მოსავალსა და საფერმერო ტექნიკას, ანადგურებს უკრაინაში არსებულ სურსათის დამამუშავებელ და სატრანსპორტო საშუალებებს და რაც ყველაზე მთავარია, ბლოკავს შავი ზღვის უკრაინულ პორტებს, რომ ხელი შეუშალოს უკრაინული მარცვლეულის გატანას საზღვარგარეთ.
რუსეთის მოქმედებები პირდაპირ იწვევს სურსათის გლობალური ბაზრების დესტაბილიზაციას მაშინ, როცა რუსული დეზინფორმაცია დაძაბულობას აღრმავებს ბრალისგან თავის არიდების მიზნით და უკრაინისკენ მიმართული გლობალური მხარდაჭერის შესამცირებლად.
კრემლის სადეზინფორმაციო ეკოსისტემა მსოფლიო მოსახლეობის დარწმუნებას ცდილობს იმაში, რომ თითქოს სურსათისა და საწვავის ფასები რუსეთზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო გაიზარდა. ასეთი შეტყობინებები რამდენიმე ენაზე გავრცელდა ევროპაში, მის სამეზობლოში და ასევე, სხვა ქვეყნებში. მათ მხარი აუბა ჩინურმა მედიამ, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მსოფლიო აუდიტორიის მასშტაბი.
სინამდვილეში რუსეთზე დაწესებული საერთაშორისო სანქციები მიმართულია იმისკენ, რომ შემცირდეს კრემლის შესაძლებლობები სამხედრო აგრესიის დაფინანსების მხრივ — სწორედ ეს აგრესიაა კარს მომდგარი სასურსათო კრიზისის მთავარი მიზეზი და არა სასოფლო-სამეურნეო სექტორი. სანქციები მოიცავს გამონაკლისებს, რომლებიც სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებსა და ექსპორტს ეხება.
რუსეთი ასევე იყენებს დიპლომატიურ ფორუმებს და ავრცელებს დაუსაბუთებელ ინფორმაციას, რომ თითქოს უკრაინა ევროკავშირს მარცვლეულს აწვდის დასავლეთისგან შეიარაღების მისაღებად. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის დიპლომატები კრემლის სადეზინფორმაციო მანქანის ნაწილად არიან გადაქცეული (შეგიძლიათ, გაეცნოთ მსგავს ინფორმაციას, რომელიც ჩინურმა მედიამ ექოს სახით გაიმეორა). იგივე ეხება რუს ჩინოვნიკებს: რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მტკიცებით, უკრაინის დახმარების ნაცვლად, ვაშინგტონი უკრაინაში შიმშილს აწყობს. მსგავს დეზინფორმაციულ შეტყობინებებს თუ დავუჯერებთ, უკრაინა ბლოკავს გემებს თავისივე პორტებში — ამ ინფორმაციის სიყალბე უკრაინელმა ფაქტების გადამმოწმებლებმა გამოააშკარავეს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ რუსულ აგრესიას მსოფლიო აუდიტორიაზე გათვლილი პროკრემლისტური დეზინფორმაციული შეტყობინებები ადრე წარმოაჩენდა, როგორც პასუხს „დასავლეთის შეთქმულებაზე“ (აქ შეგიძლიათ, იხილოთ კიდევ ერთი მაგალითი). ახლა ეს ნარატივები მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების შესახებ ტყუილების გავრცელებას უწყობს ხელს — „დამნაშავე დასავლეთია“.
რუსულენოვანი აუდიტორიის შემთხვევაში პროკრემლისტური საშუალებები უფრო დიდ სივერაგეს იჩენენ. წლების განმავლობაში სადეზინფორმაციო საშუალებები მუდმივად უარყოფდნენ ჰოლოდომორს, ხელოვნურ შიმშილს, რომელიც სტალინმა მოუწყო უკრაინელ გლეხებს და 1930-იან წლებში მილიონობით სიცოცხლე იმსხვერპლა. ახლა პროკრემლისტური საშუალებები ამტკიცებენ, რომ თითქოს სწორედ რუსეთი უშლის ხელს კიევს უკრაინაში ახალი ჰოლოდომორის მოწყობაში და ამიტომ ბლოკავს შავი ზღვის უკრაინულ პორტებს. რუსეთს, რომლის მოქმედებებმაც მსოფლიო სასურსათო კრიზისი გამოიწვია, „მხსნელად“ წარმოაჩენენ ტიპური ორუელიანური მეთოდების გამოყენებით.

რუსეთის დეზინფორმაციული ნარატივები მსოფლიო სასურსათო მომარაგების შესახებ: უკრაინა თავის მარცვლეულს შეიარაღების შესაძენად ყიდის – ვაშინგტონი შიმშილს აწყობს უკრაინაში – რუსეთი კიევს ხელს უშლის უკრაინაში ჰოლოდომორის მოწყობაში – სურსათის ფასების მატებაში დამნაშავეა აშშ, კანადა და შვეიცარია
დეზინფორმაცია ნატოს შესახებ: დაკარგული სუვერენიტეტი და გარდაუვალი კოლაფსი
ამ კვირაში რუსული სადეზინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში დარჩა ფინეთისა და შვედეთის განაცხადები ნატოში გაწევრებაზე და რა თქმა უნდა, ისევ გაცოცხლდა დეზინფორმაციული ტროპები კრემლის სახელმძღვანელოდან.
ერთ-ერთი ასეთი ნარატივია „დაკარგული სუვერენიტეტი“, როცა სადეზინფორმაციო წყაროები ამტკიცებენ, რომ თითქოს ზოგიერთი ქვეყანა უკვე სუვერენული აღარ არის. ამჯერად შვედების ნაცვლად, თითქოს ამერიკელებმა მიიღეს ნატოში გაწევრების გადაწყვეტილება, თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერს დავუჯერებთ. კიდევ ერთი მაგალითია დეზინფორმაციული ტროპი „გარდაუვალი კოლაფსის“ შესახებ, რომელსაც, როგორც წესი, პოლიტიკური და სოციალური არეულობის დროს იყენებს კრემლი (იხილეთ წინა მაგალითები, რომლებიც ეხება მიგრაციას, COVID-19-სა და დასავლურ ცივილიზაციას). ამ კვირაში საკმაოდ საინტერესო შემთხვევა გვქონდა, როცა პროკრემლისტური ექსპერტი ამტკიცებდა, რომ თითქოს ფინეთსა და შვედეთს შეიძლება დრო არ ეყოთ ნატოში შესასვლელად, რადგან ის მალე დაიშლება.
ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება ნატოს შესახებ კრემლის ჩვეულებრივ რიტორიკას, რომელიც ალიანსს მომავალი მესამე მსოფლიო ომის მიზეზად წარმოაჩენს, ხოლო ნატოს გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს, როგორც უკრაინაზე თავდასხმის საფუძველს.
ამ კვირის სხვა ამბები:
- „FastJet1 აცხადებს, რომ ამერიკა არ დაეხმარება უკრაინას“: პროკრემლისტური მედია აგრძელებს დასავლური მედიის მიერ გამოქვეყნებული სტატიების ქვეშ ანონიმური კომენტარების ძებნას და ლეგიტიმურ საზოგადოებრივ აზრად წარმოჩენას — ეს ტაქტიკა გამოააშკარავა კარდიფის უნივერსიტეტის კვლევამ (შეგიძლიათ, იხილოთ ამ მეთოდის გამოყენების მაგალითი, რომელიც ევროვიზიას ეხება).
- რუსულმა სადეზინფორმაციო საშუალებებმა სცადეს უკრაინელი დევნილებისადმი საზოგადოების მხარდაჭერის შემცირება და გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინელმა დევნილებმა სახლი დაწვეს გერმანიაში, როცა რუსეთის დროშის დაწვა სურდათ (ასე დაატრიალეს დეზინფორმაციული ტროპი „რუსოფობიის“ შესახებ). ინფორმაციის სიყალბე გამოააშკარავეს როგორც გერმანელმა, ისე რუსმა ფაქტების გადამმოწმებლებმა.
- ისევ დაბრუნდა დეზინფორმაციული ნარატივი უკრაინაში აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ლაბორატორიების არსებობის შესახებ. ამჯერად რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი მედია ამტკიცებდა, რომ ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებს მარიუპოლში ამზადებდნენ. აქ შეგიძლიათ, გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და ბიოლოგიურ კვლევას შორის არსებული მნიშვნელოვანი განსხვავებების შესახებ.