Read this article in EN RU IT ES FR DE PL BY HY AZ UA RO KA

დეზინფორმაცია 2021 წელს: ყველაზე უხერხული მომენტები

იანვარი 03, 2022

პროკრემლისტური მედიასაშუალებების მიერ შექმნილი ტყუილების ბადე ხშირად საკმაოდ დახლართულია. თუმცა, ზოგჯერ უხეში შეცდომებიც ეპარებათ. 2021 წელს პროკრემლისტური წყაროებიდან შევაგროვეთ უკიდეგანო აბსურდისა და განსაკუთრებით თავისმომჭრელი დეზინფორმაციის 10 ნიმუში.

1. რუსეთის მიერ ბრალის სრულად აღიარება

Corruption case of Russian Army in Donetsk

უკრაინა – რუსეთი

კრემლი რამდენიმე წლის განმავლობაში იკატუნებდა თავს, მაგრამ EUvsDisinfo-მ გამოამჟღავნა და შეაგროვა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის დამამტკიცებელი საბუთები და უკვე გვაქვს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნის დამადასტურებელი უტყუარი საბუთი თვითონ რუსეთის სახელმწიფოს მხრიდან.

დონის როსტოვში კორუფციის ბრალდებით სურსათის დისტრიბუციის ადგილობრივი კომპანიის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში კიროვსკის რაიონულმა სასამართლომ შემთხვევით გაამჟღავნა ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში, თვითაღიარებულ სეპარატისტულ რესპუბლიკებში განლაგებული რუსული არმიისთვის სურსათის მიწოდების შესახებ. დისტრიბუტორი პასუხისმგებელი იყო დონბასში განლაგებული რუსული არმიისთვის 1 300 ტონა საკვების მიწოდებაზე ორ კვირაში ერთხელ. კომპანიის თანამშრომელი დამნაშავედ ცნეს რუსეთის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურისთვის 990 000 რუბლის (13 400 აშშ დოლარის) ქრთამის სახით გადაცემაში და ხუთწელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

მას შემდეგ, რაც კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა „შეცდომა“ უწოდა ვერდიქტში რუსეთის ჯარის ხსენებას, დოკუმენტი სასამართლოს ვებსაიტიდან გაქრა. დაარქივებული ასლი ხელმისაწვდომია ონლაინ.

2. გმირები და ანტაგონისტები

Armed Belarusian guards visible behind a parliamentarian during a TV interview

ბელარუსი პარლამენტარი პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე იდგა, იქ მიტოვებული ადამიანების სავალალო მდგომარეობაზე და ბელარუსის მხრიდან გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე საუბრობდა, როცა მის უკან გამოჩნდნენ უნიფორმაში გამოწყობილი, შენიღბული და შეიარაღებული მცველები, რომლებსაც პრინციპში ტყვედ ჰყავთ აყვანილი მიგრანტები. პროკრემლისტური მედია და სახელმწიფო კონტროლქვეშ მყოფი ბელარუსული ტელეკომპანიები ამ კადრებს იყენებენ პოლონეთისა და ევროკავშირის არაჰუმანურ და აგრესიულ სუბიექტებად წარმოსაჩენად, ხოლო ბელარუსს ჰუმანიტარული მისიის შემსრულებლად ხატავენ. ამ დეზინფორმაციას ყურადღება გადააქვს იმ ფაქტიდან, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო ადამიანების სისტემატურ ექსპლუატაციას ეწევა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და ამისთვის ადამიანთა ტანჯვის ამსახველ შოკისმომგვრელ კადრებს იყენებს.

3. იესო ქრისტეს სექსუალური ორიენტაცია

Bisexual Jesus, disinformation claim by Lavrov

„ბევრ დასავლურ ქვეყანაში მოსწავლეებს სკოლაში ასწავლიან, რომ იესო ქრისტე ბისექსუალი იყო“ – კრიტიკოსები უცხოეთის აგენტები არიან!

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 4 000+ სიტყვიანი სტატია შეთხზა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, პრინციპებზე, ხედვასა და ამბიციაზე და მისი მეშვეობით ღირებულებითი შეტევა განახორციელა დასავლურ საგანმანათლებლო სისტემაზე. მინისტრის აზრით: „ბევრ დასავლურ ქვეყანაში მოსწავლეებს სკოლაში ასწავლიან, რომ იესო ქრისტე ბისექსუალი იყო“, რაც სწრაფად აიტაცეს და კარგად გამოიკვლიეს ჟურნალისტებმა. რუსმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტებმა ლავროვის სიტყვები TikTok-ზე პოპულარულ ვიდეოს დაუკავშირეს. ვიდეოში ავსტრალიელი ბავშვი ამტკიცებს, რომ იესო „ბისექსუალი და არაბინარულია“, რადგან ყველა უყვარს, კაცია და კაბა აცვია. ჩვენი აზრით, სანდოობის მხრივ ეს წყარო სახელმწიფო დოკუმენტში ხსენების ღირსად ვერ ჩაითვლება და რუსეთის შესაბამის სამინისტროს ვურჩევთ, რომ ფაქტების წყაროების გადასამოწმებლად ძალისხმევა გააძლიეროს.

4. მაშა და დათვი

დათვების თემას რადგანაც შევეხეთ, რუსეთის ჩრდილოეთში საინფორმაციო საშუალებამ სატირულ საიტზე დადებული ანეკდოტი ნამდვილ ამბად მიიჩნია: შვედეთში ხუთი წლის ბავშვი ჰომოსექსუალებს გადასცეს აღსაზრდელად მას შემდეგ, რაც მას მშობლებმა აკრძალული რუსული მულტფილმი „მაშა და დათვი“ აჩვენეს. არა, მაშა და დათვი შვედეთში აკრძალული არაა, პირველ აპრილსაც კი.

5. COVID-19-ის გაორებული გაშუქება

სამწუხაროდ, ჩვენს მონაცემთა ბაზაში გაიზარდა COVID-19-თან და ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის რაოდენობა. პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალებების მიერ COVID-19-ის გაშუქებაში 2021 წელი ახალი ასპექტით შევიდა. სოციალური მედიის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს ვაქცინების პროკრემლისტურად გაშუქების ორმაგი სტანდარტი: რუსულენოვან მკითხველებს აცრისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო RT-ისა და Sputnik-ის ინგლისურენოვანი ვერსიები პანდემიას სიცრუედ მოიხსენიებდნენ და ანტივაქსერულ შეხედულებებს ავრცელებდნენ.

6. შიმშილის გამო ევროპაში მასობრივი არეულობებია შობის პერიოდში?

AFP-ის ფოტო, 2021 წელი, ტოლგა აკმენი

დასავლეთში საკვები უხვადაა, მაგრამ პროკრემლისტური საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებენ, რომ საკვების დეფიციტი ევროპელების მაგიდებზე საშობაო ნუგბარის ნაკლებობამდე და შიმშილით გამოწვეულ არეულობებამდე მიგვიყვანს. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში საკვების მარაგებს მცირე პრობლემები შეუქმნა ბრექსიტმა და სატვირთოების მძღოლების ნაკლებობამ, საკვებისა და საწვავისა გამო ჩხუბები ნამდვილად არ ხდება, სამედიცინო მარაგების დეფიციტი არ აღინიშნება და არც პოლიციასთან არის შეტაკებები. თუ, რა თქმა უნდა, აღნიშნული მედიასაშუალება La Tomatina-ს არ გულისხმობდა, მაგრამ პომიდვრების ომიც კი გაუქმდა პანდემიის გამო.

7. ციფრული წვერი და კაცების ნაკლებობა

shortage of real men in Russia

რუსების 45% ვერ ხედავს ნამდვილ მამაკაცებს ქვეყანაში

ასექსუალურმა სიცილაკებმა რუსი პარლამენტარები შეძრა. მათ დასავლეთს ბრალად დასდეს წვერებიანი ქალებითა და ფემინინური კაცებით პირდაპირ თავდასხმაში რუსეთზე, მამაკაცურობის უკანასკნელ ბასტიონზე.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა, VTsIOM-მა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშაა, ნამდვილ მამაკაცებზე გამოაქვეყნა კვლევა და მოკლედ ჩამოაყალიბა მამაკაცურობის ნიშნები. გამოკითხვაში, რომელიც რამდენიმე პროკრემლისტურმა საინფორმაციო საშუალებამ აიტაცა ჩამოთვლილია ნამდვილი მამაკაცის შემდეგი მახასიათებლები: პატიოსნება (19 %), საიმედოობა (14 %) და სამართლიანობა (9 %). თუმცა, 1 600 გამოკითხულიდან, რესპონდენტების 45%-მა ვერ შეძლო ვერცერთი „ნამდვილი მამაკაცის“ დასახელება რუსეთის მასშტაბით.

8. ბოროტმოქმედი თოვლის კაცი და ტელევიზორის ყუთი

Crack down on protests in Belarus, white-red-white flag on a snowman

„რადიო თავისუფლების“ ბელარუსული სამსახურის ფოტო

ისტორიული თეთრი-წითელი-თეთრი დროშა გახდა სიმბოლო მასობრივი საპროტესტო მოძრაობისა, რომელიც მოყვა ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებულ სადავო საპრეზიდენტო არჩევნებს. ათასობით ადამიანი დაიჭირეს ან დააჯარიმეს. მათ შორის, სახლის მესაკუთრე, რომლის ეზოსაც წითელკაშნეიანი თოვლის კაცი ამშვენებდა წარწერით „გაუმარჯოს ბელარუსს“, ქალი, რომელსაც „არასწორი“ ფერის წინდები ეცვა და მინსკის მცხოვრები, რომლის ფანჯარაშიც ტელევიზორის ყუთი ჩანდა თეთრ და წითელ ფერებში. თოვლის კაცების, ცარიელი ყუთებისა და თეთრ-წითელი-თეთრი ფერის წინდების კრიმინალიზაცია შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ ამის შედეგი ბელარუსის მოქალაქეებისთვის აუტანლად მძიმეა.

9. ევროვიზიის ზღვარგადასული და ზიზღნარევი დაცინვა

Disinformation about Russian singer Manizha, Eurovision 2021

ევროვიზია 2021 რუსი ნაციონალისტები მანიჟას შესახებ – „ჯოჯოხეთზე უარესი“ – „საბოტაჟი რუსული კულტურის წინააღმდეგ“ – „ოჯახის დანგრევის საუცხოო გეგმა“ – „ბებიამისს მისი შერცხვებოდა“

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კულტურული ღონისძიებაა, რომელსაც1 მილიარდზე მეტი ადამიანი უყურებს. გასართობი ღონისძიება, რომელიც ევროპელ და არა მხოლოდ ევროპელ ავტორებს აკავშირებს თავიანთ ფანებთან. ისტორიულად, რუსეთი ყოველთვის მაღალ ადგილს იკავებდა ევროვიზიაზე. მაგრამ 2021 წელს რუსეთის 1-ელ არხზე ხმის პირდაპირ მიცემის გზით ტაჯიკი მომღერლის, მანიჟას გამარჯვება შეშფოთების მიზეზად იქცა. ფემინისტი მიგრანტი ქალი, რომელიც ჰომოსექსუალების უფლებებს უჭერს მხარს და ქალების გაძლიერებაზე მღერის, უკიდურესი აღშფოთების მიზეზი გახდა ნაციონალისტურ წრეებში. ონლაინ საინფორმაციო საშუალებამ „ცარგრადმა“, რომელსაც ფლობს და მართავს ნაციონალისტ-ოლიგარქი, კონსტანტინ მალოფეევი, ევროვიზია შეადარა კოლონიური წყობის იდეოლოგიური დამკვიდრებისთვის შექმნილ გლობალურ მექანიზმს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სიძულვილს ავრცელებს და ამერიკიდან იმართება. ეს სიმართლეა?

ქვემოთ მოცემულია ნაწყვეტი მანიჟას სიმღერის ტექსტიდან:

ყველა რუსმა ქალმა უნდა იცოდეს
შენ საკმარისად ძლიერი ხარ, შენ კედელს დაანგრევ

ჰეი, რუსო ქალო
ნუ შეგეშინდება, გოგონავ

10. კომიკოსები ეთერიდან მოხსნეს

Russian comedians taken off air

TNT-ის არხზე გამავალი სატელევიზიო შოუ „ერთხელ რუსეთში“ ეთერიდან მოხსნეს მას შემდეგ, რაც კომიკოსებმა პროკრემლისტური სარკაზმის სამი ჩემპიონის პაროდია გააკეთეს: „როსია 1“-ის სატელევიზიო წამყვანი ოლგა სკაბეევა, სახელმწიფო მედიაჰოლდინგის „როსია სეგოდნიას“ დირექტორი დიმიტრი კისელიოვი და სატელევიზიო წამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი. როგორც ჩანს, აჯობებდა, კომიკოსებს გრეტა თურნბერგზე ან ნავალნიზე ხუმრობა გაეგრძელებინათ და კრემლის ერთგული მსახურების იუმორნარევ კრიტიკას მორიდებოდნენ.

დეზინფორმაცია ხუმრობა არ არის

ზოგჯერ შეიძლება გულიანად ვიცინოთ დეზინფორმაციის აბსურდულ მცდელობებზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იუმორი, დაცინვა თუ ჰაჰაგანდა კრემლის პროპაგანდისტების საყვარელი მეთოდებია, რომლებსაც დეზინფორმაციისთვის იყენებენ. ინფოშუმს (ინფორმაციული ხმაური), რომელიც საინფორმაციო სივრცის ხმაურით გადავსებას გულისხმობს, ერთი მიზანი აქვს: სინამდვილიდან ყურადღების გადატანა. მომავალ ჯერზე, როცა სასაცილო მიმს წააწყდებით, გაიხსენეთ, რომ სატირა და იუმორი ასევე ეფექტურად შეიძლება იქნეს გამოყენებული ცილისწამებისთვის, დეზინფორმაციისთვის ან ღირსების შელახვისთვის.

2021 წელს დეზინფორმაციამ მოწამლა არა მხოლოდ ჩვენი დემოკრატიები, არამედ გავლენა მოახდინა ჩვენს გადაწყვეტილებებზეც: იქნება ეს საკვები, რომელსაც მივირთმევთ, ტანსაცმელი, რომელსაც ვიცვამთ თუ ვაქცინები, რომლებსაც (არ) ვიკეთებთ. 2022 წელს გავითვალისწინოთ წარსულის გაკვეთილები და ჭეშმარიტება ვაქციოთ ისეთი ხელმისაწვდომი და მიმზიდველი, რომ მისი იგნორირება შეუძლებელი გახდეს.

დამწყებებს ვურჩევთ, გადახედონ, სად ჩაიჭრა პროკრემლისტური დეზინფორმაცია წინა წლებში:

2020: დეზინფორმაცია 2020 წელს: ყველაზე უხერხული მომენტები

2019: დეზინფორმაცია 2019 წელს: ათი ყველაზე უხერხული მომენტი

2018: დეზინფორმაცია 2018 წელს: თორმეტი ყველაზე უხერხული მომენტი