Read this article in EN RU IT ES FR DE PL BY HY AZ UA RO KA

თამაში ბირთვულ ცეცხლთან

აგვისტო 18, 2022

თითქმის ექვსი თვეა მიმდინარეობს რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინაში შეჭრილი დამპყრობლების მსგავსად, პროკრემლისტურ დეზინფორმაციაში ჩაბმულმა ფანატიკოსებმაც აიღეს თავზე ხელი და საინფორმაციო სივრცეში ანთხევენ სიძულვილს.

ადრე უკვე ვწერდით, როგორ იყენებდნენ თავაშვებული სიძულვილის ენის ზღვარზე მყოფ დეზინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მსხვერპლთა დეჰუმანიზაციისთვის, რის ფონზეც აგრესორებმა ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს ბუჩაში, მარიუპოლში, კრამატორსკსა და კიდევ ბევრ სხვა ქალაქში. კრემლის დეზინფორმაციის მნთხეველი ტროლების დამახასიათებელი თვისებაა გულქვაობა და ხალხზე მათი სიტყვების გავლენის არად ჩაგდება.

ახლა, როგორ ჩანს, თვალი დაადგეს კიდევ ერთ მიზანს – ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურს (ზაესს). უგულებელყოფენ არასწორი გათვლის, ესკალაციის ან უბრალოდ ადამიანური შეცდომის რისკებს, რომლებიც მათმა დეზინფორმაციამ შეიძლება გაზარდოს.

ეს პირველად არ ხდება. კრემლის მანიპულაციური და დეზინფორმაციული მანქანა რეგულარულად იყენებს ბირთვული კატასტროფის რაციონალურ და ღრმად გამჯდარ შიშს უკრაინაში საკუთარი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მისაღწევად. პროკრემლისტური დეზინფორმაციის უახლესი ნიმუშების რამდენიმე მაგალითია ბრალდებები, რომ თითქოს უკრაინა პროვოკაციებისა და ტერორისტული თავდასხმების მოსაწყობად ემზადება და ზაესს ბომბავს საერთაშორისო სამშვიდობო მისიის ჩასართავად, აშშ-ს საიდუმლო ლაბორატორიები აქვს ზაესში, დასავლეთი ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვულ (ქბრბ) პროვოკაციას გეგმავს, უკრაინის მიერ ზაესის დაბომბვაზე პასუხისმგებელი დასავლეთია და ა.შ. ეს ნაცნობი ტაქტიკაა – გაავრცელე რაც შეიძლება ბევრი ბრალდება და ნახე, რომელი შერჩება.

მსოფლიოსთან ბირთვული კატასტროფით თამაში მხატვრული პერსონაჟის, დოქტორ სტრეინჯლავის აშკარა სიგიჟეს ჰგავს. თუმცა, თუ კრემლში მოკალათებული ლიდერები სინდისის ქენჯნას არ გრძნობენ, როცა სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას გეოპოლიტიკურ იარაღად იყენებენ, არც ბირთვული კატასტროფის რისკის წინაშე მსოფლიოს დაყენება უნდა იყოს მათთვის ამორალური.

კრემლმა დეზინფორმაციით გაჟღინთა რუსული თოქ-შოუები, ბეჭდური და ონლაინგამოცემები და სოციალური მედია და ამასთანავე, უმაღლეს საერთაშორისო დონეზე აიყვანა ბირთვული კატასტროფის შიში. რუსეთი გაეროს უსაფრთხოების საბჭოს დიპლომატებს იყენებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებები გაავრცელოს და აშშ დაადანაშაულოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ შექმნილი ფაქტების დამდგენი მისიის დაბლოკვაში.

ბირთვული საკითხების საერთაშორისო განხილვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ისე, რომ კრემლმა კარგად ცნობილი დეზინფორმაციული ტროპები არ გამოიყენოს შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით და უსაფუძვლოდ არ დაადანაშაულოს ნატო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევაში. შეიარაღების კონტროლის სფეროს რუსმა ექსპერტებმაც კი კარგად იციან, რომ ნატო ბირთვული შეიარაღების განაწილების პრინციპებს სრულად იცავს, როგორც ამას გაუვრცელებლობის ხელშეკრულება ითვალისწინებს. ეს ბრალდებები კიდევ უფრო ფარისევლურია რუსეთის აგრესიული ბირთვული რიტორიკის ფონზე, რომელიც ომის დაწყების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა.

გაურკვევლობის შემთხვევაში დამნაშავე ბალტიისპირეთის ქვეყნებია

ბირთვული იარაღის შიშის დანერგვა და გლობალური უსაფრთხოებით თამაში პროკრემლისტური დეზინფორმაციის გამავრცელებლებისთვის ერთადერთი გასართობი არ ყოფილა. ამ კვირაში დაკავებულები იყვნენ ნაციზმის წარმოსახვითი სპექტრის დევნით მათთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ რეგიონში – ბალტიისპირეთში. „რუსოფობიის“ შესახებ მოთქმის სტიმული ბოლოს მას შემდეგ გაჩნდა, რაც ლატვიამ, ფინეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა გაავრცელეს მოწოდება, რომ შეწყდეს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა, სანამ რუსეთს ომი აქვს გაჩაღებული უკრაინის წინააღმდეგ.

კრემლის პროპაგანდისტებმა ლამის შეჯიბრი გამართეს, რომ ერთმანეთისთვის ეჯობნათ. ზოგმა ეს შემთხვევა იმისთვის გამოიყენა, რომ ევროკავშირის შიგნით არსებულ უთანხმოებაზე ელაქლაქა, ხოლო სხვები ნიანგის ცრემლებს ღვრიდნენ დასავლეთსა და რუსეთს შორის საბოლოოდ გაფუჭებული ურთიერთობების გამო. მთავარი თემა მანიპულაციური ბრალდებებისგან შედგებოდა. ზოგმა კომენტატორმა ხატოვანი, მაგრამ ყალბი ისტორიული პარალელები გაავლო 1930-იან წლებში ებრაელების მიმართ ნაცისტების მიერ გატარებულ პოლიტიკასთან.

რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი სადეზინფორმაციო საშუალებებისა და მათი ლაქიების აზრით, ბალტიისპირეთის ქვეყნები ზედმეტად ურჩად იქცევიან და ყველა ზღვარს სცდებიან. კრემლის თანახმად, ლატვიის გადაწყვეტილება ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად რუსეთის გამოცხადების შესახებ ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანაში „რუსოფობია“ სრულად გადავიდა რელსებიდან. საერთაშორისო სამართლის ისეთი განსახიერებისთვის, როგორიც რუსეთია ასეთი სახელი ყველაფერ წმინდას ბღალავს. ბევრი დამკვირვებლისთვის ტერორისტულ სახელმწიფოდ რუსეთის გამოცხადება ლოგიკურია, რადგან კრემლი შიშს, ძალადობას, მტრულ დამოკიდებულებასა და დაუფარავ ომს იყენებს, რომ გლობალური არასტაბილურობა გამოიწვიოს გეოპოლიტიკური სარგებლის მისაღებად.

პროკრემლისტური დეზინფორმაციის სამიზნეში მოხვდა ესტონეთიც. პირველ რიგში, ესტონეთმა მისცა ბიძგი მოწოდებებს მშვიდობის მოყვარული უბრალო რუსებისთვის „ვიზების აკრძალვასთან“ დაკავშირებით. ამის შემდეგ კი ის ფინეთს შეეკრა იმ მიზნით, რომ ბალტიის ზღვა ნატოს შიდა ზღვად ექცია. ქვეყანამ ყველაფერი იმით დააგვირგვინა, რომ ქალაქ ნარვაში აიღო საბჭოთა ტ-34 ტიპის ტანკის ძეგლი, რომელიც ესტონელებს ამაყად ახსენებდა უფრო ტოტალიტარული საბჭოთა სისტემის მიერ „განთავისუფლების“ ხუთ ათწლეულს. კრემლის იდეოლოგებს ყურადღება არ მიუქცევიათ იმისთვის, რომ ესტონეთის მოქმედება შეიძლება გამართლებული პასუხი იყოს სულ უფრო მტრულად განწყობილი მეზობლის მიმართ.

შესაძლოა, იმისთვის, რომ სამუშაო შუა გზაში არ მიეტოვებინათ ან ალბათ, უფრო იმიტომ, რომ თავიანთივე იმპერიალისტურ ილუზიებს შეჰყვნენ, პროკრემლისტმა პროპაგანდისტებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ბრალდებები ლიეტუვასაც წაუყენეს. გამორჩეული ფანტაზიის ნაყოფი გამოდგა „რკინის ფარდასთან“ დაკავშირებული მეტაფორები, რომელთა მიხედვით, თითქოს ლიეტუვას ყველა რუსის სრულად იზოლირება სურს, მაგრამ განსაკუთრებით ირჩევს მათ, ვინც პუტინის ტოტალიტარულ რეჟიმს ეწინააღმდეგებიან. ბრალდებაში იგულისხმება, რომ ლიეტუვა დისიდენტების გამოყენებას შეიძლება გეგმავდეს რუსეთში „ფერადი რევოლუციის“ მოსაწყობად. რა თქმა უნდა, ეს ბრალდება სასაცილოა, მაგრამ „ფერადი რევოლუციებით“ კრემლის აკვიატებას დიდი ხნის ისტორია აქვს და რამდენიმე წელია ვიკვლევთ.

ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ გავრცელებული ყალბი ბრალდებების ბოლო ტალღაში ძირითადი დეზინფორმაციული ნარატივი იყო „დაკარგული სუვერენიტეტი“. მარტივად რომ ვთქვათ, ყველაფერს ისევ ჩრდილში მყოფი ბატონები აკონტროლებენ ვაშინგტონიდან. არ გჯერათ? კრემლის პროპაგანდისტების სიტყვას უნდა ენდოთ.

სხვა დეზინფორმაციული ახალი ამბები:

  • მიუხედავად ჭარბი და უდავო მტკიცებულებების არსებობისა, პროკრემლისტური სადეზინფორმაციო ეკოსისტემა მაინც ავრცელებს ყალბ ნარატივს, რომლის მიხედვით, წარმოუდგენელი დანაშაულები, როგორიცაა ხოცვა-ჟლეტა ბუჩაში და საშინელი თავდასხმა სამშობიაროზე მარიუპოლში დასავლეთის მიერ დადგმული პროვოკაციები იყო. თითქოს დასავლეთი იყენებს უკრაინას ფსიქოლოგიური ოპერაციების მეშვეობით რუსეთის წინააღმდეგ ომის გასაჩაღებლად.
  • საეჭვო რეპუტაციის მქონე პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალება RT ამტკიცებს, რომ მოსკოვი ზედმიწევნით იცავს ჟენევის კონვენციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობისას. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა და ახალი ამბების სააგენტოებმა ბევრჯერ აღწერეს ის საშინელი საერთო პირობები, რომლებშიც რუსეთის საოკუპაციო ძალები ამყოფებენ დატყვევებულ უკრაინელებს.
  • პროკრემლისტური სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები აგრძელებენ ყალბი ნარატივის გავრცელებას, რომ თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალები წლების განმავლობაში ჩადიოდნენ სამხედრო დანაშაულებსა და გენოციდს დონბასში. ეს თემა პერიოდულად მეორდება რუსულ დეზინფორმაციაში, რომელმაც საგრძნობი სიჩქარე აკრიფა მიმდინარე სადეზინფორმაციო კამპანიის ფარგლებში. კამპანიის მიზანია რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო შეჭრის გამართლება.