Read this article in EN RU UA RO KA

კრემლის საომარი ჰეშტეგი — Z

მარტი 07, 2022

რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე სამხედრო სპეციალისტები კითხულობდნენ, რას ნიშნავდა საზღვრებთან თავმოყრილ სამხედრო მანქანებზე დატანილი უცნაური აღნიშვნები. რამდენიმე მანქანის კარებსა და კაპოტებზე გამოსახული იყო Z ნიშანი და ექსპერტები ცდილობდნენ მის გაშიფვრას.

უკვე ვიცით, რას ნიშნავს ეს ნიშანი.

Z წარმოადგენს მოდური საომარი სიმბოლოს შექმნის მცდელობას. Z სიმბოლოს იყენებენ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჰეშტეგებში: „#ZaМир“ — მშვიდობისთვის. ომის დაწყების წინაპირობა, რომელიც კრემლმა შემოგვთავაზა, ტყუილი იყო. ომის რეკლამირებასაც ტყუილის მეშვეობით, ე.წ. სპეციალური ოპერაციის სახელით ცდილობენ. თვითონ სიტყვა „ომის“ გამოყენებაც კი არ შეიძლება. რუსეთის ხელისუფლებამ მედიასაშუალებებს ომისთვის ომის დარქმევა აუკრძალა.

ლათინური ასო Z ადვილად ამოსაცნობი იარლიყის ფუნქციას ასრულებს და მისი დახატვა ბავშვებსაც შეუძლიათ კედელზე. კირილიცაში ამ ასოს შესაბამისი З ციფრ 3-ს (სამს) ჰგავს და გამოყენების შემთხვევაში ხუმრობის საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო ყველაზე დაბალ დამაკმაყოფილებელ სასკოლო ნიშან 3-იანთან ასოციაციის გამო. რუსული სიტყვა „троечник“ ქართულად ითარგმნება, როგორც „დამარცხებული“. მარკეტინგის სპეციალისტები ამ ფენომენს უარყოფით აღქმას უწოდებენ.

პოსტმოდერნისტული ომი

რუსი ჟურნალისტი მაქსიმ ტრუდოლიუბოვი თავის ესეიში წერს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლმა ჩამოაყალიბა ილუზორული რუსული სახელმწიფო, სადაც ყველაფერ ნამდვილს „უცხოურად“, „ექსტრემისტულად“ და „ტერორისტულად“ მიიჩნევენ და უგულებელყოფენ. ამის შესახებ 2014 წელს წერდა მწერალი პიტერ პომერანცევი თავის წიგნში არაფერია მართალი და ყველაფერია შესაძლებელი. კრემლის ძველმა მარჯვენა ხელმა, პროფესიით დრამატურგმა ვლადისლავ სურკოვმა გამოიგონა სახელმწიფო იდეოლოგია, რომელიც პოსტმოდერნისტული ილუზიების სისტემას ეფუძნება.

ამ კონტექსტში სამხედრო ოპერაციისთვის მიმზიდველი ჰეშტეგი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ტყვია-წამალი და ტანკებისა და სატვირთოებისთვის საჭირო საწვავი.

თუმცა, Z არა მხოლოდ უკრაინის ომში ჩართული შეიარაღებული ძალების სიმბოლოა. კრემლი ცდილობს Z გაასაღოს, როგორც რუსული ერთობის სიმბოლო. Z-ს ვაწყდებით თითქმის უცნობი მწერლების პეტიციაში, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს უკრაინაზე თავდასხმას. უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის რეგიონულმა საბჭომ დაწერილობა შეიცვალა ლათინური Z-ით. Z-ს ვხედავთ ვიდეოში, რომელშიც შავებში ჩაცმული ახალგაზრდები ლიდერის სახელს ყვირიან. აჟიტირებული ჯენტლმენი ომის მოწინააღმდეგეებს გმობს ვიდეოში:

რუსეთში ზოგიერთი თავს აქტივისტად გვაჩვენებს, იყენებს ფარისევლურ დევიზებს, როგორიცაა „მრცხვენია“ და ხალხს პროტესტისკენ მოუწოდებს. რუსეთის ქუჩები ჩვენი შეიარაღებული ძალების ზურგია და მას დაუცველს არ დავტოვებთ. ამოცანა შესრულდება.

Z-ს ვაწყდებით შემაძრწუნებელ გამოსვლაში, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების თავშესაფარმა ჩაატარა. თავშესაფრის წინ ბავშვები ჩაამწკრივეს, „Z“-ის ფორმა მიაღებინეს და ასე გამოახატვინეს ომის მხარდაჭერა.

კრემლი თავს ესხმის რუსეთს

უკრაინაში ბომბები ცვივა, რუსეთის არმია მშვიდობიან მოქალაქეებს ბომბავს. საომარი ზონის გარეთ, რამდენიმე ათასი უკრაინელი ცდილობს მიაღწიოს უსაფრთხო თავშესაფარს შავი ზღვის მეშვეობით მოლდოვეთიდანპოლონეთამდე . კვირას, 6 მარტს რუსეთის ხელისუფლებამ ჩაატარა საერთო ეროვნული ფესტივალი, რომელზეც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიყვანა მომღერლები და ამღერა „ZаМир“ — „მშვიდობისთვის“.

Z მხოლოდ ომის შესახებ ტყუილების გავრცელების გზა არაა. როგორც ზემოთ მოყვანილი ციტატიდან ჩანს, რუსეთში მტერს შიგნითაც ეძებენ. Z-ის ბანერით თავს ესხმიან რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას და ახშობენ ყველანაირ განსხვავებულ აზრს. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პატივსაცემი სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაცია „მემორიალი“ „უცხოეთის აგენტად“ მონათლეს და რუსეთში მუშაობა აუკრძალეს. ორგანიზაციის ოფისები „გაჩხრიკა“ პოლიციამ, რომელმაც დარჩენილ თანამშრომლებს შემდეგი შეტყობინება დაუტოვა: „მემორიალი დამთავრებულია“ — და დიდი, რუდუნებით მოხაზული Z. სხვა რამეზე რომ არაფერი ვთქვათ, სიტყვა „მემორიალიც“ კი ვერ დაწერეს სწორად და მის ნაცვლად დაწერეს „მემორეალი“, მაგრამ წერა-კითხვის მცოდნე ერთმა პოლიციელმა შეამჩნია და გაასწორა შეცდომა.

წარმოდგენა არ გვაქვს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რომელიც უკრაინაზე უკანონო და სასტიკ თავდასხმას უძღოდა წინ, მაგრამ „მოდური“ სიმბოლოს შექმნა აშკარად პრიორიტეტული ჩანს. ახლა უკვე Z გახდა მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ აგრესიის და თვითონ რუსი ხალხის ჩაგვრის ხილული სიმბოლო.

Z სტანდარტული ლათინური ანბანის ბოლო ასოა. უკრაინის წინააღმდეგობა გვაძლევს იმედს, რომ Z იქნება ბოლო ასო კრემლის რეპრესიულ სისტემაში.