კრემლის სცენარი: უკრაინაში შეჭრის საბაბის გამოგონება — კიდევ უფრო მეტი მითი

ახლახან შევისწავლეთ და გამოვააშკარავეთ შვიდი ყველაზე გავრცელებული და საშიში მითი უკრაინის შესახებ.
უკრაინის საზღვრებთან უწყვეტი სამხედრო ესკალაციის ფონზე რუსეთის ხელისუფლების მიერ მართული მედია დეზინფორმაციული ნარატივების დანერგვას აგრძელებს: თითქოს დონბასის მოსახლეობის მიმართ სასტიკი ბოროტმოქმედებების ჩადენა გარდაუვალია ან უკვე მიმდინარეობს კიდეც. ცხადია, ეს ყველაფერი მიზნად ისახავს casus belli-ს, შეჭრის საბაბის შექმნას და უკრაინის წინააღმდეგ განახლებული, პირდაპირი სამხედრო აგრესიის ვარიანტს ღიად ტოვებს.
უკვე მრავალი წელია, პროკრემლისტური მედია ავრცელებს ცრუ ბრალდებებს, რომლებითაც კიევს დონბასში „ბოროტმოქმედებების“ ჩადენაში ადანაშაულებს. სადეზინფორმაციო საშუალებებმა, მათ შორის, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან კავშირში მყოფმა გამოცემებმა, უკრაინას ბევრჯერ დააბრალეს „ეთნიკური წმენდა“ და „გენოციდი“. მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია წლების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქ: 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2021.
ახლა უკვე ამ სიცრუის გადამუშავება კრემლის უმაღლეს დონეზე ხდება.
ქვემოთ წარმოგიდგენთ ყველაზე გამორჩეულ პროკრემლისტურ დეზინფორმაციულ ნარატივებს, რომლებსაც უკვე იყენებენ ან შეიძლება გამოიყენონ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემდგომი ესკალაციისთვის.
მითი: „უკრაინული ძალები დონბასში მასშტაბურ თავდასხმას ამზადებენ“.
ფაქტი: „უკრაინა თითოეული მოქალაქის სიცოცხლეს აფასებს და არანაირ აგრესიულ მოქმედებას არ გეგმავს“ — შეუძლებელია, ამაზე უფრო მკაფიოდ გამოეხატა თავისი პოზიცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს. „უკრაინის არმია არანაირ თავდასხმას არ გეგმავს და არ იყენებს იარაღს, თუ ის საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირებს. გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში შესრულებული ყველა მოქმედება თავდაცვითი ხასიათისაა“.
რუსული სახელმწიფო მედია უკრაინის წინააღმდეგ აქტიურად ავრცელებს ბრალდებებს ფარულ თავდასხმებთან დაკავშირებით. ასეთმა ბრალდებებმა კულმინაციას მიაღწია სინქრონიზებულ და (სავარაუდოდ, ორი დღით ადრე წინასწარ ჩაწერილ) თითქმის ერთმანეთის იდენტურ ვიდეოშეტყობინებებში, რომლებიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედროების ლიდერებმა გაავრცელეს ეგრეთწოდებულ „დსრ“-სა და „ლსრ“-ში. მათ მოსახლეობას რუსეთში მასობრივი ევაკუაციისკენ მოუწოდეს (უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ბრძანება გასცეს). ადგილობრივი მებრძოლები ცდილობენ, რომ მათი მოქმედებები ჰუმანიტარულად წარმოაჩინონ და ამისთვის იყენებენ ტერმინს „ევაკუაცია“, სინამდვილეში კი სამოქალაქო მოსახლეობას თავიანთ სახლებს ატოვებინებენ და ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტენ. რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ 700000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ცდილობს კოსოვოს ომთან პარალელის გავლებას და დაცვის ვალდებულებით ქსნის ამ მოქმედებას.
სად ვნახეთ ეს უკვე? წლების განმავლობაში პროკრემლისტური მედია პირთამდე იყო სავსე ბრალდებებით, რომლებიც დონბასზე კიევის თავდასხმის გეგმებს შეეხებოდა. ასე ცდილობდნენ უკრაინის წარმოჩენას ულმობელ აგრესორად. აქ შეგიძლიათ, გაეცნოთ ბევრ მაგალითს. ამავდროულად, პროკრემლისტური მედია უარყოფს იმ ფაქტს, რომ უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი დაბომბეს.

რუსეთის მთავრობის მიერ მართული ტელევიზიით გავრცელდა ბრალდებები უკრაინის მხრიდან სამხედრო თავდასხმის გეგმის შესახებ. „პერვი კანალი“, 17 თებერვალი, 2022
მითი: „უკრაინა გეგმავს ტერორისტული აქტის დადგმას ან განხორციელებას დონბასში ან რუსეთში (რაც უამრავ მსხვერპლს გამოიწვევს მშვიდობიან მოსახლეობაში)“.
ფაქტი: ეს და მსგავსი ბრალდებები განეკუთვნება ნარატივების იმ კატეგორიას, რომელსაც სხვისი დროშის ქვეშ ოპერაციის ჩატარება ჰქვია: უკრაინას ადანაშაულებენ ძალადობრივი („ტერორისტული“) აქტების დადგმაში ან შესრულებაში. უახლესი ნიმუშები მოიცავს ბრალდებებს, რომელთა მიხედვით, თითქოს დაგეგმილია საშიში სამრეწველო დაწესებულებებისა და ადმინისტრაციული შენობების აფეთქება დონეცკში. ასევე, ბრალდებებში ახსენებენ „პოლონელ დაქირავებულ ჯარისკაცებს“. უფრო დეტალური ანალიზისთვის გაეცანით ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის, DFR Lab-ის მიერ მომზადებულ მასალას.
მათემატიკური მუდმივასავით მსგავს ბრალდებებს ყოველთვის აკლია ერთი რამ: სანდო ფაქტები. ვერცერთმა დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა ვერ შეძლო ამ ბრალდებების დადასტურება. არ გამოჩენილა არცერთი სანდო მოწმე. მაგალითად, 2022 წლის 18 თებერვალს დონეცკში აფეთქდა მანქანა, რაც ფართოდ გააშუქეს საინფორმაციო საშუალებებმა. რუსეთის მთავრობის მიერ მართული ტელევიზიის ჟურნალისტი ნაწილებად დაშლილი მანქანის გვერდით იდგა, მაგრამ ირგვლივ არსად ჩანდნენ გამომძიებლები. ანალოგიურად, არანაირი მტკიცებულებით არ არის გამყარებული ისტორია თხევადი ქიმიური ნივთიერებების შემცველი უპატრონო კონტეინერების აფეთქების შესახებ.
უკრაინის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ასეთ დეზინფორმაციულ ბრალდებებს.
პროკრემლისტურმა წყაროებმა უკრაინის მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ ბრალდებების გავრცელებას მას შემდეგ მოუხშირეს, რაც ღია სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ რუსეთს შეიძლება დაედგა ცრუ ტერორისტული აქტი და ამით გაემართლებინა უკრაინაში შეჭრა.
სად ვნახეთ ეს უკვე: რუსეთმა უკრაინა „ტერორისტული აქტების“ განხორციელებაში ადრეც დაადანაშაულა (მაგალითად, 2016 წელს), ხოლო პროკრემლისტური მედია ასევე ამტკიცებდა, რომ თითქოს უკრაინას „ტერორისტული ხუნტა“ მართავდა და „ტერორისტებს წვრთნიდა“ ევროპასა და შუა აღმოსავლეთში ოპერაციების ჩასატარებლად. ამ ბრალდებების გასამყარებელი ფაქტები არ არსებობს.

ზემოთ: მოჩვენებითი თავდასხმები: მანქანისა და ქიმიური ნივთიერების კონტეინერის აფეთქება. ქვემოთ: მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება. „პერვი კანალი“, TASS, 18 თებერვალი, 2022
მითი: „უკრაინა რუსულენოვანი მოსახლეობის გენოციდს აწყობს აღმოსავლეთ რეგიონებში“.
ფაქტი: კრემლი უკრაინის მთავრობას კაცობრიობის წინააღმდეგ საშინელი დანაშაულის ჩადენას აბრალებს და ასე ცდილობს კიევის წარმოჩენას ყველაზე ცუდ ანტაგონისტად, მაგრამ ამავდროულად, ბოროტად იყენებს ტერმინს, რომელსაც მკაფიოდ განსაზღვრავს 1948 წელს გაეროს მიერ მიღებული კონვენცია გენოციდის დანაშაულის პრევენციისა და დასჯის შესახებ.
ასეთი ბრალდებები სხვებთან ერთად ცალსახად უარყო დამოუკიდებელმა რუსულმა მედიამაც. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი რეგულარულად აქვეყნებს ანგარიშებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე და არცერთი მათგანი ახლოსაც კი არაა თითქოსდა უკრაინაში მიმდინარე გენოციდის ბრალდებასთან. იმავეზე მეტყველებს ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები.
სად ვნახეთ ეს უკვე: წლების განმავლობაში პროკრემლისტური მედია თავაშვებულად იყენებდა სიტყვას „გენოციდი“ იმ მოვლენების აღსაწერად, რომელთაც ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევასთან საერთო არაფერი აქვს და ასე უკარგავდა აზრს საერთაშორისო სამართლის ამ ტერმინს. მაგალითების სახით შეიძლება მოვიყვანოთ წყლისა და ვიზების „გენოციდი“ ყირიმში და უკრაინელების „გენოციდი“, რომელიც თითქოს „სპუტნიკ V“-ით აცრაზე უარის თქმით განხორციელდა.
მითი: „უკრაინა ქიმიურ და სხვა აკრძალულ იარაღს გამოიყენებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დონბასში. აშშ გეგმავს დონბასზე ქიმიური იარაღით თავდასხმას „სხვისი დროშის“ ქვეშ“.
ფაქტი: უკრაინას არასდროს შეუგროვებია, მოუმარაგებია და გამოუყენებია ქიმიური იარაღი. აშშ ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციის ხელმომწერი მხარეა და ქიმიურ იარაღს არ იყენებს.
პროკრემლისტურმა მედიამ უკრაინის არმიას ასევე დააბრალა ჟენევის კონვენციით აკრძალული თეთრი ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალის გამოყენება, ხოლო რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულმა Telegram არხებმა გაავრცელეს ჭორები ხელნაკეთი რადიოაქტიური ბომბების შესახებ. ასეთი ცრუ ნარატივები მიზნად ისახავს შიშის დათესვას, ემოციური რეაქციის გამოწვევას და უკრაინის შეიარაღებული ძალების გაშავებას.
სად ვნახეთ ეს უკვე: პროკრემლისტურ მედიას ქიმიური იარაღის შესახებ ფაქტების დამახინჯების დიდი ისტორია აქვს, მათ შორისაა სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმების უარყოფა. ალექსეი ნავალნის მკვლელობის მცდელობისა და სოლსბერიში განხორციელებული მოწამვლის შემთხვევაში რუსეთმა მართლა გამოიყენა ქიმიური იარაღი. ამ ფაქტების მიჩქმალვაში პროკრემლისტურმა მედიამ ეფექტური როლი შეასრულა.
მითი: „უკრაინული არმია დონბასში ბოროტმოქმედებებს სჩადის“.
ფაქტი: შემაძრწუნებელ ხასიათს ატარებს დაუსაბუთებელი ბრალდებები თითქოს დონბასში ჩადენილი ე.წ. ბოროტმოქმედებების შესახებ. ასეთ ინფორმაციას ზოგჯერ თან ახლავს რუსეთის პირველი არხის მიერ გავრცელებული შემზარავი ფოტოები. თუმცა, მათ ერთმნიშვნელოვნად აკლია სარწმუნო დეტალები. ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მოძრაობას სულ უფრო მეტად ზღუდავენ და შესაბამისად, დამოუკიდებელ დამკვირვებლებს ამ ბრალდებების გამოძიების შესაძლებლობა არ აქვთ.
სად ვნახეთ ეს უკვე: პროკრემლისტურმა მედიამ ემოციური და გამოგონილი შეტყობინებები უკვე ბევრჯერ გამოიყენა უკრაინელების მიმართ სიძულვილისა და შიშის გასაღვივებლად, განსაკუთრებით, რუსეთის მოსახლეობაში. პროკრემლისტურმა მედიამ ჯერ კიდევ 2014 წელს გაავრცელა სამარცხვინო ყალბი ამბავი „ჯვარცმული ბიჭის“ შესახებ, რასაც მოჰყვა თავაშვებული ბრალდებები იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალები აწყობდნენ „ადამიანთა საფარებს“, სადაც დასავლეთიდან ჩამოსულ მდიდრებს დონბასში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის უფლების ყიდვა შეეძლოთ (2018). ბოლოს 2022 წლის თებერვალში გავრცელდა მსგავსი უსაბუთო ბრალდებები „სნაიპერების საფარის“ შესახებ. 2021 წლის გაზაფხულზე რუსული სახელმწიფო მედია თავგამოდებით ცდილობდა უკრაინული დრონის მიერ მოკლული 4 წლის დონბასელი ბიჭის ისტორიის გავრცელებას. როგორც აღმოჩნდა, ბიჭის სიკვდილის მიზეზი გააყალბეს. ასეთი დეზინფორმაციული შეტყობინებები მჭიდროდაა დაკავშირებული თვალშისაცემ დეზინფორმაციულ ნარატივთან „ნაცისტური“ უკრაინის შესახებ, რომელსაც რუს ტელეწამყვანებთან ერთად რუსი ჩინოვნიკებიც ნერგავენ.
ასევე წაიკითხეთ: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული დეზინფორმაცია — გამოაშკარავებულია შვიდი მითი