კრემლის შიშები და მოჩვენებითი გამბედაობა

14 ივლისს გამოვაქვეყნეთ დეზინფორმაციის მიმოხილვა უკრაინაში რუსეთის იმპერიული ამბიციების შესახებ, რამდენიმე საათში კი მსოფლიომ შეიტყო კიდევ ერთი საზარელი სამხედრო დანაშაული — რუსული რაკეტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მოხვდა დასავლეთ უკრაინის ქალაქ ვინიცაში. თითქმის მაშინვე დაიწყო ტრიალი სიკვდილისა და ტყუილების კრემლისეულმა წრემ. კრემლის სამსახურში მყოფი მოლაპარაკე თავები ერთმანეთს ასწრებდნენ იმის მტკიცებას, რომ თითქოს რუსეთი მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს უკრაინაში.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაუმართლებელი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რამდენჯერმე გამოვააშკარავეთ ამ მტკიცების სიმცდარე. ჩვენ გამოვავლინეთ რუსული ტყუილები მარიუპოლთან დაკავშირებით, გავშიფრეთ მათი დეზინფორმაცია ბუჩაზე და სააშკარაოზე გამოვიტანეთ კრემლის სიცრუე კრამატორსკის შესახებ. რუსეთის მიერ სულ ბოლოს ვინიცის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია EUvsDinsinfo-ს მონაცემთა ბაზაში შევიტანეთ. გასაკვირი არაა, რომ რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფმა სადეზინფორმაციო საშუალებებმა ვერ მოახერხეს მსოფლიოს დარწმუნება იმაში, რომ რუსეთის საზღვრიდან 200 კმ-ით დაშორებული მაღაზიები, საცხოვრებელი კომპლექსები და სამედიცინო ცენტრები „სამხედრო სამიზნეებს“ წარმოადგენს. ამგვარად, პროკრემლისტმა ექსპერტებმა დიდი ხნის საყვარელი საბაბი მოიშველიეს სამოქალაქო პირების მიმართ უმიზეზო ძალადობის გასამართლებლად — თითქოს ისინი ყველანი ნაცისტები იყვნენ.
წინა კვირაში რვა წელი გავიდა რეის MH17-ის ჩამოგდებიდან. სამგზავრო თვითმფრინავში 298 ადამიანი იმყოფებოდა. მაშინ, როცა მსოფლიო მსხვერპლთა გამო გლოვობდა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება პასუხისმგებელი პირების გასამართლებისკენ იყო მიმართული, პროკრემლისტურმა სადეზინფორმაციო საშუალებებმა ხელიდან არ გაუშვეს შესაძლებლობა და უკრაინას პროვოკაციების მოწყობა დააბრალეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. EUvsDisinfo წლებია თვალს ადევნებს რეის Mh17-ის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ ტყუილებს. ამის გათვალისწინებით, გამოსადეგი საჯარო მიმოხილვა შევადგინეთ.
ეგზისტენციალური მაგრამ არარსებული საფრთხე
ამ კვირაში უკრაინის შესახებ კიდევ ერთი საყოველთაოდ ცნობილი დეზინფორმაციული ტროპი გააცოცხლეს პროკრემლისტმა ექსპერტებმა, კერძოდ, სახელგავარდნილმა პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა და მარგარიტა სიმონიანმა, რომელიც მთავარი რედაქტორის მოვალეობას ასრულებს კრემლის საინფორმაციო იარაღად თვითგამოცხადებულ RT-ში. რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი სადეზინფორმაციო საშუალებები და მათი რუპორები ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ავრცელებდნენ ნარატივს, რომ უკრაინა არ არსებობს. ახლა, როცა რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი თითქმის ექვს თვეს ითვლის, ეს დეზინფორმაციული ნარატივი კიდევ ერთხელ ვრცელდება პროკრემლისტურ სადეზინფორმაციო სივრცეში. ახალი ელფერის მისაცემად ზოგი სადეზინფორმაციო საშუალება მის შეტრიალებასაც ცდილობს და ამტკიცებს, რომ თითქოს უკრაინის სახელმწიფოებრიობა სამოქალაქო ომში ნადგურდება. პირდაპირ ვთქვათ: ეს არაა სამოქალაქო ომი. ესაა არაპროვოცირებული აგრესიული ომი, რომელიც რუსეთმა მეზობელი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყო.
Russia only strikes military targets in Ukraine | რუსეთი მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს უტევს უკრაინაში |
Ukraine does not exist and has no right of statehood | უკრაინა არ არსებობს და სახელმწიფოებრიობის უფლება არ აქვს |
The West provoked the war in Ukraine | დასავლეთმა მოახდინა უკრაინაში ომის პროვოცირება |
თუმცა, უცნაურია, როგორ უქმნის ეგზისტენციალურ საფრთხეს რუსეთს ასეთი არარსებული სამართლებრივი ერთეული. მიუხედავად ამისა, თუ დავუჯერებთ პანიკის დამთესავ რიტორიკას, რომელიც განუწყვეტლივ ინთხევა რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი სატელევიზიო შოუებიდან, უკრაინა სწორედაც რომ ფუნდამენტურ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის არსებობისთვის. რა თქმა უნდა, ყველაზე აშკარა პროკრემლისტ პროპაგანდისტებსაც კი ესმით ეს ლოგიკური შეუსაბამობა. ასე რომ, ცდილობენ, მის ასახსნელად კიდევ ერთი ძველი ნარატივი მოიშველიონ კრემლის სადეზინფორმაციო არსენალიდან. ბოროტი დასავლეთი აკონტროლებს უკრაინას და მას რუსეთზე თავდასხმისთვის და მის დასაყოფად იყენებს. ამ დამახინჯებული ლოგიკის მიხედვით, უდანაშაულო ბავშვის მკვლელობაც კი ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხია რუსეთის გადარჩენისთვის და აქედან გამომდინარე, სრულიად გამართლებულია კრემლის პროპაგანდისტების თვალთახედვით.
ცოდვების გრძელი სია
ამ კვირაში პროკრემლისტური დეზინფორმაციის ეკოსისტემაში ცენტრალური ადგილი ეჭირა „დასავლური პროვოკაციების“ თემას. დეზინფორმაციის აგიზგიზებულ კოცონზე ტყუილებით გაჯერებული ნავთის დასასხმელად თვით ლავროვმაც კი გამონახა დრო და გამოაქვეყნა ვრცელი და დაწვრილებითი სტატია, რომელშიც ეგრეთწოდებული „დასავლური პროვოკაციების“ ბევრი მაგალითი დაგმო. ჭარბი დეტალებითა და ჩახლართული მტკიცებებით მსჯელობის გამოფიტვის ტაქტიკა კრემლის modus trollerandi, ანუ ტროლინგის ხერხია, რომელიც ადრე უკვე გამოვააშკარავეთ EUvsDisinfo-ზე. მიუხედავად ამისა, ასეთი მსხვილი კალიბრის დეზინფორმაციული მასალები საჭირო შეიარაღებას აწვდის პროკრემლისტური დეზინფორმაციის გამავრცელებლებს ქვედა დონეზე.
რა თქმა უნდა, ლავროვის თანახმად, ყველამ ვიცით, რატომ ცდილობს დასავლეთი რუსეთისთვის ძირის გამოთხრას. ამის მიზეზი არაა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის მთელი რიგი ნორმების დაუფარავი და შემზარავი დარღვევები ან ადამიანური ტანჯვის მიმართ უგულო დამოკიდებულება. რასაკვირველია, არა, დასავლეთის მამოძრავებელი ხომ „რუსოფობიაა“, რომელიც ევროპაში მძვინვარებს. ძალიან უცნაურია ევროპის დადანაშაულება „რუსოფობიაში“, როცა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ევროპამ ყველა შესაძლებლობა გამოიყენა რუსეთთან კონტაქტის დასამყარებლად. ასეთი ლოგიკური წინააღმდეგობები პროკრემლისტური აზროვნების დამახასიათებელი თვისება ჩანს.
პროკრემლისტურმა სადეზინფორმაციო სისტემამ ასევე ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა და გაგვიზიარა თავისი დამოკიდებულება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ბოლო ტრანშთან დაკავშირებით. როგორც მოსალოდნელი იყო, ზოგმა სადეზინფორმაციო საშუალებამ მოჩვენებითი გამბედაობა გამოავლინა და ევროკავშირის სანქციები არაფრად მიიჩნია, სხვებმა კი დაიწყეს მტკიცება, რომ თითქოს ევროკავშირმა უკვე ამოწურა რუსეთის დასანქცირების პოტენციალი. ამასთან ერთად, ზოგი მათგანი ისევ ცდილობდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არსებული ნებისმიერი განსხვავების ბოროტად გამოყენებას. სიმართლე ისაა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს. სწორედ ამიტომ, რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი სადეზინფორმაციო საშუალებები ასე გამალებით ამტკიცებენ საპირისპიროს.
ამ კვირაში EUvsDisinfo-ს რადარზე ასევე მოხვდა:
- პროკრემლისტი დეზინფორმატორები მცდარად ირწმუნებოდნენ, რომ თითქოს სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებელია დასავლეთი, რომელიც მისგან სარგებელს იღებს. არა, სინამდვილეში გლობალური სასურსათო კრიზისი გაამწვავა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ გაჩაღებულმა არაპროვოცირებულმა ომმა და უკრაინის სასურსათო წარმოებისა და სატრანსპორტო შესაძლებლობების მასხრად აგდების მცდელობებმა. კრემლი გულქვად იყენებს გლობალურ შიმშილს გეოპოლიტიკურ იარაღად.
- დასავლეთის დაფინანსებით თითქოსდა უკრაინაში შექმნილი ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების სასაცილო და ბოლომდე გაშიფრული ნარატივი ისევ დაბრუნდა პროკრემლისტურ სადეზინფორმაციო ეკოსისტემაში. ამჯერად ამ ნარატივს პილპილივით მოაყარეს განცხადებები „დასავლური პროვოკაციების“ შესახებ.
- ახლა რუსეთს აკვიატებული აქვს დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS: ხან ავრცელებენ ყალბ ამბებს, რომ თითქოს სისტემები განადგურდა, ხანაც ქვეყნიერების აღსასრულის სცენარებით იმუქრებიან, თუ უკრაინა HIMARS-ს როდისმე გამოიყენებს ყირიმში.