მანიპულაცია, ცენზურა და დეზინფორმაციის მახეები: რამდენიმე გამოწვევა დემოკრატიისთვის
ჟურნალისტები დეზინფორმაციის შესახებ. მე-3 ნაწილი: სომხეთი
სანდო ჟურნალისტიკა დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად EUvsDisinfo სტატიების სერიას აქვეყნებს და სიტყვას აძლევს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. მე-3 ნაწილი. სომხეთი.
EUvsDisinfo ესაუბრა განსხვავებული ბიოგრაფიის მქონე სამ სომეხ ჟურნალისტს: თათევ დანიელიანს, სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამის, „ახალი ამბების“ ჟურნალისტსა და მთავარ რედაქტორს და ასევე, „კვირის ახალი ამბების“ კომენტატორს; ამი ჩიჩაკიანს, ყოველდღიური გაზეთის „არავოტ“ ჟურნალისტს; და ნაირა ნალბანდიანს, ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტს, რომელიც ახლა „რადიო თავისუფლებაში“ მუშაობს.
მათ საკუთარ თავზე გამოცადეს საომარ გარემოში შექმნილი რეალური სამუშაო პირობები. ჟურნალისტები აცნობიერებენ, რომ დეზინფორმაცია თითქმის ყველგან და ყოველდღიურად ვრცელდება და ესმით კარგი, ხარისხიანი ახალი ამბების მომზადებასთან დაკავშირებული სირთულეები. ქვემოთ წარმოგიდგენთ მათ შეხედულებებსა და რეკომენდაციებს.
რატომ არის ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანი?
ამი ჩიჩაკიანი:
ჟურნალისტიკა დემოკრატიის ერთ-ერთი ელემენტია. ჟურნალისტების წყალობით, ხალხი ობიექტურ, მიუკერძოებელ ინფორმაციას იღებს მოვლენების შესახებ. ჟურნალისტიკა ხელს უწყობს საკუთარი უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმირებულობას და ხალხს სთავაზობს პლატფორმას, სადაც მათ შეუძლიათ საკითხების წამოჭრა და საკუთარი ამბის მოყოლა.
თათევ დანიელიანი:
ჩემი აზრით, ჟურნალისტიკის ამოცანაა არა მხოლოდ ინფორმირება, არამედ ასევე, ხალხის დაცვა ცნობიერების ამაღლების გზით. მე მიყვარს ჟურნალისტიკა: პირველ რიგში, როცა საზოგადოებას ორიენტირებაში ეხმარები, არკვევ გაკეთებული განცხადებებისა და გადადგმული ნაბიჯების ქვეტექსტს.

თათევ დანიელიანი, სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამის, „ახალი ამბების“ ჟურნალისტი და მთავარი რედაქტორი და ასევე, „კვირის ახალი ამბების“ კომენტატორი
ნაირა ნალბანდიანი:
ჟურნალისტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელისუფლების მუშაობის გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში. სვამს საჭირო შეკითხვებს.
ჩვენს დროში ზუსტი, ყოვლისმომცველი და შემოწმებული ინფორმაციის მიღება უფრო რთული გახდა, რადგან ძალიან გაიზარდა დეზინფორმაციის გასავრცელებელი პლატფორმებისა და სხვა საშუალებების რაოდენობა. უმაღლესი განათლების მქონე ხალხსაც კი უჭირს დეზინფორმაციისა და ნამდვილი ახალი ამბების ერთმანეთისგან გარჩევა.
რამდენად ხშირად აწყდებით დეზინფორმაციას?
ამი ჩიჩაკიანი:
დღეს ძალიან ძნელია დეზინფორმაციისთვის თავის არიდება. ის ყველგან თან გვდევს.
ნაირა ნალბანდიანი:
ყოველდღიურად. ასევე, ვხედავთ დეზინფორმაციის გასავრცელებლად შემუშავებულ მიზანმიმართულ და სისტემურ მიდგომას. მაგალითად, როცა დეზინფორმაციისთვის სანდოობის მისანიჭებლად ნამდვილ ფოტოს, შემთხვევას ან მთავრობის გადაწყვეტილებას იყენებენ, მაგრამ ამავდროულად, აბსოლუტურ დეზინფორმაციას ამატებენ.
რატომ არის დეზინფორმაცია მავნე?
თათევ დანიელიანი:
დეზინფორმაციას ყოველდღე ვაწყდები. მთავარი საფრთხე მანიპულაციაა. დეზინფორმაციის მთავარი მიზანია, ადამიანი გახადოს მართვადი. აქედან გამომდინარე, მას სერიოზული პოლიტიკური შედეგები შეიძლება ჰქონდეს. ამას გარდა, ხილული შედეგებიც შეიძლება დადგეს. მაგალითად, როცა პოპულარული მედიასაშუალება ან ბლოგერი საუბრობს ვაქცინების მავნებლობის შესახებ ან დაბალი ხარისხის სამკურნალო საშუალებებს უწევს რეკლამას.
ამი ჩიჩაკიანი:
დეზინფორმაცია დაგებული მახეა და მასში გაბმა ადვილია. მისი მიზანია საზოგადოების მანიპულირება სხვა ადამიანების და/ან მოვლენების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების გზით. ამგვარად, მან პირდაპირი გავლენა შეიძლება მოახდინოს ხალხის აღქმასა და ქცევაზე.

ამი ჩიჩაკიანი, ყოველდღიური გაზეთის „არავოტ“ ჟურნალისტი
პრობლემები კონფლიქტის დროს
ახლახან სომხეთს ჰქონდა პრობლემები, რომლებიც ყოველთვის ჩნდება კონფლიქტის დროს. მსხვერპლის, ადამიანური ტანჯვისა და ნგრევის გარდა, ეს დიდ გავლენას ახდენს ჟურნალისტების მუშაობასა და რეპორტაჟებზე.
ნაირა ნალბანდიანი:
შეუძლებელია რეალობიდან 44-დღიანი ომის [რედ.: მთიან ყარაბაღში] ამოღება. რამდენიმე კვირის განმავლობაში ვმუშაობდი სამხედრო მდგომარეობის პირობებში, როცა ნანახის გაშუქება გვეკრძალებოდა. საზოგადოება არ იყო მზად ოფიციალური ინფორმაციის გარდა სხვა ინფორმაციის მისაღებად და მიღებული ოფიციალური ინფორმაციის შემოწმების შესაძლებლობა უმეტესობას არ გვქონდა. საზოგადოება არ იყო მზად დამარცხების ფაქტის აღსაქმელად და მისაღებად.
რას გვირჩევთ დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად ან მის თავიდან ასაცილებლად?
ამი ჩიჩაკიანი:
- არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც კითხულობთ
- შეამოწმეთ წაკითხული ინფორმაცია სხვა პლატფორმებზე
- შექმენით სანდო მედიასაშუალებების სია
- მიაქციეთ ყურადღება, სად არის გამოქვეყნებული სტატია
- მოერიდეთ სკანდალურ სათაურებს.
ნაირა ნალბანდიანი:
- იპოვეთ და გამოიწერეთ კარგი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებები
- თავშეკავებით მოეკიდეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში უცნობი წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას
- არ წაიკითხოთ მხოლოდ სათაურები, წაიკითხეთ მთელი მასალა, მათ შორის, შენიშვნები
- ახალი ამბების სხვადასხვა გამოცემაში გაეცანით ერთი და იმავე მოვლენის შესახებ ინფორმაციას
თათევ დანიელიანი:
- ეცადეთ ყოველთვის კრიტიკულად მიუდგეთ მიღებულ ინფორმაციას
- იყავით გონიერი, ეცადეთ, გაიგოთ, როგორ სურს ამა თუ იმ ინფორმაციის გამომგზავნს თქვენს შეხედულებაზე გავლენის მოხდენა
რას ეტყოდით ხალხს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით?

ნაირა ნალბანდიანი, ადგილობრივი ტელეჟურნალისტი, რომელიც ახლა „რადიო თავისუფლებაში“ მუშაობს
ნაირა ნალბანდიანი:
თავისუფალი, პლურალისტური პრესა დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. არასდროს დააყენოთ ინფორმაციის მიღების უფლება სხვა უფლებებზე ქვემოთ.
თათევ დანიელიანი:
მსურს, ხალხს ჟურნალისტების სამუშაოს პატივისცემისკენ მოვუწოდო, მათი პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად. ქვეყანაში დემოკრატიის დონე ამ პროფესიისადმი ხალხის დამოკიდებულებით იზომება.
***
ადევნეთ თვალი ამ ციკლის ახალ სტატიებს, რომლებიც პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ეძღვნება. მომდევნო ჯერზე ხუთ უკრაინელ ჟურნალისტს გავესაუბრებით. წინა სტატიები: 1-ელი ნაწილი. ბელარუსი; მე-2 ნაწილი. საქართველო.