ნავალნის პირველი წელი ციხეში

ერთი წელი სრულდება, რაც პოლიტიკური მოტივით გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის ოპოზიციის ლიდერს და კორუფციასთან მებრძოლ აქტივისტს, ალექსეი ნავალნის. მოდი გავიხსენოთ რუსეთის ხელისუფლებისა და პროკრემლისტური დეზინფორმაციის აქტორების ყველა ზღვარს გადასული განცხადებები.
რა შეტყობინებას უგზავნის ნავალნის საქმე რუს საზოგადოებასა და საერთაშორისო აუდიტორიას?
მთავარი ნარატივები
ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების, „ნოვიჩოკის“ გამოყენებით ნავალნის მკვლელობის მცდელობის შემდეგ პროკრემლისტური დეზინფორმაციული ნარატივების სამი მთავარი მიმართულება გახდა პოლიტიკური აქტივიზმი, ანტიკორუფციული მოღვაწეობა და თვითონ მოწამვლის ფაქტი.
სამივე კატეგორიის განცხადებები მიზნად ისახავს ნავალნის წარმოჩენას არა რუს ოპოზიციონერად, არამედ დასავლეთის კმაყოფაზე მყოფ არაკეთილსინდისიერ აგენტად ან მინიმუმ უმეცარ, გულუბრყვილო პაიკად, რომელიც თითქოსდა რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილ უცხოურ შეთქმულებაშია ჩართული.
უმეტეს შემთხვევებში, ამ ნარატივის საფუძველია დაუსაბუთებელი პოლიტიკური კავშირები ნავალნის მოწამვლასა და სხვა მოვლენებს შორის. 2020 წლის 20 აგვისტოს მომხდარი ინციდენტიდან (ანუ „მეტაბოლური აშლილობიდან“, როგორც ამას რუსი პროპაგანდისტები უწოდებენ) ორ კვირაში პროკრემლისტურმა გამოცემებმა იმდენი შეთქმულება შექმნეს, რომ დასავლეთში არ დარჩა ქვეყანა, რომელიც ანტირუსულ შეთქმულებაში არ ყოფილიყო ჩართული.
მათი თქმით, დასავლეთმა ნავალნის მოწამვლა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისა და „რუსოფობიის“ გაღვივების საბაბად გამოიყენა, ხოლო თვითონ მოწამვლა ევროკავშირის პროვოკაცია იყო. გერმანიაში „ღრმა სახელმწიფო“, კლინიკა „შარიტე“ და თვითონ ანგელა მერკელი დაადანაშაულეს გაზსადენ „ნორდ სტრიმ 2“-ის ჩაშლის მცდელობაში, მოსკოვის წინააღმდეგ „სპეციალური ოპერაციის“ ჩატარებაში და ბელარუსში ჩარევისგან პუტინის გადარწმუნებაში. მათი წარმოდგენით, ატლანტიკის გაღმა ვაშინგტონი-ნატოს ღერძი აქტიურად ცდილობდა ინციდენტის გამოყენებას რუსული გაზსადენის პროექტის ჩასაშლელად და ასევე, რუსული ვაქცინის, „სპუტნიკ V“-ის აღიარების დასაბლოკად.
მუშაობს თუ არა დეზინფორმაციული კამპანია?
რაღაც მხრივ, მუშაობს. რუსეთში ავტორიტეტული ინსტიტუტის, „ლევადას“ მიერ 2020 წლის სექტემბრის ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, რუსების 30 პროცენტი ნავალნის მკვლელობის მცდელობაში „პუტინს, კრემლს, მთავრობას“ ან რუსეთის სხვა სახელმწიფო ორგანოს ადანაშაულებდა და მხოლოდ 8 პროცენტმა თქვა, რომ ეს დასავლეთის მოწყობილი იყო. ამის შემდეგ სამ თვეზე ნაკლებ დროში 30-პროცენტიანი ჯგუფი 15 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო 8-პროცენტიანი ჯგუფი ორზე მეტჯერ გაიზარდა და 18 პროცენტი შეადგინა. ამასთანავე, რესპონდენტების 30 პროცენტი ახლა მიიჩნევს, რომ მთელი ეს ეპიზოდი ინსცენირებული იყო.
კორუფცია: ტოქსიკური საკითხი მამხილებლებისთვის
იგივე სტრატეგია გამოიყენეს ნავალნის ბოლო ანტიკორუფციული გამოძიების დისკრედიტაციისთვის. გამოძიება თითქმის ორსაათიანი YouTube-რეპორტაჟისგან შედგება და ეხება ვლადიმირ პუტინის „სასახლეს“ — მდიდრულ, საიდუმლო ნაგებობას, რომელიც ზღვისპირას მდგარ ციხესიმაგრეს მოგაგონებთ ჰოკეის მიწისქვეშა მოედნით, სასტრიპტიზო სცენის მქონე ღამის კლუბით, უნიტაზის მოოქრული ჯაგრისებით და პირველადი საჭიროების კიდევ ბევრი სხვა ნივთით, რომლებიც რუს გადასახადის გადამხდელებს, დიდი ალბათობით, რამდენიმე მილიარდი დოლარი დაუჯდათ.
რუსმა მაღალანაზღაურებადმა ტელეწამყვანებმა დრო არ დაკარგეს და YouTube-რეპორტაჟი ნავალნის სავარაუდო დამკვეთებს დაუკავშირეს. თუ დიმიტრი კისელიოვს (შეყვანილია ევროკავშირის სანქციების სიაში) დავუჯერებთ, ნავალნის მხილების სცენარი ინგლისურად დაწერეს „ნატოს უსაფრთხოების სამსახურებმა“ და მხოლოდ ამის შემდეგ თარგმნეს რუსულად. თავის მხრივ, ვლადიმირ სოლოვიოვი ასკვნიდა, რომ თითქოსდა დასავლეთის მიერ ნავალნის ყალბი მოწამვლის მთავარი მიზანი მისი გერმანიაში გადაყვანა იყო. გერმანიაში მას ექნებოდა დრო და ყველანაირი პირობა ფილმის გადასაღებად და „რუსეთში მასობრივი არეულობებისა და საპროტესტო აქციების გამოსაწვევად“. მასობრივი საპროტესტო აქციებმა მართლაც იფეთქა. რუსეთის პოლიტიკური ელიტის უზარმაზარი სიმდიდრისა და ხელგაშლილი ცხოვრების ამსახველმა ფილმმა სწრაფად დააგროვა მილიონობით ნახვა და ათეულობით ათასი ადამიანი გამოვიდა მოსკოვის ქუჩებში 2021 წლის იანვარსა და თებერვალში. ბევრ მათგანს ხელში უნიტაზის ოქროსფერი ჯაგრისები ეჭირა და ამ ფორმით დასცინოდა ჩინოვნიკების გაუმაძღრობასა და კორუფციას.
პუტინის გარეშე რუსეთი არ არსებობს
ყალბი სასამართლო პროცესის შედეგად ნავალნი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ამ პროცესს არაფერი ჰქონდა საერთო თითქოსდა ნავალნის მიერ პუტინის რუსეთის სტაბილურობის რღვევასთან, რომელიც კრემლის შეხედულებით, ლამის რუსეთის დაცემას უდრის. ნავალნის წინააღმდეგ აღძრული საქმე ეფუძნებოდა გამოგონილ ფორმალობას, რომლის მიხედვით, 2014 წელს გაფლანგვის თაობაზე მისჯილი პირობითი სასჯელი ციხეში პატიმრობით შეიცვალა.
სხვათა შორის, ის სასამართლოც პოლიტიკურად მოტივირებულად იყო მიჩნეული: 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, მსჯავრი წარმოადგენდა ნავალნის უფლებების დარღვევას. აღნიშნულ კონვენციას რუსეთმა ავტომატურად მოაწერა ხელი, როცა ევროსაბჭოს შეუერთდა 1996 წელს.
„გონიერი არჩევანი“ — წაშალეთ აპლიკაცია
პროკურატურის ბრალდებები შეიძლება წვრილმანი მოგვეჩვენოს და პოლიტიზებულ სასამართლოებში მათი გატანა იოლი იყოს, მაგრამ ნავალნის ნამდვილი წონა გააძლიერა „გონიერი არჩევანის“ ინიციატივამ. პუტინის პარტია, „ერთიანი რუსეთი“ კანკალმა აიტანა, რადგან ეს გონიერი ინიციატივა მიზნად ისახავდა დუმის 2021 წლის არჩევნებში მოსახლეობის აქტიურ ჩართვას და ამით პარტიული „აპარატჩიკების“ საქმიანობას უქმნიდა საფრთხეს. კრემლის რეაქცია: ზეწოლის გაზრდა აპლიკაციის განმთავსებელ ტექნოლოგიურ კომპანიებზე მისი წაშლის ან არჩევნების დღეს გამორთვის მიზნით. ამ მოთხოვნას Apple და Google დაემორჩილა. „გონიერი არჩევანი“ ვერ შედგა.
ნავალნის ახალი არხი
ნავალნი ციხიდან აგრძელებს თავის ადვოკატებთან ურთიერთობას. ის თავის გუნდთან ერთად აპირებს დეზინფორმაციის/პროპაგანდის საწინააღმდეგო არხის შექმნას უახლოეს მომავალში.
საზოგადოებასთან „კომუნიკაცია“ საპატიმრო განაჩენის მეშვეობით
ციხეში ყოფნის პერიოდში ნავალნის დამატებითი ბრალდებები წაუყენეს არეულობის გაღვივებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი ნათლად გიჩვენებს რუსეთის სახელმწიფოს ყოვლისშემძლე ხასიათს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ნავალნის პატიმრობა ორმაგი დანიშნულებისაა. მას არა მხოლოდ სათამაშო მოედნიდან გაჰყავს რუსეთის წამყვანი ოპოზიციონერი უახლოეს მომავალში. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი დაუსაბუთებელი იყო ბრალდებები ნავალნის წინააღმდეგ, ეს ფაქტი ასევე მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთში უკვე საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ სამოქალაქო საზოგადოებასა და მის მხარდამჭერებს: თუ ვინმეს გაწევა გვსურს, ამის გაკეთება ყოველგვარი დასაბუთების გარეშეა შესაძლებელი.
რუსი საზოგადოებისთვის გაგზავნილი შეტყობინება გვახსენებს მიხაილ ხოდორკოვსკის 10 წელზე მეტი ხნით პატიმრობას 2000-იან წლებში. იმ პერიოდში მიზანს წარმოადგენდა მზარდი ბიზნეს-წრის პოლიტიკური როლის შეზღუდვა და გზავნილიც ხმამაღალი და მკაფიო იყო: არ გაეკაროთ პოლიტიკასა და ძალაუფლებას.
ბიზნესი უკვე კონტროლქვეშაა მოქცეული, ნავალნის პატიმრობა კი რუსეთის პოლიტიკურ სცენაზე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლთანაა დაკავშირებული. შეტყობინების აზრი კი იგივე რჩება: დაგვემორჩილეთ ან ციხეში მოხვდებით.
ევროკავშირი აგრძელებს ბატონი ნავალნის წინააღმდეგ წარმოებული დევნისა და გამოტანილი განაჩენის დაგმობას.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების წაკითხვა შეგიძლიათ აქ.
განახლება
ნავალნი და მისი გუნდი რუსი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში
25 იანვარს რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ალექსეი ნავალნი და მისი ორგანიზაციის 11 წევრი ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეეყვანა. ეს ადმინისტრაციული გადაწყვეტილება იყო და სასამართლოში არც კი განხილულა. აღნიშნული ნაბიჯის მიზანია კიდევ უფრო მეტად შეაფერხოს ნავალნის ანტიკორუფციული ორგანიზაციის მუშაობა და დე ფაქტო გაწყვიტოს მისი კავშირი რუს საზოგადოებასთან. ექსტრემისტული ორგანიზაციისთვის თანხის შეწირვის ან სხვა მხარდაჭერის აღმოჩენის გამო, პირს რვა წლამდე პატიმრობა შეიძლება შეეფარდოს.
სხვებთან ერთად სიაში შეყვანილია ახლო მრჩევლები: ლეონიდ ვოლკოვი და ივან ჟდანოვი (ორივე მათგანი სიაში უფრო ადრე მოხვდა), ლიუბოვ სობოლი, გეორგი ალბუროვი და სხვები. სიაში შეყვანილ პირებს შეიძლება ბრალი წარედგინოს ექსტრემისტული ან ტერორისტული ორგანიზაციის დაარსებისა და ხელმძღვანელობისთვის, რაც 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სიაში ყოფნა მძიმე ეკონომიკურ შეზღუდვებსაც გულისხმობს. ქვეყნის მასშტაბით სიაში 11,000-ზე მეტი ადამიანია შეყვანილი.
ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების სიას კურირებს ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახური.