პროკრემლისტური დეზინფორმაციის ძირითადი ნარატივები, ნაწილი 1: ელიტა ხალხის წინააღმდეგ

პროკრემლისტური დეზინფორმაციის გამორჩეული თვისება მისი განმეორებადობაა. თავიანთ ზღვარგადასულ მტკიცებებში პროკრემლისტური მედიასაშუალებები ჩახვეული ფირივით იმეორებენ შიდა და საერთაშორისო აუდიტორიებისთვის განკუთვნილ რამდენიმე ძირითად შეტყობინებას. ეს შემთხვევით ან დაუდევრობით არ მოსდით. ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებენ: გამეორება ტყუილს უფრო დამაჯერებელს ხდის. პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები ამ შედეგის მისაღწევად პერიოდულად ავრცელებენ ნარატივების ნაკრებს, რომელსაც შაბლონივით იყენებენ კონკრეტული შემთხვევებისთვის.
ნარატივი არის ზოგადი გზავნილი, რომელიც ვრცელდება ტექსტის, გამოსახულების, მეტაფორის თუ სხვა ფორმით. ნარატივები ხელს უწყობს შეტყობინების გადმოცემას, ქმნის დაძაბული მოლოდინის განცდას და ინფორმაციას უფრო მიმზიდველს ხდის. შესაძლებელია მოხდეს მათი კომბინირება ან შეცვლა მიმდინარე მოვლენებსა და გაბატონებულ განწყობებზე დაყრდნობით. ზოგი მათგანი უკვე რამდენიმე ასწლეულს ითვლის – „ძირგამომპალი დასავლეთის“ ნარატივის ვარიაციები მე-19 საუკუნიდან გვხვდება. EUvsDisinfo-მ გამოავლინა პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებების მიერ გამოყენებული ხუთი გაბატონებული ნარატივი და ასევე, კრემლის ზღაპრების ძირითადი შემადგენელი ელემენტები. ბევრჯერ ვიხილეთ ამ ძირითადი პროკრემლისტური სადეზინფორმაციო ნარატივების გამოყენების მაგალითები, მათ შორის, არჩევნებში ჩარევის მცდელობისას, კოვიდ-19-ის პანდემიის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომის გამართლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში და ა.შ.
მომდევნო კვირების განმავლობაში მოგაწვდით განახლებულ მიმოხილვას ყველაზე გავრცელებულ ხუთ დეზინფორმაციულ ნარატივზე, რომლებიც პერიოდულად ჩნდება რუსულ და პროკრემლისტურ სადეზინფორმაციო საშუალებებში. წარმოგიდგენთ პირველ მათგანს.
პროკრემლისტური დეზინფორმაციის პირველი ძირითადი ნარატივი: ელიტა ხალხის წინააღმდეგ
დიდი ხნის პოლიტიკური ისტორია აქვს იდეას იმის შესახებ, რომ ელიტა და მშრომელი ხალხი ერთმანეთისგან გათიშულია. ბევრი პოლიტიკოსი და პოლიტიკური მოძრაობა ამტკიცებს, რომ უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანის, იგივე ჩუმი უმრავლესობის ხმას წარმოადგენს კორუმპირებული და თვითკმაყოფილი ვიწრო წრის წინააღმდეგ, რომელიც პოლიტიკური პარტიების, კორპორაციებისა და მედიისგან შედგება. ეს ნარატივი კრემლის გამოგონება არაა, მაგრამ პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები ხშირად იყენებენ.
განტევების ვაცების დიდი არჩევანი
ეს ნარატივი ძალიან წარმატებული შეიძლება გახდეს, რადგან სამიზნე აუდიტორიას ნებისმიერი რამის გადასაბრალებლად სთავაზობს განტევების ვაცს: იქნება ეს ბანკირები, დიდი კორპორაციები, ებრაელები, ოლიგარქები, მუსლიმები თუ ბრიუსელის ბიუროკრატები… სია გრძელია. ამ ნარატივს რუსული სადეზინფორმაციო საშუალებები აქტიურად იყენებდნენ კოვიდ-19-ის პანდემიის განმავლობაში. მაგალითად, ბილ გეიტსს დააბრალეს, რომ თითქოს მან გამოიგონა კორონავირუსი და ანტივირუსულ ვაქცინებს „მიკროჩიპების“ ჩადგმისთვის იყენებდა.
ეს ნარატივი ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული შეთქმულების სხვადასხვა თეორიასთან. გავრცელებული დამახასიათებელი ნიშანია მტკიცება იმის შესახებ, რომ თითქოს არსებობენ საიდუმლო ელიტები: ოდიოზური მიზნების მქონე ჩრდილოვანი მმართველები და კულისებში მყოფი მეთოჯინეები. პანდემიის განმავლობაში დეზინფორმაციის შემოქმედებისთვის ეს ნარატივი მუშა, ეფექტური და კომფორტული შაბლონი აღმოჩნდა. EUvsDisinfo-ს ვებსაიტი თავს უყრის უამრავ მტკიცებას იმის შესახებ, რომ თითქოს ვირუსი ადამიანის მიერაა შექმნილი და მისი გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ზომები მხოლოდ „ელიტების“ ხელში არსებული მექანიზმებია, რომელთა გამოყენებითაც უბრალო ხალხის ცხოვრებას ანგრევენ.
პანდემიის გარდა, ეს ნარატივი გამოიყენეს 2016 წელს, „ბრექსიტის“ რეფერენდუმის წინა ღამით, როგორც ამას ადასტურებს „სპუტნიკის“ ორი სტატია: „ევროპას ემუქრება ევროკრატიის საფრთხე“ და „ვაფენ-ევროკავშირი“.
ანგლოსაქსები და უკრაინა
ნარატივი „ელიტა ხალხის წინააღმდეგ“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტშიც გამოიყენეს. პროკრემლისტურმა საშუალებებმა სცადეს რუსეთის შეჭრის წარმოჩენა „ანგლოსაქსურ“ შეთქმულებად, რომელიც სლავებს უპირისპირებს ერთმანეთს.
პროკრემლისტურ ენაზე „ანგლოსაქსები“ კრებსითი ტერმინია, რომელსაც დასავლეთის, კერძოდ, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შეურაცხყოფისთვის იყენებენ. მათი გადმოცემით, ანგლოსაქსები ცბიერი და სისხლმოწყურებული ხალხია, რომლებიც საძაგელ შეთქმულებებს ამზადებენ მსოფლიო ბატონობის მოსაპოვებლად. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ კონსპირაციული შეხედულებების შესაქმნელად. მას თან ახლავს „ცივილიზაციათა შეჯახების“ ელემენტი, რაც ხელს უწყობს დასავლეთის წარმოჩენას „სხვა“ მხარედ და იმ აზრის გაძლიერებას, რომ რუსეთი „განსხვავებულ ცივილიზაციას“ ეკუთვნის.
აქედან გამომდინარე, პროკრემლისტი პოლიტტექნოლოგების შეხედულებით, უკრაინაში გვაქვს დაპირისპირება (ანგლოსაქსურ) ელიტებსა და (სლავ) ხალხს შორის: ანგლოსაქსებს რუსეთთან კონფლიქტი სურთ ნებისმიერ ფასად, 2014 წელს მოაწყვეს დემოკრატიულ პროტესტად შენიღბული სახელმწიფო გადატრიალება, უკრაინის ჩართვა სურთ სლავების წინააღმდეგ მიმართულ ომში, უკრაინას ანტირუსულ ავანპოსტად იყენებენ და ა.შ.
გონების ხმად გამოცხადებული ტყუილები
ნარატივს „ელიტების ხალხის წინააღმდეგ“ დიდი, რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია აქვს. მისი გამავრცელებლები ამტკიცებენ, რომ გონების ხმას მიყვებიან, უფლებააყრილი მოქალაქეების სახელით გამოდიან და ხელისუფლებას სიმართლეს ეუბნებიან იმ ელიტების შესახებ, რომლებიც ნებისმიერ ფასად ცდილობენ „სიმართლის“ დამალვას.
„სიმართლე“ შეიძლება ეხებოდეს ფართო სპექტრის თემებს, მათ შორის, ომსა და მშვიდობას, მიგრაციას, ეკონომიკას, ხოლო სიმართლის დამმალავ და „დამნაშავედ“ გამოცხადებულ ელიტებს სტრატეგიულად არჩევენ სამიზნე აუდიტორიის უკმაყოფილებაზე კარგად მოსარგებად. მართლაც, ეს ნარატივი შეიძლება მოერგოს და მიესადაგოს, ერთი შეხედვით, უსაზღვრო რაოდენობის პრობლემას: „მიგრაციული კრიზისი დიდმა კორპორაციებმა შექმნეს იაფი მუშახელის მოსაზიდად“; „გლობალური დათბობის შესახებ მითს ბანკირები იყენებენ რეალური პრობლემებისგან საზოგადოების ყურადღების გადასატანად“; „უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომზე პასუხისმგებლები არიან საერთაშორისო კორპორაციები, ძირითადად, იარაღის მწარმოებლები“
საბოლოო ჯამში, ზედაპირულად თუ შევხედავთ, ნარატივი უბრალო ხალხის მიმართ თანაგრძნობითაა განმსჭვალული, მაგრამ სინამდვილეში მისი ფესვები ავტორიტარულია. გაკეთებული განცხადებების დასასაბუთებლად იშვიათად მოჰყავთ დამამტკიცებელი ფაქტები. კონსპირაციული აზროვნების პრინციპების გათვალისწინებით, თვითონ დამამტკიცებელი საბუთების არარსებობას იყენებენ ზოგჯერ მტკიცებულებად: „ნახეთ, როგორი გავლენა აქვთ ამ ელიტებს, შეთქმულების ყველა კვალს შლიან!“ როგორც წესი, ეს ნარატივი მკითხველისგან ასევე მოითხოვს მხოლოდ მთხრობლის სიტყვაზე ნდობას: „მენდეთ, მე ვიცი სიმართლე!“ სინამდვილეში, კონსპირაციულ შეხედულებებზე დაფუძნებული სხვა ნარატივების მსგავსად, ესეც აუდიტორიისგან მოითხოვს, რომ ინფორმაცია მიიღოს რწმენაზე და არა ფაქტებზე დაყრდნობით.
აქ შეგიძლიათ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ნარატივზე „ელიტები ხალხის წინააღმდეგ“. აქ შეგიძლიათ, წაიკითხოთ მეტი ანგლოსაქსების შესახებ.