პროკრემლისტური დეზინფორმაციის ძირითადი ნარატივები, ნაწილი 2: „საფრთხის ქვეშ მყოფი ღირებულებები“

პროკრემლისტური დეზინფორმაციის გამორჩეული თვისება მისი განმეორებადობაა. თავიანთ ზღვარგადასულ მტკიცებებში პროკრემლისტური მედიასაშუალებები ჩახვეული ფირივით იმეორებენ შიდა და საერთაშორისო აუდიტორიებისთვის განკუთვნილ რამდენიმე ძირითად შეტყობინებას. ეს შემთხვევით ან დაუდევრობით არ მოსდით. ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებენ: გამეორება ტყუილს უფრო დამაჯერებელს ხდის. პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები ამ შედეგის მისაღწევად პერიოდულად ავრცელებენ ნარატივების ნაკრებს, რომელსაც შაბლონივით იყენებენ კონკრეტული შემთხვევებისთვის.
ნარატივი არის ზოგადი გზავნილი, რომელიც ვრცელდება ტექსტის, გამოსახულების, მეტაფორის თუ სხვა ფორმით. ნარატივები ხელს უწყობს შეტყობინების გადმოცემას, ქმნის დაძაბული მოლოდინის განცდას და ინფორმაციას უფრო მიმზიდველს ხდის. შესაძლებელია მოხდეს მათი კომბინირება ან შეცვლა მიმდინარე მოვლენებსა და გაბატონებულ განწყობებზე დაყრდნობით. ზოგი მათგანი უკვე რამდენიმე ასწლეულს ითვლის – „ძირგამომპალი დასავლეთის“ ნარატივის ვარიაციები მე-19 საუკუნიდან გვხვდება. EUvsDisinfo-მ გამოავლინა პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებების მიერ გამოყენებული ხუთი გაბატონებული ნარატივი და ასევე, კრემლის ზღაპრების შემადგენელი ძირითადი ელემენტები. ბევრჯერ ვიხილეთ ამ ძირითადი პროკრემლისტური სადეზინფორმაციო ნარატივების გამოყენების მაგალითები, მათ შორის, არჩევნებში ჩარევის მცდელობისას, კოვიდ-19-ის პანდემიის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომის გამართლებისკენ მიმართულ ძალისხმევაში და ა.შ.
წარმოგიდგენთ განახლებულ მიმოხილვას ყველაზე გავრცელებულ ხუთ დეზინფორმაციულ ნარატივზე, რომლებიც პერიოდულად ჩნდება რუსულ და პროკრემლისტურ სადეზინფორმაციო საშუალებებში. ეს მეორე ნაწილია. ნაწილი 1: „ელიტები ხალხის წინააღმდეგ“ შეგიძლიათ, იხილოთ აქ.
ნარატივი ნომერი 2: „საფრთხის ქვეშ მყოფი ღირებულებები“
„საფრთხის ქვეშ მყოფი ღირებულებების“ ნარატივს თემების ფართო სპექტრს არგებენ და როგორც წესი, დავის საგნად ხდიან დასავლეთის პოზიციას ქალების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და ლგბტქი+ ჯგუფების უფლებებთან დაკავშირებით. პროკრემლისტი კომენტატორები დასავლეთის ეგრეთწოდებულ „ზნეობრივ გახრწნასა“ და „გარყვნილ შეხედულებებს“ დასცინიან. საპირისპიროდ კი, რუსეთი და მართლმადიდებლური ქრისტიანობა გამოჰყავთ ტრადიციული ღირებულებების ჭეშმარიტ დამცველებად, როგორც ამას ოფიციალური რუსული სარეკლამო ვიდეო გვიჩვენებს.
ამ ნარატივის მიხედვით, „განაზებული დასავლეთი“ რეგრესის, ფემინიზმისა და „პოლიტიკური კორექტულობის“ ქვეშ ლპება და თან საკუთარ ეკონომიკას ანადგურებს, ხოლო რუსეთი ტრადიციული მამაშვილური ღირებულებების განსახიერებაა. ეს ნარატივი ასახულია 2015 წლის კარიკატურაში, რომელიც ახალი ამბების რუსულმა სახელმწიფო სააგენტომ, „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა და ევროპის ზნეობრივ გახრწნას გვიჩვენებს: ჰიტლერიდან სქესობრივ გადახრებამდე და მომავლის ცოფიან აფთრებამდე.
თვითონ კრემლიდან ასხივებს იდეა „ძირგამომპალი დასავლეთის“ შესახებ, რომელსაც წესიერებისა და ზნეობის „დამცველი“ რუსეთი უპირისპირდება. საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ჯერ კიდევ 2013 წელს დაიკავა პუტინმა ეს პოზიცია და „ევროატლანტიკური“ ქვეყნები დაგმო ზნეობრივი დაცემისა და გარყვნილების გამო.
განხილვის თემაა სქესი…
პროკრემლისტურმა მედიამაც იგივე გზა აირჩია. რუსეთის სახელმწიფო მაუწყებელმა, „სპუტნიკმა“ დასავლური მასობრივი კულტურა აღწერა, როგორც „პედოფილიის სხვადასხვა ფორმა“. არაბულ ენაზე მაუწყებელი პროკრემლისტური მედიასაშუალებები ამტკიცებდნენ, რომ თითქოს დასავლეთი ისეთი ძირითადი ღირებულებების დანგრევას ცდილობს, როგორიცაა სახელმწიფო და ოჯახი. სომხეთში პროკრემლისტური სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთი უცხო ზნეობრივ საფუძვლებს „ნერგავს“ სხვა სახელმწიფოების ეროვნული იდენტობების ძირგამოსათხრელად. ამ ნარატივის მიხედვით, კრემლი არა მხოლოდ ახერხებს ელემენტარული წესიერებისა და ღირებულებების „შენარჩუნებას“, არამედ დასავლეთიდან წამოსული უზნეობის შემოტევისგანაც იცავს მათ.
საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით:
„ჭკვიანური პროპაგანდისტული ხრიკი გამოდგა ბოროტი დასავლეთის იმიჯის დამკვიდრება სოციალ-კონსერვატიული და ანტიდასავლური პოზიციის შერწყმის გზით. ამგვარად, დასავლეთი და მედასავლეთეები, გეები, ლიბერალები, თანამედროვე ხელოვანები და მათი თაყვანისმცემლები, ისინი, ვინც სათანადო პატივისცემით არ იყვნენ განმსჭვალული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ და ისინი, ვინც რუსეთის უზადო ისტორიაში ეჭვის შეტანას ბედავდნენ, ყველა ერთბაშად გამოაცხადეს „განუყოფელ ბოროტებად“ და საფრთხედ რუსეთის, მისი კულტურის, ღირებულებებისა და თვით ეროვნული იდენტობისთვის.
ჰომოფობია მჭიდროდაა დაკავშირებული ტრადიციული ღირებულებების დაცვის პრეტენზიასთან. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ რუსეთის სახელმწიფო
მედია ამდენ დროს უთმობს, მაგალითად, სქესობრივი უმცირესობების უფლებების მასხრად აგდებას, როგორც ამას შემდეგი მაგალითები გვიჩვენებს. ასევე, ბოლო დროს პროკრემლისტურმა მედიასაშუალებებმა ჰომოფობიური ტროპების გამოყენება დაიწყეს უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების შეურაცხყოფისთვის.
პროკრემლისტური მედიასაშუალებები განსაკუთრებულ აღფრთოვანებას არ მალავენ, როცა ერთი გასროლით ორ კურდღელს კლავენ: ყოვლისშემძლე ევროკავშირს ტირანიაში ადანაშაულებენ იმის გამო, რომ ის თითქოს ცალკეული ქვეყნებისგან თავიანთი ღირებულებების გაუქმებას ან განადგურებას ითხოვს. ამის მაგალითია ერთი მანიპულაციური და დამახინჯებული ამბავი „ევროპული პარლამენტი კრძალავს სიტყვებს „დედა“ და „მამა“.
საღი აზრი
ღირებულებებზე დაფუძნებული დეზინფორმაციული ნარატივები, როგორც წესი, კონცენტრირებულია საფრთხის ქვეშ მყოფ ისეთ ცნებებზე, როგორიცაა „ტრადიცია“, „წესიერება“ და „საღი აზრი“. ყველა ამ ტერმინს დადებითი კონოტაცია აქვს, მაგრამ მკაფიო განსაზღვრება იშვიათად მოეძებნება.
ნარატივი ქმნის ჩარჩოს „ჩვენ და ისინი“, რომლის მიხედვით, ტრადიციული ღირებულებების მატარებელ ხალხს ახლა საფრთხეს უქმნიან ისინი, ვინც მათ ეწინააღმდეგებიან და ზნეობრივად გახრწნილი დისტოპიის ჩამოყალიბებას ცდილობენ. რუსულმა და პროკრემლისტურმა სადეზინფორმაციო საშუალებებმა ამ ნარატივის სხვადასხვა ვარიანტი გაავრცელეს შვედეთში 2018 წელს ჩატარებული საყოველთაო არჩევნების ფონზე. ნიმუშები შეგიძლიათ, იხილოთ აქ და აქ. რუსულენოვან მედიასაშუალებებში, როგორიცაა სანქტ-პეტერბურგის საქვეყნოდ შერცხვენილი ტროლების ქარხნის სააგენტო „რიაფანი“, ამ ნარატივის სტილი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა: „როგორ გამოიყურება ძლევამოსილი ტოლერანტობის ქვეყანა: გეებისა და ლესბოსელების დიქტატურა, ქალებისა და კაცების ჩაგვრა, რუსოფობია და შიში“.
ღირებულებათა დასავლური მოდელი უპირატესობას ანიჭებს ისეთ უფლებებს, როგორიცაა პიროვნების ხელშეუხებლობა, უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება. ამის საპირისპიროდ, ღირებულებათა რუსული სისტემა მოიცავს კოლექტიური ნორმების ნაკრებს, რომელსაც ყველა ადამიანი უნდა დაემორჩილოს.
მიუხედავად ამისა, ყოველთვის მორალური აღმატებულობის პოზიციიდან ისმის „საფრთხეში მყოფი ღირებულებების“ ნარატივი, რომლის თანახმად, წესიერებისა და ტრადიციონალიზმის ერთგული ჩუმი უმრავლესობა ლიბერალური „ტირანიის“ თავდასხმის ქვეშაა. სამიზნე აუდიტორიას მოუწოდებენ, კრემლის დროშის ქვეშ შეუერთდნენ გმირების რიგებს, რომლებიც მამაცურად იბრძვიან ოჯახური ღირებულებების, ტრადიციული ქრისტიანობისა და სიწმინდისთვის.
აქ შეგიძლიათ, წაიკითხოთ მეტი „საფრთხის ქვეშ მყოფი ღირებულებების“ შესახებ.