პროკრემლისტური დეზინფორმაციის ძირითადი ნარატივები, ნაწილი 3: „დაკარგული სუვერენიტეტი“

პროკრემლისტური დეზინფორმაციის დამახასიათებელი თვისება მისი განმეორებადობაა. თავიანთ ზღვარგადასულ მტკიცებებში პროკრემლისტური მედიასაშუალებები ჩახვეული ფირივით იმეორებენ შიდა და საერთაშორისო აუდიტორიებისთვის განკუთვნილ რამდენიმე ძირითად შეტყობინებას. ეს შემთხვევით ან დაუდევრობით არ მოსდით. ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებენ: გამეორება ტყუილს უფრო დამაჯერებელს ხდის. პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები ამ შედეგის მისაღწევად პერიოდულად ავრცელებენ ნარატივების ნაკრებს, რომელსაც შაბლონივით იყენებენ კონკრეტული შემთხვევებისთვის.
ნარატივი არის ზოგადი გზავნილი, რომელიც ვრცელდება ტექსტის, გამოსახულების, მეტაფორის თუ სხვა ფორმით. ნარატივები ხელს უწყობს შეტყობინების გადმოცემას, ქმნის დაძაბული მოლოდინის განცდას და ინფორმაციას უფრო მიმზიდველს ხდის. EUvsDisinfo-მ გამოავლინა პროკრემლისტური და რუსული სადეზინფორმაციო საშუალებების მიერ გამოყენებული ხუთი გაბატონებული ნარატივი. ბევრჯერ ვიხილეთ მათი გამოყენების შემთხვევები: მაგალითად, არჩევნებში ჩარევის მიზნით, კოვიდ-19-ის პანდემიის შესახებ ტყუილების გასავრცელებლად და უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომის გასამართლებლად.
ამ ზაფხულს ნარატივების განახლებულ მიმოხილვას გთავაზობთ. ქვემოთ წარმოგიდგენთ მესამე ნაწილს, „დაკარგული სუვერენიტეტის“ ნარატივს. შეგიძლიათ, ასევე გაეცნოთ ადრე გამოქვეყნებულ ნარატივებს: „ელიტები ხალხის წინააღმდეგ“ და „საფრთხეში მყოფი ღირებულებები“.
ნარატივი ნომერი 3: „დაკარგული სუვერენიტეტი“
რუსულ და პროკრემლისტურ დეზინფორმაციულ წყაროებს უყვართ იმის მტკიცება, რომ თითქოს ზოგ ქვეყანას უკვე დაკარგული აქვს ნამდვილი სუვერენიტეტი. ჯერ კიდევ 2015 წელს რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ კარიკატურისტმა სურათით გამოხატა ეს იდეა: ძია სემი გაზის ღუმელს ახურებს და ზემოთ-ქვემოთ ხტუნვას აიძულებს ევროპელებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ.

ილუსტრაციის ორიგინალი: „რია ნოვოსტი“
მას შემდეგ პროკრემლისტურ მედიასაშუალებებში მრავალჯერ გავრცელდა ამ ნარატივის ვარიაციები: მაგალითად, თითქოს უკრაინას უცხოელები მართავენ, ხოლო ბალტიის ქვეყნები სინამდვილეში ქვეყნები არ არიან. პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები ასევე ამტკიცებენ, რომ ნატოში შესვლით ფინეთი და შვედეთი მალე სუვერენიტეტს დაკარგავენ და ისინი უცხოეთის (აშშ-ის, ნატოს) ძალდატანებით მოქმედებენ. ამ ნარატივის მაგალითები უხვად მოიპოვება: ევროკავშირს ვაშინგტონი მართავს, იაპონია ვასალური სახელმწიფოა, გერმანია ოკუპირებული ტერიტორიაა, უკრაინაში გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის ნაცვლად აშშ იღებს და ა.შ.
პროკრემლისტური მედიასაშუალებები სპეციფიკურ ტერმინებსაც კი იყენებენ „არასუვერენული“ ქვეყნების აღსაწერად: „ლიმიტროფები“, ანუ მოსაზღვრე ტერიტორიები, რომლებიც თავიანთ ბატონებს მონურად ემორჩილებიან. პროკრემლისტური პროპაგანდისტული მედიასაშუალება „რუბალტიკის“ პოლონური გამოცემა გვიხსნის:
„არსებობენ ნამდვილი ქვეყნები, რომლებსაც ყველა სახელმწიფო ფუნქციის განხორციელება შეუძლიათ და ასევე, არსებობს გეოპოლიტიკური ნაგავი, ანუ ფიქციური ქვეყნები, რომლებსაც სახელმწიფოებრიობის ფორმალური ატრიბუტები აქვთ, მაგრამ ნამდვილ ქვეყნებს არ წარმოადგენენ. ასეთი ქვეყნების რიცხვშია პოსტსაბჭოთა ლიმიტროფები, რომლებიც რუსეთს დასავლეთისგან ყოფენ. ამ ქვეყნების ფსევდოელიტებს არ შეუძლიათ სათანადო პასუხის გაცემა არცერთი სერიოზული ისტორიული გამოწვევისთვის, როგორიცაა მაგალითად, მიგრაციული კრიზისის დაძლევა, საზღვრის დაცვა და ეპიდემიასთან გამკლავება. ისინი მუდმივად დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებს სთხოვენ დახმარებას, რადგან დამოუკიდებლად არ შეუძლიათ პრობლემების მოგვარება. ამ ქვეყნებს მარიონეტები მართავენ – მათი შესაძლებლობები იწურება „რუსეთის შეჩერებაზე“ საუბრით და ანტირუსულ რეზოლუციებზე ხმის მიცემით ევროკავშირსა და გაეროში.“
საბოლოო ჯამში, „დაკარგული სუვერენიტეტის“ ნარატივი ძალის გამოცლის ნარატივია და დემოკრატიის საფუძვლების შერყევას ისახავს მიზნად. რატომ უნდა აღელვებდეს ვინმეს დემოკრატიული პროცესები და არჩევნები, თუ ქვეყანას გავლენიანი უცხოელები მართავენ?
ამის საპირისპიროდ, პროკრემლისტური მედიასაშუალებების აზრით, ნამდვილი სუვერენიტეტი მხოლოდ რუსეთის კონტროლქვეშ მიიღწევა.
ხალხს დამოუკიდებელი პოლიტიკური ნება არ აქვს
„დაკარგული სუვერენიტეტის“ ნარატივთან მჭიდროდაა დაკავშირებული პროკრემლისტური დეზინფორმაციული გზავნილები ეგრეთწოდებული „ფერადი რევოლუციების“ შესახებ. ამ გზავნილების მიხედვით, სოციალური ვნებათაღელვა ან პოლიტიკური საპროტესტო აქციები გავლენიანი გარე ძალების (ანუ, დასავლეთის) მიერაა ორკესტრირებული და მოქალაქეების აქტივიზმსა თუ უკმაყოფილებას არასდროს გამოხატავს. მაგალითები ბევრია და იწყება 2013-2014 წლებში გამართული „ევრომაიდანის“ საპროტესტო აქციებიდან, როცა პროკრემლისტურმა მედიასაშუალებებმა არასწორად დაადანაშაულეს აშშ-ის ხელისუფლება სახალხო საპროტესტო აქციების დადგმაში.
კრემლი ქედმაღლურად უარყოფს სხვა ხალხების დამოუკიდებელ პოლიტიკურ ნებასა და მისწრაფებებს და ხშირად ასე მალავს შესაბამისი ქვეყნისა თუ ხალხის მიმართ იმპერიალისტურ დამოკიდებულებას. კრემლი ვერ იაზრებს თავისუფალი ნების ცნებას და მის ნაცვლად კონსპირაციულ აზროვნებას ირჩევს – „საღ გონებაზე მყოფმა ადამიანმა რატომ უნდა მოინდომოს რუსეთისგან დისტანცირება?“ ამის მიზეზი მხოლოდ ანგლოსაქსების მეთაურობით განხორციელებული მანიპულაცია შეიძლება იყოს“. გასაკვირი არაა, რომ კრემლის თვალთახედვით, ევროკავშირსაც ანგლოსაქსები აკონტროლებენ.
უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრა
„დაკარგული სუვერენიტეტის“ ნარატივი მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძვლებისადმი ნდობის დაკარგვას და საბოლოო ჯამში, მათ მოშლას. მან ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პროკრემლისტური მედიასაშუალებებისთვის, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამართლებას ცდილობენ. ერთ-ერთი სამარცხვინო მაგალითია რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს „ლენინმა შექმნა უკრაინა“ (ეს აზრი დიდი ხნის განმავლობაში ცირკულირებდა პროკრემლისტურ სადეზინფორმაციო ეკოსისტემაში).
უკრაინის კონტექსტში „დაკარგული სუვერენიტეტის“ პროკრემლისტურმა ნარატივმა კიდევ უფრო მავნე, იმპერიალისტური ხასიათი შეიძინა. ის არა მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოებრიობას უარყოფს, არამედ თვით მის არსებობასაც: „უკრაინის სახელმწიფოს აქამდე არასდროს უარსებია“. „ნაცისტური უკრაინის“ მითთან ერთად, ეს ნარატივი ერთ-ერთი მთავარი დეზინფორმაციული ტროპია, რომლითაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამართლებას ცდილობენ. მსგავს დეზინფორმაციულ ნარატივებში შედის იმის მტკიცება, რომ თითქოს უკრაინელები, რუსები და ბელარუსები „ერთი ერია“ და უკრაინა დეზინტეგრაციის ზღვარზეა.
აქ შეგიძლიათ, უფრო დეტალურად გაეცნოთ „დაკარგული სუვერენიტეტის“ ნარატივს.