Read this article in EN RU IT ES FR DE PL BY HY AZ UA RO KA

პროკრემლისტური დეზინფორმაციის ძირითადი ნარატივები, ნაწილი 4: „გარდაუვალი კოლაფსი“

აგვისტო 21, 2022

პროკრემლისტური დეზინფორმაციის დამახასიათებელი თვისება მისი განმეორებადობაა. თავიანთ ზღვარგადასულ მტკიცებებში პროკრემლისტური მედიასაშუალებები ჩახვეული ფირივით იმეორებენ შიდა და საერთაშორისო აუდიტორიისთვის განკუთვნილ რამდენიმე ძირითად შეტყობინებას. ეს შემთხვევით ან დაუდევრობით არ მოსდით. ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებენ: გამეორება ტყუილს უფრო დამაჯერებელს ხდის. პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები ამ შედეგის მისაღწევად პერიოდულად ავრცელებენ ნარატივების ნაკრებს, რომელსაც შაბლონივით იყენებენ კონკრეტული შემთხვევებისთვის.

ნარატივი არის ზოგადი გზავნილი, რომელიც ვრცელდება ტექსტის, გამოსახულების, მეტაფორის თუ სხვა ფორმით. ნარატივები ხელს უწყობს შეტყობინების გადმოცემას, ქმნის დაძაბული მოლოდინის განცდას და ინფორმაციას უფრო მიმზიდველს ხდის. EUvsDisinfo-მ გამოავლინა პროკრემლისტური და რუსული სადეზინფორმაციო საშუალებების მიერ გამოყენებული ხუთი გაბატონებული ნარატივი. ბევრჯერ ვიხილეთ მათი გამოყენების შემთხვევები: მაგალითად, არჩევნებში ჩარევის მიზნით, კოვიდ-19-ის პანდემიის შესახებ ტყუილების გასავრცელებლად და უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომის გასამართლებლად.

ამ ზაფხულს ნარატივების განახლებულ მიმოხილვას გთავაზობთ. ქვემოთ წარმოგიდგენთ მეოთხე ნაწილს, „გარდაუვალი კოლაფსის“ ნარატივს. შეგიძლიათ, ასევე გაეცნოთ ადრე გამოქვეყნებულ ნარატივებს: „ელიტები ხალხის წინააღმდეგ“, „საფრთხის ქვეშ მყოფი ღირებულებები“, და „დაკარგული სუვერენიტეტი“.

ნარატივი ნომერი 4: „გარდაუვალი კოლაფსი“

არისტოტელეს რიტორიკაში ცნება „კაიროსი“ მოქმედების გადაუდებლობის განცდას აღწერს. ორატორები ხშირად იყენებენ ამ ცნებას, როცა ხალხს მიმართავენ: იმოქმედეთ ახლავე, სანამ გვიანი არაა! პროკრემლისტური დეზინფორმაციის კონტექსტში ამ ფუნქციას „გარდაუვალი კოლაფსის“ ნარატივი ასრულებს.

რუსული და პროკრემლისტური სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები რეგულარულად იყენებენ ამ ნარატივს. ამის მაგალითებია: ევროკავშირი კოლაფსის ზღვარზეა, აშშ ინგრევა, ნატო იშლება, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ბლოკის კოლაფსს გამოიწვევს, და ფინანსური სისტემა ირღვევა.

კრემლის პროპაგანდის მიხედვით, ამ მოჩვენებით კოლაფსს ხელს უწყობს სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, „რია ნოვოსტის“ კარიკატურისტი ევროპაში არსებულ ტერორიზმს გვიხატავს შხამიან მორიელად, რომელიც ევროპელებმა უნებლიეთ ჩაისვეს ჯიბეში.

ილუსტრაციის ორიგინალი: „რია ნოვოსტი“

ძველი ამბავი

რუსეთს უკვე ერთ საუკუნეზე მეტია ევროპის გარდაუვალი კოლაფსის წინათგრძნობა აწუხებს. იმის მტკიცება, რომ ევროპისა თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები „სამოქალაქო ომის ზღვარზე“ იმყოფებიან ისევე ეფექტურად მუშაობდა 2019 წელს, როგორც 1919-ში.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები თავიანთ ადგილობრივ აუდიტორიას კვებავენ უამრავი ზღაპრით იმის შესახებ, თუ როგორი საშინელია ცხოვრება ევროპაში, რომელიც თითქოს მოიცვა არეულობამ, ძალადობამ, სიღარიბემ, პოლიტიკურმა ექსტრემიზმმა და ა.შ. ამ ყველაფერს რუსეთში მცხოვრები ხალხის დასამშვიდებლად იყენებენ: რუსეთი ხომ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ნამდვილად არაა გარდაუვალი კოლაფსის ზღვარზე.

„გარდაუვალი კოლაფსი“ პროდუქტიული ნარატივია, რომელიც, როგორც წესი, ფართო გამოხმაურებას იღებს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო სამიზნე აუდიტორიებში მიუხედავად იმისა, რომ არც სამოქალაქო ომი მომხდარა ევროკავშირში და არც ევროპა დაშლილა. ბევრი მაჩვენებლით, ბლოკის აღმავლობა გრძელდება.

თუმცა, ამ ნარატივისგან განსაკუთრებით დაუცველია ის სამიზნე აუდიტორიები, რომლებსაც ამა თუ იმ დასაბუთებული თუ დაუსაბუთებელი მიზეზების გამო, უკვე ეშინიათ თავიანთი ქვეყნებში პოლიტიკური და სოციალური არეულობის დაწყების.

ამგვარად, ეს ნარატივი განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს ნამდვილი პოლიტიკური გამოწვევების დროს, იქნება ეს 2015 წლის მიგრაციული კრიზისი, პანდემია თუ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა, რომელიც ახლაც გრძელდება.

ფინალური ბრძოლა

ევროპის ქვეყნების მთავრობებს, რასაკვირველია, სერიოზული პრობლემები შეუქმნა მიგრანტების უზარმაზარმა ნაკადმა, მაგრამ რუსულმა და პროკრემლისტურმა მედიასაშუალებებმა მაქსიმალურად მუქი ფერები და აპოკალიფსური ტერმინოლოგია გამოიყენეს მდგომარეობის აღსაწერად და კრიზისი სისტემურ კოლაფსად წარმოაჩინეს. რა თქმა უნდა, სისტემას არაფერი მოსვლია, მაგრამ კრემლის ლექსიკონიდან მაინც არ ქრება კოლაფსის ცნება.

2020 წლის მარტში კოვიდ-19-ის აფეთქების საწყის ეტაპზე ნაციონალისტი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი დიდი აღტყინებით აკვირდებოდა დასავლური დემოკრატიების ეგრეთწოდებულ კოლაფსს:

მსოფლიო კაპიტალისტური სისტემა ეგრევე ჩამოიშალა. ეს ჯერ კიდევ ყველამ ვერ გაიაზრა. მაგრამ მალე მიხვდებიან. ეს ნიშნავს, რომ ჩამოიშალა თვით ლიბერალური გლობალიზმის არსი და სამყარო, რომელშიც ცხოვრობდნენ ოფისებში დასაქმებულები და კოსმეტიკის სფეროს ბლოგერები, ტრანსგენდერი ადამიანები და კლიმატის დაცვისთვის მებრძოლი აქტივისტები, ადამიანის უფლებების დამცველები და ჰიპსტერები, მიგრანტები და ფემინისტები.

იგივე მიდგომა გამოიყენეს რუსულმა და პროკრემლისტურმა მედიასაშუალებებმა საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების გაშუქებისას. მთავრობისა და პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილების გამოხატვის უფლება დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და მშვიდობიანი პროტესტის უფლებით ნებისმიერი ევროპული ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ. „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა და უკმაყოფილების გამოხატვის სხვა მსგავსი ფორმები ევროპული დემოკრატიული ტრადიციის ნაწილია. ისინი წარმოადგენს არა სისტემის ჩამოშლის დამადასტურებელ საბუთს, არამედ თვითგანახლების უნარს.

წინასწარმეტყველებებში განცდილი კრახის მიუხედავად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ წყდება პროკრემლისტური ფანტაზიები „მოწინააღმდეგეების“ გარდაუვალი კოლაფსის შესახებ. პროკრემლისტური სადეზინფორმაციო მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი უბრალოდ დასავლეთის ხრიკია, რომელიც „გლობალური კაპიტალიზმის გარდაუვალი კოლაფსის “ გადავადებას ისახავს მიზნად.

„გარდაუვალი კოლაფსის“ ნარატივს ზოგჯერ ასევე იყენებენ თითქოსდა ევროპული მორალური ღირებულებებისა და ტრადიციების მოშლის გამო წუხილის გამოსახატად. მაგალითად, რუსული და პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები ევროპაში ბავშვთა უფლებების დაცვას ოჯახურ ღირებულებებზე თავდასხმად წარმოაჩენენ. მათი ბრალდებების არსი ერთი წინადადებით ასე შეიძლება გადმოიცეს: ევროპა კვდება, რადგან წესიერებასა და მორალზე თქვა უარი.

თუმცა, ევროპის სიკვდილის შესახებ ცნობები ნამდვილად გაზვიადებულია. ეგზისტენციალური კოლაფსი არ შეიძლება ეწოდოს ეკონომიკური ტურბულენტობის დაძლევას, გლობალურ პანდემიასთან გამკლავებას ან ცხელ პოლიტიკურ ლანდშაფტს.

აქ შეგიძლიათ, წაიკითხოთ მეტი „გარდაუვალი კოლაფსის“ შესახებ.