პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები ვიკიპედიის სტატიების წყაროებში

Embed

კრემლი აგრძელებს გარე სამყაროსგან რუსეთის მოსახლეობის იზოლირებას და ართმევს მას სანდო ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, განსაკუთრებით კი ვიკიპედიას ემუქრება. რუსეთის მედია-მარეგულირებელი „როსკომნადზორი“ ამტკიცებს, რომ ვიკიპედია გახდა „რუსების წინააღმდეგ მუდმივი თავდასხმების ახალი ხაზი“ და მისი სტატიები პოპულარიზაციას უწევს „მოვლენების ანტირუსულ ინტერპრეტაციას“. რუსეთში ვიკიპედიის მომავალი ჰაერშია გამოკიდებული, მაგრამ ჯერჯერობით ონლაინ-ენციკლოპედია ხელმისაწვდომია.

ვიკიპედია ჩვენი დროის ერთ-ერთი საოცრებაა. გაკვირვებას იწვევს ვიკიპედიის ზრდის სიჩქარე და მასშტაბი. 2021 წელს, დაარსებიდან 20 წლის თავზე მასში გამოქვეყნებული იყო 55 მილიონზე მეტი სტატია 300-ზე მეტ ენაზე. მასშტაბურია არა მხოლოდ მისი შიგთავსი, არამედ ჩართულობა მსოფლიოს მასშტაბით: მე-10 ადგილი Alexa-ს რეიტინგის მიხედვით. ვიკიპედიის გვერდები რეგულარულად იკავებს წამყვან ადგილებს Google-ის საძიებო შედეგებში პრაქტიკულად ნებისმიერ თემაზე. ყველაზე დიდ გაოცებას იწვევს შემდეგი ფაქტი: მეტწილად ეს შედეგი მიიღწევა მილიონობით მოხალისე ავტორის წყალობით, რომლებიც ენციკლოპედიას უფასოდ არედაქტირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედია თავის სფეროში ყველაზე დიდ რესურსად რჩება, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ვიკიპედიის მოწყვლადობაზე საინფორმაციო მანიპულაციის მხრივ. ზოგი ამტკიცებს, რომ ვიკიპედია ყალბი ინფორმაციისა და დეზინფორმაციისგან ყველაზე მეტად დაცული სოციალური პლატფორმაა. ეს შეიძლება მართლაც ასე იყოს, თუ გავითვალისწინებთ სამუშაოს ორგანიზებასა და სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება Facebook-გან, YouTube-გან, Twitter-გან, TikTok-ისა და სხვებისგან.

თუმცა, თანამშრომლობაზე დაფუძნებული ვიკიპედიის სტრუქტურა იდეალური არ არის. რედაქტირების მხრივ იერარქიის არარსებობა ხშირად იწვევს რედაქტორებს შორის კონფლიქტს, რომელსაც სხვანაირად რედაქტორების ომსაც უწოდებენ. ომი ხშირად ჩაღდება კეთილსინდისიერ რედაქტორებს შორის, რომლებიც უბრალოდ წყობილებიდან გამოდიან მგრძნობიარე საკითხის გამო. ვიკიპედიაში სპეციალური გვერდიც კი არის, სადაც წარმოდგენილია „ყველაზე სულელური ომები რედაქტორებს შორის“. მისი მიზანია რედაქტორების ომის უაზრო, მაგრამ გულკეთილი ბუნების ჩვენება.

მიუხედავად ამისა, რედაქტორები ყოველთვის კეთილსინდისიერად არ იქცევიან. პლატფორმის ღიაობის ბოროტად გამოყენების უახლესი მაგალითია ჩინურენოვანი ვიკიპედიის ინფილტრაცია, რომელსაც „ფონდი ვიკიმედია“ თითქმის ერთი წელი იძიებდა. ამასთან ერთად, არსებობს „რედაქტირება შურისძიების მიზნით“ — მცდარი, მიკერძოებული და მადისკრედიტირებელი შიგთავსის ჩასმა სტატიებში, განსაკუთრებით, ცოცხალი ხალხის ბიოგრაფიებში.

სანქცირებული ობიექტებიდან ვიკიპედიის წყაროების ბმულებამდე

როგორც უნებური მცდარი ინფორმაციის, ისე მიზანმიმართული დეზინფორმაციის მიმართ ვიკიპედიის მოწყვლადობის უკეთ გასაგებად წინა წელს ჩავატარეთ საპილოტე კვლევა, რომელშიც ძირითადი ყურადღება დაეთმო ოთხ ცნობილ პროკრემლისტურ სადეზინფორმაციო საშუალებას. ესენია: SouthFront, NewsFront, InfoRos და „სტრატეგიული კულტურის ფონდი“. ოთხივე მათგანი დაკავშირებულია რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან და სანქცირებულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ 2020 წელს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო.

დასკვნების წარმოდგენამდე მოკლედ გაგაცნობთ მეთოდოლოგიას. კვლევა მიზნად ისახავდა სამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას. პირველ რიგში, რა პოტენციურ ზიანს იწვევს არჩეული სადეზინფორმაციო საშუალებების მითითება? მეორეც, ამ საშუალებების ბმულები განზრახ არის მითითებული თუ უბრალო დაუდევრობით? მესამეც, რა პოტენციური საშუალებები არსებობს ასეთი ბმულების გავლენის შესამცირებლად?

პირველ ეტაპზე მოხდა ვიკიპედიის იმ სტატიების მაქსიმალური რაოდენობის იდენტიფიცირება და შეგროვება, რომლებიც საკვლევ დომენებს იმოწმებდა. ამისთვის გამოვიყენეთ შემდეგი წყაროები: თვითონ ვიკიპედიის საძიებო სისტემა, სხვა საძიებო სისტემები (Google, Bing, Seznam) და უკუბმულების მონაცემთა ბაზები (Semrush, BuzzSumo). ამის შემდეგ შევაგროვეთ და დავამუშავეთ ყველა სტატიის შესწორებების ისტორია, გამოვავლინეთ შესწორებები, რომლებშიც ბმულები დამატებული ან წაშლილი იყო. დაბოლოს, მონაცემები დამატებით დავამუშავეთ, რომ დაგვემატებინა აგრეგირებული მაჩვენებლები (მაგ., მითითებების მიმდინარე რაოდენობა თითოეული სტატიისა და უნიკალური სამიზნე URL-მისამართისთვის).

შედეგები

წინასწარ იდენტიფიცირებულ სტატიებში შეტანილი ათიათასობით შესწორების გაანალიზების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, ოთხი საკვლევი სადეზინფორმაციო საშუალება დამოწმების მიზნით გამოყენებული იყო მინიმუმ 625 სტატიაში და რაღაც მომენტში არაუმცირეს 690 სტატიაში ჩანდა. განსახილველი სტატიების უმეტესობა იმოწმებს ვებსაიტს southfront.org (57%), რომელსაც მოსდევს news-front.info (27%).

რაც შეეხება თემებს, გამოყოფილი სტატიების უმეტესობა დაკავშირებული იყო შუა აღმოსავლეთში არსებულ კონფლიქტებთან. სტატიებში გვხვდებოდა ისეთი საკვანძო სიტყვები, როგორიცაა „სირია/სირიელი“, „შეტევა“, „(სამოქალაქო) ომი“ და ასევე, „რუსული“ ან „ინტერვენცია“.

სტატიები, რომლებიც ოთხი პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებიდან რომელიმეს იმოწმებს, ხუთ ენაზე გვხვდება ვიკიპედიაში. ესენია: რუსული (136 სტატია), არაბული (70), ესპანური (52), პორტუგალიური (45) და ვიეტნამური (32). სხვა ენებთან შედარებით, რუსულ ვერსიაში ამ ოთხიდან ყველაზე მეტად გავრცელებული წყაროა news-front.info.

ინგლისური და ფრანგული ვერსიები რაღაც მომენტში ასევე შეიცავდა ბევრ სტატიას, რომლებიც სანქცირებულ ვებსაიტებს იმოწმებდა. თუმცა, 2019 წლის დეკემბერში მიიღეს წინადადება „ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელი/სადეზინფორმაციო საიტების მხარდაჭერის გაუქმების შესახებ“ და აიკრძალა როგორც southfront.org, ისე news-front.info. ამის შემდეგ ჩატარდა მასშტაბური წმენდა და სანქცირებული ვებსაიტების უმეტესობა წაიშალა ინგლისურენოვანი ვიკიპედიიდან.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია როგორც ინდივიდუალური მოქმედების ძალა, ისე საზოგადოებრივი თანამშრომლობის ასპექტი ვიკიპედიაში: გადაწყვეტილება წარმოადგინა ერთმა რედაქტორმა, მის რეალიზებას კი შეუდგნენ ფართო უფლებამოსილების მქონე გამოცდილი რედაქტორები. ამასთანავე, კომენტარების დატოვება ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო. ესაა გზა, რომლის არჩევა სხვა ენების რედაქტორებსაც შეუძლიათ.

პოტენციური გავლენა

ამ მონაცემთა კოლექციაში არსებულ სტატიებს საშუალოდ 88 000-ზე მეტი ნახვა აქვს დღეში. აღნიშნული სტატიებიდან 18-ს დღეში 1000-ზე მეტი ნახვა აქვს, ხოლო ხუთი მათგანი ჯერ კიდევ შეიცავს მითითებებს ზემოთ ნახსენებ ოთხ ვებსაიტზე, მათ შორისაა ყველაზე პოპულარული სტატია: ინგლისურენოვან ვიკიპედიაში განთავსებული სტატია ირანზე — მას დღეში 11 000 ნახვა აქვს.

თუმცა, მხოლოდ ეს რიცხვები ბევრს არაფერს ნიშნავს. მაგალითად, ირანის შესახებ სტატიაში დამოწმებულია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის პრესრელიზი, რომელიც ხელახლა გამოაქვეყნა ვებსაიტმა strategic-culture.org; მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ვერცერთი მათგანი მიიჩნევა მიუკერძოებელ წყაროდ, წარმოდგენილი ინფორმაციის დამოწმება სწორი ჩანს ერთი შეხედვით. საჭიროა თითოეული დამოწმების დეტალური ანალიზის ჩატარება, რომ შეფასდეს, რამდენად დაზიანდა სტატიების ფაქტობრივი სიზუსტე.

ეს კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ზოგად პრობლემას, რომელსაც ქმნის დეზინფორმაციის წყაროები, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები, როგორიცაა RT და Sputnik: ისინი ხშირად აშუქებენ ფაქტებსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს იმ მიზნით, რომ შემდეგ მიკერძოებული ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია დაამატონ განსაკუთრებით მნიშვნელოვან მომენტში. მოვლენების ხარისხიანად გაშუქების ფასადი დამახინჯებული შეხედულებების მიწოდების საშუალება ხდება.

ამას მივყავართ მომდევნო პუნქტამდე: პოტენციურ რეპუტაციულ ზიანამდე, რომელსაც ცუდი წყაროების გამოყენება იწვევს. ვიკიპედიისთვის საიმედოობა უმნიშვნელოვანესია. ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ყველას შეუძლია ვიკიპედიაში წვლილის შეტანა ნიშნავს, რომ მისი საიმედოობა და ნეიტრალურობა გულდასმით იქნა შესწავლილი და ტრადიციულ ენციკლოპედიებთან შეპირისპირებული.

იმის დასადგენად, თუ რა არის სანდო წყარო, ვიკიპედიის სხვადასხვაენოვანი ვერსიები მიჰყვება ინგლისურენოვანი ვიკიპედიის გვერდს „სანდო წყაროები“, რომელიც რედაქტორებს პრაქტიკულ ინსტრუქციას აძლევს. იქ პირდაპირ არ არის ნახსენები სადეზინფორმაციო საშუალებები, მის ნაცვლად გამოყენებულია ტერმინი „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყალბი ახალი ამბების საიტები“: „ზოგიერთი წყარო შავ სიაშია შეტანილი და მათი გამოყენება აკრძალულია. როგორც წესი, შავ სიაში ხვდება წესების დარღვევით დამატებული წყაროები, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყალბი ახალი ამბების საიტები, რომლებსაც ტროლების ფერმების გამოყენების ისტორია აქვს“. თუმცა, ეს მიდგომა იდეალური არ არის, რადგან ვიკიპედიის თანახმად, შავ სიაში შეტანილი ზოგი წყარო თეთრ სიაში შეიძლება მოხვდეს ლოკალურად.

სხვა გვერდზე მოცემულია „იმ წყაროების არასრული სია, რომელთა სანდოობა და ვიკიპედიაზე გამოყენება ხშირადაა განხილვის საგანი“. აღსანიშნავია, რომ როგორც Sputnik, ისე RT პირდაპირაა შეტანილი არასაიმედო წყაროებში, მაგრამ არ არის ნახსენები SNA: Sputnik-ის გერმანული ვერსია ბრენდის შეცვლის შემდეგ. Southfront.org და news-front.info წარმოდგენილია, როგორც „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყალბი ახალი ამბების საიტები“, მაგრამ გვერდზე მოცემულ ძირითად სიაში არ არის შეტანილი.

დაარღვიეს თუ არა წესები განზრახ?

ჩვენ მიერ შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით, არ არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ ამ დამოწმებების გამოყენება მავნე საინფორმაციო მანიპულაციის შედეგი იყო. ჩვენ არ აღმოგვიჩენია საეჭვო კანონზომიერებები არც დამატებების დროის მხრივ და არც მთავარი ავტორების მიერ შესრულებული სხვა მოქმედებების კონტექსტში.

თუმცა, როგორც უკვე ითქვა, სადეზინფორმაციო საშუალებების არსებობაც კი უკვე თვითონ ვიკიპედიის რეპუტაციას და მისი სერვისების საიმედოობას უქმნის საფრთხეს. ამასთანავე, ცალკეული სტატიების უწყინარი მითითება ზრდის იმის შანსს, რომ დეზინფორმაციის დამოწმება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან უკვე არსებული დამოწმებების რაოდენობა წყაროს სანდოობას მიანიჭებს.

საინფორმაციო მანიპულაციის მიმართ ვიკიპედიის მოწყვლადობის შემცირება და შემდგომი ნაბიჯები

ვიკიპედიის ინგლისურენოვან ვერსიაში, როგორც ჩანს, არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სადეზინფორმაციო საიტები ავტორიტეტულ წყაროებს არ წარმოადგენს მიუხედავად იმისა, კონკრეტული დამოწმებული სტატია ფაქტობრივი სიზუსტით გამოირჩევა თუ არა. და მაინც, ეს ინსტრუქცია უფრო მკაფიო შეიძლებოდა ყოფილიყო, აკრძალული სადეზინფორმაციო წყაროების სიას კი კონსოლიდირება სჭირდება. შეგვიძლია, უბრალოდ ვივარაუდოთ, სხვაენოვანი ვერსიები ამ მაგალითს გაითვალისწინებენ თუ არა, მაგრამ ყველას შეუძლია დისკუსიის დაწყება და ინგლისურენოვანი ვიკიპედიის მოყვანა საუკეთესო მიდგომის სახით.

დიდი ალბათობით, ეს პრობლემა მხოლოდ ზემოთ ნახსენები ოთხი ვებსაიტით არ ამოიწურება. ეს ოთხი ვებსაიტი მოვიყვანეთ, როგორც ყველასთვის ცნობილი, სადეზინფორმაციო საშუალებებად აღიარებული წყაროების მაგალითები, რომელთა წინააღმდეგ ვიკიპედიის რამდენიმე ვერსიამ უკვე მიიღო სათანადო ზომები. ამგვარად ისინი კარგად ასახავს უკვე არსებული სხვადასხვა მიდგომის და ვიკიპედიის საზოგადოებრივი მოდერაციის ბუნებას.

იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხეების გააზრება საინფორმაციო მანიპულაციასთან ბრძოლის მნიშვნელოვანი ნაწილია, EUvsDisinfo მთელი წლის განმავლობაში გააანალიზებს ნაკლებად შესწავლილ პლატფორმებს, რომ შეავსოს ცოდნის დეფიციტი.

კატეგორიები

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

    ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      Subscribe to the Disinfo Review

      Your weekly update on pro-Kremlin disinformation

      Data Protection Information *

      The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.