რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული დეზინფორმაცია — გამოაშკარავებულია შვიდი მითი

დღე არ გავა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე დაძაბულობის და თვითონ უკრაინის შესახებ ტყუილი არ გავრცელდეს. რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია მოახდინა და მის მერე სამხედრო აგრესია არ შეუწყვეტია უკრაინის წინააღმდეგ. ამასთან ერთად, რუსეთს გაჩაღებული აქვს ხანგრძლივი და ხელისუფლების მიერ კოორდინირებული სადეზინფორმაციო კამპანია, რომლის აუდიტორიაა რუსეთის მოსახლეობა, მეზობელი ქვეყნები, ევროკავშირი და სხვა ქვეყნები. სადეზინფორმაციო კამპანიის მიზანს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა წარმოადგენს. მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი მედიისა და პროკრემლისტური მედიის უფრო ფართო „ეკოსისტემის“ მეშვეობით რუსეთის ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ უკრაინა გააშავოს, გლობალური უსაფრთხოებისთვის საშიშროებად წარმოაჩინოს და გააკრიტიკოს საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამასთან ერთად, რუსული სადეზინფორმაციო კამპანია პირდაპირაა მიმართული ევროკავშირისა და სხვა მოთამაშეების, პირველ რიგში, ნატოს წინააღმდეგ და მათ მუდმივად წარმოაჩენს თითქოსდა აგრესიულ საფრთხედ რუსეთის „ლეგიტიმური ინტერესებისთვის“ უსაფრთხოების სფეროში. 2021 წლის გაზაფხულზე რუსეთმა უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ჯარის თავმოყრა დაიწყო. ამან კიდევ უფრო გააძლიერა დეზინფორმაციის ისედაც უწყვეტი ნაკადი.
ამ მიმოხილვაში წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ და საშიშ მითებს და ხშირად დაუფარავ ტყუილებს, რომლებიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ეხება.
1-ელი მითი: „ამჟამინდელი დაძაბულობა უკრაინისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მუდმივი აგრესიული ქცევის შედეგია. რუსეთი მხოლოდ თავის ლეგიტიმურ ინტერესებს იცავს და ამ კონფლიქტზე პასუხისმგებელი არაა“.
ეს არის სიცრუე. სინამდვილეში რუსეთი ისევ არღვევს საერთაშორისო სამართალს და მის მიერ ხელმოწერილ სხვა ხელშეკრულებებს. ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით რუსეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ერთ-ერთმა მუდმივმა წევრმა, მინიმუმ 12 საერთაშორისო და ორმხრივი ხელშეკრულება დაარღვია. მათ შორისაა, გაეროს წესდება, ჰელსინკის დასკვნითი აქტი და პარიზის ქარტია, რომლებიც უზრუნველყოფს სახელმწიფოების სუვერენულ თანასწორობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ურღვეობას, ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან თავშეკავებას და ასევე, სახელმწიფოთა უფლებას, აირჩიონ ან შეცვალონ საკუთარი უსაფრთხოების ზომები.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკანონოა რუსეთის მოქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის და ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, კერძოდ, დონბასში. ისინი საფრთხის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოების საფუძვლებს და მსოფლიო წესრიგს, რომელიც წესების დაცვას ეყრდნობა.
დანაკარგების კუთხით თუ შევხედავთ, უკრაინას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტში. რუსული აგრესიის შედეგად დაახლოებით 14000 უკრაინელი დაიღუპა და გაცილებით მეტი დაიჭრა. ამასთან ერთად, კონფლიქტის გამო, აღმოსავლეთ უკრაინა და ყირიმის ნახევარკუნძული 1,5 მილიონზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა და იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
მე-2 მითი: „კონფლიქტის დაწყების მიზეზი უკრაინაში შექმნილი სიტუაცია გახდა. არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ უკრაინა რუსულენოვან მოსახლეობას სასტიკად ეპყრობა ქვეყნის აღმოსავლეთში. რუსეთს ჩარევა მოუხდა იმის გამოც, რომ უკრაინა და რუსეთი „ერთი ერია“. უკრაინა უბრალოდ რუსეთის „გავლენის პრივილეგირებულ სფეროში“ შედის“.
ეს არის სიცრუე. იმის მტკიცება, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიას ესხმის და საკუთარ მოქალაქეებს დევნის სრული აბსურდია. რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის შიდაპოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით რუსული სამთავრობო მედია ძალ-ღონეს არ იშურებს უკრაინის გასაშავებლად, აღმოსავლეთ უკრაინაში გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებს მას, უსაფუძვლო პარალელებს ავლებს ნაციზმთან და მეორე მსოფლიო ომთან და ასევე, თითიდან გამოწოვილ ისტორიებს ავრცელებს აუდიტორიაში უარყოფითი რეაქციის გამოსაწვევად.
ასეთი ფაბრიკაციების მრავალი მაგალითი არსებობს. ყველაზე ნათელი ილუსტრაციაა კონფლიქტის დაწყებისას რუსული ტელეარხის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელშიც უკრაინელ სამხედროებს ბრალად დასდეს პატარა ბიჭის ჯვარზე გაკვრა აღმოსავლეთ უკრაინაში . ფაქტების შემმოწმებლებმა მალევე დაადგინეს, რომ ისტორია მთლიანად გამოგონილი იყო. მსგავსი ისტორიების შეთხზვა ისევ გრძელდება.
სინამდვილეში არ არსებობს იმის საბუთი, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ რუსულენოვან მოსახლეობას ან ეთნიკურად რუს მოქალაქეებს უკრაინის მთავრობა დევნის, რომ არაფერი ვთქვათ გენოციდზე. ამას ადასტურებს ევროსაბჭოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისა და ეუთოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები.
ხშირად გამოთქმული იდეა, რომ უკრაინა და რუსეთი „ერთი ერია“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ღრმად გამჯდარი მითია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ. ღრმა ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისითაც კი ეს არგუმენტი კრიტიკას ვერ უძლებს. უკრაინასა და რუსეთს საერთო ფესვები აქვს, რომლებიც სათავეს კიევის რუსეთიდან იღებს, რომელიც მე-9 საუკუნიდან მე-13 საუკუნის შუა წლებამდე არსებობდა, მაგრამ მცდარი იქნება იმის მტკიცება, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ერია 800 წლის შემდეგაც. უცხოელთა მმართველობის ხანგრძლივი პერიოდების მიუხედავად, უკრაინამ ძლიერი ეროვნული კულტურა და იდენტობა შეინარჩუნა და სუვერენული ქვეყანაა.
პოლიტიკური საზღვრების არმქონე „სრულიად რუსი ერის“ კონცეფცია იდეოლოგიური კონსტრუქციაა, რომელიც რუსეთის იმპერიაში შეიქმნა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ არის მიმართული. 2014 წლიდან რუსეთის მთავრობა ამ მითის დანერგვას განახლებული შემართებით ცდილობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას რაციონალური საფუძველი მოუძებნოს და გაამართლოს.
21-ე საუკუნეში „გავლენის სფეროების“ კონცეფციის ადგილი არაა. სხვა სუვერენული ქვეყნების მსგავსად, უკრაინა თავისუფალია და დამოუკიდებლად შეუძლია, განსაზღვროს თავისი გზა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და ალიანსები და ასევე, მიიღოს გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამხედრო კავშირებში მონაწილეობის შესახებ.
იმ იდეის გასავრცელებლად, რომ უკრაინა რუსეთის „გავლენის სფეროს“ ეკუთვნის, რუსი ჩინოვნიკები და მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი მედია ხშირად ამტკიცებენ, რომ თითქოს უკრაინა „ნამდვილი“ სახელმწიფო არაა. მთავრობის მიერ დაფინანსებული რუსული პროპაგანდა ისტორიის დამახინჯებულად წარმოდგენით ცდილობს იმ იდეის ლეგიტიმაციას, რომ უკრაინა რუსეთის ინტერესების ბუნებრივ სფეროს ეკუთვნის.
მე-3 მითი: „ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინა რუსეთისკენ უნდა შებრუნდეს, რადგან ევროკავშირსა და დასავლეთს ეს ქვეყანა არ აინტერესებთ და მიატოვეს“.
ეს არის სიცრუე. ევროკავშირს უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. სინამდვილეში უკრაინა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი გახდა. ბოლო წლებში პარტნიორობა გაძლიერდა ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების დადებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნით. დღესდღეობით ევროკავშირი უკრაინის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და მასზე ვაჭრობის მოცულობის 40%-ზე მეტი მოდის. უკრაინაში ევროკავშირი პროგრამების ფართო სპექტრს ახორციელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და მხარს უჭერს უკრაინას რეფორმების გატარებაში. 2014 წლის შემდეგ ევროკავშირმა უკრაინას 17 მილიარდი ევრო გადასცა სესხებისა და გრანტების სახით.
2014 წლიდან ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომები აქვს დაწესებული, რადგან ეს უკანასკნელი უკრაინის მიზანმიმართულ დესტაბილიზაციას ცდილობს, ყირიმის ჩათვლით. ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს უკრაინას დეზინფორმაციისა და კიბერშეტევების მიმართ გამძლეობის გამომუშავებაში.
მე-4 მითი: „მიმდინარე კრიზისი ნატოსა და დასავლეთის ბრალია. ალიანსის გაფართოების შეჩერების შესახებ დაპირებისთვის პატივი რომ ეცათ, რუსეთი თავს არ იგრძნობდა საფრთხეში“.
ეს არის სიცრუე. ასეთი დაპირება არასდროს გაცემულა და არც არავის მოუთხოვია ნატოსგან. რუსული სამთავრობო მედია ხშირად ამტკიცებს, თითქოს საბჭოთა ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვს „სიტყვიერად“ შეჰპირდნენ, რომ ნატო ხელახლა გაერთიანებული გერმანიის მიღმა არ გაფართოვდებოდა. სინამდვილეში გორბაჩოვმა თვითონ უარყო ეს მტკიცება 2014 წელს მიცემულ ინტერვიუში, რომელშიც განაცხადა, რომ „ნატოს გაფართოების თემა საერთოდ არ განხილულა და იმ წლებში არც წამოწეულა. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. აღმოსავლეთ ევროპის არცერთ ქვეყანას არ დაუყენებია ეს საკითხი მას შემდეგაც კი, რაც ვარშავის პაქტმა არსებობა შეწყვიტა 1991 წელს“.
ეს ეგრეთ წოდებული სიტყვიერი შეთანხმებები გამოგონილია. ნატოს წევრებს არასდროს აუღიათ პოლიტიკური ან იურიდიულ ვალდებულებები გაერთიანებული გერმანიის საზღვრებს მიღმა ალიანსის გაფართოების შეჩერების შესახებ.
მტკიცება იმის შესახებ, რომ ნატომ გაფართოების შეჩერების პირობა დადო ფუნდამენტურად არასწორად წარმოადგენს ალიანსის ბუნებას. ნატო თავდაცვითი ალიანსია და იმპერიალისტურად არ „ფართოვდება“. ნატოში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას თვითონ აპლიკანტი ქვეყანა და ნატოს 30 მოკავშირე იღებს. საკუთარი გზის არჩევა ყოველ სუვერენულ ქვეყანას შეუძლია და მეზობელ ქვეყნებს, ამ შემთხვევაში, რუსეთს ჩარევის უფლება არ აქვს.
მე-5 მითი: „ნატოს აგრესიული გაფართოების გამო, რუსეთი ახლა „მტრებითაა გარშემორტყმული“ და საკუთარი თავის დაცვა სჭირდება“.
ეს არის სიცრუე. რუსეთში შეჭრას არცერთი ქვეყანა და ალიანსი არ გეგმავს. რუსეთს არავინ არ ემუქრება. სინამდვილეში ევროკავშირი და უკრაინა ევროპული უსაფრთხოების ამჟამინდელ სისტემას უჭერენ მხარს. გაითვალისწინეთ, რომ რუსეთი გეოგრაფიულად მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა, მისი მოსახლეობა 140 მილიონს აღემატება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს და ყველაზე მეტ ატომურ იარაღს ფლობს. აბსურდულად გამოიყურება რუსეთის წარმოჩენა ქვეყნად, რომელსაც მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება. გეოგრაფიის კუთხით თუ შევხედავთ, რუსეთის სახმელეთო საზღვრის, სულ მცირე, ერთი მეთექვსმეტედი ნატოს წევრებზე მოდის. რუსეთის მოსაზღვრე 14 ქვეყნიდან მხოლოდ 5 არის ნატოს წევრი.
ასევე, არ არსებობს იმის არგუმენტი, რომ სამხედრო ძალის გამოყენება ერთადერთი გადაწყვეტაა. მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციები, ორმხრივი შეთანხმებები და ფორმატები, სადაც რუსეთს შეუძლია თანამშრომლობაზე დაფუძნებულ და მშვიდობიან დიალოგში ჩართვა: მაგალითად, ეუთოსა და შეიარაღების კონტროლის რეჟიმების ფარგლებში. ევროკავშირი ღიად ტოვებს საკომუნიკაციო არხებს რუსეთთან. ეს რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ხუთი სახელმძღვანელო პრინციპის განუყოფელი ნაწილია. კომუნიკაციისთვის ფორმატების ნაკლებობა არ გვაქვს. თუმცა, უკრაინა სუვერენული ქვეყანაა და თავისი პოლიტიკისა და ალიანსების არჩევის სრული უფლება აქვს. უსაფუძვლოა წარმოდგენა, რომ რუსეთს ვეტოს უფლება უნდა ჰქონდეს უკრაინის სუვერენულ გადაწყვეტილებებზე. ამ მხრივ, არც ევროკავშირი და არც ნატო არ ითხოვს ვეტოს უფლებას იმაზე, თუ რომელი ქვეყნები შეიძლება იყოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხოს) წევრი, რადგან ევროკავშირი და ნატო აღნიშნული ხელშეკრულების მხარეები არ არიან.
მე-6 მითი: „ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი არ არის პასუხისმგებელი უკრაინაში შექმნილ დაძაბულობაზე. უკრაინამ მიზანმიმართულად დაარღვია მინსკის შეთანხმებები, ხოლო დასავლეთი უკრაინის შეიარაღებას აგრძელებს. რუსეთმა სწრაფად უნდა იმოქმედოს საკუთარი საზღვრების დასაცავად. პროვოკაცია დასავლეთიდან მოდის“.
ეს არის სიცრუე. სინამდვილეში რუსეთმა მოუყარა თავი 140000 სამხედროს და ტექნიკას უკრაინის საზღვართან, მათ შორის, უკანონოდ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე.
რუსეთი მინსკის შეთანხმებების მხარეა. უახლესი ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, რუსეთი ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, რუსეთს თავის მხრივ მინსკის შეთანხმებები არ შეუსრულებია. რუსულმა მხარემ და მისმა ქვეშევრდომებმა არ შეწყვიტეს ცეცხლი, არ გაიყვანეს მძიმე შეიარაღება, არ განახორციელეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების გაცვლა პრინციპით „ყველა ყველაზე“ და არ უზრუნველყვეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებით. პირიქით, რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს აძლიერებს. ამასთანავე, რუსეთი ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არ აძლევს შეუფერხებელ წვდომას, მათ შორის, არც უკრაინა-რუსეთის საზღვარზე, სადაც (ძალიან შეზღუდული მოცულობის) სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა შეწყვიტა რუსეთის მიერ 2021 წლის ზაფხულში დადებული ვეტოს გამო.
ძნელი იქნება მინსკის შეთანხმებების პოლიტიკური ნაწილის განხორციელების განხილვა, თუ არ მოხდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრულყოფილი იმპლემენტაცია, მძიმე შეიარაღების გატანა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დაშვება მთელ ტერიტორიაზე. მიუხედავად ამისა, უკრაინამ მინსკის შეთანხმებები შეასრულა იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას ტერიტორიაზე კონტროლის არქონა იძლეოდა და თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები მიიღო. უკრაინამ მიიღო და შემდეგ მოქმედების ვადა გაუგრძელა კანონს განსაკუთრებული სტატუსისა და ამნისტიის შესახებ (2014) და ასევე მოამზადა კანონი ადგილობრივი არჩევნების შესახებ (2014). უკრაინამ მიიღო კონსტიტუციური შესწორებები და გააფართოვა არაკონტროლირებადი ტერიტორიების ავტონომია (2015).
მე-7 მითი: „ევროკავშირი, ნებისმიერ შემთხვევაში, სუსტი და უსარგებლოა. საერთოდ რატომ უნდა ვესაუბროთ ევროკავშირს?“
ეს არის სიცრუე. რუსული პოლიტიკური ელიტა მონდომებით ცდილობს მსოფლიოს დარწმუნებას იმაში, რომ ევროკავშირი სუსტია და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერებით დაინტერესებული არ არის. რუსი ჩინოვნიკები და სახელისუფლებო მედია ევროკავშირს წარმოაჩენენ უსარგებლო სტრუქტურად, რომელსაც კრიზისის მოგვარება არ შეუძლია, იქნება ეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი თუ ნებისმიერი სხვა საერთაშორისო საკითხი. 2022 წლის იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი იქამდე დაეცა, რომ ევროკავშირს „იმპოტენცია“ დააბრალა.
ის ფაქტი, რომ ევროპაშსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშვიდობა დამყარდა, ამ განცხადების უარსაყოფად საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს. გაეროსთან, ნატოსთან, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან, დიდი შვიდეულის წევრებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ევროკავშირს ხელშესახები წვლილი შეაქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის, უკრაინაში.
ამასთანავე, ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ინტეგრირებული ეკონომიკური ზონა და უკრაინის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ევროკავშირსა და უკრაინას შორის დადებული ამბიციური შეთანხმება ასოცირების შესახებ უკრაინასა და ევროკავშირს კიდევ უფრო აახლოებს ერთმანეთთან უკრაინაში რეფორმების მხარდაჭერით, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის გახსნით, სხვადასხვა სფეროებში რეგულაციების, სტანდარტებისა და კანონების ჰარმონიზებით.