სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს: აბსურდული რეპრესიები ბელარუსში

Embed

ბელარუსის რეჟიმი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მოძებნოს და დასაჯოს ეგრეთწოდებულ დასავლურ „ჰიბრიდულ ომსა“ და „ფერადი რევოლუციის“ მცდელობაში ჩართული პირები — ასე წარმოაჩენს სახელმწიფო ფა პროკრემლისტური პროპაგანდა ბელარუსში 2020-2021 წლებში გამართული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს. 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტს აღძრული ჰქონდა სისხლის სამართლის 4 691 საქმე, რომლებიც გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს ეხებოდა. 2021 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით 955 ადამიანი იყო პოლიტიკური პატიმარი: მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი. განახლებული რაოდენობის ნახვა შესაძლებელია აქ.

რაოდენობა იზრდება. 14 დეკემბერს რეჟიმის სასამართლო სისტემამ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სერგეი ტიხანოვსკის, რომელიც ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებოდა. ეს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი მიზნად ისახავდა შიშის დათესვას ბელარუსის მოქალაქეებში, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური უფლებებით სარგებლობა სურთ. უსაფუძვლო ბრალდებებით კიდევ ხუთ ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს მიუსაჯეს 14-16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ექვსი მათგანის წინააღმდეგ ცილისწამებისა და დისკრედიტაციის კამპანია თვითონ ლუკაშენკომ წამოიწყო.

აბსურდის თეატრი

რეპრესიების ყველაზე ნათელ მაგალითებად დაკავებები და დაპატიმრებები რჩება, მაგრამ ზოგჯერ სახელმწიფოს სადამსჯელო ზომები უცნაურ, თითქმის პარანოიდულ ფორმას იღებს. ეს მოგვაგონებს სიტუაციას, მეფე რომ მასხარას უბრაზდება.

ფარდა დაეშვა ტილ ულენშპიგელისთვის

2021 წლის 21 ნოემბერს, დაარსების 95-ე წლისთავზე ეროვნულმა აკადემიურმა დრამატულმა თეატრმა პრემიერა გამართა ვიტებსკში. წარმოდგენა ეფუძნებოდა ბელგიელი მწერლის, შარლ დე კოსტერის მიერ 1867 წელს გამოქვეყნებულ შედევრს, ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის ლეგენდას, რომელიც ესპანეთის მმართველობის წინააღმდეგ ფლამანდიელების აჯანყების შესახებ მოგვითხრობს. რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წარმოდგენა აკრძალეს, კონტრაქტი არ გაუგრძელეს თეატრის ხელმძღვანელს და მსახიობები დაითხოვეს.

წარმოდგენაზე დამსწრე ბელარუსის კულტურის მინისტრის, ანატოლი მარკევიჩისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის, როგორც ჩანს, მიუღებელი აღმოჩნდა პარალელები მე-16 საუკუნეში ფლამანდიელების ბრძოლასა და ბელარუსში ამჟამად შექმნილ მდგომარეობას შორის. ჩინოვნიკებს განსაკუთრებით არ მოეწონათ სპექტაკლის ლექსი, რომელიც შეიცავს სიტყვებს „გაუმარჯოს ფლამანდიელებს“ და ჰგავს ფრაზას „გაუმარჯოს ბელარუსს!“ — ამ დევიზს საუკუნოვანი ისტორია აქვს და ხშირად იყენებენ ლუკაშენკოს ოპონენტები, რის გამოც სასამართლოში „ანტისახელმწიფოებრივ ლოზუნგად“ მიიჩნევენ და ისჯება.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი მიუღებელია

„რადიო თავისუფლება“ იუწყება, რომ მინსკის ფილარმონიამ გააუქმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი მას შემდეგ, რაც აღშფოთებულმა მოქალაქემ კულტურის სამინისტროს ელწერილი მისწერა. ელწერილში მოქალაქე ამტკიცებდა, რომ „[შეგროვებული] ფული დაიხარჯებოდა ოპოზიციური ორგანიზაციების მხარდასაჭერად (მაგ., ჰროდნას თავშესაფარზე) და ოპოზიციურ გამოსვლებში მონაწილე მსახიობებზე“.

ბავშვების თავშესაფარი

ჰროდნას ბავშვების თავშესაფარს ბელარუსის რეჟიმი მართლაც „უკანონო ორგანიზაციად“ მიიჩნევს. ხელისუფლების ღია განცხადების თანახმად, მისი ლიკვიდაცია მოხდა ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ. თავშესაფრის დირექტორს, ოლგა ველიჩკოს საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობა ედება ბრალად.

ტრაგედია — აღიარებითი ჩვენების ვიდეოები

ბელარუსის სამართალდამცავმა ორგანოებმა ხალხი დააკავეს მათ მიერ ჩადენილი „დანაშაულის“ გამო და ვიდეოფორმატში „აღიარებითი ჩვენებები“ ჩააწერინეს. ამ ვიდეოებიდან ზოგიერთის ფასიანი რეკლამაც კი თავსდებოდა Youtube-ზე, როგორც ეს ჩვენ გამოვიკვლიეთ.

მოვლენათა განვითარების კვალდაკვალ, ბელარუსის მოქალაქეებს სხვადასხვა დანაშაულის აღიარებას აიძულებენ. ნოემბრის ბოლოს რეგიონულმა სახელმწიფო არხმა Belarus 4 Homiel აჩვენა დაკავებულები, რომლებიც პატიებას ითხოვენ სოციალურ მედიაში მათ მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული კომენტარების გამო. ეს კომენტარები ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ შექმნილ სამიგრაციო კრიზისს ეხებოდა.

2021 წლის 1 დეკემბერს სახელმწიფო სატელევიზიო არხმა STV გადმოსცა, რომ 11 ადამიანი დააკავეს ინტერნეტში გამოქვეყნებული „ცინიკური კომენტარების“ გამო, რომლებიც დასავლეთ ბელარუსში რუსი მედესანტეების წვრთნებს შეეხებოდა. სატელევიზიო არხმა აჩვენა, როგორ შეიჭრა პოლიციის შეიარაღებული სპეციალური დანაყოფი ერთი ასეთი მოქალაქის სახლში. საცვლების ამარა მყოფი მოქალაქის ჩვენებას მისი აღიარებითი ვიდეო მოჰყვა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მან განაცხადა, რომ „მასობრივ არეულობაში“ იღებდა მონაწილეობას და „Telegram-ზე ექსტრემისტულ არხებს“ კვებავდა ინფორმაციით.

დაკავებულები ზოგჯერ უფრო შემოქმედებითად აკეთებენ „აღიარებას“, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით ჩვენების ან რეჟიმის მომხრე Telegram-არხებზე გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ მედიაში პოპულარული ხდება, რადგან ადამიანები ცნობისმოყვარეობის გამო ნახულობენ.

ვიდეოების ბმულებს არ ვავრცელებთ — აგიხსნით, რატომ

ამ ვიდეოების ნახვა ჯერ კიდევ შესაძლებელია Youtube-ზე ან სატელევიზიო არხებზე. მიუხედავად იმისა, რომ EUvsDisinfo-ს ზოგადი პრინციპის თანახმად, მკითხველს ბმულებს ვთავაზობთ იმ მასალის გადასამოწმებლად, რომელსაც განვიხილავთ, ამ ვიდეოების ბმულებს არ გავავრცელებთ. მიზეზი ისაა, რომ ვიდეოში წარმოდგენილ ადამიანებს საჯაროდ აჩვენებენ ციფრული აუდიტორიის წინაშე ისე, რომ ეს დიდი ალბათობით, არღვევს მათ თავისუფალ ნებას და ადვილი შესაძლებელია, რომ ზეწოლის ქვეშ იყოს ჩაწერილი. არ გვსურს, რომ რეჟიმის პროპაგანდას შევუწყოთ ხელი.

ტადეუშ გიჩანმა, ბელარუსის ყველაზე დიდი Telegram-არხის NEXTA_TV-ის მთავარმა რედაქტორმა ასეთ კადრებს „მძევლების ვიდეოები“ უწოდა. ამასთან ერთად, „საერთაშორისო ამნისტიამ“ გააკრიტიკა ეს პრაქტიკა, რომელიც რომან პრატასევიჩის წინააღმდეგ აღძრულ საქმეშიც გამოიყენეს და აღნიშნა, რომ ასეთი „აღიარება“ ზეწოლის ქვეშ შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული.

არაჟნიანი პომიდვრები = ციხე

ნოემბრის ერთ-ერთი „გმირი“ აღმოჩნდა ანატოლი შელკოვიჩი, რომელიც საჯაროდ ჩვენებისთვის განკუთვნილი თეთრი-წითელი-თეთრი ფერის დროშების დამზადების გამო დააკავეს. აღიარებით ვიდეოში ის განმარტავს, რომ წითელი და თეთრი ფერების კომბინაცია მოსწონს და მაგალითად მოჰყავს თავისი ცოლი, რომელიც წითელთმიანი ქალია, ხოლო არაჟნიანი პომიდვრები მისი საყვარელი კერძია. შელკოვიჩს 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გაურკვეველია, დეკემბერში გამოუშვებენ თუ პატიმრობის ვადას გაუგრძელებენ ბოლო დღეს, როგორც ამას ბელარუსის სასამართლო ხშირად აკეთებს.

თეთრ და წითელ ფერებთან ბრძოლაში გახსნილი მეგობრული ცეცხლი

ადამიანის უფლებათა დამცველებმა დოკუმენტურად აღრიცხეს საქმე, რომელშიც ლუკაშენკოს მხარდამჭერს წითელი და თეთრი ფერების წინააღმდეგ ბრძოლა უკან შემოუტრიალდა. ბელარუსის პატარა ქალაქ დობრუშში მცხოვრებმა 44 წლის ქალმა ადგილობრივი სამხედრო კომისარიატის კუთვნილი წითელი და თეთრი კარავი შენიშნა და ვიდეო Youtube-ზე ატვირთა შემდეგი სახელწოდებით: „თეთრი-წითელი-თეთრის მხარდამჭერები. სამხედრო კომისარიატი. დობრუში“. კომისარიატის რვა თანამშრომელმა ის პოლიციაში დაასმინა ცილისწამებისთვის და ქალმა 2-წლიანი პირობითი სასჯელი მიიღო.

რადიკალებისა და ექსტრემისტების ძებნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩინოვნიკებმა რამდენჯერმე დადეს პირობა, რომ „რადიკალებისა და ექსტრემისტების“ ძებნას გააგრძელებდნენ და სიტყვა შეასრულეს კიდეც. ბელარუსში ადამიანის უფლებათა დამცველების თანახმად, ნოემბრის თვეში მინიმუმ 143 ადამიანი, მათ შორის, 23 ქალი ცნეს დამნაშავედ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებში. სასჯელის სახით მათ განუსაზღვრეს ჯამურად 156 წლით პატიმრობა, 91 წელი შრომით-გამოსასწორებელი ბანაკებში და 100-წლიანი შინაპატიმრობა.

სასტიკი მოპყრობის, დაკავების არაჰუმანური მეთოდების და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ხალხის წამების უამრავ შემთხვევას აღრიცხავენ ადამიანის უფლებათა დამცველები და ჟურნალისტები. სასამართლო საქმეებს ხშირად დახურულ კარს მიღმა განიხილავს და უგულებელყოფს დაკავებულების განცხადებებს დაკავების დროს და წინასწარი პატიმრობის საკნებში სასტიკი მოპყრობის შესახებ, აცხადებენ ადამიანის უფლებათა დამცველები.

თეთრი-წითელი-თეთრი პარანოია

უფრო ადრე, ივნისში ჩვენ მიმოვიხილეთ რამდენიმე აბსურდული საქმე, რომლებიც თეთრი-წითელი-თეთრი ფერის დროშასთან ბელარუსის რეჟიმის უკომპრომისო ბრძოლას შეეხებოდა. ხალხს აჯარიმებდნენ ან აპატიმრებდნენ, თუ თეთრი-წითელი-თეთრი ფერის წინდებს ჩაიცვამდნენ, კერძო აივანზე გასაშრობად წითელ და თეთრ პირსახოცებს და ზეწრებს გადმოფენდნენ და კერძო სახლის ეზოში თოვლის კაცს წითელ კაშნეს გაუკეთებდნენ.

ადამიანის უფლებათა დამცველების თანახმად, ბელარუსის სასამართლოებში გრძელდება საქმეების განხილვა იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც დაპატიმრებულები არიან იმის გამო, რომ მათი ფანჯრებიდან თეთრი-წითელი-თეთრი დროშები და სტიკერები ჩანდა, სოციალურ მედიაში კომენტარებს წერდნენ და პუბლიკაციებს აქვეყნებდნენ და ასევე, მონაწილეობას იღებდნენ სხვა სახის საპროტესტო მოქმედებებში ან თავიანთ აზრს გამოთქვამდნენ. მაგალითად, ნოემბერში მინსკის ერთ-ერთმა რაიონულმა სასამართლომ 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მოქალაქეს იმის გამო, რომ ის „უნებართვო პიკეტს აწყობდა და თეთრი-წითელი-თეთრი ლენტი ჰქონდა განუსაზღვრელი დროით შემოხვეული Land Rover-ის უკანა ხედვის სარკეზე იმ მიზნით, რომ საჯაროდ გამოეხატა თავისი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესები“.

მსოფლიო ლიტერატურა სავსეა მოთხრობებითა და რომანებით, რომლებშიც მასხარა არა მხოლოდ ართობს მეფეს, არამედ დასცინის კიდეც მას. ის ჭეშმარიტ სიბრძნესა და საიდუმლოებსაც ფლობს და ზუსტად იცის, რა ხდება მმართველის თვალსაწიერის მიღმა. რომანები, რომლებშიც მასხარას კლავენ, ხშირად მეფისთვისაც ტრაგედიით მთავრდება.

კატეგორიები

პასუხისმგებლობის აცილება

EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში თავმოყრილი შემთხვევები უპირველესად მოიცავს საერთაშორისო საინფორმაციო სივრცეში გავრცელებულ შეტყობინებებს, რომლებიც დადგენილია, რომ ნაწილობრივ, დამახინჯებულად და მცდარად ასახავს რეალობას და პროკრემლისტურ ნარატივს წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ესა თუ ის საინფორმაციო საშუალება კრემლთანაა დაკავშირებული, მისი სარედაქციო პოლიტიკა პროკრემლისტურია ან მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას. EUvsDisinfo-ს პუბლიკაციები ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას არ წარმოადგენს, რადგან მოცემული ინფორმაცია და გამოთქმული აზრები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ შეტყობინებებს და „აღმოსავლეთ სტრატკომის“ (East Stratcom Task Force) მიერ შესრულებულ ანალიზს ეყრდნობა.

    გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულება

    ინფორმაცია მონაცემთა დაცვის შესახებ *

      Subscribe to the Disinfo Review

      Your weekly update on pro-Kremlin disinformation

      Data Protection Information *

      The Disinformation Review is sent through Mailchimp.com. See Mailchimp’s privacy policy and find out more on how EEAS protects your personal data.