სისხლისმღვრელი Z-ომი უღმერთოების წინააღმდეგ

რუსი პროპაგანდისტები საკუთარი იმიჯის უკრაინელებზე პროეცირებას ახდენენ და ბარბაროსული Z-კამპანიისთვის მტრის ხატს ქმნიან.
უკრაინაში დროებით ტერორის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ბოროტმოქმედებების ჩადენის პარალელურად, რუსული Z-ომის მებრძოლები იდეოლოგიურ დალოცვას ითხოვენ პოლიტიკური ბატონებისგან. ამ მიზნით იგონებენ ფანტასტიკურ მიზეზებს იმ უზარმაზარი ადამიანური ტანჯვის გასამართლებლად, რომელსაც ბრძოლის ველზე ტოვებენ.
წყვდიადის მეუფე უერთდება სქესობრივ უმცირესობებს და უკრაინელ სუპერჯარისკაცებს
ბოროტი „ანგლო-საქსები“, ევროკავშირი, დასავლეთი ან ძველი ნაცისტები საკმარისი არაა, სატანის შემოყვანის დროა.
როგორც მარტში და უფრო ადრეც ვიტყობინებოდით, დასავლეთის „სატანისტური ღირებულებების“ წინააღმდეგ ბრძოლას Z-ომში ჩართული ბანდიტები, კერძოდ, ჩეჩნური ძალები ძარცვის, წამებისა და მკვლელობის გასამართლებელ საბაბად იყენებენ. ამ თითქოსდა დემონურ ღირებულებებში შედის LGTBQI+ საზოგადოების წევრი ადამიანების ძირითადი უფლებების პატივისცემა.
„საფრთხის ქვეშ მყოფი ღირებულებების“ დამცველთათვის იოლი არ აღმოჩნდა ყოვლისშემძლე „გეიტანის“ მოგერიება. დასავლური კონსერვატიული შეფასებით, რუსების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 70 000-80 000 ადამიანს შეადგენს ომის დაწყების შემდეგ და ასევე, დაკარგულად ითვლება რამდენიმე ათასი ჯავშანტრანსპორტიორი.
თუ პროკრემლისტურ მედიასაშუალებებს და რუს კანონმდებლებს დავუჯერებთ, კიდევ უფრო მეტი ზიანი უნდა მიადგეთ Z-ომის ისედაც დემორალიზებულ მაროდიორებს. კანონმდებლების შოკისმომგვრელი კომენტარების მიხედვით, ისინი მალე შეეჯახებიან გენეტიკურად მოდიფიცირებულ უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებიც აშშ-ის მიერ უკრაინაში დაფინანსებული ბიოლაბორატორიების ნამდვილ შედევრს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დეზინფორმაციული ნარატივის სიმცდარე რამდენჯერმე და სრულად გამოაშკარავდა, ბიოლოგიური იარაღი და ბიოლაბორატორიები პროკრემლისტი პროპაგანდისტების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ტყუილად რჩება.
ფინეთმა და შვედეთმა არ შეიძლება მიიღონ ისეთი სიკეთეები, როგორიც ნატოს წევრობაა
3 აგვისტოს აშშ გახდა 23-ე ქვეყანა, რომელმაც ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღების რატიფიცირება მოახდინა. ამავდროულად, პროკრემლისტური მედიასაშუალებები და მათი რუპორები სასოწარკვეთით ცდილობდნენ ალიანსში ამ ქვეყნების გაწევრებისთვის ხელის შეშლას.
მათი მთავარი ნარატივები იმეორებს ისეთ პროკრემლისტურ დეზინფორმაციულ ტროპებს, როგორიცაა ფინეთისა და შვედეთის დაშინება მძიმე შედეგებით, იმის მტკიცება, რომ თითქოს ფინეთი და შვედეთი უცხოური (აშშ-ის, ნატოს) გავლენის ქვეშაა და მინიშნება იმაზე, რომ თითქოს ფინეთისა და შვედეთის მთავრობები თავიანთი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებების საყვარელი ნარატივია „დაკარგული სუვერენიტეტი“, რომლის გამოყენებით ამტკიცებენ, რომ მალე ფინეთი და შვედეთიც დაკარგავენ სუვერენიტეტს, ხოლო ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის რუსეთს და დასავლეთის მხრიდან რუსეთის ალყაში მოქცევის სტრატეგიის ნაწილია. როგორც ყოველთვის, ეს მტკიცება ანგარიშს არ უწევს იმ ფაქტს, რომ ამჟამად რუსეთის სახმელეთო საზღვრის მხოლოდ 6% ეხება ნატოს ქვეყნებს .
(თვით) სიძულვილის მხარდამჭერი მითითებები
თვის დასაწყისში „მედუზამ“ გაავრცელა ინფორმაცია (აქ შეგიძლიათ, გაეცნოთ დაწვრილებით) პროპაგანდასთან დაკავშირებით პუტინის ადმინისტრაციის მიერ გაცემული მითითებების შესახებ. ეს მითითებები პროკრემლისტურ მედიასაშუალებებსა და რუს პოლიტიკოსებს დეტალურ ინსტრუქციას აწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი კომუნიკაცია უნდა ჰქონდეთ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.
კრემლის მითითებებს „მედუზა“ ფრაგმენტის სახით გვთავაზობს: დოკუმენტის თანახმად, „სპეციალური [სამხედრო] ოპერაციის“ ერთ-ერთი მიზანია ბრძოლა უღმერთოთა წინააღმდეგ“, რომელთაც ავტორები მოიხსენიებენ „რწმენის [არმქონე] მოძალადეებად, ქურდებად და მკვლელებად“. ინსტრუქცია დამატებით მითითებებს შეიცავს ისეთი შეტყობინებების გასავრცელებლად, როგორიცაა, „ბევრი უკრო-ნაცისტი დაუფარავი სატანისტი და საზიზღარი კულტების მიმდევარია’.
უღმერთო მოძალადეების, ქურდებისა და მკვლელების თვითაღქმის მოწინააღმდეგეზე უზადო პროეცირებასთან ერთად, კრემლის პროპაგანდის მითითებები ასევე მხარს უჭერს უკრაინელების დეჰუმანიზაციას საკომუნიკაციო საშუალებებში. როგორც ადრე ვწერდით, დეჰუმანიზაცია და სიძულვილის ენა უმოწყალო მკვლელობებს უხსნის გზას.
სხვა დეზინფორმაციული ახალი ამბები
- ზელენსკის უკრაინის ტერიტორიის პოლონეთისთვის გადაცემა სურს. კრემლი ხშირად ავრცელებს ამ დეზინფორმაციულ ნარატივს, რომელიც პოლონეთ-უკრაინის ისტორიაში არსებული რთული საკითხების ბოროტად გამოყენებას ცდილობს და პოლონეთს იმპერიული ამბიციების მქონე სახელმწიფოდ წარმოაჩენს. იმის მტკიცება, რომ უკრაინის რომელიმე ტერიტორია პოლონეთს შეიძლება გადაეცეს, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. პოლონეთი იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომელიც სახელმწიფო საზღვრებს ეხება და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. იმპერიული ამბიციების დაკმაყოფილების ნაცვლად, პოლონეთი ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს და რუსეთის შეჭრის მოგერიებაში ეხმარება.
- უკრაინა ამზადებს ქიმიურ თავდასხმას სხვისი დროშის ქვეშ, რომ რუსეთის იმიჯი დააზიანოს. რუსული დეზინფორმაციის ეს ნიმუში რამდენჯერმე გავრცელდა უკვე და მისი სიმცდარე ბევრჯერ გამოიტანეს სააშკარაოზე, როგორც უკრაინის კონტექსტში, ისე სხვაგან. არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს იმისა, რომ უკრაინა ქიმიურ ან ბიოლოგიურ პროვოკაციას გეგმავს ან მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას აპირებს რამე სახით. პირიქით, ბევრი დასავლელი ლიდერი, მაგალითად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ღია შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ქიმიური იარაღი შეიძლება გამოიყენოს. დაბოლოს, რუს ლიდერებს არავის დახმარება არ სჭირდებათ საკუთარი იმიჯის მოსასპობად. ამას სხვისი დახმარების გარეშეც მშვენივრად ახერხებენ.
- სანქციები გავლენას არ ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე — იელის უნივერსიტეტი ცდება. პერიოდულად იმეორებენ ამ ძველ პროკრემლისტურ დეზინფორმაციულ ნარატივს, რომლის მიხედვით, სანქციები თითქმის საერთოდ არ აზიანებს რუსეთს ან სასარგებლოც კია რუსეთის ეკონომიკისთვის. თუმცა, იელის უნივერსიტეტმა ახლახან ჩაატარა დეტალური კვლევა, რომ შეესწავლა სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და დაასკვნა, რომ „კომპანიების გასვლა და სანქციები რუსეთის ეკონომიკას აზიანებს“. როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა პირდაპირ თქვა, „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს“.