სიტყვის თავისუფლების დაცვა ინფორმაციით მანიპულაციისგან
კეიტ ჯონსი მკვლევარი და კონსულტანტია ადამიანის უფლებათა და ახალი ტექნოლოგიების საკითხებში. ის „ჩეთემ ჰაუსის“ ასოცირებული მკვლევარია და აქტიურად წერს ისეთ თემებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და ადამიანის უფლებები, ტექნოლოგიების მართვა და ხელოვნური ინტელექტი. მანამდე ის რამდენიმე წელი იურისტისა და დიპლომატის მოვალეობას ასრულებდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მუშაობდა ლონდონში, ჟენევასა და სტრასბურგში, სადაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში იყო სპეციალიზებული.
ამ ინტერვიუში კეიტთან ერთად განვიხილავთ გამოხატვის თავისუფლების, დეზინფორმაციისა და მანიპულაციის ასპექტებს. როგორი „თამაშის წესები“ აქვთ მთავრობებს საინფორმაციო კამპანიების განხორციელებისას? ასევე, განვიხილავთ გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ მავნე საინფორმაციო ოპერაციების დამალვის მცდელობებს და RT France-ის მიერ ევროპული საბჭოს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე ახლახან გამოტანილ სასამართლო განაჩენს.
როგორ შეიძლება ბალანსის შენარჩუნება ისე, რომ მედიასა და გამოხატვის თავისუფლებას ჰქონდეს მხარდაჭერა და ამავე დროს, საზოგადოება იყოს დაცული ინფორმაციით მანიპულაციისგან და სხვა ძირგამომთხრელი საქმიანობისგან?
კეიტ ჯონსი (კჯ): მოდი პირდაპირ ვთქვათ. გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს, რომ მთავრობებს თავისუფლად შეუძლიათ მიზანმიმართული სადეზინფორმაციო და მანიპულაციური კამპანიების წარმოება, იქნება ეს საკუთარი მოსახლეობის თუ საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ. არც იმას ნიშნავს, რომ მთავრობებს ძალა არ შესწევთ უცხო რეჟიმების მიერ საზღვარგარეთიდან წარმოებული წინასწარგანზრახული სადეზინფორმაციო კამპანიებისგან საკუთარი მოსახლეობის დასაცავად.
გამოხატვის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და, რასაკვირველია, მხოლოდ ჭეშმარიტ ინფორმაციას არ იცავს. გამოხატვის თავისუფლება ყველა სახის ინფორმაციისა და იდეის გამოხატვას იცავს მიუხედავად იმისა, ის ფაქტია თუ მოსაზრება, ჭეშმარიტია თუ მცდარი, გულწრფელია თუ სატირული. გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ ადამიანს აძლევს სასურველი სიტყვის თქმის საშუალებას, გარდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მცირე გამონაკლისებისა.
თუმცა, გამოხატვის თავისუფლება არ იცავს მანიპულაციის მეთოდებს. სხვა კონტექსტში ამას უკვე მივეჩვიეთ: მაგალითად, ვთანხმდებით, რომ შეცდომაში შეყვანა კონტრაქტს აუქმებს, ხოლო პროდუქტების ყალბი მიმოხილვები მისაღები მარკეტინგული მეთოდი არაა.
მანიპულაციური კამპანიის წინააღმდეგ შესაძლებელია ზომების მიღება, თუ ის მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებას და ეროვნულ უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს რევს. აქ მთავარია ძირგამომთხრელი მიზნის არსებობა და არა გამოყენებული მასალის სისწორე ან სიმცდარე. გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს კონკრეტული მიზნით, მათ შორის, ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად იმ პირობით, რომ შეზღუდვები კანონიერი, აუცილებელი და პროპორციულია დასახულ მიზნებთან მიმართებაში. ესაა ის ბაზისი, რომელზე დაყრდნობითაც, ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და დაასკვნა, რომ RT-ს წინააღმდეგ დაწესებული ევროპული სანქციები შესაბამისობაშია გამოხატვის თავისუფლებასთან.
ასევე, მნიშვნელოვანია დეზინფორმაციის წყარო. მთავრობებს აკისრიათ პასუხისმგებლობა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აქვთ, რადგან ხალხი მათ ნათქვამს ეყრდნობა. გამოხატვის თავისუფლებას მოჰყვება ინფორმაციის ძიების თავისუფლება, რომელიც გულისხმობს, რომ მთავრობებს აქვთ პასუხისმგებლობა, საჯარო ინტერესის შემცველი ინფორმაცია პროაქტიულად მიაწოდონ ყველას და ასევე, ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს გაუწიონ პოპულარიზაცია. ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა მოქალაქეებისთვის რთული შეიძლება იყოს მცდარი და სწორი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა. ამ პასუხისმგებლობის მეორე მხარე მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ შექმნან ან გაავრცელონ დეზინფორმაცია.
როგორი იყო ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და დეზინფორმაციას შორის სოციალური მედიის აღმასვლამდე?
კჯ: დეზინფორმაცია ჩვენ გვერდით იყო საუკუნეების განმავლობაში. პროპაგანდა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო მე-2 მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. მართლაც, ის ატომური ბომბის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების გამოწვევებში. იმ დროს, ძირითადად, ყურადღება ეთმობოდა რადიოპროპაგანდას, რადგან რადიო ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბევრ ადამიანს შეეძლო რეალურ დროში ინფორმაციის მიღება საზღვარგარეთიდან.
ადამიანის ძირითად უფლებათა შესახებ დოკუმენტის შემქმნელებმა მნიშვნელოვანი რისკი დაინახეს იმაში, რომ უცხოური მთავრობის სადეზინფორმაციო კამპანიებს საზოგადოებრივი არეულობა შეიძლება გამოეწვია და მთავრობების დესტაბილიზაცია მოეხდინა. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში საფრანგეთის დელეგატმა, რენე კასინმა პროპაგანდა განმარტა, როგორც „სასტიკი ფენომენი,… მასების გონების მომზადება და სულიერი გაუპატიურება“. ფართოდ იყო გავრცელებული შეხედულება, რომ გამოხატვის თავისუფლება არ უნდა გულისხმობდეს შეუზღუდავი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ქვეშ ყოფნის რისკს.
ამავე დროს, არსებობდა მყარი არგუმენტები, რომელთა მიხედვით, პროპაგანდა უნდა დამარცხებულიყო ნებაყოფლობითი ზომებით და „იდეების ბაზრით“. ამიტომ, უფრო ექსტრემალური წინადადებები არ იქნა მიღებული. მაგალითად, სსრკ-მ წამოაყენა წინადადება, რომ შეცვლილიყო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დებულება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხებოდა და აკრძალულიყო „მილიტარისტული და ფაშისტური რიტორიკა“. ეს წინადადება ჩავარდა 41 ხმით 6-ის წინააღმდეგ, 9 მონაწილემ თავი შეიკავა. საბოლოო ჯამში, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი კრძალავს „ომის პროპაგანდას“ და სიძულვილის მხარდაჭერას, რომელიც დისკრიმინაციის, მტრობისა და ძალადობის სტიმულს წარმოადგენს. ამ აკრძალვების კონკრეტული პარამეტრები დიდი ხანია დავის საგანია.
სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელშეკრულებაა, რომლითაც მთავრობები თანხმდებიან, რომ დაიცავენ სამოქალაქო უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, სიცოცხლის უფლებას, წამებისგან თავისუფლებას, გამოხატვისა და ასოციაციების თავისუფლებას და ა.შ. მისი ბევრი დებულება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ჰგავს, მაგრამ ხელმისაწვდომია გაეროს წევრი ყველა ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ევროპის საბჭოში შემავალი 46 ქვეყნისთვის.
მიუხედავად ამისა, პროპაგანდა და დეზინფორმაცია ცივი ომის ძირითად იარაღად იქცა. ახლახან გავრცელებული ზოგიერთი სადეზინფორმაციო კამპანია 1950-იან წლებში შემუშავებული მეთოდებით ჩანს შედგენილი. 1950-იანი წლების კამპანიების მსგავსად, „ინტერნეტის კვლევის სააგენტოს“ მიერ 2015/16 წლებში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინააღმდეგ მიმართული კამპანიები ეყრდნობოდა ისეთ მეთოდებს, როგორიცაა საინფორმაციო გარემოს გადავსება შეტყობინებებისა და რეკლამების ძალიან დიდი რაოდენობით, შეტყობინებების წარმომავლობის დამალვა და ადგილობრივი მარიონეტების გამოყენება მათ გასავრცელებლად და შეტყობინებების ნამდვილ პუბლიკაციებად გასაღება მათთვის ავთენტიკურობის მინიჭების მიზნით.
როგორი უნდა იყოს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად?
კჯ: ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრიორიტეტი უნდა იყოს როგორც გამოხატვის, ისე აზრისა და შეხედულების თავისუფლება: მან ადამიანებს თავისუფლად საუბრისა და ინფორმაციის მრავალფეროვან წყაროებზე წვდომის საშუალება უნდა მისცეს, რომ მანიპულაციის გარეშე შეძლონ გადაწყვეტილების მიღება. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმის უზრუნველსაყოფად, რომ დეზინფორმაციაზე დაწესებული შეზღუდვები მთავრობების ან გავლენიანი კერძო სუბიექტებისთვის მწვანე შუქი არ აღმოჩნდეს და მათ შეუზღუდავი კონტროლი არ დაამყარონ იმაზე, თუ რას იტყვის ან რისი მოსმენა შეეძლება ხალხს. ამ რისკის შემცირება შესაძლებელია ადამიანის უფლებათა დაცვის მანდატის მქონე დამოუკიდებელი მარეგულირებლების ჩართვით.
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას რამდენიმე განზომილება აქვს. ბევრ მათგანში ევროკავშირს წამყვანი პოზიცია უკავია. მედია და ციფრული წიგნიერება საჭიროა ყველასთვის, ბავშვებიდან მოხუცებამდე, რომ ხალხმა იოლად გაიკვალოს გზა საინფორმაციო გარემოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი, პლურალისტური, კარგად დაფინანსებული მედიის მხარდაჭერას, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა ინფორმაციის სანდო და დამოუკიდებელ წყაროებზე. თავსატეხის ამოხსნის მნიშვნელოვანი ნაწილია დეზინფორმაციის გამოაშკარავება და საეჭვო ინფორმაციის მონიშვნა. მთელ მსოფლიოში უკვე არსებობს დეზინფორმაციის შესახებ ინფორმირების ხელსაწყოებისა და ფაქტების გადამოწმების ინიციატივების შესანიშნავი ნიმუშები.
რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის ინფორმაციაზე წვდომის საშუალებებისა და ხელსაწყოების მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი არაა იმ წინასწარგანზრახული მანიპულაციური კამპანიებისგან თავდასაცავად, რომლებსაც ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგისთვის ძირის გამოსათხრელად იყენებს სხვადასხვა ძალა. მთავრობებსა და სოციალური მედიის პლატფორმებს უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ პლურალისტური საინფორმაციო გარემოს დასაცავად და შესანარჩუნებლად.
პირველ რიგში, მთავრობებს შეუძლიათ უცხო სახელმწიფოების მიერ წინასწარგანზრახული მანიპულაციის აკრძალვა ან სანქცირება იმ პირობით, რომ აკრძალვა მკაცრად შეზღუდული იქნება და შეეხება მხოლოდ იმას, რაც ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვისაა საჭირო. საინტერესო მაგალითია ბრიტანეთის მთავრობის მიერ განსახილველად წარმოდგენილი სამართალდარღვევა უცხოური ჩარევის შესახებ. ეს ახალი, კარგად ჩამოყალიბებული სამართალდარღვევა ორი პირობის შესრულების შემთხვევაში კანონსაწინააღმდეგოდ გამოაცხადებს განზრახ მანიპულაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასრულებს მოქალაქე საზოგადოებრივ ფუნქციებს ან მონაწილეობას იღებს პოლიტიკურ პროცესებში. პირველი პირობა მდგომარეობს იმაში, რომ მანიპულაცია მოიცავს სამართალდარღვევის ჩადენას, იძულებას ან შეცდომაში შეყვანას, ხოლო მეორე პირობა გულისხმობს მანიპულაციის განხორციელებას უცხო სახელმწიფოსთან დაკავშირებული ან მისგან სარგებლის მიმღები პირის მიერ. სანქციებს რაც შეეხება, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს სანქციების რეჟიმი აქვს შემოღებული აშშ-ის არჩევნებში უცხოური ჩარევის საპასუხოდ.
მეორეც, მთავრობებს შეუძლიათ, აკრძალონ კონკრეტული სადეზინფორმაციო კამპანიები, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგზე ახდენს გავლენას, როგორც, მაგალითად, ევროკავშირმა დააწესა სანქციები RT-ს, „სპუტნიკისა“ და რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი კიდევ სამი მედიასაშუალების წინააღმდეგ, იმ პირობით, რომ ეს აკრძალვები შეესაბამება კანონს, აუცილებელი და პროპორციულია ყველა შემთხვევაში.
მესამეც, მთავრობებსა და სოციალური მედიის პლატფორმებს შეუძლიათ, გადაჭრან მანიპულაციური არხების სახით ამ პლატფორმების გამოყენების პრობლემა, თუ გამოავლენენ და ხელს შეუშლიან მანიპულაციურ ქცევას. უკვე ვნახეთ, რომ ამ პლატფორმების დიზაინი ხშირად გამოსადეგია სადეზინფორმაციო კამპანიებისთვის. დეზინფორმაციის პრობლემის გადასაჭრელად პლატფორმები სხვადასხვა ნაბიჯს დგამენ 2017 წლიდან. ამის ნიმუშია ის, თუ როგორ ებრძვის Facebook კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას, ხოლო Twitter – პლატფორმით მანიპულაციას. უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. პლატფორმებისგან თანდათან ძალისხმევის გაზრდას მოითხოვს ახალი კანონმდებლობა და წესები, მაგალითად, ევროკავშირის განახლებული „პრაქტიკის კოდექსი დეზინფორმაციის შესახებ“ და ბრიტანეთის მთავრობის განზრახვა, რომ უცხო ჩარევა პრიორიტეტულ სამართალდარღვევად გამოაცხადოს „ონლაინუსაფრთხოების კანონში“ (რაც ნიშნავს იმას, რომ პლატფორმებს ექნებათ თანაზომიერი სისტემებისა და პროცესების გამოყენების ვალდებულება, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ უცხო ჩარევის გავლენა ადამიანებზე).
სად გადის გამყოფი ხაზი ლეგიტიმურ საკომუნიკაციო კამპანიებსა და არალეგიტიმურ სადეზინფორმაციო კამპანიებსა თუ ოპერაციებს შორის?
კჯ: კამპანიები, რომლებიც ხალხს ფაქტებსა და მრავალფეროვან შეხედულებებს სთავაზობს ცა და დედამიწასავით განსხვავდება კამპანიებისგან, რომლებიც ადამიანების მანიპულაციისთვისაა შექმნილი, რომ მათ დამახინჯებული მსოფლაღქმა ჩამოუყალიბდეთ ან ომისა და ძალადობისკენ განეწყონ. მიუხედავად ამისა, საინფორმაციო ოპერაციების სფეროში ლეგიტიმური აქტივობის საზღვრები ჯერჯერობით მკაფიოდ გამოხატული და დადგენილი არაა საერთაშორისო მასშტაბით. ასეთი ბუნდოვანება ხელს აძლევს მათ, ვისაც საზოგადოებრივი აზრით მანიპულაცია სურს დეზინფორმაციის მეშვეობით: რთული ხდება არალეგიტიმურ აქტივობაზე ეფექტურად რეაგირება და ჩნდება საბაბი ფარისევლობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და შედარებების გაკეთებისთვის.
სასარგებლო იქნებოდა საზღვრების დადგენა, ერთი მხრივ, ლეგიტიმურ საინფორმაციო ოპერაციებსა და მეორე მხრივ, არალეგიტიმურ დეზინფორმაციასა და მანიპულაციურ კამპანიებს შორის. ეს მარტივი ამოცანა არაა, ნაწილობრივ, იმიტომ, რომ საინფორმაციო ოპერაციები სხვადასხვა სახეს იღებს მშვიდობიან და საომარ პერიოდებში, რომელთათვისაც განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმები გამოიყენება. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ: საინფორმაციო ოპერაციების პარამეტრებზე შეთანხმება უფრო გააიოლებდა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებას მანიპულაციური კამპანიების წინააღმდეგ.