ფერადი რევოლუციები ისევ არ წყდება, ტომი 2: როგორ აშუქებდა პროკრემლისტური მედია ყაზახეთსა და ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებს

გასაოცარი დეჟა-ვიუ
პროკრემლისტური მედიასაშუალებების უმეტესობამ ხელახლა გამოიყენა უკვე კარგად ცნობილი დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც ყაზახეთში იანვრის დასაწყისში მომხდარ არეულობას ეხება. ეს ნარატივები ამტკიცებდა, რომ თითქოს დასავლეთი ცდილობდა ქვეყანაში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობას, ხოლო საბოლოო მიზანს რუსეთი წარმოადგენდა. გაჩნდა დეჟა-ვიუს გასაოცარი განცდა: ანალოგიურად აშუქებდნენ 2020-2021 წლებში ბელარუსში დემოკრატიის მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციებს.
EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზა შეიცავს პროკრემლისტური დეზინფორმაციის მრავალ ნიმუშს, რომლებიც თითქოსდა ბელარუსსა და ყაზახეთში მოსაწყობ „ფერად რევოლუციებს“ ეხება და თითქმის იდენტურია. რამდენიმე ნიმუში:
- ყაზახეთში განვითარებული მოვლენები დასავლეთის მიერ მოწყობილი კიდევ ერთი ფერადი რევოლუციაა და ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციები „ფერადი რევოლუციების“ ნაწილია
- ყაზახეთში ტერორისტული ჯგუფებმა „მაიდანის“ ტექნოლოგიები გამოიყენეს და ათასობით უცხოელი სამხედრო პირი ეხმარება პოლონეთის მომხრე ოპოზიციას ბელარუსში
- ყაზახეთში დემონსტრაციები უცხოეთიდან დაიგეგმა ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით და დასავლეთი მინსკში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს
- ყაზახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს MI6 აფინანსებს ახალი „მაიდანის“ შექმნის მიზნით და ბელარუსში ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს.
რა ხდება ამასობაში მინსკში
ბელარუსულმა სახელმწიფო მედიამ ყაზახეთში განვითარებული მოვლენების გამოყენებით სცადა იმ სისასტიკის გამართლება, რომელიც 2020-2021 წლებში ბელარუსში დემოკრატიის მომხრე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიჩინეს. გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, ყაზახეთისგან განსხვავებით, ბელარუსში ლუკაშენკოს გადამწყვეტი მოქმედებების შედეგად მოხერხდა მოვლენების ძალადობრივად განვითარების თავიდან აცილება. ბელარუსული სახელმწიფო მედია ლუკაშენკოს წარმოაჩენდა, როგორც წამყვან სპეციალისტს პოსტსაბჭოთა სივრცეში ფერად რევოლუციებთან ბრძოლის სფეროში. როგორც ბელარუსის 1-ელი არხი ამტკიცებდა, ყაზახეთსა და რუსეთს ბევრი რამ აქვს სასწავლი ბელარუსისგან, როცა საქმე „ფერად რევოლუციებს“ ეხება.
თვითონ ლუკაშენკოც ვერ ხედავს „დიდ განსხვავებას“ ყაზახეთსა და ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს შორის. ერთადერთი განსხვავება, მისი აზრით, ის იყო, რომ დასავლეთის უშიშრობების სამსახურები ყაზახეთში უფრო ფარულად მოქმედებდნენ. ლუკაშენკომ 10 იანვარს ჩატარებული კუხოს ვირტუალური სამიტიც იმისთვის გამოიყენა, რომ უზბეკეთი გაეფრთხილებინა არეულობის მომწყობი ექსტრემისტების შესახებ.
იანვარში ყაზახეთში განვითარებული მოვლენების თავისებური ინტერპრეტაციის გარდა, ბელარუსული სახელმწიფო მედია ზუსტად ისე აშუქებს ამბებს, როგორც პროკრემლისტური საშუალებები. ეს დიდად გასაკვირი არცაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი დღის წესრიგი და ნარატივები 2020 წლის შემდეგ მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს. ისინი მეტწილად იყენებენ პროკრემლისტურად განწყობილი კომენტატორებისა და მიმომხილველების ერთსა და იმავე წყაროს, რომლითაც ახალი ამბების პროგრამებს ავსებენ როგორც ბელარუსში, ისე რუსეთში. ამის მაგალითია პროკრემლისტი რუპორის, ვლადიმირ სოლოვიოვის ბოლო ინტერვიუ ლუკაშენკოსთან.
ყაზახეთში ისლამისტები საფრთხობელებად რჩებიან
ყაზახეთის ხელისუფლებამ „უცხოეთიდან მართულ ტერორისტებს“ მალევე დააბრალა საპროტესტო აქციების ორგანიზება, მაგრამ დასავლეთისა და დასავლური ქვეყნების დადანაშაულება მაინც ვერ გაბედეს. თუმცა, მომიტინგეების „რადიკალურ ჯგუფებად“ და „ისლამისტებად“ მოხსენიება არ შეუწყვეტიათ. ყაზახეთში განვითარებული მოვლენების პირველ კვირებში ეს წარმოადგენდა განსხვავებას ოფიციალურ რუსულ წყაროებსა და ყაზახურ მხარეს შორის.
ანგლო-საქსები რუსეთს ისევ ალყას არტყამენ
პროკრემლისტური დეზინფორმაცია ბელარუსსა და ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს დასავლეთის დიდი ანტირუსული სტრატეგიის ნაწილად წარმოაჩენს. როგორც წესი, სულისჩამდგმელებად გამოჰყავთ აშშ, ანუ ანგლო-საქსები, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს მეორეხარისხოვნებად წარმოაჩენენ. „სპუტნიკის“ მიერ გავრცელებული ერთი ინტერპრეტაციის მიხედვით, ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს ფარულად ხელმძღვანელობდა ლონდონის ისტებლიშმენტი, იგივე „ღრმა სახელმწიფო“. ეს ალბათ იგივე ბრიტანული „ღრმა სახელმწიფოა“, რომელიც მუხლჩაუხრელად ცდილობს ფერადი რევოლუციების მოწყობას ბელარუსში, მიანმარში, რუსეთსა და აშშ-ში, როგორც ამას წინა დეზინფორმაციის შემთხვევა განმარტავს
EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში არსებული სხვა შემთხვევებიც ბელარუსსა და ყაზახეთში დასავლეთის „ანტირუსულ“ მოქმედებებს ეხება და მსგავს რიტორიკას იყენებს:
- ყაზახეთში განვითარებული მოვლენები ანგლო-საქსების მიერ რუსეთის ალყაში მოქცევის მცდელობაა და ანგლო-საქსების კონტროლქვეშ მყოფი, რუსოფობიულად განწყობილი პოლონეთი ბელარუსის ოკუპაციას გეგმავს.
- ყაზახეთში ტერორისტული შეტევა დასავლეთმა შეუკვეთა რუსეთის საზღვართან ცხელი წერტილის შექმნის მიზნით და ბელარუსი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ გაჩაღებული ფსიქოლოგიური ომის მთავარი სამიზნეა.
რუსეთის უშიშროებასთან ახლო კავშირი თქვენს წარმატებას უდრის
კიდევ ერთი გავრცელებული ნარატივის მიხედვით, რუსეთთან მხოლოდ ახლო ურთიერთობები (და ალბათ რუსეთის ნაწილად ქცევა) არის პარტნიორი ქვეყნების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გარანტია.
რუსეთისთვის ზურგის შექცევის შედეგი კი ეკონომიკური განადგურება და ნაციზმია. მაგალითები ბევრია. ბელარუსი ან რუსეთთან ერთად განვითარდება ნორმალურად, ან იძულებითი „პოლონიზაცია“ მოუწევს ვარშავის მმართველობის ქვეშ და ეკონომიკურად განადგურდება. ბელარუსი ან რუსეთის ნაწილი გახდება ან დასავლეთის ღატაკი კოლონია. უკრაინა და ბელარუსი ნაციზმის თავიდან აცილებას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ნაწილი გახდება.
რუსეთის სახელმწიფო მედიაგამოცემა „სპუტნიკი“ ამტკიცებს, რომ არეულობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი იყო ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნაზარბაევის ანტირუსული პოლიტიკა: მაგალითად, ოფიციალურ დამწერლობად ლათინური ანბანის გამოყენება და ეთნიკურად რუსი უმცირესობის დისკრიმინაცია. „სპუტნიკის“ კიდევ ერთი კომენტატორის აზრით, არეულობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი იყო ყაზახეთის მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა, რომელიც დასავლეთთან ახლო ურთიერთობას მოიცავდა. ქვეყნის ელიტის წარმომადგენლები დასავლეთის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდნენ და ეკონომიკურ და პოლიტიკურ კორუფციაში ჩაეფლნენ. ასეთი განსაცდელისგან ქვეყანას მხოლოდ რუსეთთან ახლო ურთიერთობები იხსნის.
პროკრემლისტური წყაროების თანახმად, ყველა მხარისთვის მომგებიანი იყო რუსეთის ხელმძღვანელობით სწრაფად ორგანიზებული კუხოს „სამშვიდობო“ მისია. მხოლოდ რუსეთის ლეგიტიმურ ინტერესს არ წარმოადგენდა დასავლეთის საფრთხისგან საკუთარი თავის დაცვა. მისიამ ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ყაზახეთსაც, ამტკიცებენ პროკრემლისტური წყაროები და გულანთებულები ავითარებენ „დახმარების ხელის“ ნარატივს.

„რუსებს მათ საზღვრებთან ასობით აყვავებული ყვავილისა და ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნების მშვიდობიანი განვითარების ხილვა სურთ… სწორედ რუსეთმა მოუტანა ცივილიზაცია ამ ღვთისგან მივიწყებულ ქვეყნებს“. – ციტატა: „რია ნოვოსტი“ – ამ თითქმის პოეტური ოცნების ასახდენად რუსეთმა „რუსული გეოპოლიტიკური სივრცე“ უნდა აღადგინოს.
კუხოს წარმატებულმა მისიამ ყაზახეთს სახელმწიფოებრიობა შეუნარჩუნა, ქვეყანამ კი უფრო მეტი სარგებელი შეიძლება მიიღოს რუსეთთან ღრმა ინტეგრაციის შემთხვევაში. ახლახან მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა ახალი ამბების რუსულმა სახელმწიფო სააგენტომ, „რია ნოვოსტიმ“ ყაზახეთთან დაკავშირებულ რუბრიკაში: აშშ-ის ინტერესია ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხოლო „რუსებს მათ საზღვრებთან ასობით აყვავებული ყვავილისა და ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნების მშვიდობიანი განვითარების ხილვა სურთ“. ამ თითქმის პოეტური ოცნების ასახდენად რუსეთმა „რუსული გეოპოლიტიკური სივრცე“ უნდა აღადგინოს.
გამოცდილ მკითხველებს გაახსენდებათ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის დროს გავრცელებული მსგავსი რუსული ლოზუნგები: „ამ მიწის მოთხოვნის უფლება გვაქვს“. „მხოლოდ იმას ვიბრუნებთ, რაც გვეკუთვნის და დროებით გვქონდა გაცემული“ — იხილეთ კვლევა აქ ან აქ.
მსგავსი მსოფლმხედველობით გამსჭვალული მანიპულაციისა და დეზინფორმაციის სხვა ნიმუშების ნახვა შეგიძლიათ სტატიაში „გამოაშკარავებულია შვიდი მითი“.