Read this article in EN RU HY AZ UA RO KA

ყირიმი: რვა წელი გავიდა რუსეთის მხრიდან ძალადობრივი და უკანონო ანექსიის შემდეგ, მაგრამ აღიარებას პირი არ უჩანს

თებერვალი 26, 2022

რუსეთის მხრიდან ძალადობრივი და უკანონო ანექსიის შემდეგ რვა წელი გავიდა, მაგრამ ყირიმი პროკრემლისტური დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება. EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზა შეიცავს 840-ზე მეტ შემთხვევას, რომლებიც გვიჩვენებს კრემლის მუდმივ მცდელობას, თავი წარმოაჩინოს ყირიმის „მხსნელად“ და ასე გაამართლოს უკანონო ანექსია. დეზინფორმაციის ეს ნიმუშები ბევრ ქვეყანაში და რამდენიმე ენაზე ვრცელდება: 437 რუსულად, 143 არაბულად, 79 ინგლისურად, 42 ფრანგულად და უფრო მეტი სხვა ენებზე.

ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა თავისი პოზიცია იმის შესახებ, რომ არც ახლა და არც მომავალში არ ცნობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიას. ამ კონტექსტში როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აუდიტორიის კეთილგანწყობის მოპოვების ერთადერთ გზად რუსეთს რჩება დეზინფორმაცია და კრემლის იმ შავბნელი საქმეების გათეთრება, რომლებიც საერთაშორისო სამართალს არღვევს.

ჩვენ გავაანალიზეთ ყველაზე გავრცელებული ნარატივების ოთხი ტიპი, რომლებიც საინფორმაციო გარემოს 2014 წლიდან წამლავს. გასაკვირი არაა, რომ ქვემოთ წარმოდგენილი ბევრი ნარატივი პუტინმა ასევე გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ ამჟამად მიმდინარე არაპროვოცირებული თავდასხმის გასამართლებლად (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ასევე აქ და აქ).

„მხსნელი“: ყირიმი რუსეთმა საფრთხისგან იხსნა და ახლა ის უსაფრთხო ზონაა ყველასთვის

უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთი საკუთარ თავს წარმოაჩენს „მშვიდობისმყოფელ“ ძალად, რომლის მიზანია „გენოციდის“ თავიდან აცილება — უკრაინას აბრალებენ გენოციდის მოწყობას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები მოსახლეობის წინააღმდეგ. ასევე, რუსეთი ამტკიცებს, რომ თითქოს ყირიმელები მონობას გადაარჩინა.

პროკრემლისტური გამოცემები რუსეთის დადებითი იმიჯის შექმნას ცდილობენ. ყირიმი წარმოჩენილია, როგორც თავისუფალი ადგილი: ხელსაყრელი ადგილობრივი უმცირესობებისთვის, აყვავებული, უზომოდ პოპულარული ტურისტებში, უსაფრთხო ზონა ნებისმიერი ევროპელისთვის, რომელიც „თავშესაფარს ეძებს აგრესიული სექსუალური განათლებისგან თავის დასაცავად“.

„დემოკრატია“: ანექსია „დემოკრატიულ“ რეფერენდუმს მოჰყვა და ფართო აღიარება მოიპოვა

რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციული ნარატივებიდან ამას ყველაზე ხშირად იმეორებენ. პროკრემლისტური მედია აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ თითქოს ყირიმი „რუსეთის ნაწილი“ მას შემდეგ გახდა, რაც იქ დემოკრატიული რეფერენდუმი ჩატარდა. უფრო მეტი ნიმუშის ნახვა შესაძლებელია აქ, აქ და აქ.

ამასთან, კრემლის გეოპოლიტიკური ილუზიები ძალიან შორს მიდის. პროპაგანდისტები სერიოზულად ამტკიცებენ, რომ თითქოს ყირიმი რუსეთის ნაწილად აღიარა: ევროკავშირმა, გაერომ, ნორვეგიამ, უკრაინულმა „ნაფტოგაზმა“, მთლიანად დასავლეთმა, NYT-მ და Coca-Cola-მაც კი.

„სახლში დაბრუნება“: ყირიმი რუსული მიწაა და ყოველთვის რუსეთის იყო

ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი უნდა იყოს ლოზუნგი „კრიმ — ნაშ! ყირიმი ჩვენია!“, რომელსაც რუსი ჩინოვნიკები უკრაინის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის აღსანიშნავად იყენებენ. ლოზუნგის მიზანია ისტორიული პრეტენზიის მკაფიოდ გამოკვეთა და პატრიოტული გრძნობების გაძლიერება ადგილობრივ მოსახლეობაში, რომელსაც ეუბნებიან, რომ თითქოს სინამდვილეში ყირიმი „დაუბრუნდა თავის სამშობლოს“, რუსეთს.

თუმცა, რაც არ უნდა ეშმაკურად დაამახინჯოს კრემლმა ისტორია, ფაქტები მაინც არ შეიცვლება: ძალადობრივი და უკანონო ანექსია უკვე რვა წელს ითვლის, მაგრამ ყირიმი არ არის „ნაშ“/„ჩვენი“ და ის არც რუსეთის ნაწილია. ამის დაჩემება დეზინფორმაციას ნიშნავს. გამეორებით ლოზუნგი სიმართლე ვერ გახდება.

„მსხვერპლი“: დასავლეთი და კიევი ყირიმს აზიანებს

ხშირად პროკრემლისტური დეზინფორმაცია დასავლეთს ბოროტებად წარმოაჩენს. ყირიმის კონტექსტში დასავლეთთან ერთად კიევის მთავრობასაც ლანძღავენ. სადეზინფორმაციო მანქანამ დასავლეთს დააბრალა „ყირიმის მოსახლეობის ნების შეურაცხყოფა“ და ყირიმის შესახებ სიმართლის დამახინჯება, ხოლო ნატოს — „პროვოკაციების მოწყობა“, შავი ზღვის რეგიონის „დესტაბილიზაციის“ მცდელობა და „ყირიმის აღების მომზადება“.

მეორე მხრივ, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები უკრაინის ხელისუფლებას აბრალებენ „წყლის გენოციდს“, ელექტრომომარაგების დაბლოკვას და ყველაფრის გაკეთებას ნახევარკუნძულის „ჩამოსაჭრელად“, მათ შორის, 120-კილომეტრიანი წყლითსავალი გზის მშენებლობას დანარჩენი უკრაინისგან ყირიმის გამოსაყოფად.

თუმცა, ყველა ამ დეზინფორმაციული მცდელობის მიუხედავად, რომლებიც ხალხის გონებისა და გულის მოგებას და მათთვის დაუჯერებლის დაჯერებას ისახავს მიზნად, არსებობს მხოლოდ ერთი და მარტივი სიმართლე: ყირიმი არის და რჩება უკრაინის ნაწილად.

დააწკაპუნეთ აქ ქვემოთ მოცემული სურათის PDF-ვერსიის მისაღებად.