Read this article in EN RU IT ES FR DE PL UA RO KA

ჩინეთის დაბალანსების პოლიტიკა და უკრაინაში მიმდინარე ომი

აპრილი 04, 2022

ჩინურმა მედიამ და ოფიციალურმა პირებმა მკაფიო პოზიცია დაიკავეს: უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაში დამნაშავეა არა რუსეთი, არამედ დასავლეთი და ბოლო 20 წლის განმავლობაში ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით, რაც უგულებელყოფს რუსეთის „ლეგიტიმურ შეშფოთებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“. ამავდროულად, ჩინეთი „პატივს სცემს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“. ბოლო კვირებში ჩინეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი მედიასაშუალებების ყურადღება უკრაინამ მიიპყრო. ისინი პოპულარიზებას უწევენ ამ შეხედულებების შემცველ რამდენიმე ნარატივს.

ჩინეთი ნეიტრალურია, ჩინეთი არ არის ნეიტრალური

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც კი ჩინეთი პოზიციონირებდა, როგორც ნეიტრალური დამკვირვებელი, ოფიციალურად მხარს უჭერდა „წყნარ დიპლომატიას“ და მინსკის შეთანხმებებს, რომელთა მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დასრულება იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთს არასდროს უღიარებია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და ჯერჯერობით საჯაროდ არავითარი ოფიციალური მინიშნება არ გაუკეთებია აღიარებასთან დაკავშირებით.

დიდი ხანია, განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ნეიტრალიტეტზე და ჩინეთის, როგორც შუამავლის როლზე კონფლიქტში. ამავდროულად, მშვიდობის, ჰუმანიტარული დახმარებისა და მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ გამონათქვამები — რომლებიც ნათლადაა ჩამოყალიბებული საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის „ექვსპუნქტიან ინიციატივაში“ — სავსეა ეგრეთწოდებული დასავლური დეზინფორმაციისა და სანქციების კრიტიკით. ჩინეთის მტკიცებით, სანქციებს ეწინააღმდეგებიან „თანამოაზრე პარტნიორები“ და განვითარებადი სამყარო. საქმე ეხება არა უკრაინაში მომხდარ მოვლენებს, არამედ იმას, თუ რამდენად ცუდია აშშ (და დასავლეთი).

ერთი მხრივ, ჩინეთი მხარს უჭერს „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, ხოლო მეორე მხრივ, საჯაროდ არასდროს ახსენებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ღიად ეწინააღმდეგება რუსეთის ქმედებების დაგმობას. ამის ნაცვლად, ჩინური ოფიციალური არხები მუდმივად ხაზს უსვამენ „კომპლექსურ ისტორიულ საკითხებს“, რომლებიც თითქოსდა უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის წინამძღვარია და ასე უგულებელყოფენ ბრალდებებს, რომლებიც მათ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ეხება.

პრეზიდენტ სის სურს საუბარი ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გამონახა დრო უკრაინასთან სალაპარაკოდ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა და უკრაინამ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ 2013 წელს გააფორმეს. უფრო ადრე, 1994 წელს ჩინეთის მთავრობამ ოფიციალურად დაუჭირა მხარი ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომლითაც უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. რუსეთთან, აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად ჩინეთმა დადო პირობა, რომ პატივს სცემდა უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და არსებულ საზღვრებს ატომურ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ.

იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესახებ საუბარი ადვილად შეიძლება დაუკავშირდეს ტაივანს, განცხადებების ზღვა ვიხილეთ ამ თემასთან დაკავშირებით ჩინეთის ურყევი პოზიციის შესახებ: ტაივანი უკრაინა არ არის. სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი მედია და ოფიციალური პირები კუნძულს ადანაშაულებენ საერთაშორისო ყურადღების მიქცევის მიზნით კონფლიქტის გამოყენებაში.

თუმცა, ეს გაცხადებული ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს, რომ ჩინეთი ნამდვილად ნეიტრალურია უკრაინის მომავლის მიმართ. პირველ რიგში, უკრაინა განიხილება, როგორც უბრალო ხიდი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის გარეთაა. ასეთი მიდგომა ქვეყანას, ფაქტობრივად, საკუთარი გზის არჩევის უფლებას ართმევს. ჩინეთი ხშირად იშველიებს 1975 წლის ჰელსინკის დასკვნით აქტს, როცა საქმე ეხება „განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპს“, მაგრამ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ იგივე დოკუმენტი ქვეყნებს აძლევს კავშირების არჩევისა და მათში გაწევრების უფლებას. ამ აქტთან დაკავშირებული 1999 წლის სტამბოლის ქარტია, რომელიც ასევე ხელმოწერილია რუსეთის მიერ, ზოგადად, დამატებით უსაფრთხოების ზომების არჩევის უფლებას აძლევს ქვეყნებს. არაფერს ვამბობთ გაეროს ქარტიის 51-ე მუხლზე, რომლითაც ქვეყნების კოლექტიური თავდაცვის უფლებაა გარანტირებული. იმავე ქარტიის მუხლი 2.4 ეხება ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას — ესენი ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტური პრინციპებია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცალსახად არღვევს ჩვენი საერთაშორისო სისტემის სტაბილურობის საფუძველს, ჩინეთს ის ჯერ კიდევ არ დაუგმია.

არ არსებობს დაძაბულობა და არც შეჭრა მომხდარა

ჩინეთი დიდი ხნის განმავლობაში აყენებდა ეჭვქვეშ თვითონ კრიზისის არსებობას. 24 თებერვლამდე უკრაინაში დაგეგმილ შეჭრას აშუქებდნენ, როგორც უბრალოდ „პანიკის დათესვას“ (ზუსტად ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებდა) და დეზინფორმაციას, რომელსაც თითქოსდა ვაშინგტონი ავრცელებდა თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მათი აზრით, აშშ-ს მიერ შექმნილმა პანიკამ გამოიწვია ჯარის თავმოყრა საზღვარზე. შემდეგ თითქოსდა აშშ-ს მიერ ატეხილ აჟიოტაჟს, საომარ განწყობილებასა და საშინაო პრობლემებს უპირისპირებდნენ ჩინეთის თვალშისაცემ სიმშვიდეს, დახმარების პოლიტიკასა და მშვიდობის დამყარების სურვილს.

რუსეთის შეჭრის შემდეგაც ჩინეთის ოფიციალური პირები უარს ამბობდნენ მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევაზე. სიტყვა „შეჭრა“ რეალობის დამახინჯების დასავლურ მეთოდად მიიჩნეოდა. რამდენიმე ცალკეული გამონაკლისის გარდა, ჩინეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი ერთადერთი მედიასაშუალება, რომელიც ამ ტერმინს იყენებს, CGTN-ია. ბუჩაში ჩადენილი მასობრივი მკვლელობების ფონზეც კი საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედმა ჩინურმა მედიასაშუალებებმა უბრალოდ ყურადღების მიღმა დატოვეს ეს ფაქტი ან რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები და კონტრარგუმენტები გააშუქეს. ერთადერთი გამონაკლისია ისევ CGTN, რომელიც შედარებით სრულად აშუქებს მოვლენებს, მაგრამ დაგმობამდე მაინც არ მისულა. სხვათა შორის, ჩინეთის ოფიციალური არხები მუდმივად ადანაშაულებენ აშშ-სა და დასავლეთს დეზინფორმაციაში და „ამტკიცებენ“ იმ ინფორმაციის სიმცდარეს, რომლის მიხედვითაც, ჩინეთმა იცოდა რუსეთის გეგმა და მხარს უჭერს კონფლიქტს.

ამგვარად, გარეგნულად ნეიტრალური მხარე, ჩინეთი მხარს უჭერს გაეროს როლს და კონფრონტაციის ნაცვლად, მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, მაგრამ ერთხელაც არ სვამს შეკითხვას კონფლიქტის გაჩენაში რუსეთის როლის შესახებ. ამასთან ერთად, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ღამეს პრეზიდენტ სისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის მიერ გამოქვეყნებულმა ერთობლივმა განცხადებამ ნათელი გახადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის წინადადებებს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ და ნატოს ნებისმიერი გაფართოების წინააღმდეგია, რაც კიდევ ერთხელ უგულებელყოფს ქვეყნების მიერ კავშირების არჩევის უფლებას, რომელსაც თავის დროზე რუსეთიც დაეთანხმა.

დეზინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ – ამ ომში დამნაშავეა ნატო და აშშ, რომლებსაც ანტიჩინური და ანტირუსული მოტივები ამოძრავებს – აშშ-ს დაზვერვა ნეონაცისტურ ჯგუფებს უჭერს მხარს უკრაინაში – აშშ და დასავლეთი დეზინფორმაციას ავრცელებს – აშშ ფარულად ამუშავებს საშიშ სამხედრო ბიოლაბორატორიებს

რუსეთი უდანაშაულოა, წინ უნდა გამოვიდნენ „ნამდვილი დამნაშავეები“

ჩინეთმა ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ჩამოაყალიბა თავისი პოზიციები, რომლებიც ახლა ქვაში გამოკვეთილს ჰგავს. პირველ რიგში, ის, რომ თითქოს ომში დამნაშავეა ნატო და აშშ (ასე ამყარებენ პროკრემლისტურ ნარატივებში გავრცელებულ მითს), რომლებიც ანტიჩინური და ანტირუსული მოტივებით მოქმედებენ და რუსეთს კუთხეში იმწყვდევენ. მოგვიანებით ჩინეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ არხებზე გამოჩნდა კრემლის სახელმძღვანელოდან ნასესხები ნარატივები: კონსპირაციული თეორიები იმის შესახებ, რომ თითქოს აშშ-ს ბრძანებით მუშაობს ფარული და საშიში სამხედრო ბიოლაბორატორიები (იმავე მიდგომას იყენებს ჩინეთი საკუთარი თავისგან ყურადღების გადასატანად, როცა COVID-19-ის წარმოშობის ადგილს ეხება საუბარი) და აშშ-ს დაზვერვა მხარს უჭერს ნეონაცისტურ ჯგუფებს უკრაინაში. „სპუტნიკის“ სტატიების ხელმეორედ გამოქვეყნებით ჩინური მედია პლატფორმას სთავაზობს სანქცირებულ გამოცემას ამ კონსპირაციული თეორიების გასავრცელებლად.

ნატოსა და აშშ-ს საწინააღმდეგო ნარატივები აძლიერებს შეხედულებას, რომ რუსეთი აგრესორი არ არის. რუსეთის შეჭრის შემდეგ ჩინეთმა გაიმეორა, რომ იზიარებს რუსეთის შეშფოთებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და გააგრძელა დასავლეთის დადანაშაულება კონფრონტაციული მიდგომის ქონაში.

როცა რუსეთი ომს იწყებს, კარგი კომუნიკაციის გამართვა აუცილებელია

სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ჩინეთს პოპულარიზება არ გაუწევია რუსეთის ყველა დეზინფორმაციული ნარატივისთვის. მათ ნარატივებში განსხვავებებიც არსებობს, განსაკუთრებით, როცა საკითხი ეხება ადამიანურ და მატერიალურ ზარალს, რომლის „სიმცდარის ჩვენებას“ ზოგჯერ ცდილობს ჩინეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი სატელევიზიო ქსელი CGTN. ამასთან ერთად, ჩინეთი აქცენტს აკეთებს მისი მხრიდან უკრაინისადმი გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რადგან მდგომარეობა „ისეთი არაა, როგორსაც ჩინეთი ისურვებდა, რომ ყოფილიყო“. საერთაშორისო მედიაში ჩინელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულმა სტატიებმა ასევე შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ჩინეთის მოსახლეობის რაღაც ნაწილს მაინც აშფოთებს მათთვის უარყოფითი ეკონომიკური შედეგები და ჩინეთის იზოლირების საფრთხე, თუ უკრაინაში ომი გაიწელება ან ქვეყნები ორ დაპირისპირებულ ბლოკად გაიყოფა — ცივი ომი 2.0.

თუმცა, საბოლოო ჯამში, კრიზისის დაწყებიდანვე შესამჩნევი იყო ჩინეთის სამთავრობო მედიის რიტორიკის თანხვედრა კრემლთან. ჩინეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი მედიის მიერ გავრცელებული ახალი ამბები დიდწილად (მაგრამ არა მთლიანად) რუსულ წყაროებს ეყრდნობა. დაბოლოს, ჩინეთი უკრაინაში მიმდინარე ომს იყენებს აშშ-სა და დასავლეთის უკვე კარგად ცნობილი კრიტიკის უფრო ფართოდ გასავრცელებლად.