ცეკვის ვიდეოებიდან ომის მხარდამჭერ სინქრონულ გახმოვანებამდე

სოციალური მედიის პლატფორმები ფართოდ გამოიყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მათ შორის, კონფლიქტების დროსაც. გამონაკლისი არაა არც TikTok, რომელსაც მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. პლატფორმამ მსოფლიო მოიცვა, როცა ხალხს რეალურ დროში ომისთვის თვალის მიდევნების საშუალება მისცა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ TikTok გაივსო მოვლენების ეპიცენტრში გადაღებული ვიდეოებით: სამხედრო მანქანების კოლონები, მიტოვებული ტანკის ტარების ინსტრუქცია, ქორეოგრაფია ბრძოლის ველზე, ბომბსაფარში საჭმლის მომზადების გაკვეთილები და ა.შ. მონეტას მეორე, შემზარავი მხარეც აქვს: TikTok-ზე მასობრივად ვრცელდება დეზინფორმაციული ვიდეოები, რომლებშიც „სპეციალურ ოპერაციას“ აქებენ. TikTok გახდა ომის პროპაგანდის კერა, სადაც თავს იყრიან როგორც ომის დარგში თვითგამოცხადებული ექსპერტები, ისე პროკრემლისტური არხები.
დეზინფორმაციიდან ომის პროპაგანდამდე
TikTok-ზე განთავსებულ ვიდეოებში, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას უჭერს მხარს, ხშირად იყენებენ ტოქსიკურ Z-სიმბოლოს და აჩვენებენ „სპეციალური ოპერაციის“ მხარდამჭერ დემონსტრაციებს. ბევრ ვიდეოში „სპეციალურ ოპერაციას“ დონბასში რუსულენოვანი მოსახლეობის თითქოსდა „გენოციდისგან“ გადარჩენის აუცილებლობით გამართლებას ცდილობენ. რუს სამხედროებს წარმოაჩენენ „მხსნელებად“ და „დამცველებად“, რომლებსაც ადგილობრივები 2014 წლიდან ელოდნენ.
ყველასთვის კარგად ცნობილი პროკრემლისტი პროპაგანდისტები ხალხის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამტკიცებენ, რომ „სპეციალური ოპერაციის“ სამიზნე მხოლოდ უკრაინული სამხედრო ინფრასტრუქტურა და უკრაინაში აშშ-ს მიერ დაფინანსებული ბიოლაბორატორიებია, რომლებიც ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ რუსეთზე თავდასასხმელად. ამავდროულად, სხვა ვიდეოებში უკრაინას სდებენ ბრალს მინსკის შეთანხმებების უპატივცემულობაში. ასევე, ნატოს, ევროკავშირსა და აშშ-ს ადანაშაულებენ ატომური ბომბებით უკრაინის შეიარაღებაში, რუსეთის მიმართულებით გაფართოებაში და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში.
მსოფლიომ თითქმის ერთხმად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რის პასუხადაც Twitter-სა და TikTok-ზე ტრენდული გახდა ჰეშტეგი #мненестыдно [#Iamnotashamed]. TikTok-ზე გავრცელებულ კომპილაციებში ხშირად საუბრობენ რუსეთის სიდიდეზე, რომელსაც საბჭოთა კავშირსა და რუსეთის იმპერიას ადარებენ. პროკრემლისტურ სადეზინფორმაციო ეკოსისტემაში ამ ნარატივის მთავარი გამავრცელებელი იყო მარგარიტა სიმონიანი, RT-ს მთავარი რედაქტორი. ქალბატონმა სიმონიანმა თავისი რეაქცია გამოხატა აღნიშნულ ნარატივზე და ჰეშტეგზე #мненестыдно. მისი თქმით, ერთადერთი რამ, რისიც რცხვენია ისაა, რომ მათ [ე.ი. რუსებმა] „არაფერი გააკეთეს“ დონბასისთვის რვა წლის განმავლობაში.
ინფლუენსერების როლი
ამას წინათ ერთ-ერთმა ბლოგერმა რუსი ინფლუენსერები ამხილა კოორდინირებულად მოქმედებაში და ინსტრუქციის მიხედვით ერთი და იმავე ტექსტის გახმოვანებაში. შეტყობინებების დუბლირებასთან ერთად, ამ ინფორმაციას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ყველა ვიდეო ამჟამად წაშლილია, ხოლო 13-იდან ექვსმა არხმა, რომლებზეც ეს ვიდეოები იდებოდა TikTok-ის იდენტიფიკატორი შეიცვალა.
თუმცა, მათ გარდა, TikTok-ზე უამრავი სხვა კოორდინირებული ვიდეოც ვრცელდებოდა. პოპულარული ინფლუენსერები ავრცელებენ თითქმის იდენტურ ვიდეოებს, რომლებშიც ერთი და იგივე აუდიოკლიპები, ჰეშტეგები და ფილტრები გამოიყენება. ამ არხებს რამდენიმე ათეული ათასიდან მილიონამდე გამომწერი ჰყავს. ისინი ჰგავს TikTok-ის ჩვეულებრივ ანგარიშებს, რომლებსაც ხალხი სახალისო ხრიკების, ცეკვის ვიდეოებისა და კომედიური კონტენტის გასაზიარებლად იყენებს. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამ ანგარიშებმა პოლიტიკური ხასიათის ვიდეოების გამოქვეყნება დაიწყო.
ერთ-ერთ ვიდეოში სცენა იწყება იმით, რომ მთავარი გმირი ერთ მუხლზე დგას და ხელში უჭირავს ბანერი ინგლისურ ენაზე გაკეთებული წარწერებით „რუსოფობია“, „დონბასი“, „სიძულვილის ენა“, „გაუქმება“, „ლუგანსკი“, „სანქციები“, „ინფორმაციული ომი“ და „ნაციონალიზმი“. ამის შემდეგ აღნიშნული პიროვნება დგება და ატრიალებს ბანერს, რომლის მეორე მხარეზეც წერია „რუსების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“. ამ ვიდეოებში იყენებენ ერთსა და იმავე სიმღერას, „კატიუშას“ რემიქსს და ერთსა და იმავე ფილტრს, რომელსაც ვოლგოგრადში დადგმული ძეგლი „დედასამშობლო გვიხმობს“ გამოარჩევს. ყველა მათგანს ახლავს წარწერა: „რუსების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ და ასევე, ჰეშტეგი #RLM. სხვადასხვა რუსმა ინფლუენსერმა ოცზე მეტი ერთნაირი ვიდეო შექმნა (იხ. მაგალითად, აქ, აქ, აქ და აქ). ზოგიერთმა მათგანმა ასეულობით ათასი ნახვა, მოწონება და კომენტარი მიიღო.
შეიძლებოდა თუ არა, რომ ეს ტენდენცია ნამდვილად მასობრივი ინიციატივის შედეგად გაჩენილიყო? საეჭვოა. კიდევ ერთმა რუსმა ინფლუენსერმა Instagram-ზე გააზიარა ისტორია (იხ. ქვემოთ), რომელიც ვიდეოს შესაქმნელად მკაფიო ინსტრუქციას გვიჩვენებს: „ბლოგერმა უნდა ითამაშოს დონბასის მცხოვრების როლი, რომელმაც 2014 წლიდან მოყოლებული ყველაფერი გადაიტანა […]. ახლა ის უკვე უსაფრთხოდაა, რადგან რუსეთის ჯარმა „დნრ“ და „ლნრ“ გაათავისუფლა“.. შეტყობინება ასევე შეიცავს ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რომელი ჰეშტეგი და აუდიოკლიპი უნდა იქნეს გამოყენებული „ფონოგრამისთვის“.
TikTok-ზე სწრაფი ძიება გვიჩვენებს, რომ მინიმუმ ორი ვიდეო შექმნეს ამ ინსტრუქციის მიხედვით (ერთი მათგანი აქ არის, ხოლო მეორე წაშლილია). ამასთან ერთად, ერთ-ერთი ვიდეო გამოაქვეყნა ინფლუენსერმა, რომელიც ასევე, შემჩნეულია ზემოთ აღნიშნული იდენტური ტექსტის გახმოვანებაში.
დაფინანსებული და ფასიანი კონტენტი ჩვეულებრივი მოვლენაა TikTok-ზე და სოციალური მედიის სხვა პლატფორმებზე. თემატური ვიდეოების შექმნის სანაცვლოდ, ათეულობით Telegram-არხი სთავაზობს ფულს TikTok და Instagram-ბლოგერებს კონკრეტულად, ერთმა არხმა, MM-Media-მ თებერვლის ბოლოს გამოაცხადა (შენიშვნა: ეს და MM-Media-ს პუბლიკაციების სხვა ბმულები ხილულია მხოლოდ არხის წევრებისთვის, რადგან არხი დახურული გახდა), რომ პოლიტიკურ თემატიკაზე მაღალი მოთხოვნა გაჩნდებოდა „დიდი პროექტისთვის“, რომელსაც „გაზრდილი ბიუჯეტი“ ექნებოდა და ერთ ვიდეოში „20 000 რუბლზე“ მეტს გადაიხდიდნენ. Telegram-არხების მფლობელი „5 მილიონზე მეტი გამომწერის“ მქონე TikTok-ბლოგერებს სთხოვს, მას დაუკავშირდნენ, თუ „სამთავრობო რეკლამის“ გავრცელება სურთ. მას შემდეგ არხმა პოლიტიკური ხასიათის რამდენიმე მიმართვა გააზიარა 1,5 მლნ, 5 მლნ და 10 მლნ გამომწერის მქონე TikTok-ბლოგერებისთვის. რამდენიმე მოთხოვნას ორიენტაციისთვის ნიმუშიც მოჰყვებოდა. TikTok-ზე გავრცელდა ამ ინსტრუქციის მიხედვით შექმნილი ათეულობით ვიდეო (მაგალითად, აქ, აქ და აქ). კიდევ ერთ მიმართვაში ინფლუენსერებს სთხოვეს Z-სიმბოლოს თითებით ჩვენება. ამ შემთხვევაშიც მოთხოვნას მოჰყვა ვიდეოების სერია TikTok-ზე (მაგალითად, აქ, აქ და აქ). ახლახან MM-Media-ს Telegram-არხმა ინგლისურენოვან ბლოგერებს მოუწოდა „სულელური სანქციების“ თემაზე ვიდეოების შექმნისკენ.
რა იქნება შემდეგ
4 მარტს TikTok-მა განაცხადა, რომ იარლიყებს გამოიყენებდა მთავრობის კონტროლქვეშ არსებული ზოგიერთი ანგარიშიდან გავრცელებული კონტენტის შემთხვევაში. მოგვიანებით განაცხადეს, რომ წყვეტდნენ პუბლიკაციების გამოქვეყნებასა და პირდაპირ ტრანსლაციებს რუსეთიდან. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ სრულად ბლოკავდა არარუსულ კონტენტს რუსეთში, ანუ, რუსული IP-მისამართის მქონე მომხმარებელს უკვე აღარ ექნება წვდომა არარუსულ კონტენტზე TikTok-ზე. ამ გადაწყვეტილებებმა უცხოური კონტენტისგან რუსი მომხმარებლების ფაქტობრივი იზოლაცია გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ მომზადებული ათასობით ვიდეორეპორტაჟი TikTok-ის მეშვეობით ვრცელდება. TikTok-ზე პოპულარობის მოპოვებისკენ სწრაფვა მილიონობით რეაქციის წყაროა, ხოლო ვიდეოებს მასობრივად აზიარებენ. საბოლოო ჯამში, ბევრი მათგანი სხვა სოციალურ ქსელებში, ტრადიციულ მედიასაშუალებებში და ტელევიზიებშიც კი ხვდება. არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ TikTok-ზე გაზიარებული ვიდეოების უმეტესობის ნამდვილობაში. თუმცა, მეტ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ არსებობენ ინფლუენსერები, რომლებსაც ხელფასს უხდიან კრემლისა და „სპეცოპერაციის“ მხარდამჭერი ვიდეოების გაზიარებაში.
TikTok-ზე ომი ადვილად ხდება იმ ვირტუალური სამყაროს ნაწილი, რომელშიც ძალადობა ბანალობად მიიჩნევა. ამ ყველაფერში სულ რამდენიმე რუბლს იხდიან. ყველა მიზეზი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ საინფორმაციო ბრძოლის ველზე TikTok-ის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება უახლოეს მომავალში.