Read this article in EN RU IT ES FR DE PL BY HY AZ UA RO KA

წყვდიადის გულში — რა სურს რუსეთს უკრაინაში

აპრილი 06, 2022

სანამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ბუჩაში, მარიუპოლში და უკრაინის სხვა ადგილებში რუსეთის მიერ ჩადენილი მხეცობები გავაცნობიეროთ, „რია ნოვოსტიმ“ 3 აპრილს გრძელი სტატია გამოაქვეყნა სათაურით „როგორ უნდა მოექცეს რუსეთი უკრაინას“. მისი ავტორია პროკრემლისტი რუსი რეჟისორი და პოლიტიკის ფილოსოფოსი ტიმოფეი სერგეიცევი. სტატიას გამოარჩევს გახრწნილი ინტელექტუალური ხასიათი, რომელიც მხეცობების გამართლებას ცდილობს.

იდეის, მრწამსის ან იდეოლოგიის სიმცდარის დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, შესაძლებელია, გავაანალიზოთ მისი არსი და კონტექსტი, რომელშიც ის გამოიყენება. ასევე, შეგვიძლია, იდეები შევადაროთ ცნობილ ისტორიულ მაგალითებს იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მოვლენა უნიკალურ ელემენტებს შეიცავს.

რატომ არის ეს სტატია ასეთი მნიშვნელოვანი?

კრემლის სისტემიდან ყოველდღე მოედინება დეზინფორმაციის მასა. უკვე ყველამ გაიგო, რომ რუსეთის ხელისუფლებისა და კრემლის ტროლების ტყუილები ინდუსტრიულ მასშტაბს აღწევს: ყირიმის ანექსია, მითები დონბასის შესახებ, რეისი MH-17, მხეცობები სირიაში, უკრაინაში შეჭრა, სამოქალაქო სამიზნეების დაბომბვა, ხარკოვი, მარიუპოლი. სია გრძელია.

ბუჩაში ჩადენილი მხეცობების ახსნისას რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები და საელჩოები ტყუილების გავრცელების ავტომატურ რეჟიმში გადავიდნენ: „უკრაინული პროვოკაცია, ოპერაცია სხვისი დროშის ქვეშ, დადგმული თავდასხმა, ყალბი ფოტოები და ა.შ.“

რით არის ეს სტატია განსხვავებული?

ორი ასპექტით: პირველი — „რია ნოვოსტი“ მთავარი რუსული საინფორმაციო სააგენტოა. ის 100%-ით ეკუთვნის რუსეთის მთავრობას და წარმოადგენს სახელმწიფო მედიაკონგლომერატის „რუსეთი დღეს“ (Россия сегодня) ნაწილს. ამ უკანასკნელს ხელმძღვანელობს პუტინის მიერ დანიშნული დიმიტრი კისელიოვი (რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა 2014 წლიდან). ასეთი გრძელი საკითხავი მასალა „ზედა ფენის“ აზრებს გვიჩვენებს, როგორც გზის მანათობელი ვარსკვლავი ღამით. აქ გამოქვეყნების შემდეგ ნებისმიერ რუსულ მედიასაშუალებას ან კერძო პირს შეუძლია მასალის ხელახლა გამოყენება ისე, რომ არ დაარღვიოს ახალი ამბების ცენზურის შესახებ მიღებული კანონები, რომელთა მიხედვით, 4 მარტიდან აკრძალულია ოფიციალური მასალების გარდა სხვა რამის ციტირება.

მეორე ასპექტია იმ იდეების სისრულე და კომპლექსურობა, რომლებიც მომავალში შესასრულებელ მოქმედებებს აღწერს. ეს იდეები წარმოადგენს პუტინის მიერ უკრაინის ისტორიის (დამახინჯებული) აღწერის ლოგიკურ გაგრძელებას (იხ. ჩვენი ანალიზი „პუტინი, როგორც ნაციზმის მომთვინიერებელი“ აქ).

ავიღოთ 2021 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ „შემოთავაზებული“ ორი ხელშეკრულება (იხ. ჩვენი ანალიზი აქ), რომლებიც შემდეგ გზავნილებს შეიცავს: აშშ მიდის, ნატო დაეცა და დასავლეთი დამორჩილებულია. დაამატეთ ამას ნააზრევი იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს უკრაინაში და რა დამოკიდებულება უნდა იყოს მასთან მიმართებით და ყველა პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას მიიღებთ — ყოველ შემთხვევაში, მოსკოვს ასე ეჩვენება.

მაინც რას ამბობენ?

სტატიაში ჭარბად გამოიყენება ტერმინები „ნაცისტები“ და „ნაციზმი“ ნებისმიერ რამესთან მიმართებით, რაც უკრაინულ სახელმწიფოს, კიევის ხელისუფლებასა და უკრაინის მთავრობას ეხება.

გეგმა ასეთია:

  • ბრძოლის ველზე უნდა განადგურდეს ყველა „ნაცისტი“, რომლებმაც ხელში იარაღი აიღეს; ანუ, ფაქტობრივად, მთელი მოსახლეობა
  • უკრაინელების ნაწილის ლიკვიდაცია მთელი მოსახლეობის მასობრივი რეპრესიების გზით. „სამხედრო დამნაშავეების“ მკაცრად დასჯა სხვებისთვის მაგალითის საჩვენებლად
  • ყველა უკრაინული სამხედრო შენაერთისა და „ნაციზმის“ პრაქტიკასთან დაკავშირებული ყველა ორგანიზაციის ლიკვიდაცია და აკრძალვა
  • პრივილეგიების მიცემა მათთვის, ვინც რუსული მმართველობის დამყარებას ელოდება (წაიკითხეთ: ძალაუფლება ექნება დონბასს)
  • რუსული კანონებისა და მართლმსაჯულების შემოღება ენისა და კულტურის აკრძალვის მიზნით
  • მკაცრი ცენზურის დაწესება, სახელმძღვანელოების და ზოგადად, ყველაფერი უკრაინულის განადგურება საზოგადოების ყველა სეგმენტის ხელახალი აღზრდა-განათლება ყველგან, სადაც კი უკრაინული კულტურა არსებობს
  • უნდა აიკრძალოს სახელი „უკრაინაც“ კი და თვითონ ტერმინი „უკრაინელი“
  • ამ ყველაფრის მისაღწევად ძალის გამოყენება რუსეთის (სამხედრო) ძალაუფლების მხარდაჭერით.

ვარაუდობენ, რომ ამ გეგმის სრულად განხორციელებას 30 წელი დასჭირდება (რეპრესიებისა და ანიჰილაციის მთელი თაობა). დასავლეთმა უნდა აღიაროს, რომ ეს რუსეთის შიდა საქმეა: არავითარი ჩარევა.

სტატიის ინგლისური თარგმანი კომენტარებთან ერთად ხელმისაწვდომია აქ.

როგორმა საზოგადოებამ შეიძლება გამოაქვეყნოს ასეთი რამ?

სტატიას აბსოლუტური სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ. დასავლეთში ხშირად მოსდით შეცდომა, როცა მოსკოვის გაგებას და რუსეთის სამოქმედო გეგმის განჭვრეტას ცდილობენ: ვერ იგებენ საზოგადოების ბუნებასა და შიდა მექანიზმს. საზოგადოება უკვე ტოტალიტარულია, მაგრამ მაინც აგრძელებს ყველა ნორმისა და ქცევის საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების დარღვევას. ამ შეცდომის გამო, ხალხი მოვლენების განვითარებით „გაოცებული“ რჩება ხოლმე.

ასეთი ჩავარდნის მიზეზია ის, რომ სერიოზულად არ აღიქვამენ იმას, რასაც შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე დიქტატორი მმართველი აკეთებს საზოგადოებაში, რომელშიც არ არსებობს კონტროლის სისტემა, შემაკავებელი ან შემაჩერებელი მექანიზმები ზომაგადასული გამოვლინებების სამართავად. როცა პოლიტიკური, იურიდიული, ეკონომიკური სისტემები, სასამართლო, მეცნიერება და განათლება და ასევე, თავისუფალი მედია დამორჩილებულია და კონტროლს ექვემდებარება. როცა მთელ საზოგადოებას წლობით კვებავდნენ ცარიელი პროპაგანდით. როცა შეუწყნარებლობა, რევანშიზმი, „ალყაშემორტყმული ციხესიმაგრის“ მენტალიტეტი და მილიტარიზმი უმაგრებს ზურგს პიროვნების კულტს და ერთი კაცის ხელშია შეუზღუდავი ძალაუფლება. ჰიპერნაციონალისტური ელემენტები დესტრუქციულ იმპერიალიზმში გადაიზარდა. ასეთია დღევანდელი რუსეთი. ყველა ძირითადი პარამეტრის მიხედვით, საზოგადოებამ ისეთი სისწრაფითა და ტრაექტორიით განიცადა დეგრადაცია, როგორიც ევროპის ისტორიაში არასდროს შეუნიშნავთ. ასეთი საზოგადოებების გზა ყოველთვის კონფლიქტამდე მიდიოდა.

რატომ ახლა?

რუსეთის შემოჭრილმა ჯარმა საშინელი შედეგი აჩვენა პირველ კვირებში, განსაკუთრებით, უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში და კიევის გარშემო, რამაც მათი ნაწილობრივი გაყვანა გამოიწვია. ფაქტია, რომ რუსეთის ჯარი დემორალიზებულია. ძალების გადაჯგუფებისა და კონცენტრაციისთვის საჭიროა ახალი მოტივაცია, რომ შეიქმნას სწორი განწყობა მომდევნო ფართომასშტაბიან თავდასხმამდე, რომელიც, დიდი ალბათობით, ფრონტის აღმოსავლეთ ხაზისკენ იქნება მიმართული. ტროპი „ნაცისტები კიევში“ უკვე კარგადაა ცნობილი. ამიტომ, რუსეთს, როგორც ჩანს, ნათელი და კონკრეტული ხედვა სჭირდება.

ასევე კრიტიკულად აუცილებელია განმარტების გაკეთება, მაღალი მიზნის მოშველიება უკრაინაში მიღებული მნიშვნელოვანი დანაკარგების გასამართლებლად. შეფასებების უმეტესობის თანახმად, დანაკარგებმა უკვე გადააჭარბა 1979-1989 წლებში ავღანეთში მიმდინარე ათწლიან საბჭოთა ომში მიღებულ დანაკარგებს. ამ ომს საბჭოთა ჟარგონზე ერქვა „მოძმე ერის დასახმარებლად საერთაშორისო ვალდებულების შესრულება ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის მეშვეობით“.

კატეგორიული და ექსტრემისტული მოთხოვნების წამოყენებით სტატია ცდილობს გააღვივოს გრძნობები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ძვირფასი იყო დიქტატორებისთვის: სახელმწიფოს მიმართ ბრმა ერთგულება, პიროვნების თითქმის რელიგიური მსხვერპლშეწირვა ბელადის საქმისთვის, მტრის დეჰუმანიზაცია, ანუ, ფაქტობრივად მისთვის არსებობის ფუნდამენტური უფლების წართმევა.

გასაკვირი არაა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ სტატიის მიმართ მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოხატა რუმინეთის პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, სტატია გენოციდის პროპაგანდას ეწევა და „აღწერს მკაფიო და კარგად გათვლილ პროცედურას იმ ყველაფრის გასანადგურებლად, რაც უკრაინელებს უკრაინელებად აქცევს, ხოლო ჩვენს ხალხს თვითმყოფადობას უნარჩუნებს“.

ამავდროულად, რუსეთში პუტინის რეიტინგი მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ჩატარებული ნებისმიერი გამოკითხვის სისწორე (საკმაოდ ძლიერ) ეჭვს იწვევს, რიცხვები ბევრ რამეზე მეტყველებს. 2022 წლის მარტში „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 83 პროცენტი მხარს უჭერს პუტინს და მის პოლიტიკას.