Read this article in EN RU IT ES FR DE PL BY HY AZ UA RO KA

2021 წელს გავრცელებული დეზინფორმაციის კვლევის ძირითადი მომენტები

დეკემბერი 28, 2021

მკვლევართა გუნდი სწრაფად გაიზარდა და ახლა დეზინფორმაციის მექანიკისა და გავლენის შესახებ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ვიცოდით. ისიც ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. რა ვისწავლეთ წელს?

თუ დაწვრილებით განვიხილავთ ტერმინს „დეზინფორმაცია“, რომელიც ამ სფეროსთან დაკავშირებული ერთ-ერთი საკვანძო სიტყვაა, მზარდ დინამიკას შევამჩნევთ. აკადემიური შრომების ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზის, Google Scholar-ის თანახმად, 2011 წელს დეზინფორმაცია ნახსენები იყო 2 610 აკადემიურ ტექსტში. 2016 წლისთვის რაოდენობა 3 850-მდე გაიზარდა, ხოლო 2020 წელს ახალი სიმაღლეები დაიპყრო და მაქსიმალურ ნიშნულს, 17 100-ს მიაღწია. წელს ჯერჯერობით 16 000 ერთეული გვაქვს, მაგრამ ცოტა ნაადრევია იმის თქმა, მივაღწიეთ თუ არა დეზინფორმაციის პიკს. სავარაუდოდ, არა.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით მასზე და ამ ფენომენის მრავალი ასპექტი ბუნდოვანი რჩება. ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ საცრით ვზიდავთ წყალს, მაგრამ მოქმედების გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჯერ კიდევ ბოლომდე პასუხგაუცემელი შეკითხვების დიდი ნაწილი საზოგადოებაზე დეზინფორმაციის გავლენას უკავშირდება, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ მიერ მიღებული ზომების ეფექტურობასაც ეხება.

ქვემოთ წარმოგიდგენთ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით წელს ჩატარებული კვლევის ძირითადი მომენტების ნაკრებს. ის არ წარმოადგენს ჩატარებული კვლევის არც ყოვლისმომცველ და არც რეპრეზენტაციულ მიმოხილვას და ჩვენი აზრით, საინტერესო ტენდენციების ნაკრები უფროა.

COVID-19-ს ვერ ავცდით (ჯერჯერობით მაინც)

როგორც მოსალოდნელი იყო, COVID-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციის შესახებ დაიწერა უამრავი სამეცნიერო სტატია, რომლებიც ყველა შესაძლო კუთხიდან განიხილავდა მას. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ 2020 წელს დეზინფორმაციაზე ორიენტირებული კვლევის უზარმაზარი ზრდის მიზეზი იყო პანდემიის აფეთქება და მისი თანმდევი ინფოდემია, როგორც მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უწოდა.

ამ თემაზე კარგი საკითხავი მასალაა სპეციალური გამოცემა „დიდი მონაცემები და საზოგადოება“, რომელიც მაისში გამოვიდა და COVID-19-ის მასშტაბურ კვლევას ეძღვნება. ის შეიცავს სტატიებს ინფოდემიოლოგიის, დიდი მონაცემებისა და COVID-თან დაკავშირებული დეზინფორმაციისა და არასწორი ინფორმაციის თანაკვეთაზე.

კრებული იწყება სასარგებლო სახელმძღვანელოთი, რომლის ავტორებია კასპერ ტ. გრადონი, იანუშ ა. ჰოლისტი და ვესლი რ. მოი. ის არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევად განიხილავს. ავტორები გვთავაზობენ კვლევებში ტექნოლოგიების გამოყენებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესაძლებლობების მიმოხილვას. მანქანური სწავლება, მონაცემებისა და ტექსტების ღრმა ანალიზი და განწყობის ანალიზი რამდენიმე მათგანია.

კიდევ ერთი საინტერესო კვლევა ეკუთვნის კაი ჩენგ-იანგს, ფრანჩესკო პიერისა და პიკ-მაი ჰუის. მათ ჩაატარეს Facebook-სა და Twitter-ზე დაბალი სანდოობის მქონე კონტენტის გავრცელების შედარებითი ანალიზი. ორივე პლატფორმის საერთო მახასიათებელია „სუპერგამავრცელებლები“ — გავლენიანი მომხმარებლების მცირე რაოდენობა, რომელიც კონტენტის უმეტესობას (მათ შორის, ტოქსიკურს) ქმნის. ორივე პლატფორმაზე კოორდინირებული, არაავთენტური ქცევის დამადასტურებელი საბუთები აღმოჩნდა. დაბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სტატიაში ნათლადაა ნაჩვენები, როგორ ზღუდავს მკვლევრების შესაძლებლობებს მონაცემების წვდომაზე დაწესებული არათანმიმდევრული წესები, რომლებიც საზიანო მანიპულაციებისა და საინფორმაციო ეკოსისტემების შესწავლას უშლის ხელს.

მცირე მოულოდნელობა აღმოჩნდა, რომ პანდემიამ ასევე წარმოშვა შეთქმულების თეორიების ცუნამი, რომელმაც მთელ მსოფლიოს გადაუარა. ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, გაიგოს რა ხდება მის გარშემო, მაგრამ ყველას არ გვაკმაყოფილებს მოსაწყენი და ტექნიკური ახსნა-განმარტებები, რომლებიც მიმდინარე მოვლენათა უმეტესობის საფუძველია. რთულ მდგომარეობაში მოხვედრის შემდეგ თავის დაღწევა იოლი არაა, რადგან შეთქმულების ერთი თეორიის რწმენას სხვა თეორიამდე მივყავართ და ციკლი გრძელდება. წლის დასაწყისში შვედეთში საგანგებო სიტუაციების სააგენტომ (MSB) COVID-19-ის თეორიებზე მოამზადა ინფორმაციული ანგარიში და მიმოიხილა როგორც თეორია და მაგალითები, ისე რეაგირების გზებიც. შვედეთზე ორიენტაციის მიუხედავად, გაკვეთილები საერთაშორისო მასშტაბით შეიძლება იქნეს გამოყენებული.

დეზინფორმაციის შესაძლო გადაწყვეტების უფრო ფართოდ გაანალიზება სცადეს მელისა ბასოლმა, ჯონ რუზენბეკმა და მანონ ბერიშმა, რომლებმაც ფსიქოლოგიური ჯოგური იმუნიტეტის კონცეფცია წარმოადგინეს. მათ შეაფასეს წინასწარ გამომააშკარავებელი ორი ჩარევის ეფექტურობა. ეს ჩარევები მიზნად ისახავს ხალხის შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რომ მათ ამოიცნონ მანიპულაციური მეთოდები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება COVID-19-ის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაში. ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე ენაზე ხელმისაწვდომი ონლაინთამაში Go Viral! აუმჯობესებს ხალხის თავდაჯერებულობას საკუთარ შესაძლებლობებში, რომ მათ არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის შემჩნევის უნარი აქვთ და ასეთი მასალის სხვებისთვის გაზიარების სურვილს ამცირებს.

Go Viral!
აუმჯობესებს ხალხის თავდაჯერებულობას საკუთარ შესაძლებლობებში, რომ მათ დეზინფორმაციის შემჩნევის უნარი აქვთ და ასეთი მასალის სხვებისთვის გაზიარების სურვილს ამცირებს.

დეზინფორმაციის ფსიქოლოგიური მხარე

2021 წელს მეტი ყურადღება დაეთმო ინფორმაციული მანიპულაციების ქცევით ასპექტებს. დეზინფორმაციის ფსიქოლოგიური ასპექტების უფრო ღრმა კვლევა შემოგვთავაზა ამ სფეროს ორმა ექსპერტმა, გორდონ პენიკუკმა და დეივიდ რენდმა, რომლებმაც სფეროში მომხდარი უახლესი მოვლენების დროული ანალიზი წარმოადგინეს. მათ მოგვაწოდეს დამამტკიცებელი მონაცემები, რომლებიც ეწინააღმდეგება გავრცელებულ ნარატივს, რომ პარტიული მიკერძოებულობითა და პოლიტიკურად მოტივირებული შეხედულებებით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ იჯერებს ხალხი არასწორ ინფორმაციასა და დეზინფორმაციას. ტყუილის ვერამოცნობას ისინი აზროვნებისა და სათანადო ცოდნის ნაკლებობას უკავშირებენ. ამასთან ერთად, ის, რისიც ხალხს სჯერა და ის, რასაც ისინი სოციალურ მედიაში აზიარებენ ერთმანეთს დიდადაა აცდენილი. ამის მიზეზი დიდწილად უყურადღებობაა.

ის, რისიც ხალხს სჯერა და ის, რასაც ისინი სოციალურ მედიაში აზიარებენ, ერთმანეთს დიდადაა აცდენილი.
ამის მიზეზი დიდწილად უყურადღებობაა.

ყალბი ინფორმაციის დაჯერების თაობაზე ბევრი კვლევაა ჩატარებული, მაგრამ ცოტა რამ არის ცნობილი ყალბი ინფორმაციის ნამდვილ ინფორმაციად გასაღების თაობაზე, რაც საკითხის თანაბრად მნიშვნელოვანი ასპექტია. კორნელია სინდერმანი და სხვები ამ თემის გარკვევაში გვეხმარებიან. ისინი აღნიშნავენ, რომ ახალი ამბების სხვადასხვა წყაროს გამოყენება, უახლესი მოვლენების შესახებ ინფორმირებულობა, კულტურული ცოდნის გაღრმავება და ნდობის (ხელახლა) მოპოვება ნამდვილი ინფორმაციის სწორი კლასიფიცირების საშუალებებს წარმოადგენს.

ფსიქოლოგია არა მხოლოდ გვეხმარება არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების გაგებაში, არამედ მისი შეწყვეტის ერთ-ერთ გასაღებსაც წარმოადგენს. სანდერ ვან დერ ლინდენი, ჯონ რუზენბეკი და სხვები გვთავაზობენ შესაძლო ჩარევის რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც ძირითადად, მაკორექტირებელ (გამომააშკარავებელ) და პრევენციულ (წინსწრებით გამომააშკარავებელ) მიდგომებს გულისხმობს. ბონუსის სახით ისინი გვთავაზობენ ღია შეკითხვების კვლევით პროგრამას ფსიქოლოგიური მეცნიერების სფეროში. შეკითხვები უკავშირდება იმას, თუ როგორ და რატომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია და დეზინფორმაცია და რომელია მასთან ბრძოლის საუკეთესო გზები.

გამოვააშკარაოთ თუ არა?

საკმაოდ ირონიულია, რომ ფაქტების შემოწმების ეფექტურობის შესახებ ზოგიერთ ნარატივს თვითონ სჭირდება შემოწმება. ბევრ თქვენგანს ალბათ სმენია განცხადება, რომ ფაქტების შემოწმებამ უკუეფექტი შეიძლება მოგვცეს და ხალხი უფრო მეტად განამტკიცოს საკუთარ შეხედულებებში. ამიტომ, ჯობს, მოვერიდოთ. სტატიები, რომლებიც ამას ამტკიცებს და წყაროს უთითებს (თუ საერთოდ უთითებს), წლების წინ ჩატარებულ ორ კვლევას ეყრდნობა. თუმცა, მოგვიანებით ჩატარებულმა არცერთმა კვლევამ არ გაიმეორა იგივე შედეგები.

ნადია მ. ბრაშიერმა და სხვებმა შეამოწმეს, დამოკიდებულია თუ არა ფაქტების შემოწმების გრძელვადიანი გავლენა ხალხის მიერ მათი მიღების დროზე. წინასწარ გეტყვით: დიახ, დამოკიდებულია. ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ სათაურების შემდეგ ფაქტების შემოწმების დართვამ (ანუ, გამოაშკარავებამ) ტყუილ-მართლის გარჩევის უნარი უფრო მეტად გააუმჯობესა, ვიდრე იმავე ინფორმაციის მიწოდებამ ტყუილის გავრცელებამდე (ანუ, წინსწრებით გამოაშკარავებამ) ან გავრცელების პროცესში (ანუ, მარკირებამ).

საკმარისი ყურადღება დაეთმო ფაქტების შემოწმებას, როგორც პოტენციურ ხელსაწყოს, რომელიც არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის უარყოფით ეფექტსა და გავრცელებას ამცირებს, მაგრამ ნაკლებად ცნობილია, ამცირებს თუ არა ფაქტების შემოწმება ადამიანების განზრახვას, სოციალურ ქსელში გააზიარონ არასწორი ინფორმაცია და დეზინფორმაცია. მიოჯუნ ჩუნგმა და ნური კიმმა ორი ექსპერიმენტი ჩაატარეს ამ საკითხის შესასწავლად. მათ აღმოაჩინეს, რომ არასწორ ინფორმაციასთან და დეზინფორმაციასთან ერთად ფაქტების შემოწმების შესახებ ინფორმაციის მიღებამ ხალხში გაზარდა იმის რწმენა, რომ ახალი ამბები სხვებზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე მათზე. ამან კი, თავის მხრივ, შეამცირა სოციალურ მედიაში არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გაზიარების განზრახვა.

ჯერჯერობით სათანადო ყურადღება არ ეთმობა ფაქტებიც შემოწმების კიდევ ერთ ასპექტს, რომელიც რეკლამას უკავშირდება. ამ ზაფხულში ჯესიკა ფონგმა, ტონგ გუომ და ანიტა რაომ შეისწავლეს, შეუძლია თუ არა გამოაშკარავებას, შეამციროს არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავლენა მომხმარებლების შესყიდვების დინამიკაზე. მათი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ დიახ, შეუძლია. ეს დასკვნა მნიშვნელოვანია როგორც რეკლამების გამშვები კომპანიებისთვის, ისე პოლიტიკოსებისთვის.

დეზინფორმაცია მრავალსახოვანია

არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის კვლევა, როგორც წესი, არაპროპორციულადაა კონცენტრირებული ტექსტობრივ ფორმებზე. ამავე დროს, ხალხის მზარდი რაოდენობა ინფორმაციის სხვა სახით მიღებას ამჯობინებს, იქნება ეს აუდიო, ვიდეო თუ ფოტო მასალა. წლის დასაწყისში ვიორელა დანმა, ბრიტ პერისმა, ჯოან დონოვანმა და სხვებმა გამოაქვეყნეს ვიზუალური არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის მდგომარეობის ღრმა ანალიზი, რომელიც მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ვიზუალური არასწორი ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავლენა და ე.წ. „დიფფეიქები“.

მიმები არ არის ინფორმაციის სანდო წყარო
გარდა ამ მიმისა,
ის ძალიან სანდოა

მაიკლ იანკოსკი, ვალტერ შეირერი და ტიმ ვენიგერი „დიფფეიქებთან“ დაკავშირებით გვირჩევენ, მიმების ომში ყურადღება პოპულარულ, ნაკლებად დახვეწილ ყალბ მასალებს მივაქციოთ. შესაძლო საფრთხის მიუხედავად, ისინი ამტკიცებენ, რომ მაღალ დონეზე გაყალბებული კონტენტი მთავარ პრობლემას არ წარმოადგენს. ნაცვლად ამისა, გამოწვევას წარმოადგენს უფრო უხეშად წარმოებული და მასობრივად ხელმისაწვდომი კონტენტის, მიმების აღმოჩენა და გაგება.

გამოწვევას წარმოადგენს მიმების აღმოჩენა და გაგება.

შეჯამება

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციულ არეულობასთან გამკლავება ურთულეს გამოწვევას წარმოადგენს, ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რადგან სურათი უფრო და უფრო ნათელი ხდება წლიდან წლამდე.

COVID-19-ის გავრცელების შეზღუდვის მსგავსად, მნიშვნელოვანია, რომ გულზე ხელები არ დავიკრიფოთ და არ დაველოდოთ საბოლოო ჭეშმარიტების კრისტალიზებას, არამედ ახლავე ვიმოქმედოთ ჩვენს ხელთ არსებულ საუკეთესო ცოდნაზე დაყრდნობით. EUvsDisinfo-ში სწორედ ამისკენ ვისწრაფვით და გავაგრძელებთ თქვენს ინფორმირებას უცხოეთიდან მომდინარე ინფორმაციული მანიპულაციებისა და ჩარევების ახალი შემთხვევების შესახებ. შევხვდებით 2022-ში!

მეტი საკითხავი მასალის მისაღებად არ დაგავიწყდეთ, ეწვიოთ და რჩეულებში დაამატოთ საკითხავი განყოფილება.