პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ „სამდღიანი ომის“ დაწყებიდან ასი დღე გავიდა. როგორც ჩანს, ის სწრაფ გამარჯვებას ელოდა ან საკუთარი ტყუილები და პროპაგანდა დაიჯერა. თუმცა, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ საინფორმაციო მანიპულაცია და დეზინფორმაციული შეტევები 2022 წლის 24 თებერვალს ომის დაწყებამდე წლებით ადრე წამოიწყო. რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი სადეზინფორმაციო აპარატი, რომელსაც ხშირად სათავეში უდგას უხვად დაფინანსებული მედიასაშუალებები RT და „სპუტნიკი“, ანუ, მათივე ენით რომ ვთქვათ, ინფორმაციული იარაღი, მითებსა და უკრაინაში შეჭრის საბაბს მინიმუმ 2014 წლიდან ქმნის. EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზა თავს უყრის უკრაინის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის 5000-ზე მეტ ინდივიდუალურ შემთხვევას, რაც შემთხვევების საერთო რაოდენობის ერთ მესამედზე მეტია. პროკრემლისტური დეზინფორმაციული ნარატივები ყოვლისმომცველი აღმოჩნდა: ხან დასავლეთს ადანაშაულებენ მსოფლიო ბატონობის დაგეგმვაში, ხან კი თვით სატანასა და უკრაინას შორის უწმინდურ ალიანსზე საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ კრემლის სახელმძღვანელოდან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო და აქამდე არნახულ პოპულარობას მიაღწია ორმა ნარატივმა. პირველია იმის მტკიცება, რომ მსოფლიო ისტერიულმა „რუსოფობიამ“ მოიცვა. თავისი არსით, ეს დეზინფორმაციული ნარატივი საკმაოდ მარტივია: თითქოს ყველა, ვინც რუსეთს ან მის ქმედებებს ეწინააღმდეგება ან აკრიტიკებს, არარაციონალური შიშითაა შეპყრობილი და უსაფუძვლო სიძულვილითაა განმსჭვალული ყველაფერი რუსულის მიმართ.

თავიდან „რუსოფობიის“ დეზინფორმაციული ნარატივის სამიზნე, ძირითადად, იყო უკრაინა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობდნენ რუსეთის მზარდი აგრესიული და მტრული ქცევის შესახებ: მაგალითად, პოლონეთი, ჩეხეთი და ბალტიის ქვეყნები. თუმცა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისადმი ევროკავშირის რეაქციის გამძაფრებასთან ერთად, პროკრემლისტურმა სადეზინფორმაციო საშუალებებმა დაიწყეს ბრალდებების წამოყენება, რომ თითქოს „რუსოფობია“ ხანძარივით ვრცელდება ევროპაში. რუსეთის დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების საყვარელი საქმიანობა მალევე გახდა შიშისა და სიძულვილის დათესვა „მსხვერპლის როლის“ თამაშთან ერთად. დეზინფორმაციული ტაქტიკის შემთხვევაში საკმაოდ გავრცელებული მიდგომაა ყალბი უსამართლობის მოშველიება ჯანსაღი კრიტიკის უარსაყოფად და ყურადღების გადასატანად. რა თქმა უნდა, იმ იგავის მსგავსად, რომელშიც ბიჭი ყვიროდა „არიქა, მიშველეთ, მგელიო“, დასავლეთის მიერ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად გადადგმული ყოველი ნაბიჯის პასუხად „რუსოფობიის“ მოშველიება ნიშნავს, რომ კრემლის ამ არგუმენტს ყავლი გასდის.

მეორე ნარატივია უსაფუძვლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა გადაიქცა ნაცისტების კერად, რომელიც ყველაფერ რუსულს ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის. პროკრემლისტურ დეზინფორმაციაში ნაციზმის თემის მოხმობა არც ახალია და არც განსაკუთრებით ორიგინალური. სწორედ „დენაციფიკაცია“ იყო ერთ-ერთი ცენტრალური თემა 24 თებერვალს პუტინის გამოსვლაში, რომლითაც რუსეთის „სპეციალურ ოპერაციას“ მოუძებნეს გამართლება. ათწლეულების განმავლობაში ლამის რელიგიურ სიწმინდედ წარმოაჩენდნენ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვებას. ასე რომ, ნაციზმის ყალბი საფრთხის შესახებ განგაშის ატეხას ძლიერი ფსიქოემოციური გავლენა აქვს რუს საზოგადოებაზე და ხელში იარაღის აღებისკენ მოწოდებას წარმოადგენს. პროკრემლისტური სადეზინფორმაციო ეკოსისტემა „ნაცისტური უკრაინის“ შესახებ ნარატივებით გაიჟღინთა ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე და კრემლის „დენაციფიკაციის“ იდეებს მგზნებარე მხარდამჭერები გაუჩინა.

საკვანძო სიტყვა „ნაცისტური“ რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ საინფორმაციო საშუალებებში

პუტინმა გულდასმით წაახალისა ფართოდ გავრცელებული აკვიატებული იდეა ნებისმიერ ადგილზე ნაციზმის აღმოფხვრის შესახებ და მის ერთადერთ ანტიდოტად ჩამოაყალიბა კრემლის მიერ მხარდაჭერილი რუსული ფსევდოიმპერიალიზმი. რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო იყო გასული, როცა რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფმა ერთ-ერთმა წამყვანმა მედიასაშუალებამ, „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა საზიზღარი სტატია, რომლის ავტორია კრემლთან დაკავშირებული რუსი რეჟისორი და პოლიტიკური ფილოსოფოსი ტიმოფეი სერგეიცევი. სტატია ქმნის შერყვნილ ინტელექტუალურ ჩარჩოს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მხეცობების გასამართლებლად და ეს ყველაფერი „დენაციფიკაციის“ სახელით ხდება.

რუსეთის დამპყრობლური ომი ტემპს კარგავს და მისი დეზინფორმაცია კიდევ უფრო საშინელი ხდება. კრემლის გამრუდებული ლოგიკით კი, გონივრული იყო ამ ორი ნარატივის შერწყმა და ერთ უკიდურესად აბსურდულ მტკიცებად ჩამოყალიბება — თითქოს „რუსოფობია“ გახდა ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ნაციზმისა, რომელიც ხელახლა იშვა უკრაინაში და ახლა მთელ ევროპაში ვრცელდება მასობრივად. ისრაელის დადანაშაულება ნაციზმში ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად შორს არიან რუსი პროპაგანდისტები საღი აზრისგან.

კრემლის ახალმეტყველება

რასაკვირველია, პროკრემლისტური დეზინფორმაცია არ ამოიწურება „რუსოფობიისა“ და „ნაცისტური უკრაინის“ მეტა-ნარატივების გავრცელებით. ომი ჯერ დაწყებული არ იყო, როცა რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფ მედიაში აღმოვაჩინეთ ახალი ტენდენცია, რომელსაც მთავარი მატყუარა, პუტინი ხელმძღვანელობდა პირადად . ესაა მუდმივი ორუელიანური მცდელობა, რომ ხელახლა განისაზღვროს ტერმინოლოგია, რომელსაც კრემლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის აღსაწერად იყენებს იმგვარად, რომ უარყოფს რეალობას და რუსეთის ბრალეულობას. კრემლის ახალმეტყველების ყველაზე უტიფარი ნიმუშები პუტინმა გააჟღერა 24 თებერვლის გამოსვლაში, როცა სრულმასშტაბიანი თავდასხმა, სარაკეტო დარტყმები, საჰაერო და სახმელეთო შეჭრა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ და „რუსეთის თავდაცვად“ მოინათლა. სინამდვილეში ეს იყო არაპროვოცირებული თავდასხმა და შეჭრა სუვერენულ მეზობელ ქვეყანაში. ომი არ წყდება და კრემლიც ძველებურად აგრძელებს ენის ბოროტად გამოყენებას და რეალობის დამახინჯებას თავის გეგმებზე მოსარგებად.

რა თქვა რას გულისხმობს სინამდვილეში
ბრძოლა სამშობლოს უსაფრთხოებისთვის შეჭრა
ნეონაცისტებთან შეტაკება გარდაუვალი იყო მწვანე შუქი მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი დახოცვისთვის
კიევი და ნატო რუსეთის ისტორიულ მიწებზე შეჭრას გეგმავდა ტერიტორიის დაპყრობის საბაბი
რუსეთმა დასავლეთს დიალოგისკენ მოუწოდა შეჭრის შელამაზება
ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება შეჭრის გამართლება

კრემლის ახალმეტყველების გავრცელებას სერიოზულობით უნდა მივუდგეთ და არ უნდა მივიჩნიოთ უბრალოდ განსხვავებული ლინგვისტური ან ლიტერატურული ტრადიციების პროდუქტად. ენას დიდი მნიშვნელობა აქვს და არაპროვოცირებული აგრესიისთვის მკაფიო, საერთაშორისო მასშტაბით ყველასთვის გასაგები ტერმინების შერჩევა მნიშვნელოვანია დამნაშავეებისთვის პასუხის მოსათხოვად. თუ „ომი“ არ არის, ესე იგი, რუსეთი ვერც „სამხედრო დანაშაულების“ ჩადენას შეძლებს. თუ უკრაინის კონცეფცია არ არსებობს, რუსეთი მის სუვერენიტეტს ვერ დაარღვევს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ხდება ასეთი ახალმეტყველების დანერგვა გაუმართლებელი ძალადობის გასამართლებლად და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის უარსაყოფად. ეს თანხვედრაშია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საკუთარ ქვეყანაში რეალობის დამახინჯების მცდელობასთან. ამ მიზნის მისაღწევად ისინი უკრაინაში თითქოსდა რუსეთის მოქმედებების მხარდამჭერ სპექტაკლებსაც კი დგამენ.

შუა თამაშში წესების შეცვლა

რუსეთის დამპყრობლური ომის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ მიმართული კრემლის სადეზინფორმაციო კამპანიისა და საინფორმაციო მანიპულაციის ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ნიშანია ახალ რეალობებზე მორგების უნარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბოლო ასი დღის განმავლობაში კრემლი მუდმივად ცვლიდა თავისივე დეზინფორმაციის წესებს, ცდილობდა ხელახლა განესაზღვრა „სპეციალური ოპერაციის“ მიზნები და „წარმატება“, რომელსაც უკრაინაში შეჭრილმა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა მიაღწიონ.

თავიდან კრემლის მიზნები ნათელი იყო, ხოლო თანმდევი დეზინფორმაცია — მკვეხარა და ამბიციური. უნდა მომხდარიყო უკრაინის სრული „დენაციფიკაცია“ და კრემლის ლოიალური ახალი ხელისუფლება უნდა დამყარებულიყო კიევში. ეს უნდა მომხდარიყო სწრაფად და უკრაინის მხრიდან მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გარეშე. პროკრემლისტური სადეზინფორმაციო საშუალებები ისეთი თავდაჯერებულობით, ან უკეთ რომ ვთქვათ, თავის მოტყუებით გამოირჩეოდნენ, რომ ზოგიერთმა მათგანმა ნაჩქარევად საზეიმო სტატიაც კი გამოაქვეყნა ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. მიუხედავად იმისა, რომ სტატია თითქმის მაშინვე აიღეს, მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა პროკრემლისტური სადეზინფორმაციო აპარატის შიდა სამზარეულოს დანახვა. ასევე, გამოაშკარავდა, რომ რეალობის დამახინჯების მიზნით საინფორმაციო მანიპულაციის იყენებენ.

რა თქმა უნდა, სწრაფი, სამ დღეში მისაღწევი გამარჯვება უბრალო ფანტაზმად დარჩა კრემლის პროპაგანდისტების დეზინფორმაციით გამოლაყებულ ტვინებში. მას შემდეგ, რაც ერთი თვე გავიდა და უკრაინამ დაუჯერებელი გამძლეობა და შეუპოვრობა გამოიჩინა მძლავრი რუსული თავდასხმის წინააღმდეგ, ომის პირველ დღეებში გამოცხადებული გამარჯვებები უცებ გაქრა. და პროკრემლისტური სადეზინფორმაციო მანქანა ისევ ახალ რეალობას მოერგო . |ამჯერად, თამაშის ახალი წესების მიხედვით, წარმატებად გამოცხადდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შემცირება ისე, რომ რუსეთს შესძლებოდა კონცენტრირება აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარებაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გეგმა თავიდანვე დონბასის „განთავისუფლება“ იყო.

„განთავისუფლების“ იდეაც დამპყრობლური ომის შესახებ გავრცელებული პროკრემლისტური დეზინფორმაციის განუყოფელი ნაწილია. მას ყველაზე ხშირად იყენებენ აუდიტორიის შეცდომაში შესაყვანად მაშინ, როცა საკითხი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს ეხება. „განთავისუფლების“ შესახებ დეზინფორმაციული ნარატივის მიზანი შეჭრის გამართლებაცაა. ამისთვის ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, რომ თითქოს ხალხი რუს დამპყრობლებს სიხარულით ხვდება უკრაინაში.

მას შემდეგ, რაც პუტინის სამდღიანი ომის დაწყებიდან დაახლოებით სამი თვე გავიდა, პროკრემლისტურმა სადეზინფორმაციო მანქანამ თამაშის წესები კიდევ ერთხელ შეცვალა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხოს) შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ორუელიანური ახალმეტყველების კიდევ ერთი ნიმუში შემოგვთავაზა და განაცხადა, რომ რუსეთი განგებ ანელებს ომის ტემპს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. ეს განცხადება მიჰყვება საინფორმაციო მანიპულაციის დეზინფორმაციულ მოდელს, რომელიც რუსეთს ყოველთვის შეუცდომლად წარმოაჩენს, მაგრამ მაინც დაუჯერებლად ცინიკური იყო იმის გათვალისწინებით, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მიერ აღრიცხულმა მსხვერპლთა რაოდენობამ სამოქალაქო მოსახლეობაში 8 900 ადამიანი შეადგინა 2022 წლის 30 მაისის მდგომარეობით. ეს რუსეთის შეჭრისა და აგრესიის შედეგად მიღებული მსხვერპლთა რაოდენობაა მშვიდობიან მოსახლეობაში, მაგრამ რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია.

სამხედრო დანაშაულები ჰუმანიტარიანიზმის საფარქვეშ

შუა თამაშში წესების შეცვლის გარდა, რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი სადეზინფორმაციო საშუალებები „ჰუმანიტარიანიზმის“ ნარატივებს კიდევ ერთი მიზნით უწევენ აქტიურ პოპულარიზაციას. საბოლოო ჯამში, მსოფლიომ მაინც შეიტყო რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი მხეცობების შესახებ, რომლებიც უფრო და უფრო მეტად ემსგავსება სამხედრო დანაშაულებს. ამასობაში პროკრემლისტურმა სადეზინფორმაციო ეკოსისტემამ მუშაობა გააორმაგა და მიზნად დაისახა ფაქტების უარყოფა, ხალხის დაბნევა, ყურადღების სხვა მხარეს წარმართვა, შიშის დათესვა და ბრალის გადატანა.

9 მარტს რუსეთის საჰაერო ძალებმა უწესრიგოდ დაბომბა სამშობიარო განყოფილება და ბავშვთა საავადმყოფო მარიუპოლში. მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მედია წალეკა დაბომბილი ჰოსპიტლიდან ევაკუირებული დაშავებული ორსული ქალების ფოტოებმა, კრემლის თავდაპირველი რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა — მათ რეალობა უტიფრად უარყვეს. როცა რეალობის უარყოფა შეუძლებელი გახდა, ნიაღვარივით წამოვიდა კრემლის ტყუილები: ხან ამტკიცებდნენ, რომ საავადმყოფოში ნაცისტები იმალებოდნენ, ხან კიდევ დაშავებული ქალები დაქირავებულ მსახიობებად გამოჰყავდათ.

4-5 აპრილს მსოფლიომ კიდევ უფრო შოკისმომგვრელი სიმართლე შეიტყო იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა რუსეთის მიერ უკრაინაში „განთავისუფლებული“ ქალაქი ბუჩა კიევის შემოგარენში. მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები გავიდნენ და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქზე კონტროლი დაამყარეს, ქუჩებში დატრიალებული ენით აღუწერელი საშინელება გამოჩნდა. უდანაშაულო უკრაინელი სამოქალაქო პირები გამოძიებისა და გასამართლების გარეშე იყვნენ დახოცილი ეგზეკუციის სტილში. მათი ცხედრები კი დაყრილი იყო ქუჩებში, რომლებიც უდანაშაულო ხალხის სისხლით იყო სავსე. ეს ფოტოები იმდენად სასტიკი იყო, რომ უარყოფა ვერ გამოვიდოდა, თუმცა, თავდაპირველად მაინც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბუჩის ხოცვა-ჟლეტა თითქოს უკრაინამ დადგა. ასე რომ, ბუჩაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებიდან მსოფლიოს ყურადღების გადატანის მიზნით კრემლმა დეზინფორმაციის არსენალიდან კიდევ ერთი ხრიკი გამოიყენა — ისტორიული რელატივიზმი. რამდენიმე დღის შემდეგ რუსმა ტროლებმა ყურადღების გადატანის კამპანია გააჩაღეს, თავს დაესხნენ ასობით პოლონელ პოლიტიკოსს, საჯარო ფიგურასა და ჟურნალისტს, წინ წამოწიეს ისტორიული რელატივიზმის დეზინფორმაციული ნარატივი და ბუჩა შეადარეს მეორე მსოფლიო ომში ჩადენილ ვოლინის ხოცვა-ჟლეტას.

8 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გასროლილი რაკეტა მოხვდა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს და იმსხვერპლა ათეულობით უდანაშაულო ადამიანი, რომლებიც ომის საშინელებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. რუსეთს ამჯერადაც არ გადაუხვევია დეზინფორმაციის კარგად ჩამოყალიბებული კანონზომიერებიდან. თავიდან დაიწყეს ფაქტის უარყოფა, შემდეგ ყველანაირი პასუხისმგებლობის მოხსნა და ბოლოს, სიმართლის დამახინჯება. ამ შემთხვევამ გვაჩვენა, რომ რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი სადეზინფორმაციო მანქანა ყოველთვის წყალგაუმტარი არ არის, რადგან შედარებით აღტყინებულმა სადეზინფორმაციო აქტორებმა ვერ მოითმინეს და მსოფლიოს ამცნეს წარმატებული რუსული სარაკეტო დარტყმის შესახებ, სანამ ნაჩქარევად არ მოუხდათ მისი უარყოფა.

ეს მხოლოდ სამი მაგალითია იმ მრავალი შემთხვევიდან, როცა რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, უარი თქვა მორალზე, უწესრიგოდ დაბომბა სამოქალაქო სამიზნეები უკრაინაში და მძლავრი სადეზინფორმაციო მანქანის გამოყენებით სცადა რეალობის დამახინჯება მის მიერ უკრაინაში დაწყებული სასტიკი ომის გარშემო, სხვა მხარეს გადაიტანა რა ბრალი რუსეთის დამპყრობელი ჯარებისა და კრემლში არსებული მათი ბატონების მიერ ჩადენილი შესაძლო სამხედრო დანაშაულებიდან.

ადრე გამოყენებული დეზინფორმაციული ნარატივების გადამუშავება

ომის პირველი ასი დღის განმავლობაში პროკრემლისტურმა სადეზინფორმაციო საშუალებებმა სწრაფად მოახერხეს ადრე შექმნილი დეზინფორმაციული ნარატივების გადამუშავება და შესწორება მიმდინარე ომის სისასტიკეებისგან ყურადღების გადასატანად და საერთაშორისო სამართლის დარღვევებისთვის ყალბი გამართლების მოსაძებნად. ყველაზე გამორჩეული ნიმუშია დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული ნარატივი ბიოლოგიური კვლევითი ლაბორატორიების შესახებ, რომლებსაც თითქოს აშშ აფინანსებს უკრაინაში არალეგალური იარაღის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ ეს დეზინფორმაციული ნარატივი შეთქმულების თეორიებს ეფუძნება და მისი სიყალბე დამტკიცებულია, რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფმა მედიასაშუალებებმა ის მაინც ფართოდ გაავრცელეს. რაც არ უნდა საინტერესო იყოს, აღნიშნულ ნარატივს პოპულარიზაციის მსურველები გამოუჩნდა ტრადიციული პროკრემლისტური სადეზინფორმაციო ეკოსისტემის გარეთაც: ჩინეთის მთავრობასთან დაკავშირებული მედია აქტიურად ჩაერთო ამ ძველი ამბის გაცოცხლებაში.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომიდან ყურადღების გადასატანად შექმნილი ძველი დეზინფორმაციული ტროპების გადამუშავების კიდევ ერთი ნიმუში იყო მიგრაციის შიშის დათესვა და ქსენოფობიის გაღვივება ომის საშინელებებს გამოქცეული უკრაინელი დევნილების მიმართ. პროკრემლისტურმა სადეზინფორმაციო საშუალებებმა განსაკუთრებულად ამოიღეს მიზანში უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნები, სცადეს უკრაინელი დევნილების გაშავება და ადგილობრივ მოსახლეობაში განხეთქილების დათესვა. მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ 24 თებერვლის შემდეგ ევროპამ 5 მილიონზე მეტი უკრაინელი დევნილი მიიღო.

ყველა წინა ტყუილის გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების იდეებმა თავი მოიყარა 9 მაისს პუტინის მიერ ნათქვამ სიტყვაში, როცა ფაქტობრივად, ხელახლა შეფუთეს იგივე დეზინფორმაციული ნარატივები, რომლებიც 24 თებერვალს გამოიყენეს გაუმართლებელი ომის დასაწყებად. იმის გათვალისწინებით, რომ ომის, ან უკეთ რომ ვთქვათ, „სპეციალური ოპერაციის“ ტემპი გეგმას ასცდა, „გამარჯვების დღის“ პარადამდე რამდენიმე კვირით ადრე კრემლმა ყველა დეზინფორმაციული ხრიკი გამოიყენა მოლოდინების სამართავად, რეალობის დასამახინჯებლად და აუდიტორიის მოსამზადებლად. 9 მაისს პუტინის გამოსვლაც ისეთივე ორველიანური ახალმეტყველებით იყო სავსე, როგორსაც პროკრემლისტური მედია ომის განმავლობაში იყენებდა მათ მიერ ჩადენილი რეალობის დასამახინჯებლად ტყუილების გავრცელების გზით.

არ დაინახოთ, არ მოუსმინოთ და არ ისაუბროთ არაფერზე, რაც ომს ეხება

უკრაინაში რუსეთის დამპყრობლური ომის შესახებ კრემლის ტყუილების შემოქმედებმა ალბათ გააცნობიერეს, რომ დასავლური აუდიტორიის გულისა და გონების მოსაგებად გამართული ომი უკვე წააგეს. მეტწილად იმის გამო, რომ დასავლური საინფორმაციო გარემოს ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს ნამდვილად ღია და პლურალისტური მედია, რომელსაც თანდაყოლილი გამძლეობა გამოარჩევს. ასე რომ, ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე სწორ ინფორმაციაზე წვდომის შესაზღუდად რუსეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც დრაკონულ სასჯელს ითვალისწინებს მთავრობის ოფიციალური პოზიციისგან განსხვავებული ან კრიტიკული აზრის გამოთქმის შემთხვევაში. თვითონ „ომის“ ხსენებაც კი 15-წლიანი პატიმრობით შეიძლება დაისაჯოს რუსეთში.

საკანონმდებლო დონეზე საბჭოთა კავშირის შავბნელი დღეების დროინდელი ცენზურის დამყარება უბრალოდ პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც კრემლმა რეალობის შესაქმნელად და საინფორმაციო სივრცის წარმოუდგენლად დასამახინჯებლად გადადგა. რუსეთში ცენზორად გადაქცეულმა მედიამარეგულირებელმა როსკომნადზორმა ასევე დაბლოკა წვდომა Twitter-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე და მუდმივად უტევს YouTube-სა და Wikipedia-ს. ამავდროულად, რუსებმა იგრძნეს, რომ ცენზურის ყულფი მჭიდროვდება და Wikipedia-ს ოფლაინ-ვერსია ჩამოტვირთეს, ხოლო VPN-სერვისების გამოყენების დონემ მაქსიმუმს მიაღწია ომის დაწყების შემდეგ.

უკრაინაში რუსეთის დამპყრობლურმა ომმა ასევე გამოაჩინა კრემლის პარანოიდური შიში თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომელ არხებზეა საუბარი. დაუყოვნებლივ შეაჩერეს ისეთი უცხოური მედიასაშუალებების მაუწყებლობა, როგორიცაა BBC, Deutsche Welle, RFE/RL, Euronews, CNN და ABC. სწრაფად გააჩუმეს რუსული მედიასაშუალებები, რომლებსაც ომის დანაშაულებრივი მხარის შესახებ სიმართლე შეიძლებოდა გაევრცელებინა. კრემლმა მალევე გამორთო უკანასკნელი თავისუფალი რადიოსადგური, ყველასთვის ცნობილი „ეხო მოსკვი“, ხოლო როსკომნადზორი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატ „ნოვაია გაზეტასა“ და მის მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს დაესხა თავს და გაჩუმება აიძულა.

თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ნგრევა რუსეთში თითქმის დასრულებულია. კრემლის მიერ განგებ შექმნილმა და მანიპულირებულმა საინფორმაციო ვაკუუმმა გამოიწვია თავის მოტყუების დონის გაზრდა, რაც კრემლისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს რეალობის დასამახინჯებლად და ხალხში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად.

დეზინფორმაცია არ ცხრება

უკრაინა აგრძელებს გმირულ ბრძოლას თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ღირსებისთვის. უკრაინელებმა ასი დღის განმავლობაში გაუძლეს წარმოუდგენელ რუსულ სისასტიკეს როგორც ბრძოლის ველზე, ისე საინფორმაციო სივრცეში. პროკრემლისტური დეზინფორმაცია და საინფორმაციო მანიპულაცია გაგრძელდება, რადგან რუსეთი ცდილობს მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ ძალადობის გაუმართლებელი აქტის გამართლებას. კრემლის მთავარი მატყუარა მზადაა ყველა მეთოდისა და ტაქტიკის გამოსაყენებლად შეზღუდვის გარეშე. დღესავით ნათელია, რომ რუსეთი ისევ ითამაშებს „მსხვერპლის როლს“ მას შემდეგ, რაც შვედეთსა და ფინეთს, ფაქტობრივად, აიძულა „ნატოში“ წევრობაზე განაცხადის შეტანა. მას არ შერცხვება პანიკის დათესვა გლობალური სასურსათო კრიზისის შესახებ და გააგრძელებს თავისი ბრალეულობის უარყოფას მაშინ, როცა კრიზისი მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა ომმა გამოიწვია.

უკრაინამ უკვე გაუძლო რუსეთის თავდასხმის თავდაპირველ სისასტიკეს, მოიპოვა საერთაშორისო მხარდაჭერა და მსოფლიოს აჩვენა გამბედაობის ნამდვილი მნიშვნელობა ისეთი ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად, როგორიცაა თავისუფლება, სუვერენიტეტი და თვითგამორკვევის უფლება. უკრაინამ ასევე მოიგერია რუსეთის დანაშაულებრივი ომის გასამართლებლად დაწყებული უპრეცედენტო პროკრემლისტური სადეზინფორმაციო კამპანია და საინფორმაციო მანიპულაცია. საერთაშორისო საზოგადოება აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში და მან ასევე ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს იმ ყალბი რეალობის გამოსააშკარავებლად, რომელიც რუსეთმა შექმნა ტყუილების მეშვეობით.