რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა და ჩემი ხალხის გენოციდი დაიწყებოდა, მძიმე აგონია მქონდა. მე ვარ უკრაინელი ჟურნალისტი, რომელმაც ათწლეულები მივუძღვენი რუსეთის კოლონიალისტური ქცევის გლობალურად წარმოჩენას. თუმცა მსოფლიო მასობრივ ხოცვა-ჟლეტას მაინც რაღაც უპრეცედენტოს, ახალსა და დამაბნეველს უწოდებს. ჩემი აღშფოთების ჟურნალისტიკაში გადატანის მიზნით წამოვიწყე არხი X-ზე, რომელზეც ვაქვეყნებ რუსეთის სამხედრო აგრესიის ბოლო 111 წლის მაგალითებს. ეს აკადემიურ ან დეტალურ ანალიზზე მეტად ცალკეული, თითქოს ერთმანეთის მიმართ დამოუკიდებელი მოვლენების, წრის შეკვრის მცდელობაა. სხვადასხვა რეჟიმებისა თუ მმართველების ქვეშ რუსეთი იყენებდა ერთსა და იმავე მეთოდს, რათა მისი კოლონიალისტური დომინაციის კონსოლიდაცია მოეხდინა რუსეთის სამეზობლოში; კერძოდ, ესენია მანიპულაცია, შეჭრა, განადგურება. პოსტი ვირუსულად გავრცელდა, მე კი ის უკრაინელი ომისდროინდელი ხელოვანების მიერ ილუსტრირებულ სახელმძღვანელოდ ვაქციე.

რუსეთის კოლონიალისტურ და ფაშისტურ იმპერიად წარმოჩენა ორგანიზებული ტერორიზმის ჭრილში კარგად დანერგილი ფორმულის მეშვეობით უპირველესი საქმეა სამართლიანობისთვის. თუმცა ის ასევე ემსახურება პოპულარული ნარატივის გავრცელების შეწყვეტას, რომ „ეს პუტინის ომია და რუსებიც ამის მსხვერპლნი არიან“. ყველაფერი იმის დასტურია, რომ რუსეთი ყოველთვის ასეთი იყო და მანამ არ შეიცვლება, სანამ პასუხს არ აგებს. შუჰადა სადაქათის (ცნობილი, როგორც შინეიდ ო’კონორი — ანტი-კოლონიალისტური ხელოვნების ლეგენდა) ციტატა რომ მოვიყვანოთ, მართლმსაჯულების აღსრულებამდე უნდა იყოს ცოდნა და გაგება. ვიდრე მსოფლიო არ შეწყვეტს რუსული კოლონიალიზმის იგნორირებას, რუსეთში რეჟიმები და თაობები შეიცვლება, მაგრამ რუსული ფაშიზმი მაინც განაგრძობს მეზობლების, მაგალითად, ჩემი ქვეყნის, ტერორს.

რუსეთის კოლონიალიზმის შესახებ ჩემი მისია ამბების მოყოლისა და კვლევის კურირებისა და გაძლიერების თაობაზე ირეკლავს ჩემი ცხოვრების რუსულ დეზინფორმაციაზე რეაგირების მეთოდებზე მუშაობის წლებს. უფრო მეტიც, ფაქტი, რომ აღნიშნული ფენომენი იგნორირებული და მარგინალიზებული იყო მსოფლიოში ამდენი ხნის განმავლობაში, რუსული პროპაგანდის უდიდესი წარმატებაა. EUvsDisinfo-ში ჩემი კოლეგების მუშაობის წყალობით, მსურს, გაგაცნოთ ხუთი მითი, რომლებიც რუსეთის კოლონიალისტურ სახელმწიფოდ დანახვაში ხელს გვიშლიდა.

1. კოლონიალიზმი მხოლოდ თეთრი დასავლელების მიერ გლობალურ სამხრეთში ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი საქმეებია.

ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ კოლონიალიზმი კომპლექსური და გასაგებად რთულია, ცდებიან და მართლებიც არიან ერთსა და იმავე დროს.

მარტივია გაგება, თუ ემპათიით განეწყობით ან მიტაცებულობის თუ რეპრესირებულის გამოცდილება გაქვთ, ინდივიდუალურად თუ როგორც საზოგადოების ნაწილს. თუ ასეა, კოლონიალიზმს მისი საკუთარ ტყავზე გამოცდის პირველივე წამს ამოიცნობთ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია და ჩემგან რადიკალურად განსხვავებული კულტურების ბევრ ადამიანს შევხვედრივარ. შეიძლება, ზოგჯერ ჩვენი გამოცდილებების აღსაწერად განსხვავებულ ლექსიკას ვიყენებდეთ, მაგრამ როცა საქმე კოლონიალისტური ძალადობისგან გადარჩენის პირადი ისტორიების გაზიარებას ეხება, იქ გაუგებრობა არ არსებობს. სამხრეთ სუდანელს, ყაზახს (ან კაზაკს), ირლანდიელ თუ აფრიკელ მეგობრებთან საუბრისას კოლონიალიზმის არსი და მისი შედეგები თითქმის ერთნაირია.

მარიამ ნაიემი, კულტურის უკრაინელი მიმომხილველი, რომელიც დოკუმენტურად აღწერს და კრიტიკულად აფასებს თავის პირად დეკოლონიზაციას, საუბრობს „კულტურული გაუცხოების“, როგორც კოლონიალიზმის უნივერსალური მახასიათებლის შესახებ: საკუთარი კულტურის, როგორც „პრიმიტივის“ დევალვაცია და უარყოფა, ხოლო კოლონიზატორის კულტურის სხვაგვარად და დომინანტად დანახვა. „ბევრსაათიანი მუშაობა დამჭირდა „კულტურული მორჩილების“ დამარცხება საკუთარ თავში: შინაგანი კომპლექსი, რომელიც იწვევს ხალხში თავისი საზოგადოების კულტურის გაუფასურებას. თუმცა ეს განკურნების პროცესია“, წერს ნაიემი.

კომპლექსი სათავეს იღებს მისი ტაქსონომიიდან. კოლონიალიზმს ბევრი ფორმა აქვს. მნიშვნელოვანია, განვასხვაოთ იმპერიალიზმი (უფრო ეკონომიკური და ტერიტორიების დომინირება) და კოლონიალიზმი (უფრო იდენტობა და კულტურა) და გავიგოთ, რატომ არის რუსეთი კოლონიალისტური იმპერია. მარიამ ნაიემის და ჩემ მიერ „Volya Hub“-ისთვის შექმნილი ვიდეო-განმარტებების სერიაში ხაზგასმულია, რომ კოლონიალისტური იმპერიის არსი მხოლოდ ტერიტორიების გაფართოებაში არ დევს; პირველ რიგში, ის ეხება იდენტობას და მისი წაშლისა თუ დამახინჯების გზით დომინირებას. კვლევის მზარდი ტენდენციები გვთავაზობს, რომ კოლონიალიზმს ბევრი ფორმა აქვს. რუსეთის იმპერიაშიც კი, ტერიტორიების დამორჩილების კოლონიალისტური სპექტრი საკმაოდ დიდია — უკრაინიდან (უფრო მეტად უკრაინული იდენტობის მითვისება) to ყაზახეთამდე (უფრო მეტად თეთრკანიანთა უპირატესობა) — ახალმოსახლეობრივი კოლონიალიზმი ღია თაღად რჩება.

არ არის აუცილებელი ოკეანისგაღმა ტერიტორიების დამორჩილება და ფერადკანიანი ხალხის დამონება.

სინამდვილეში, ეს უკანასკნელი დასავლელი მკვლევრებისა და მოძველებული ხედვა და დასავლური „კოლონიალისტური ხედვის“ ნარჩენებია: ფაქტი, რომ დასავლური კოლონიალისტური იმპერიები ასეთები იყო, არ ნიშნავს იმას, რომ კოლონიალიზმს ყველგან იგივე ფორმები აქვს. მხოლოდ დასავლური პერსპექტივიდან ვერ განვიხილავთ გლობალურ კოლონიალისტურ გამოცდილებებს.

2. მოსკოვში შეიცნობა რუსეთი

რკინის ფარდა მხოლოდ საბჭოთა კავშირს არ ეხებოდა. ის, ასევე, წარმოადგენს კარჩამკეტ კულტურას, რომელსაც რუსეთი აშენებდა საუკუნეების განმავლობაში, მის მიერ დამორჩილებული ხალხების ხმის ჩასახშობად. მოსკოვს სრული მონოპოლია ჰქონდა უცხოელებისთვის იმის ახსნაზე, ვინ ვიყავით, საიდან მოვედით და რა იყო ჩვენი ბედისწერა. ასევე, მას ჰქონდა ავტორიტარული უფლება, შეექმნა მითები რუსეთის და რუსების რაობაზე. ზემოხსენებული გადაიზარდა ტენდენციაში უცხოეთში, სადაც რუსეთთან დაკავშირებული ყველაფერი ან რუსეთის გარშემო არსებულ ქვეყნებს ყოველთვის ხსნიან რუსები.

ამგვარად დამახინჯდა ცოდნა უკრაინელების, კაზაკების თუ მოლდოველების შესახებ და კრისტალიზდა კოლონიზატორის პრიზმიდან. დეკოლონიზაციის დროა.

ტოლსტოის ეგრეთწოდებული „დიდი რუსული კულტურის“ რომანტიზება ხელს უწყობდა მოსკოვის დომინირებას მაშინ, როცა ხდებოდა რუსეთი მიერ კოლონიზებული ადგილობრივი კულტურების მიტაცებისა და მითვისების შენიღბვა. დეკოლონიზაციის დროა.

ამან გამოიწვია მსხვილ დასავლურ ინსტიტუტებში „სლავური/აღმოსავლეთ ევროპული/ევრაზიული/რუსული“ განყოფილებების არსებობა, რომლებიც ამზადებენ „რუსეთის ექსპერტებს“, რომლებიც მაინც შეცდნენ უკრაინაში მიმდინარე გენოციდის პროგნოზირებისას. დეკოლონიზაციის დროა.

ანტი-იმპერიალიზმის, ანტი-კოლონიალიზმისა და ანტი-ფაშიზმის ამ მითით დააღწია თავი რუსეთმა კოლონიალისტის სტატუსს, როცა თავად აქვს ინსტიტუციონალიზებული რასიზმი რკინის ფარდის უკან და აფრიკასა თუ ამერიკაში კოლონიალისტური დაპყრობების ისტორია.

ამიტომაც, დღემდე, უკრაინიდან (ან რუსეთის სხვა ყოფილი კოლონიიდან) მომავალ ხმას უწევს ყურადღების მიპყრობა იმ ფაქტისკენ, რომ ახლა უკრაინაში მიმდინარე გენოციდი უპრეცედენტო მოვლენა არ არის. აღნიშნული აქამდეც ბევრჯერ მოხდა და კიდევ ბევრჯერ მოხდება, თუ რუსული კოლონიალიზმი გადაუხედავი და რეაგირების გარეშე დარჩება.

კოლონიალიზმს გადარჩენილები უნდა გაუძღვნენ ამ საუბრებს და არა კოლონიზატორები და მათი მემკვიდრეები, რომ საუბრები უფრო მრავალფეროვანი და ნიუანსური იყოს.

3. კოლონიზატორი მსხვერპლია, დანარჩენი მსოფლიო კი რუსოფობი

ამბობენ, „ცივილიზაცია შემოგვაქვს“. ამბობენ, „დასაცავად მოვედით“. ამბობენ, „ჩვენ თავს ვიცავთ“.

რუსეთი ყოველთვის იყენებდა საკუთარი თავის მსხვერპლად გამოყვანის რიტორიკას ძალადობის გასამართლებლად. აღნიშნული მოხდა უკრაინაში მიმდინარე გენოციდის, 2008 წელს საქართველოში შეჭრის, 1939 წელს ფინეთში შეჭრის, თუ 1911 წელს ირანში შეჭრის დროს. და როცა კი იმპერიას ძალადობისთვის აკრიტიკებდნენ, მას ყოველთვის ერთი თავის სამართლებელი პასუხი ჰქონდა: „რუსოფობია“. დღესაც აღნიშნული არგუმენტი ფართოდ გამოიყენება არამარტო პუტინის, არამედ რუსების მიერაც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პუტინის ოპოზიციაში არიან.

აღნიშნული წარმოადგენს ტიმოთი სნაიდერის, აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი ისტორიკოსის, მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს მიმართ გაკეთებული მიმართვიდან:

„იმპერიალისტური ძალაუფლება რეალური მსხვერპლის დეჰუმანიზაციას ეწევა და თავს თავად ასაღებს მსხვერპლად. როცა მსხვერპლი (ამ შემთხვევაში, უკრაინა) თავს იცავს თავდასხმისგან, კვდება, კოლონიზატორის ძალადობის ობიექტი ხდება, იმპერია აცხადებს, რომ მშვიდობაში ცხოვრება არარელევანტურია, დაავადებაა. ეს „ფობიაა“. აღნიშნული მტკიცება, რომ მსხვერპლი ირაციონალური და „ფობიურია“, მათ „ფობია“ აქვთ, გამიზნულია რეალური მოვლენებიდან — ომიდან და გენოციდიდან — ყურადღების გადატანის მცდელობას. ტერმინი „რუსოფობია“ იმპერიალისტური სტრატეგიისთვის შეიქმნა, რათა რეალური აგრესიიდან ყურადღება აგრესორის განცდებზე გადასულიყო, აგრესიის მსხვერპლი ხალხის ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ დაყენების პარალელურად. იმპერიალისტი ამბობს: „ჩვენ ერთადერთი ხალხი ვართ აქ. ჩვენ მსხვერპლი ვართ. და ჩვენი განცდები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ხალხის სიცოცხლე“.

თუ გეტყვით, რომ ეს სიძულვილით ჩადენილი დანაშაულია ბრიტანელების, ფრანგების ან ამერიკელების მიმართ, როცა მათ კოლონიალისტურ დანაშაულებზე ვსაუბრობ, ან ძალადობაა, როცა მოძალადისგან პასუხისმგებლობას ვითხოვ, მე ყველანაირად დამგმობენ — როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში. რატომ არსებობს რუსეთისთვის განსხვავებული სტანდარტი?

4. „იმპერიული გულუბრყვილობა“.

ამბობენ, „ეს მეფემ ჩაიდინა“. ამბობენ, „ეს სტალინმა ჩაიდინა“. ამბობენ, „ეს პუტინმა ჩაიდინა“.

რუსულ საზოგადოებას იმპერიალიზმის, ფაშიზმისა და კოლონიალიზმის ძველისძველი და მოუგვარებელი პრობლემა აქვს. დღევანდელ რუსეთშიც, ომის მოწინააღმდეგე რუსები ამჯობინებენ, გენოციდის ყველა ჩადენილი დანაშაული ერთი კონკრეტულ დიქტატორს, მმართველს ან რეჟიმს დააბრალონ. ნებისმიერი დისკუსია რუსული კოლონიალისტური კულტურის ძალადობის შესახებ სრულდება „რუსოფობიაზე“ მითითებით პუტინის მომხრე თუ მოწინააღმდეგეების მიერ.

თანამედროვე ყაზახი მოაზროვნე, ბოტაკოზ კასიმბეკოვა, აღნიშნული ფენომენის აღსაწერად, ამკვიდრებს ტერმინს „იმპერიალისტური გულუბრყვილობა“. რუსები „მოელიან ლოიალურობას რუსეთის ყოფილი კოლონიებისგან, რაც მოიცავს რუსული ენის ცოდნას, პოლიტიკურ ლოიალურობას და დასავლური გავლენის წინააღმდეგ ერთიანობას. აღნიშნული იმპერიული ხედვის მიხედვით, რუსეთის მმართველობა არარუსულ მოსახლეობაზე არა — კოლონიალიზმი, არამედ თანამედროვეობის საჩუქარია. გონებრივად განუვითარებელი ხალხისთვის ეს ღრმად ალტრუისტული აქტია. რუსული კულტურის დომინირების უარყოფა, მათ შორის, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის განვითარება და საბჭოთა ისტორიის რუსული ხედვის ეჭვქვეშ დაყენება პოლიტიკური ორგულობის აქტია… დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა იწვევს რუსეთში მსხვერპლობის განცდას, თითქოს რუსულ იმპერიალისტურ ბუნებასთან წინააღმდეგობა რუსული კულტურის დიდებულების უარყოფას ნიშნავდეს“, წერს კასიმბეკოვა რუსული კოლონიალიზმის შესახებ ერთ-ერთი უპირველეს ესეიში.

იმპერიული გულუბრყვილობის მითი წარმოადგენს იდეოლოგიურ ხერხემალს, რომელიც რუსეთის ისტორიაში სხვადასხვა რეჟიმებს აერთიანებს თავიანთ მუდმივ სწრაფვაში, შეენარჩუნებინათ რუსეთის კოლონიალისტური დომინაცია. აღნიშნულმა რუსეთის იმპერიული პროპაგანდაც მუდმივად დღის წესრიგში ამყოფა, იმის ხსენების გარეშე, რაც ის რეალურად იყო: ცარიზმი, იმპერია, კავშირი, ფედერაცია. ამან საშუალება მისცა მოსკოვს, ამდენ ხანს დაემალა იმპერიის კოლონიალისტური ბუნება. ანგარიშვალდებულების სამუდამოდ გადავადებისა და წარსულ დანაშაულებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად ახალ მმართველებს მუდამ აქვს თავის გასასამართლებელი საბაბი: „ბოდიში, მეგობრებო, ჩვენ ახალი რეჟიმი გვყავს და ყველაფერი, რაც წარსულში მოხდა, წარსულის საკუთრებაა“.

საჯაროობის მართვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია, რაც კი ოდესმე შექმნილა.

5. რუსეთი კოლონიზატორი ვერ იქნება, რადგან მისი მსხვერპლები ისტორიაში არ ჩანს

მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების განმავლობაში ვიკვლევდი რუსულ კოლონიალიზმს, მაინც შოკირებული ვარ, რამდენად რთულია რუსული კოლონიალიზმის დანაშაულების თუ ათობით მილიონი მსხვერპლის შესახებ დოკუმენტური მასალის მოძიება — თუნდაც უახლესი წარსულიდან. მოსკოვმა შეძლო ერის მთლიანად დეპორტაცია ერთ ღამეში, მაგალითად, ყირიმელები ან ყალმუხები 1940-იან წლებში, მაგრამ თითქმის შეუძლებელია რაიმე ფოტო თუ ვიდეო მასალის მოპოვება საჯარო სივრცეში. კიდევ უფრო რთულია იზოლირებულ საზოგადოებებში, ციმბირსა თუ არქტიკაში, რუსეთის შეჭრის ამსახველი მასალების მოძიება.

რა არის ეს? სისტემატური მუშაობა, რათა მიიჩქმალოს ან განადგურდეს ისტორიული სამხილები კოლონიზებულ ხალხებში, რუსული კოლონიალისტური წარმატების განუყოფელი ნაწილია. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსებმა დაიპყრეს ჩემი მშობლიური სოფელი ზაპოროჟიეს რეგიონში. ერთ-ერთი პირველი, რაც მათ მოიმოქმედეს, ადგილობრივ არქივებში და ბიბლიოთეკებში რეიდები იყო, რომლის შედეგადაც მოიტაცეს და გადაწვეს ყველაფერი, რაც კი უკრაინულ ენაზე მოიძებნებოდა. მათ განზრახ გაანადგურეს ოჯახური ფოტო-ალბომებიც ზოგიერთი ადგილობრივის ოჯახშიც.

რუსული პოლიტიკა, გაანადგუროს ავთენტური წყაროები და გადაწეროს ისტორია, რომლებიც ეწინააღმდეგება რუსული ცივილიზაციის დომინირების იდეოლოგიას, უცვლელი დარჩა საუკუნეების განმავლობაში და სხვადასხვა რეჟიმების ხელში.

როცა საკუთარი იდენტობა წაშლილია, ბევრად მარტივია იმპერიისთვის გიკარნახოს, ვინ ხარ, საიდან მოხვედი და რა ბედი გეწევა.

ცოდნიდან სამართლიანობამდე. შემდეგ რა ხდება?

უკრაინელების წინააღმდეგობა ახლა შთააგონებს ყველას, ვინც იცის რუსული კოლონიალიზმის რაობა, ჩეხეთიდან ყირგიზეთამდე. თუ უკრაინა დაეცემა, კოლონიალისტური ტერორის დაუსრულებელი ციკლი გაგრძელდება. რუსეთი მეტ ქვეყანას დაიპყრობს, მეტ მიწას დაისაკუთრებს და მეტ უნიკალურ ხმას ჩაახშობს. თუმცა უკრაინას, რომელიც იმპერიის საკუთარი ტერიტორიიდან გაძევებას ცდილობს, ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს და მომავალშიც ექნება საყოველთაო გათავისუფლების ამ ისტორიებზე, იმპერიის დასასრულსა და მომავალ დეკოლონიზაციაზე.

იმპერიის დასრულების საუკეთესო გზა ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერაა. რუსული კოლონიალიზმის შესახებ ჩემს საუბრებში ყოველთვის აღვნიშნავ, რომ რუსული კოლონიალისტური იმპერიის შესახებ წარმოებული ყველა ნამუშევარი უსარგებლო იქნება, თუ უკრაინა არ მიიღებს საკმარის იარაღს.

შემდეგ კი უნდა მოხდეს გადარჩენილთა ძიება, მათი — და არა მოძალადის მოსმენა.

მე წარმოვადგენ ემპათიური და მართლმსაჯულებაზე ორიენტირებული ჟურნალისტიკას. რუსული კულტურის კოლონიალიზმის ახსნა და სრული გამოაშკარავება ჩემთვის ძალიან პერსონალური საკითხია. ჩემს გენეალოგიურ ხეში დაუსრულებელი ინტერვალებია სწორედ იმიტომ, რომ რუსმა კოლონიზატორებმა ჩემი ბევრი წინაპარი მოკლეს, მოიტაცეს და გადაასახლეს. ჩემი მთელი ცხოვრება გავატარე იდენტობის ძიებაში, როცა არ ვიცოდი ჩემი ფესვების შესახებ და იმ ცოტაოდენის გამოც, რაც ვიცოდი, ზიზღისთვის განწირული ვიყავი. ჩემს უკრაინელობასთან შეკავშირება სერიოზულ საგამოძიებო უნარებს მოითხოვდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ეს მოგზაურობა წამოვიწყე, დავინახე, რომ ეს არც შემთხვევითი და არც ინდივიდუალური ისტორიაა, არამედ ეს დამონებისა და რუსიფიკაციის დიდი სქემის ნაწილია. როცა საკუთარი იდენტობა წაშლილია, ბევრად მარტივია იმპერიისთვის გიკარნახოს, ვინ ხარ, საიდან მოხვედი და რა ბედი გეწევა.

„რა არის ავთენტური თქვენს იდენტობასა და მსოფლმხედველობაში და რა არის კოლონიზატორის მიერ თავსმოხვეული?“ ზუსტ პასუხს ვერასდროს ვიპოვით; დეკოლონიზაცია შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემეცნებითი პროცესის დაწყებაა როგორც გადარჩენილისთვის, ისე იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის მსხვერპლისთვის.

სახელმძღვანელოს „რუსული კოლონიალიზმი 101“ რომ გადაშლით, პირველ გვერდზე შეგხვდებათ ერთადერთი ფრაზა: „იმპერია დაეცემა“. წიგნი, თუნდაც ყველაზე ძნელბედობის ჟამს, იმედიანად უნდა დამეწყო. თუმცა ესეც ფაქტია. ყველა იმპერია ინგრევა. მართლმსაჯულება და სამხედრო დამარცხება ეწევა რუსეთსაც. დანაწევრებული, განიარაღებული და დეკოლონიზებული რუსეთი არის მხოლოდ მშვიდობის წინაპირობა.